• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

წითელი საყელო

×
ავტორის გვერდი კაკო ჩიქობავა 00 , 0000 2580

წითელი საყელო

პედოფილი არ ხარ - თავს იმართლებ 
უბრალოდ ბავშვები წამოიზარდნენ,
პარიკმახერს ბენზინის სუნი ასდიოდა ხელზე. 
დარაჯი ჰამერის მძღოლს აგინებს,
ავტო-სადგომი 
სოციალური ბრძოლის ფრონტი
და უცნობი თანამებრძოლი. 
რევოლუცია რადგან ქირურგიულ ოპერაციას ჰგავს...
ამოკითხული ფრაზა, 
წარმოიდგენ მაძღარ ბიძას,
როგორ იცლება სისიხლისგან 
შენს სამზარეულო მაგიდაზე,
მცირე საუზმისთვის სტუმარს ბოდიშს მოუხდი,
ყველაფერს მარხვას გადააბრალებ.
მეგობარი გიყვება ალენ რობ გრიიეზე 
და ოცნებობ მდიდარ ქალწულზე. 
ლევანი, ბავშვობის მეგობარი, 
რომელმაც დაგცინა 
პერანგის გაცრეცილი საყელოს გამო,
ის ქარხანასთან ცხოვრობს,  
რომლის ეზოშიც თოვლზე ანგელოზებს ხატავდი...
ავტოციტირება არშემდგარი ლექსიდან.
სილამაზის სალონი ”მოდერნი,” 
შემდეგ ჩამოსვლაზე დაგვხვდება
კაფე “პოსტმოდერნი”, 
რას იტყვი კაკო?
მე დავინახე თუ როგორ ჩაუჯდა
პოეტი გოგო პოლიციელს  მანქანაში, კეთილი ზრახვებით. 
რადგან აქ ყველა ენაზე ალაპარაკდა,
პოლიციელს საბარგულში 
პაულ ცელანის ლექსების კრებული აღმოაჩნდა და
შიშველი პოეტი გოგო გამწარებით კითხულობს „სიკვდილის ფუგას“.
ნუ დამიძახებთ
დედებო,
მამებო,
მეგობრებო,
ამხანაგებო,
ამხანაგებო!
მე შურს ვიძიებ ჩემი წითელი საყელოსთვის
ჩემი წითელი საყელოსთვის მე შურს ვიძიებ !!!
 
2009 წელი
 
 
 
მამას
 
წმიდათა წმიდაა სამუშაო ადგილი
მიაძახა ქალმა გამურულ მამაკაცს
იტალიურ სერიალში.
მერე ქარხანა დაშალეს და მუშა გალოთდა,
იხსენებდა მეგობარს ასევე ქარხნის მუშას,
რომელიც დაზგის ქვეშ მოყვა.
მამა კი  ერთი კვირაა
ოთახიდან არ გამოსულა.
წვიმს, დედა წელოფანს აფარებს და ვედროს უდგამს,
მამა, როგორც ყოველთვის ნამთვრალევი
ჯარში ნასწავლ წითელ არმიელის სიმღერას ღიღინებს,
იღლიაში სასმელზე გასაცვლელ ნივთს მალავს,
ორივეს გვიბღვერს და დედისკენ იწევს.
საშიშია მთვრალი მამა,
საშიშია უფუნქციოდ დარჩენილი მუშა,
საშიშია მუშა.
მახსოვს, სახლში ჩასავლისას
ჩვენი ცივი მისალმება და ცალყბა მოკითხვა,
ახლა ვფიქრობ გვეშინოდა არ გაგვეგო
რომ ერთმანეთი ჯერ კიდევ გვიყვარს.
სამთვიანი გადაბმული ლოთობის შემდეგ,
მოხუცი მამა, გვერდზე მიწვება, თავზე ხელს მისვამს
გუშინწინ დედას რომ ახრჩობდნენ,
თითქოს ახალ ურთიერთობებს მთავაზობს.
არ ვიმჩნევ, ჩუმად ვზეიმობ, როგორ ვიმარჯვებ ჩემ მდიდარ
მეგობრებზე, როგორ იმარჯვებს მამა მათ მდიდარ მამებზე,
რომელთაც ალერსი საგნებში გაცვალეს. მამას კი
დიდიხანია ჯიბეში ასანთისა და დედის ჩანთიდან 
მოპარული ხურდების გარდა არაფერი  უდევს.
 
2010 წელი
 
 
 
 
პერმანენტული რევოლუცია 
 
გინსბერგის ლექსით აღგზნებულმა 
ორწლიანი დიდი და მცირე 
მეტანიების შემდეგ აღვიდგინე
სიამოვნების განცდა 
მასტურბაცია რომ მანიჭებდა.
პირსაბანთან თითქმის 
ბერტოლუჩის მეოცნებე
ვდგავარ და საყვარელი 
ქალის სახელს ვიმეორებ.
ცხადად წარმოვიდგენ, 
როგორ ეშვება ჩემი ენა
მისი საშოსკენ, საშო
რომელიც შორია, საშო, 
რომელიც სხვას ელოდება.
ოცნება გადაზრდილი 
პერმანენტულ მასტურბაციაში,
პერმანენტულ რევოლუციაში,
სპერმის ნაცვლად სისხლის
წვეთები, რეზუს დადებითი 
ნინოს რომ გადავუსხი.
დრო ლოთი მამების,
გაოფლილი დედების
და ნახევრად მშიერი შვილების.
შრომის წიგნაკი - მექანიკური კომბინატი,
შემორჩენილი საკვამურები - იმპოტენტი ფალოსები,
ეზო სავსეა გამურული აჩრდილებით.
ქალები, როდესაც გასაყიდ გოჭებს
მდინარეში ბანენ, ბავშვები სპილენძს ეძებენ, 
მერე ხიდის ქვეშ  ფილტრიან
სიგარეტს მშვიდად გააბოლებენ,
სახლში კი ყუა მოჭმულ  პურს მიიტანენ.
 
2010 წელი
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული