საფოსტო ბარათები ჩინეთიდან





პოეზია

საფოსტო ბარათები ჩინეთიდან




მთარგმნელი: ნინია ნადირაძე

გამოყენებული ილუსტრაცია: კარლო კაჭარავა

 

ყურე

 

მას შემდეგ, რაც

სიყვარულის ძლიერმა შტორმმა ერთმანეთს გაგვყარა,

და მისივე მშვიდმა ღელვამ ისევ ერთმანეთს შეგვანარცხა,

ჩვენ აღმოვჩნდით ყურეში,

რომელმაც არ იცის, სად მთავრდება შენი სხეული,

და სად იწყება ჩემი.

ჩვენ ნეკნებს შორის დაცურავენ თევზები,

და ჩვენ სისხლში თოლიების ჭყივილი ისმის.

 

 

სიყვარულის წვიმიანი ამინდი

არ ვიცი, რატომ,
მაგრამ როგორც კი გოგონა
ძალიან მომეწონება,
საკუთარი თავის ნდობას ვკარგავ.

 

 

 

საფოსტო ბარათები ჩინეთიდან

 

ჩინელები ეწევიან ოპიუმს აბაზანებში.

შედიან თავიანთ აბაზანებში და შიგნით მაგრად იკეტებიან.

მოხუცი ხალხი კასრებში ცხოვრობს,

ბავშვები კი – იატაკებზე.

 

 

 

აზრის სიღრმე

 

თუ შენი გოგოს კოცნისას

მუხლები გეკვეთება,

არ არის გამორიცხული,

რომ ის ვამპირი იყოს.

ირეალური კოცნა

ჯოჯოხეთზე უარესია,

როცა იმ კოცნის დეტალებს იხსენებ,

რომელიც არასდროს ყოფილა.

 

 

 

 

თუ

 

თუ შენი ჭკუა უყვართ,

ეს არ ნიშნავს იმას,

რომ შენს სხეულსაც ასევე შიყვარებენ.

 

 

დროის სიკვდილი

ისეც იქნება,
რომ დრო მოკვდება
და მას სიყვარული დაასაფლავებს.

 

 

უკანასკნელი მოგზაურობა

მოკვდე – ეს ნიშნავს,

ავტოსტოპით
ჩახვიდე უცხო ქალაქში,
რომელშიც ძალიან ცივა,
წვიმს
და კვლავ მარტო ხარ.
მოულოდნელად
ყველა ლამპიონი ქრება,
და ისეთი უკუნეთია,
რომ შენობებსაც კი ეშინიათ ერთმანეთის.

 

 

 30 ცენტი. ორი ბილეთი. სიყვარული

შენზე ფიქრით სავსე ავედი ავტობუსში,
30 ცენტად ორი ბილეთი ვიყიდე,
მაგრამ უცბად აღმოვაჩინე,
რომ მარტო ვგზავრობდი.

 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.