ჰადესი მანგანუმით





პოეზია

ჰადესი მანგანუმით




ჰადესი მანგანუმით
 
(პირველი თავი)
 
დღეს მინდა ავაცოცდე განსხვავებას
იმას შორის, რაც მგონია, რომ დავწერე
და რაც დავწერე, ყოფა გავაამინდო
წარმოვიდგინო, როგორც ამინდი,
გამოვიწვიო და გადავაგვარო,
გველი, რომ იხვევა და ინელებს დაბლით.
 
მაგრამ რაც გესმის
ჩემი მეტყველების ნაწიბურებია, ცხოველური,
ჩვენი ხმაურის თეთრი
ითქვიფება კენწეროებად,
რომლებზეც ვერცერთი ჩვენგანი ავა—ან თუ ავალთ,
როგორც ტაქსიდერმისტები, ამოვავსებთ იმას რაც მორჩა,
რადგან გვიყვარს ვითომ ცოცხლის ყურება.
 
ნაწიბური რომლითაც მე შევაღწევდი,
დაჭრილი ცხოველი, კიბეხვეული
ნაწლავი სიზმრის ტყავში,
ჰადეს, ნუთუ შენ-
რწყმული ვარ, კოშმარში
შენ ჩემს გულს წონი,
აკაკუნებ, საძოვარზე შუადღისას,
ჯერაც ვკრთი
ღამის 3 საათზე გაღვიძებული
თითქოს დერეფანში ქურდი იყოს,
ის ვინც მე მისურვებდა, რომლის კლანჭსაც
ბეჭედს ჩამოვაცვამდი, რადგან სიზმრის
გამოქვაბულის რბილ ნაკეცებში
საუბრისას შენ დაჟინებით ითხოვ, მე ვწონი,
რაღაც ცივი შემომაქვს შენში,
შენ განმიზრახავ, მე მიმაქვს
რაც კი შენგან რჩება, სარწყავის
ხვიები, ირიბად, ჩემს მუცელში...
 
ჰადეს, შენ მანგანუმში ირწეოდი, ცხოველი,
ფორმა, რომელშიც მე ვიწყებდი
კვდომას, ეიდოლებში მივიზლაზნებოდი
სანამ შენ გაცალკევებდი!
ერთი უკანა ხაზის მეორით
გადაკვეთა, ჰიბრიდი, ნამყენიდან დანაკარგის
ამოღება, სული ახლა რომ დაეხეტება
დროში, და ამგვარად გლოვობს იმას
რაც უნდა გამოიგონოს, დროისმიღმიერი,
არქეტიპი, არარსებული
ანთრომხეცი, ფესვგადგმული, და ბრჭყალებს
სეზონურად ჰაერში რომ უშვებს ნებაზე!
 
ო მკვდარი ცოცხალი სიღრმეები!
ერთი სახე დაჟღურტულებს სხვა მყვინთავებს
რომლებიც წავიდნენ, ტორპედოებად, სიზმარში,
რომ ებზრიალათ შუადღის საძოვარზე,
სფინქტერფქვულებს, ცხვარმჭიდროვებულებს,
სხეულის ქვედა ნაწილი მიბმული
დაყოფას, ექაჩება მის ნაწიბურს ცივი მღვიმის
ქვის გაყოლებაზე, თავი, როგორც
ყვავილის მტვრით დატვირთული საცეცი მიიგვირაბებს
რათა გამოჟონოს კვერცხების მწკრივი
სადაც კლდემ, თავის კის გასამძლავრებლად,
დაუბრუნა მხოხავი ხასხასა მწვანე
მზის სინათლეს რომელიც იყო სიღრმე
ახლა შეკავშირებით გარშემორტყმული,
ბალახი, შეკავშირებით გარშემორტყმული,
მთლიანი ცა, შებღალული კავშირი,
კაცი, მატლი ოჩოფეხებზე,
შეუძლია ამაღლება პირთან დატოვოს
რათა სახეზე მიიკეროს უმოსავალი.
ბოძზე გამობმულმა, ჰადესმა დარეკა, ომ
ფალოს, მეტრო ძრწოლის
ელვა-შესაკრავი ყოველ განშტოებასთან,
შუადღის საძოვარს უძღვება
დათვილოსანი დაბლიდან, კეტს სცემს
მზეს ჩასულს სიტყვას ჟანგულს ფენა-ფენა გარეთ.
 
 
საქმენი სინათლის მიერ ქმნილი და გადატანილი 
 
ყოველივეს კარში შეიძლება თვალი მოჰკრა აპოლონს
თითქოს ყოველივე ახლა შეიცავდეს მის ღუმელს—
ხილვაში მე ვაღებ ზეთისხილის ხეს და ვხედავ მის ადრეულ ცხოველურ
ფორმებს, სინათლის სიჩქარით რომ ქრიან, პითონი,
თაგვი, და ლომი აპოლონი, ისე მიქრიან, რომ ადამიანურ სხეულებს
შეეძლოთ იარონ, დაცულებმა ზებუნებრივი შემოჭრისგან.
სინათლემ წარმოუდგენლად იმატა ცხოველღვთაების დასასრულის შემდეგ,
წერტილში სადაც შვეულება დაწესდა,
და საკუთარი დედის გვამი დამარხული შორს, შორს ადგილიდან,
სადაც საკუთარი თავი გეძინა. მაგრამ ზებუნებრივი,
ბუნებრივად გადაცმული, თავის ნისლში
გვაყირამალებს, ამ თამასიდან ნახევარ მილში. ნაცრისფერი ნისლის
მბზინავი, უკუნთო მუშტი. წვიმის ხმა
იმ წყლისგან ჯერაც რომ ცვივა ზეთისხილებიდან. მე არ მსურს
ვიცხოვრო პატრიარქატით განპირობებული ბუნების სამყაროში.
თავს ვიძრობ და ვცხოვრობ იმ ნათელში
დედაჩემისგან რომ შემოისაზღვრა.  მისი უზომო
ორაზროვნება მისივე ჭიპისადმი განაპირობებს
წვეთვის კლებას. ახლა ბორცვები
მწვანე ხორცით იკრუნჩხებიან და რაღაც უნდა მოჰყვეს.
რაღაც უნდა ხსნიდეს სხვა გამოხდილი ღრუბლების მიერ
მიტოვებულ ორაგულის ხარის ფორმის კონას.  რაღაც
უნდა მოუხერხდეს გასრესილ ბუზს. რაღაც არის
ეს გამოუყენებადობის ნაპრალი რომელიც მანაშთებს
და საზღაურს არ იხდის. ტახტთა სიმრავლეა
ზუსტად თავსზემოთ.  ალქაჯის ურო.  სოლშემორტყმული ზღუდე.
როგორც ეკლესიას შეუძლია, სული გარწყევინოს
შესვლისთანავე და მერე, დაბადების სიმშრალე რომ გადაიღეჭება
მონაზვნისა და სანთლის მიერ, თაყვანი სცე იმას რამაც ამწამს დაგტოვა,
შენი მკერდის პატარძალი, ის ნივთიერება შენს შიგნით სულ ერთი წამის წინ
რომ ციმციმებდა ქუჩის მავნე სიცილის
სევდითა და სიღატაკით. როგორ ვნატრობ, ამ ლექსმა
შემდეგი წარმოშვას, და იმ შემდეგს რამე კავშირი ჰქონდეს
ამ მთის ზეთისხორცის დაცლასთან.  არა
აპოკალიფსი. არამედ ეგრეთწოდებული მეძავის გაფართოება
თავის სასტიკად დამშეულ დრაკონზე რომ ზის. და მეტი ღვინო. მეტი ფრთები
იმ ვერცხლისფერ ლაჟვარდოვან საღამოს მთის კალთის
ჩალაზე რომ ედინება. მეტი სივრცე სატანჯველად,
მეტი მშვიდობით ხორცს, მეტი კარნავალი რიგითი კაცის მიუხედავად,
ნაკლები სრულყოფა, მეტი სიცხადე.  იგულისხმება: მეტი წარმოსახვა,
მეტი პარიკები ციცინათელას, მეტი ბაგები მოუსვენარი მკვდრებისთვის
რომ გვაღვიძებენ ზუსტად განთიადის წინ თავიანთი კეთროზარით
გვახსენებენ, რომ ახალმოსული წვიმის ჰაერი იმის აშკარა ნიშანია
რომ აქ არ არის სრულებით აქ. გრაფიტი-ნაიარევ ბიზონთა
მსვლელობები, ჩვენსავით, გამომწყვდეული ღრუბლებია სახილველად.
და მერე დედაჩემი ალაპარაკდა: „როგორ გასუქებულხარ!
მე და მამაშენს შემოგვხედე, რა ფორმაში ვართ! ბევრის გადატანა
მოგვიხდა შენი გულისთვის ამ 14 წლის მანძილზე. ჩემი მარცხენა გვერდი
უნდა გენახა უეცრად იასამნისფერ ღრუბლად რომ იქცა და დაალაქავა
რაშიც შენ დამმარხე სანამ არ გაიხრწნა. მიხარია
რომ ჯონ ეშბერი გეწვია გუშინ რომ წაეკითხა ახალი
გაუგებარი ლექსები რომლებიც ბრწყინვალედ გესმოდა.  შენ ბევრად
უფრო მოწესრიგებული ხარ, ბევრად უფრო ქაოტური, ვიდრე აქ აჩვენებ თავს.
შენზე რომ ვფიქრობ, 12 წლისას გხედავ, სარეცხის შუტში გაჭედილს,
შენი სარდაფის ჰაერში მოფართხალე ფეხებით, ზედა ნაწილი კი მელაპარაკებოდა
სანამ ველოდით მოიჯარის მოსვლას, რომ იქიდან გამოეთრიე.
კარგად ვიჭორავეთ იმ შუადღეს, და ასე თითქმის ყველაზე მეტად
მომწონდი, მხოლოდ ის, რაც შუტიდან გამოჩრილიყო. ნეტავ შემძლებოდა
ეგ ნაწილი გორგოლაჭებიან ციგურებზე დამედო, ხოლო ის რაც ქვემოთ ფართხალებდა
გადამეგდო—ეგ ნაწილია მერე ხეტიალს რომ მოჰყვა,
რომელმაც ეშმაკმა იცის სად წაგიღო, სანამ მე
და მამაშენი აქ ვწევართ, ერთმანეთისგან რამდენიმე ნაბიჯში,
მოველით, ჩვენი კუბოს ხუფები როდის ჩამოიშლება.  მერე, ის
მცირე სივრცეც კი, შენი მოგონებებით სათამაშოდ რომ დაგვიტოვე
ჩვენი მკერდის ძვლებზე, გაქრება.  ჩემი ღილები დაობდნენ
და ჩემს ხელებს ხორცი აღარ შერჩათ, მაგრამ მაინც ვახერხებ
ჩემი ღილები სულ ოდნავ ავაწრიპინო და შენს სიზმრებში შემოვძვრე.
მაპატიე თუ ერთდროულად მკვდარიც და ცოცხალიც გეცხადები,
მაგრამ აქამდე უნდა მიმხვდარიყავი, რომ ყოველთვის ისე ვერ იქნება, შენ როგორც გინდა.
ამ სახით, ზუსტად ისევე ნამდვილი ვარ, როგორც ოდესმე ვყოფილვარ, როგორც წესი, ავად
როცა გეცხადები, მაგრამ შენ არასდროს ხარ აქ, დარდობ,
როგორ მომიარო, და მერე შეხტები, გეღვიძება,
ყოველთვის, როცა მოსავლელი არაფერია.
ახლა მამაშენს უნდა, ორი სიტყვა გითხრას.“ „კლეიტონ,
რატომ შინ არ დაბრუნდები?  ისეთი კოხტა პატარა ოჯახი ვიყავით.
ახლა ზუსტად ისეა, როგორც მაშინ, იმ უნივერსიტეტში რომ წახვედი.
მე და დედაშენი ვისხედით, ვათენებდით შენზე ლაპარაკში,
სანამ ჩვენი მამები არ შემოვიდოდნენ ღამიდან და საწოლისკენ
არ მიგვითითებდნენ.  ისეთი საყვარელი პატარა ვინმე იყავი
როცა შეგვეძლო დაგვეჭირე, მაღლა, და ერთმანეთისთვის გვეყურებინა
შენი გავლით. ათი-ათი ციცქნა თითი ხელ-ფეხზე
ბრჭყვიალა თვალები ცხვირი სახეზე
ერთი შეკვრა ტკბილეული შოკოლადი ბეზე
დედაშენი, შენი გავლით, ისე ჰგავდა
ბებიაშენს     ეს ვერასდროს გადავლახე.
რა აზრი აქვს, დარწმუნებული ვარ, არც კი გახსოვს შენი დაბადების საჩუქრები
ყულაბა და ერთი დოლარი ბებოსა და ბაბუსაგან
ორი კიმონა დეიდა ჯორჯიასგან და ბიძია ბობისგან
აჭიმები ფეის თოჯინა პატრისია ენისგან,
ერთი პიჟამა მისის უორენ ბიგლერისგან
კაბა მისტერ & მისის შამბოგებისგან
აბრეშუმის ფაჩუჩები & კოჭა წინდები ნაქსოვი სახვევები & ინგლისური ქინძისთავები
ნაქსოვი უსახელო ჟაკეტი მოტივტივე სასაპნე ქილა და სააბაზანო რეზინის ცუგა
არ მესმის სახლში რატომ არ ბრუნდები. მე და დედაშენს
ყველაფერი გვაქვს აქ, რაც გჭირდება.  ისე,
ვნახოთ, იქნებ რაღაცეები გეყიდა კიდეც,
გლედის—არა, არ მისმენს—გლედის რა გჭირდება? “
„ჰო, ცოტა სახეხი ფხვნილი და ნათურები კი გვჭირდება“
„გლედის რა გჭირდება?“ „და კლეიტონი, გვინდა
კლეიტონი დაბრუნდეს არ მოგვწონს კლეიტონ ჯუნიორი ასე გვიანობამდე გარეთ რომაა“
„გლედის რა გჭირდება?“ „რა იცი რა შეიძლება მოხდეს, მაგალითად
სულ ერთი კვირის წინ, ენის უილსონმა, 52541’ე მიწის ნაკვეთიდან, მითხრა“
„გლედის რა გჭირდება?“—„მისმენ, მამიკო?
ენისმა თქვა, სანამ ჯეკი თავის სახლთან გაჩერებული მანქანიდან გადმოდიოდა ღამის 2 საათზე“
„გრედდისრაქჩირდება!“—ქეი ფიშბექთან პაემნის შემდეგ, ერთი კაცი
მიუახლოვდა და უთხრა რაღაც რასაც მე არ“
„გრედდდისრაქჯადაბა!“—„არ გავიმეორებ ისეთი უწმაწური იყო—
ამ კაცმა თქვა: თუ ჩემთან ერთად არ წამოხვალ, ფურებს დაგიჟეჟავ.
ჰო მარგალიტია? აღიარე, კლეიტონ, ჯეკს ვერ დაადანაშაულებ
რომ გაჰყვა, და ვერ დაიჯერებ ამ კაცმა
სად წაიყვანა ჯეკ უილსონი და რისი გაკეთება სთხოვა.
რადგან მამაშენის ხუფი ჩამოიქცა, გეტყვი:
აიძულა მანქანა ჩრდილოეთით, მუნჯების სკოლასთან მიეყენებინა,
და როცა დარწმუნდა რომ გარშემო არავინ იყო, თქვა:
 
პერსეფონე თოჯინაა
     მერილინზე უფრო ძვირი
სასწაულები ლოკავენ,
     ნატვრათამპყრობელს,
აბლაბუდა ორკესტრის თავზე
     ყინულის
     დირიჟორია,
დაივიწყე ორკესტრი,
     ორმოს უდირიჟორე!
ჩამომხრჩვალი
არიადნე
     ჰადესში მშობიარე
არის მდიდარი, შავი მუსიკა დედის კერტში.“
 
 
 
 
 
დროის ფერცოცხი
 
მესიზმრა, რომ ყველა ხელოვანი მეგობარი იყო,
რომ ყველაფერს, რაც კი ვიცოდით, ერთმანეთს ვეუბნებოდით
და ჩვენი ცოდნა იყო ფიზიკური,
რომ ვმუშაობდით ერთმანეთის გენიტალური ზღუდის
თავისქალის ოთახებში, საყრდენმოტეხილი ხალხი,
შუადღისას ჩვენშივე ვწვიმდით,
რომ ვსაუბრობდით დამსხვრეული წმინდა თავლების შუა ოკეანეში
სადაც გემის ძელები მკაცრმტკიცე ჩამოქცევები იყვენენ,
რომ ბოლოსდაბოლოს ყოველი ჩვენგანი განილხენდა რეპრესიას და დეპრესიას—
 
მესიზმრა! რომ სფინქსი არ იყო თავისი ტოტის ბოლოში,
რომ ის არ მიესალმებოდა კერიის საცეცხლეს,
რომ არ იყო მხურვალება უგახსენებოდ,
არ იყო ხალისი უმახსოვრობოდ, რომ მონა იყო, უბრალოდ,
ის, ვინც ტრიუმში უნიჩბოდ უსვამდა...
 
მერე მომესმა დროის ფერცოცხი
ფანჯარას როგორ კაწრავდა, და გამეღვიძა ღმერთთან პირისპირ
რომლის ბავშვობაც მარადიულია
რომლის სიმწიფის შექმნისთვისაც ვიღწვით.
 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.