ფუტკრების ცეკვა





პროზა

ფუტკრების ცეკვა




   ჩვენი მოწიფული წლების მემკვიდრეობაა გადაწყვეტილებები, რომლებიც 20 წლის ასაკში მივიღეთ. ჩემი მემკვიდრეობა, მაშ, უბრალოდ ესაა: პოეზია. მაგრამ პოეზია საკვებითა და თავშესაფრით არ გვამარაგებს. ემილი დიკინსონი პურს აცხობდა დიდ ვიქტორიანულ სახლში. ეს ერთი გამოსავალია.
   მეორე გამოსავალი, შესაძლოა, სიმთვრალე იყოს, ა ლა ჩარლზ ბუკოვსკი.
   რა კითხვა უნდა, პოეზია უდავოდ ღვთიური სიგიჟეა. არავინ აირჩევდა ასეთ ცხოვრებას, ცოტათი გიჟი რომ არ იყოს.
   ორი ყველაზე ცნობილი მაგალითი, უილიამ კარლოს უილიამსი და უოლეს სტივენსი, შემაცდენელია. ჰო, კაი, შეგიძლია პროფესია გქონდეს და ამავე დროს პოეზია წერო, თუ საკმარისად მარჯვე ხარ და დისციპლინირებული დროის განაწილებაში, თუმცა ეს შენივე ოჯახის ხარჯზე მოხდება, თუ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტ, ოჯახი გყავდეს. მაგრამ თუ მაინც გაართმევ ამ ყველაფერს თავს, ყოჩაღ შენ. შეიკეტე შენს ოფისში და აკრიფე ორიოდე სტრიქონი პაციენტებს შორის. გასინჯე ბუასილი, მერე დაუბრუნდი შენს ლეპტოპს და იმუშავე შენს ჰეპტამეტრზე. ანდა დაკეტე ოფისის კარი და ჩაიწერე რამდენიმე სტროფი როცა არავინ გიყურებს. არსებობს მორგების საშუალებები. პოეზია უაღრესად მორგებადია, თუმცა ამბოხის მძლავრი ელფერიც სდევს. სტარბაქსის ან WalMart‘ისთვის მსგავს სტრატეგიებს არ გირჩევდით.
    80’იანებამდე ცხოვრება ხელმისაწვდომი იყო. შეგეძლო რამე დამამცირებელი, სტუდენტური სამუშაო გქონოდა და ბინის ქირა მაინც გადაგეხადა. ახლა აღარ გამოვა. არ ვიცი, ახლა ოცი წლის რომ ვიყო, რას ვიზამდი. სამუშაო ბაზარს დაენძრა. კოლეჯი ვალებში გახრჩობს. ბინის ქირები ასტრონომიულ ფასებს აღწევს.
   რა მოხდა?
   კენტ სთეითი მოხდა. დისკო და MTV მოხდა. შიდსი მოხდა. ჩერნობილი მოხდა. კოკაინი მოხდა. რონალდ რეიგანი მოხდა. მარგარეტ თეტჩერი მოხდა. NAFTA (ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონა) მოხდა. Beanie Babies პლუშის სათამაშოები და SUV‘ები მოხდა. უოლ სტრიტი და ფინანსური პრობლემების მქონე ქვეყნების ფულადი დახმარებები მოხდა.
   პოეზია ამ ყველაფრის ანტიდოტია. მხოლოდ სასიცოცხლო სახსრების საკითხი გაქვს გადასაჭრელი. საკმარისი ხელფასი რომ ბინის ქირა იხადო ან საკმარისად დიდი სახლი რომ შიგ შენი წიგნები დაასახლო.
   ენას ყველაფრის გადატანა შეუძლია. იმპერიების, სემინარების, საუბრების. ასოციაციების კაშკაში. კუბიზმი. აკაციების მჭამელი სპილოები. მოგონებები.
   იცი, მოგონებები უცნაური რამეა. როგორც ერთგვარი თეატრი.
   წიგნები სხვა საქმეა. მნიშვნელოვანია მათი ფურცლებზე შენახვა, ბეჭდურად. ორ ყდას შორის. ყუით. ყუა ყველაფერია.
   ელექტრონული წიგნები ფიჭური ქსელით ვრცელდებიან. მაკონტროლირებელ კომპანიას მათი წამში გაქრობა შეუძლია. ცენზურა უხილავია.
   გამომცემლობები, რომლებიც ფიზიკურ წიგნებს გამოსცემენ, აგრეთვე ექვემდებარებიან კონტროლს, მთავრობის ზეწოლას და ისეთ ახირებებს, როგორიცაა საბაზრო ცენზურა, რომლის თანახმადაც მხოლოდ ის ნაწერი გამოიცემა, რომელიც აშკარად გაყიდვადია, ხოლო უფრო რთული თუ ბუნდოვანი მწერლობა უკუგდებულია, ყოველ შემთხვევაში მეინსტრიმ გამომცემლობების მიერ, რომლებიც უფრო და უფრო ექცევიან მიოპი, სარგებელზე კონცენტრირებული კორპორაციების დომინაციის ქვეშ. ეს - და ამასთან ერთად, დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიების გადაშენების პირას ყოფნა -  თავისუფალ აზრსა და ხარისხიან წერას უქმნის საფრთხეს. და მაინც, ფიზიკური რეალობის მართვა ბევრად რთულია, ვიდრე ვირტუალურის.
   მაგია (და ეს ნამდვილი მაგიაა) სამყაროში ისეთი რამის მოვლენაა, რაც მანამდე არ არსებობდა. პოლ ელუარის სურრეალისტური სტრიქონი, „სამყარო ფორთოხალივით ლურჯია“ გამოდგება იმ თავგადასავლების მაგალითად, სიტყვებს რომ შეუძლიათ, შექმნან. ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა „სამყარო“, „სული“ ან „აზრი“, ავტომატური სიღრმე და მუხტი მოსდევთ, არადა სინამდვილეში არ განსხვავდებიან ისეთი სიტყვებისგან , როგორებიცაა „ფანქარი“, „პური“ ან „მატლი“. მათი ღირებულებები ჩვენს წარმოსახვაში განსხვავდებიან. აზრი წარმოსახვაში აღიჭურვება მუსიკის გრძნეულებით.
   მაგალითად, აიღე სეზარ ვაიეხო. საოცარი ტიპი იყო. მისი პოეზია ველურია, სავსე განსაცვიფრებლად წარმოსახვითი სტრიქონებით, მაგალითად „როდესაც ვინმეს ძუძუების თაღლითურ სასწორზე / ვწონი და დავტირი შესაქმის სიმყიფეს“, ან „რაც არ იწვის იწვის და სულაც / ტკივილი ორად კეცავს სიცილისგან მომკვდრებს“.
   სიტყვები მტკიცებებია. „-ის“ და „-ზე“ და „სწრაფი“ და „ნელა“ და „მათ“ და „შენ“, ყველა ამათგანი მტკიცებაა.
   სიტყვები თვითმხილველობით ვიბრირებენ. იდეები, რომლებიც ფეთქდებიან და ეცემიან, როგორც ვარსკვლავების წვიმა. რა უჩვეულო აკრობატიკა, ერთგვარი იაპონური ბუტო იქნებოდა საჭირო ჩვენი არსების შინაგანი სამეფოების გამოსახატად.
   აიღე წყალბადის ორი ატომი, დაუმატე მათ ჟანგბადის ატომი და მიიღებ წყალს. შეკუმშე წყალბადის ატომების მასა მაღალ ტემპერატურასა და დაჭერის ძალაზე, ისე, რომ ისინი შეირწყან და ჰელიუმის ატომი წარმოქმნან და შედეგად მიიღებ მხურვალების და სინათლის დიდ ბურთულას, სახელად მზეს. დაალაგე არსებითი და შემასმენელი ერთად და მიიღებ რამე სველს და უშველებს, მაგალითად დიდ ბრიტანეთს.
   გონება სიტყვებს წრუპავს და მერხებს აღმოაჩენს. ნიჰილიზმს უჭერს, როგორც მუზეუმს. წინასწარმეტყველება იოლად არ მოდის. მაგრამ ვის რად უნდა წინასწარმეტყველება? მე ტრუფელებს გირჩევთ.
   პოეტებს, წერს დანკანი, ისე ესმით ენა, როგორც ფუტკრების ზუზუნი. ისინი თავში ხვავდებიან, სადაც თაფლი ინახება. ის ლაპარაკობს სიტყვების ინსტინქტზე, სადაც - მოცეკვავე ფუტკრების მსგავსად - კომუნიკაცია ენის ზღურბლს ქვემოთ მიმდინარეობს, რხევა-ბზუილის ნათელმხილველობა.
   შინ დაბრუნებულს, სრულიად მიპყრობს ეს კომუნიკაცია ენის ზღურბლს ქვემოთ, რომელსაც დანკანი ახსენებს, და ჟაკ დერიდას განცხადება, რომ არაცნობიერი ენის მსგავსადაა სტრუქტურირებული. ნეტა რა ჯანდაბას გულისხმობს ამით? ჩემი გონება ჯერაც ცვილისა და თაფლის წებოვან მასაზეა გაჭედილი სკის დანკანისებურ სახე-ხატში. მოცეკვავე ფუტკრების მსგავსად, ამბობს ის.
   და ფუტკრები, მართლაც, ცეკვავენ. მათ ცეკვას ინგლისურად waggle dance’ს ეძახიან, ეს რვიანისებრი ცეკვაა, რომლითაც ნექტარისა და მტვრის გამცემი ყვავილების მიმართულებისა და მანძილის შესახებ ინფორმაციის მიღება შეიძლება, ისევე, როგორც წყლის წყაროსა ან ახალი საცხოვრებელი ადგილმდებარეობის შესახებ. მაგალითად, მეთაფლია ფუტკრების (Apis mellifera) რვიანისებრი ცეკვა, რომელიც ვერტიკალურ ფიჭაზე 45 გრადუსით მარჯვნივაა მიმართული, მიუთითებს საკვების წყაროს მზის მიმართლებისგან 45 გრადუსით მარჯვნის.
   და ასე იწყება: ენა. პირი ჰაერს პნევმად კრავს, სულს ჰაერად. ოპიუმის თვალები ოპიუმის ცერები. კარნავალები, მეგობრული ძაღლები და ხლეჩა. მაგრამ გახსოვდეს. ყოველთვის გახსოვდეს, რას შვებიან ღრუბლები. შეგიძლია შენი გრძნობები შენათხზავითა და ორაზროვნებებით შენიღბო, ანდა გამოაბა მათ კლანჭები და ფრთები და თავისუფლად მიუშვა.
 
 
 
 
 
კომენტარი
უკვე დიდი ხანია, ჯონ ოლსონის უნიკალური პროზაული პოეზია ამჟამინდელი ამერიკული პოეტური ავან-გარდის ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე, თვალსაჩინო და რადიკალურ გამოხატულებად მოიაზრება. როგორც ბევრი იმათგანი, ვინც 60’იანების ბოლოს დაიწყო წერა (ოლსონი 1947 წელს დაიბადა), ჯონ ოლსონიც ბიტნიკებს თვლის თავის ერთ-ერთ ცენტრალურ შთაგონების წყაროდ და შეიძლება ჩაითვალოს, რომ გარკვეულ მათ ტრადიციებსაც განაგრძობს. მეორე მხრივ, აშკარა სიახლოვე იგრძნობა ოლსონის ექსცენტრიულ, ხშირად კომიკურ, აბსურდულ და ტრიქსტერულ პოეზიასა და I და II თაობის ნიუ იორკული სკოლის პოეტებს შორის (ფრენკ ო’ჰარა, ჯონ ეშბერი; რონ ფეჯეთი, ტედ ბერიგანი..) კიდევ ერთი უდავოდ მნიშვნელოვანი ასპექტი სურრეალიზმია: ოლსონი ამერიკული სურრეალიზმის გურუს, ფილიპ ლამანტიას ახლო მეგობარი იყო. მეტყველია მისი სულ ახალი კრებულის სახელწოდება, Dada Budapest, საიდანაც ეს თხზულებაა აღებული. მასში კარგად ჩანს ხშირად ექსტატური პოეტიკისა და განვრცობილი ესეისტური მსჯელობის ის ფორმა, რომელიც ოლსონის ნაწარმოებებს ახასიათებს.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.