სკოლის ფანჯრები,
დაკიდებულან შენობებზე ხანში შესული
მეძავის ძუძუებივით,
და ძველი მინა,
სიცივეს რომ ფარავდა ერთ დროს,
ასკდება ტანზე.
ბერწი ღორივით
გდია წუმპეში ჩემი სკოლა.
მე მასწავლიდნენ "დედაენას",
და "русское слово_ს" კვირაში ერთხელ.
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
მამაჩემს სურდა,
ჩემთვის მოეცათ მთავარი როლი სკოლის სპექტაკლში,
თუმცა, მხოლოდ თხუთმეტი ლარი ჰქონდა.
შეფრინდებიან ხვალაც ბარტყები
ზეგ იქცევიან სვავებად
და იმის ლეშს დაუდარაჯდებიან,
ვისაც სიმსუქნის გამო
კისერიც აღარ შერჩა თოკზე ჩამოსაკიდი.
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
მოპირდაპირე ქუჩაზე,
ლითონის ქვაბში როცა შიმშილი იხარშება,
ოჯახის უფროსი წარმოსახვითი ლაკარკით ამსხვრევს
სკოლის ფანჯრებს
და თეთრ ბავშვებს წყევლის.
ისინი რაღაცით აგონებს წარსულში ნანახ კანიბალებს.
მისი ქალიშვილი,
რომელიც ხასიათით პატარაობიდან ჰგავდა მამას,
უფროსკლასელებმა გააბოზეს.
მას ყოველ დილას მოჰქონდა ანთებული სიგარეტები
და აგურებს შორის ტენიდა სკოლის მონგრეულ კედელს
რამეთუ მწეველები ადრე კვდებიან.
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
ბერწი ღორივით
გდია წუმპეში ჩემი სკოლა.
იგი წააგავს ბანკს, პენსიის მოსვლის დღეს.
შუაღამით კი, სიჩუმეა,
მხოლოდ შუაღამით,
როცა საათი ათს ჩამოჰკრავს,
მრისხანე თვალებს გადაავლებს მიდამოს სკოლა
და დაიძინებს.