• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

სტენოგრამა

×
ავტორის გვერდი გიორგი მაისურაძე 00 , 0000 2321

 

(პიესა ერთ მოქმედებად)
 
აგნესა
ბარონი
გოგი (იგივე ოლივიე)
ლიკა
გოგლიკა
მოგლიკა
 
სცენა 1
 
ყველა ზის მაგიდასთან: თავები დახრილი აქვთ და სახეზე ხელები აფარებული; ყველა თანმიმდევრულად წევს თავს, აჩენს სახეს და იწყებს ლაპარაკს.
 
ბარონი: გაჭედა
აგნესა: ძვირფასო (უყურებს ბარონს), ძვირფასო
ლიკა: (თავს აქიცინებს) სიხარულო
გოგი: დავეცი
გოგლიკა: გადაეცი?
მოგლიკა: გადავეცი
 
პაუზა
 
ბარონი: მე ყველაზე დიდი ვარ (თავს მაღლა წევს)
მოგლიკა: მე ყველაზე დიდი მაქვს (თავს დაბლა წევს და სახე კმაყოფილი აქვს)
აგნესა: ყველაზე დიდი... ყველაზე დიდი ჩემია!
ლიკა: მე, მე... მე მინდა! 
გოგლიკა: აუ, რამხელაა, არა? (ისევ ჭერში იყურება)
გოგი: სიგიაჟეა! (ცალ წარბს მაღლა წევს და ლიკასკენ იყურება)
პაუზა
აგნესა: აუ, არ დაიწყო?
გოგლიკა: მემგონი, დროა
მოგლიკა: უკვე?
ლიკა (ბარონს): შენ გეცოდინება
გოგი: ოღონდ მართლა! (უყურებს ბარონს)
ბარონი: (მოკლე პაუზის შემდეგ) დიდი ხანია.
პაუზა
გოგი: აუ, ძაან სიგიჟეა, აუუ...
ლიკა: (თავს ადებს გოგის და ეფერება) სიხარულო, გენიოსი ხარ! ასეთი ილუმინაცია!..
აგნესა: ფუუუ...
ბარონი (აგნესას): მოიცა, მე მაგათ... (დანარჩენს ყურში ეუბნება. აგნესა გაბრწყინებული სახით უსმენს, მერე ხმამაღლა იცინის და ბარონს კოცნის)
გოგლიკა (მოგლიკას): კიდევ გაქვს?
მოგლიკა: (თავს უქნევს) გავიდეთ?
გოგლიკა: მოიცა, ჯერ არა. (ყველას გასაგონად) ბარონი უფრო სიგიჟეა თუ გოგი?
ბარონი: ბატონოო?!
აგნესა (ბარონს): ხედავ, რამდენს ბედავენ? ამათი მოგზავნილია (ანიშნებს გოგისა და ლიკაზე)
გოგი: აუ, კაი რა! ოღონდ მართლა...
ლიკა: სიხარულო, ვას ისთ ლოოს?!
აგნესა: ძალიან ბევრი არ მოგივიდეთ!
ბარონი: თუ ძმა ხარ!
აგნესა: აი, ნახავ!
მოგლიკა (გოგლიკას): ამათ შიგა აქვთ.
პაუზა
გოგლიკა: რომელი საათია?
აგნესა: ეს ამას კითხე (მიანიშნებს ლიკაზე)
გოგი: ლიკა
ლიკა იზმორება და თავი მარჯვენა მკლავზე აქვს გადადებული.
ბარონი (ლიკას): ცუცა! 
ლიკა თავს სწრაფად წევს და გაოცებული სახით იყურება
ლიკა: ვაიმე, მემგონი... სულ დამავიწყდა... მემგონი... სიხარულო, რა მნიშვნელობა აქვს?
აგნესა: არ, ნუ, შეხედე, ნუ, შეხედე!
ბარონი: კაი, ცუცა, умоляю, ყველა შენ გიყურებს!
აგნესა (თავისთვის): არ შევარჩენ!
პაუზა
გოგლიკა: მოდით, რამე ვითამაშოთ!
გოგი: აუ, სიგიჟეა!
ლიკა: სიხარულო, რა ვითამაშოთ?
ბარონი: მშია
აგნესა: რა გაჭამო?
ლიკა: რა საჭმელი გიყვარს?
ბარონი: ოლოვიე.
ყველა უყურებს გოგის
ბარონი: ეგ არა, სალათი „ოლივიე“
გოგი: აუ, დავეცი!
მოგლიკა: აუ, ჩემი, აუ, რა მაგარია!
ლიკა: მოდით, რამე ამბავი მოვყვეთ!
გოგლიკა: მე მოვყვები
მოკლე პაუზა, ყველა უყურებს გოგლიკას
გოგლიკა: შავი პეპელა, ღამით...
აგნესა: ააა! არ შემიძლია, მეზიზღება! ძალიან გთხოვ, არა, არ გინდა...
გოგლიკას ეცინება, კმაყოფილი სახე აქვს
ლიკა (აგნესას): სიხარულო, კიდევ გეშინია პეპლების?
აგნესა: ვერ ვიტან, არ შემიძლია! (ბარონს) ხომ გეუბნები, ამათი მოგზავნილები არიან.
ბარონი: დაწყნარდი, რა!
გოგლიკა: მაშინ გოგიმ იმღეროს
ლიკა: სიხარულო, მოდი ერთად ვიმღეროთ!
გოგი (აგნესას): მოდი, შენც იმღერე, შენი ხმაც მოუხდება
აგნესა: არა, ამათი ნაგლობა ნახე, მე-ც უნდა ვიმღერო, ხედავ, მე-ც! იცი, რა ჯობია? მე დავდგები, პირს გავაღებ და ლიკამ გამახმოვანოს.
გოგლიკა (მოგლიკას): ახლა ნახე რა მოხდება.
ლიკა: სიხარულო, მე და შენ ერთად უკეთესად ვიმღერებთ, ხომ იცი, ჩემს ხმას შენი ხმა როგორ უხდება?
მოგლიკა: აუუ, მიდით, რაა!
ბარონი: აგნეს, მიდი, რა, გაახილე თვალები, ჩემო პრინცესა... ჰაჰაჰაჰა...
აგნესა და ლიკა იწყებენ სიმღერას: „გამარჯობა, გაზაფხულო და მზეო, მის უკან რომ იმალები...“ აგნესა მთელი მონდომებით მღერის. ლიკას ხმა ეკარგება. ლიკა უცებ ჩერდება.
ლიკა: სიხარულო, იცი, ძაან cool გამოდის, აღარ გვინდა მეტი.
აგნესას გამარჯვებულის სახე აქვს, სიხარულს ვერ მალავს; ბარონს მარჯვენა ხელით აწეულ შუა თითს აჩვენებს.
ბარონი: აგნეს, რა სუჩკა ხარ!
აგნესა: არა ბებია მაგათისამ.
პაუზა
მოგლიკა: რამდენი დარჩა? 
გოგლიკა: მოვასწრებთ.
გოგი: მისტიკაა, ოღონდ მართლა! იცი... აუ, ვერ ვამბობ.
გოგლიკა: რას?
გოგი: მოიცა, რა! ძაან მაგარია, სიგიჟეა!
ლიკა: The Last of England.
მოგლიკა: როდის იქნება?
ბარონი: მალე, მალე მოვა. უკვე მოსულია.
აგნესა: მოვემზადოთ!
ყველა სკამიანად ერთი ნაბიჯით უკან ხტება.
გოგლიკა: No hay banda!
ყველა ერთდროულად წამოხტება და სხვადასხვა მიმართულებით გარბის.
 
2. სცენა 
 
ლიკა: ნახე რა იყო?!
გოგი: სიგიჟე!
ლიკა: ტიპმა რეები იჩალიჩა?!
გოგი: დავეცი.
ლიკა: შენ უნდა ქნა!
გოგი: არ ვიცი, ოღონდ მართლა.
ლიკა: არ ვიცი ასე რატომ ხდება: ვიცი, რომ არ მინდა, ასე რომ მოხდეს, მაგრამ მაინც ასე უნდა მოხდეს.   
გოგი: ჩამოვიდა ქალაქში და ნახა, ქალაქი დიდია! 
ლიკა: ახლა გვიანია, ყველაფერზე აგებს პასუხს!
გოგი: პასუხი ერთია.
ლიკა: ადექი, მოემზადე! ჩვენ უკან ვეღარ დავიხევთ! წინ! 
 
3. სცენა
გოგლიკა და მოგლიკა გაივლიან სცენაზე
გოგლიკა: სახლი სიყვარულისა.
მოგლიკა: ოთახი ფერებით სავსე.
გოგლიკა: შავი პეპელა დაფრინავს.
მოგლიკა: ახალგაზრდა ინგლისელი პილოტი მოკვდა.
გოგლიკა: ხო, ასე შორს.
მოგლიკა: გზა მწვანე ფერისაა.
გოგლიკა: ის ახლოსაა, ახალი...
მოგლიკა: ახალი დღეები უცნაური დღეებია.
გოგლიკა: მე ვიცი, ის ყოველთვის იქნება.
მოგლიკა: ჩემი სხეულის ცალკეული ნაწილები.
გოგლიკა: ანგელოზი.
გადიან
 
4. სცენა
 
ბარონი ზის სავარძელში, აგნესა ნერვიულად მოძრაობს ოთახში.
აგნესა: შენ მართლა არ იცი ეგ ვინაა!
ბარონი: სად არის ახლა?
აგნესა: სად? – გოგისთან! (მოკლე პაუზის შემდეგ) ხედავ, რა დღეშია?
ბარონი: აუ, თუ ძმა ხარ, არ იცოდე მაინც...
აგნესა: არა, ეგ ბიჭი ჩემია, ამას არ შევარჩენ!
ბარონი: აუ, ძაან მარცხნივ ხარ!
აგნესა: რა იყო, გეშინია?
ბარონი: მეე? ცუცა, დამშვიდდი, რა!
აგნესა: არა, მორჩა, დროა, მორჩა! მოდი, მოიწიე და თავი დამადე!
ბარონი სავარძლიდან წამოდგება და აგნესას მკერდზე თავს მიაბჯენს.
აგნესა: ო, ნუ კანკალებ, ჩემო ძვირფასო ბიჭო! შენ ხარ უმწიკვლო, ბრძენი, წმინდა. ასეთ ბიჭს, როგორიც შენ ხარ, ყველაზე უკეთ შეუძლია ჩემი შეძრული გულის სასოება. მე გატანჯული ვარ მას შემდეგ, რაც ჩემი ბიჭუნა იმ ავსულმა ურჩხულმა მომტაცა. მას გაჰყვა ჩემი სიხარული, ჩემი ბედნიერება. (აგნესა ბოლო სიტყვებს ქვითინით ამბობს, შემდეგ თავს აღმართავს, მარჯვენა ხელს მაღლა წევს და სიმღერით აგრძელებს) შენ, შენ, შენ გაათავისუფლებს მას, შენ იხსნი მას გველეშაპის კლანჭებიდან და როცა გამარჯვებული დამიბრუნდები, ჩვენ სამივე ერთად ვიმბრძანებლებთ და ჩვენს დიდებას არ აქნება არც საზომი და არცა ბოლო! მოდი აქ, ჩემთან, ჩემო გმირო, შეიბ მახვილი! 
გადიან
 
5. სცენა
გოგლიკა და მოგლიკა ჩაივლიან სცენაზე
გოგლიკა: რად გინდა ტირილი, როცა ეს ამბავი დამთავრებულია? გაიგე, რომ თავისუფალი ხარ.
მოგლიკა: თავისუფალი, რომ წახვიდე და გაფრინდე ქართან ერთად.
გოგლიკა: გაახილე თვალები და მითხარი, თავს როგორ გრძნობ? არ იტირო!
მოგლიკა: რთული ასახსნელია, რომ სიყვარული გვტოვებს ტკივილში.
გოგლიკა: სიყვარული ყველგანაა.
მოგლიკა: სიყვარული ისაა, რაც გვაქვს, სიყვარული ისაა, რასაც ვგრძნობთ.
გოგლიკა: სიყვარული ყოველთვის თავისუფალია.
მოგლიკა: თავისუფლება ქართან ერთად ფრენაა.
გოგლიკა: სიყვარული ყველაფერია.
მოგლიკა: სიყვარული ყველაფერია.
გადიან
 
6. სცენა
გოგი და ლიკა წვანან ლოგინში
გოგი: აუ, სიგიჟეა!
ლიკა: სიხარულო, მიაუ.
გოგი: დავეცი!
ლიკა: სიხარულო, მიაუ.
გოგი: ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ!
ლიკა: სიხარულო, მიაუ.
გოგი: ოღონდ მართლა.
ლიკა: სიხარულო, მიაუ. 
 
7. სცენა
გოგლიკა და მოგლიკა გაივლიან სცენაზე პეპლების საჭერებით ხელში
გოგლიკა: მე პეპელა ვარ.
მოგლიკა: მე კალია ვარ.
გოგლიკა: მე პეპელა ვარ.
მოგლიკა: მე კალია ვარ.
გოგლიკა: მე პეპელა ვარ.
მოგლიკა: მე კალია ვარ.
გოგლიკა: პეპელა...
მოგლიკა: კალია...
გადიან 
 
8. სცენა
 
ბარონი და აგნესა წვანან ლოგინში
აგნესა: ძვირფასო, სული მევსება თოვლით
ბარონი: დღეები რბიან და მე ვბერდები
აგნესა: ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
ბარონი: უდაბნო ლურჯად ნახავედრები....
აგნესა: ღამე
ბარონი: ქუჩა
აგნესა: ლამპარი
ბარონი: აფთიაქი
აგნესა: ქალაქში შიშია
ბარონი: ქალაქი დიდია
ორივე ერთად: დიდია!
 
9. სცენა
 
შემოდის ლიკა
ლიკა: ტკბილი სიზმრები მოუვლინეთ ჩემს რაინდს! წარმატება მოუვლინეთ ჩემს გმირს! გამარჯვება მოუვლინეთ ჩემს ბატონს!
გადის
შემოდის აგნესა
აგნესა: სიკეთისა და ბოროტების ძალებო, ცაო და ქვესკნელო, თეთრო და შავო ფერებო, დადექით ბარონის მხარეს, გაანადგურეთ ჩვენი მტრები!
გადის
 
10. სცენა
გოგლიკა და მოგლიკა ერთ სკამზე სხედან და ერთმანეთს ზურგებით ებჯინებიან
გოგლიკა: თუ გიფიქრია, რას ნიშნავს „ობიექტურად ლამაზი“? 
მოგლიკა: არა.
გოგლიკა: თუ გიფიქრია, კატა აივნიდან რომ გადმოვარდეს, რა მოუვა?
მოგლიკა: არა.
გოგლიკა: რა მნიშვნელობა აქვს ერთი ბარონით მეტი იქნება თუ ერთი ბარონით ნაკლები?
მოგლიკა: არანაირი.
გოგლიკა: მაშ დავიწყოთ!
სცენა ბნელდება; შიგადაშიგ ელვაა და ჭექა-ქუხილი; ისმის ცხენების ჭიხვინი, სროლა, აფეთხების ხმა, კივილი... ასე გრძელდება ერთი-ორი წუთი.
 
11. სცენა
შემორბის ბარონი
ბარონი: მომიკლეს ჩემი სულელი გოგო... რა სიბნელეა, ვერაფერს ვხედავ... აგნესა, აგნესა, რატომ არ გავჩნდით ჩვენც ჩიტებად?..
ბარონი ეცემა და კვდება
შემორბის გოგი
გოგი: სიგიჟეა! (ეცემა) დავეცი! (თავს წამოწევს) ოღონდ მართლა... დედა, დედა, რატომ მიმატოვე?! – დღეს ხომ ორშაბათია...
კვდება
შემოდის ლიკა
ლიკა: სიხარულო, მოგკლეს? სიხარულო, ხომ გეუბნებოდი, მოგკლავენ მეთქი... სიხარულო, რატომ მოკვდი? სიხარულო, ხომ გეუბნებოდი, არ უნდა მოკვდე მეთქი... სიხარულო, იხ შტერბე (ძირს ვარდება, თავს წამოწევს და ამბობს) სიხარულო, მიაუ! (კვდება)
შემოდის აგნესა, მარჯვენა ხელს საფეთქელზე იდებს, მკერდი დასისხლიანებული აქვს, ბარბაცებს
აგნესა: ბარონი, ბარონი, ბარონი, ბარონი... ოჰ, სად გაფრინდი, რატომ დამტოვე, ჩემო ფასკუნჯო, რატომ დამტოვე სიკვდილთან მარტო?! ჩემი გულიდან ეკალ-ბარდები ამოიზრდება... (კვდება)
შემოდიან გოგლიკა და მოგლიკა, შემოაქვთ სკამი, სცენის შუაში დგამენ და ერთად სხდებიან
გოგლიკა: მე ვარ ბიჭი ცხოველების მაღაზიიდან.
მოგლიკა: მე ვარ ბიჭი ცხოველების მაღაზიიდან.
ორივე ერთად: ჩვენ ვართ ბიჭები ცხოველების მაღაზიიდან.
ორივე ერთდოულად წამოხტება და სხვადასხვა მიმართულებით გარბის, შემდეგ ისევ შემორბიან და ისევ ერთად, ერთ სკამზე სხდებიან.
გოგლიკა და მოგლიკა ერთად: ჩვენ ვართ ცხოველები ბიჭების მაღაზიიდან. 
 
12. სცენა
სცენაზე დგას მაგიდა და ექვსი სკამი. შემოდიან აგნესა და ბარონი და მაგიდასთან სხდებიან.
ბარონი: აგნეს, რა სუჩკა ხარ!
აგნესა: არა ბებია მაგათისამ!
შემოდიან გოგი და ლიკა და მაგიდასთან სხდებიან.
ლიკა: სიხარულო, ვას მახსთ დუ?
გოგი: სიგიჟეა, ოღონდ მართლა!
შემოდიან გოგლიკა და მოგლიკა და მაგიდასთან სხდებიან
გოგლიკა: მაგარი experience იყო.
მოგლიკა: გაასწორა.
ამის შემდეგ ყველა ერთდროულად იწყებს ხმამაღლა ლაპარაკს და სიტყვების გარჩევა შეუძლებელი ხდება. 
 
 
 1997 წელი
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული