• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მინი პოემა ჩემზე, შენზე, ნობელსა და რა თქმა უნდა, ღმერთზე

×
ავტორის გვერდი გიორგი შონია 00 , 0000 2039

ყველა ჩემი მოქმედება უშედეგოა

და ვკარგავ საკუთარი თავის ლოგიკურად აღქმის უნარს

(რა თქმა უნდა ასეთი რამე ოდესმე  თუ გამაჩნდა)

და ვკარგავ საგნების ლოგიკურად აღქმის უნარსაც,

და ნივთები კარგავენ მყარ მდგომარეობას

იქცევიან ბლანტ სითხეებად

და ჩემი ოთახი ემსგავსება სიურელისტურ ტილოს.

 

ღმერთო ! ყოველთვის მართალო

და ყველა მდინარიდან მშრალად ამოსულო

რა საჭირო იყო ეს ფარსი - ჯვარცმა

ყველაფერი ხომ ისედაც ცხადია.

 

მე გავრბივარ

და ვეცემი

და ვეძებ გამოწვდილ ხელს,

რომელიც არ ჩანს,

არც შენ ჩანხარ

ამიტომაც ვდგები და გავრბივარ.

 

მე ვგრძნობ, როგორ ვკარგავ თვითრწმენას

როგორ დგება შიში ჩემს თვალებში

და როგორ მიჭირს საკუთარ სხეულში არსებობა

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც არ ვლოთდები

რადგან ჩემთვის ზედმეტად მოსაბეზრებელი და ბანალურია

მჯერა ოდესმე აუცილებლად დავწერ პოსტ-ეგზისტენიურ რომანს

რის გამოც მომცემენ ნობელს

და ვიქნები პირველი ქართველი ნობელიანტი მწერალი

(თუ რა თქმა უნდა პაატა შამუგია არ დამასწრებს)

რითაც გამოვიწვევ უდიდეს ზიზღს

და ყველა ქართველ მეკალმეს შეშურდება ჩემი

და ისინი მომიგონებენ ათასგვარ ჭორს

რომ ნობელი პოლიტიკური ნიშნით მომცეს

რომ ყველა ჟიურის წევრს მივეცი ,

რომ ეს(ის) რომანი, ჩემი კი არა,რომელიმე

მათგანის დაწერილია და ა.შ

მე კი მომცემენ ძალიან ბევრ ფულს

რითაც აუცილებლად გიყიდი იამაჰას

და ვიყიდი სახლს აქედან ძალიან, ძალაინ შორს

სადღაც ფიჯიზე

სადაც მთელი დღეები მოვწევ მარიხუანას

დავწერ რომანებს დაკარგული „მეს“ ძიებაში

მოვუსმენ შენს დაკრულს იამაჰაზე

თუ მოვინდომებთ შიგადაშიგ სექსიც გვექნება

და ვიქნებით ასე შეძლებისდაგვარად კეთილები,

შეძლებისდაგვარად კმაყოფილები

და რა თქმა უნდა შეძლებისდაგვარად ბედნიერები..

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული