***
თვრამეტი წლის ომში არ დავიღუპე,
რომ ჩემი გახსენებისას ფარისევლურად არ ეთქვათ:
ის იყო იმედის მომცემი ახალგაზრდა,
რომლის სპეტაკ სულში დიდი შემოქმედება მწიფდებოდა.
სამაგიეროდ თითით საჩვენებელი გავხდი, ამაზრზენი -
ყველას ყველა სიწმინდე შევბღალე,
ყველას და ყველაფერს შევეცი -
ცოცხალს და მკვდარს, არსებულს და არარსებულს -
რისი გაფიქრებაც კი გაშინებთ -
როგორც უძველესი ტომის ბელადობის მსურველმა,
მაგრამ ძალაუფლებაც უარვყავი.
არ მიკარებენ, დღეს დედაჩემი მიყვიროდა,
შენი ადგილი საგიჟეშიაო.
როცა კბილების ღრჭენით მომიხსენებენ,
თავს ვგეძნობ, როგორც „ხე, დანერგული
თანა წარსადინელსა წყალთასა“.
***
როგორც ბალახში მწვანე გველი
და შეტანილი ლულაში ტყვია,
განაბული ვარ, შეუმჩნეველი
ვარ, შესაბამის წუთს მთელი დღეა
ვუცდი, - მზაკვრული განზრახვის სუნმა,
შენმა, ყნოსვისთვის რომ არ ცხრება,
შემაკვრევინა დროებით სუნთქვა,
მომაჭუტვინა თვალი მარცხენა.
იარაღის სიმძიმეს ბეჭზე
ვიმყარებ, სასხლეტს გამოვკრავ ვინემ,
სამიზნეს ერთხელ კვლავ ვიზუსტებ და...
გაგიხვრეტ შუბლს, ტვინს გაგასხმევინებ.
დღეს, ქუჩაში
უარყოფილი ქალი ქალაქზე
შურის საძიებლად უსაზღვრო სიავით
მუცელს იფატრავს, - წუთიერ სიამის
ნაყოფს მაწანწალა ძაღლებს მიაქსევს.
მადლიერი დამძღარი ძაღლები
არ იღრინებიან, სისხლიან ხელებს
ულოკავენ... უთვალთვალებენ
უყურადღებო გამვლელ - გამომვლელებს.
***
მამაჩემი ფილისტერია.
სავარძელში გდია და გულზე სკდება,
რომ მას არ ვგავარ.
ჩემო დამპალო თანაქალაქელებო,
რომც იცოდეთ ჩემი თქვენი შეურაცხმყოფელი გამოხდომისგან
გულისტკივილის ფასად ახლა როგორ დაგიცვათ,
სულმოკლეობით ხელზეც კი არ ეამბორებოდით...
მე მიზანს ნაწილობრივ მაინც მივაღწიე,
თქვენგან ერთი, თუნდაც მამაჩემი, გავამწარე.
ვიმეორებ: ჩაძაღლდი, ჩაძაღლდი!
ხვალ სხვებსაც ავამძღნერებ.