• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

კონდენგუის საპყრობილის ტუსაღის ლექსები

×
ავტორის გვერდი ენოჰ მაიომესე 14 მარტი, 2018 1883
თარგმნა ბექა ბარქაიამ
 
 
კამერუნში 250-ზე მეტი ეთნოსისა და 230-ზე მეტ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ქვეყანაა. 1884 წლიდან 1919 წლამდე ის გერმანიის კოლონია იყო. ამის მერე ქვეყანას ინგლისელები და ფრანგები დაეპატრონნენ. 1960 წელს კამერუნის ფრანგულმა ნაწილმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ბრიტანული ნაწილი კი ორად გაიხლიჩა: სამხრეთი შეუერთდა კამერუნს, ჩრდილოეთი კი – ნიგერიას. კამერუნის ოფიციალური ადმინისტრაციული ენები დღემდე ფრანგული და ინგლისურია. 1982 წლიდან ქვეყანას ერთპიროვნულად მართავს პრეზიდენტი პაულ ბიუა. გაეროს შეფასებით, ადამიანის უფლებების კუთხით, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა: ქალებზე და ბავშვებზე ძალადობა, პოლიციის დაუსჯელობა, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანთა დევნა და სრულიად მოშლილი პენიტენციალური სისტემა, საპყრობილეებში პატიმართა გაუსაძლისი პირობები ამ ქვეყნის დღემდე გადაუჭრელი პრობლემებია. სწორედ აღნიშნული პრობლემების მსხვერპლია მწერალი და პუბლიცისტი, აფრიკაში ადამიანთა უფლებებისთვის აქტიური მებრძოლი, ენოჰ მაიომესე (დ. 1955). ის კამერუნის მწერალთა კავშირის თანადამაარსებელი, არაერთგზის პრეზიდენტობის კანდიდატი და ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის მებრძოლი ინტელექტუალია. პაულ ბიუას მსგავსად, ისიც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა საფრანგეთში. პირველად მაიომესე 1984 წელს დააპატიმრეს, ხოლო 2011 წელს, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პერიოდში, მას ხელოვნური ბარიერები შეუქმნეს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს და მალე შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე დააპატიმრეს, 2011 წლის დეკემბრიდან დღემდე მაიომესე კონდენგუის ციხეშია გამომწყვდეული. 2012 წელს მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საერთაშორისო საზოგადოებრიობა მაიომესეს ქვეყნის პრეზიდენტის პირად პატიმრად მიიჩნევს. საერთოდ, ეს ციხე ცნობილია იმით, რომ მასში მრავალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ინტელექტუალია გამომწყვდეული. აშშ-ის და ავსტრიის პენ-კლუბებმა, პროტესტის ნიშნად, მაიომესე თავიანთ საპატიო წევრად აირჩიეს, სამართალდამცავთა საერთაშორისო ცენტრების აქტივობამ კი მხოლოდ ის ნაყოფი გამოიღო, რომ ხელისუფლებამ მწერალს საპყრობილის საკომპიუტერო ოთახით სარგებლობის და ლიტერატურული მუშაობის უფლება მისცა. დღესდღეობით ავტორის მიერ პატიმრობაში დაწერილი მხატვრული და კრიტიკული ნაწარმოებები სწრაფად ვრცელდება და ითარგმნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2013 წელს ავტორს საერთაშორისო პენ-ის  Freedom of Expression Award-ის პრესტიჟული პრემია გადაეცა. წინამდებარე ლექსები თარგმნილია ავტორის მიერ პატიმრობაში დაწერილი პოეტური კრებულიდან, რომელშიც მხატვრულად არის ასახული მისი ფიზიკური და სულიერი გამოცდილების ცალკეული დეტალები. ეს წიგნი ავტორმა ჩაიფიქრა, როგორც დაუმუშავებელი, რედაქტირებას და ხანგრძლივ ლიტერატურულ დახვეწას შეგნებულად დაუქვემდებარებელი რეპორტაჟი ციხიდან და მასში გამოყენებულია აფრიკული ხალხური სიმღერებისთვის დამახასიათებელი რიტმული და სტრუქტურული მოტივები, ალუზიები და პირდაპირი ციტატები აფრიკელი პოეტის და უდიდესი აფრიკული პოლიტიკურ-ფილოსოფიური მოძრაობის – ნეგრიტუდეს – კონცეპტის ერთ-ერთი შემქმნელის აიმე ცეზაირეს (1913-2006) პოეზიიდან. წინამდებარე თარგმანი მოიცავს მხოლოდ სამ ლექსს ავტორის პოეტური კრებულიდან „კონდენგუის საპყრობილის ტუსაღის ლექსები“, და თითქოს ხალხურ ინსტრუმენტებზე დასამღერებელი ეს ლექსები კარგად ასახავს არა მხოლოდ კამერუნში, არამედ მსოფლიოს ყველა პრობლემურ რეგიონში უსამართლობის წინააღმდეგ მებროლი ადამიანების საერთო სულისკვეთებას.
 
 
 
 
 
კონდენგუის საპყრობილის ტუსაღის ლექსები
 
 
 
დაპატიმრება
 
 
დაგიბრუნდი
შენ დაგიბრუნდი
სიხარულით სავსე გულით
ო იაუნდე
ჩემს ქვემოთ სწრაფად ჩაიქროლეს
მოგადიშუმ
ნაირობიმ
ენტებემ
ბანგუიმ
და თქვენც
უხვი ტყის გიგანტურო ხეებო თქვენც კი
ჯუჯებს ჰგავდით
როცა ლითონის ამ ფრინველმა
ცაში წრეები შემოხაზა
რათა ლატექსის ფეხებით და
უშველებელი ფრთების ტლაშუნით
ხალხის ტაშით და ჟრიამულით თანხლებული
აეროპორტში დაშვებულიყო
 
დაგიბრუნდი
შენ დაგიბრუნდი
და სიხარულით შემეკუმშა გული
ჩემო ნსიმალენო
 
როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე
როცა ილუმინატორიდან
თვალს მოვკრავ ონგოლას რაიონის
შლამიან გზებს
ეტოუდის სასახლეს
ომნისპორტის სტადიონს
ბანკის შენობას
კათედრალს
ეროვნული საინვესტიციო კომპანიის ოფისს
ეროვნულ სახელისუფლებო შენობებს
ლეკლერკის გიმნაზიას
ნგოა ეკელეს ბორცვის უნაგირზე ერთად რომ სხედან
 
მაგრამ
მაგრამ
ამ-
ჯერად
მხოლოდ
 
შენ დაგიბრუნდი 
საყვარელო ჩემო სამშობლოვ
შენ რომელიც იმავდროულად
ლახვარივით მესობი გულში
 
მათ კი ჰქონდათ ჩემი სურათი
ჩემი სახელი
ჩემი ცხოვრება
მთელი ჩემი არსებობა
 
ჩემს სიკვდილსაც ისინი ფლობდნენ
 
და როგორც ცეცხლის ბურთულები ისე ბრუნავდნენ
სისხლიანი მათი თვალები და ასე გვჭამდნენ
სურნელოვანსამოსიან მგზავრებს
და ჩვენს დაღლილობას ჩვენს მომქანცველ მგზავრობას
ნაირობიდან იაუნდისკენ
 
შენ დაგიბრუნდი
შენ დაგიბრუნდი
მაგრამ ამჯერად ხელბორკილებით
ქალაქო სადაც დავიბადე
 
ჩემს სიკვდილსაც ისინი ფლობდნენ
 
და ოცდაათი დღე
და ოცდაათი ღამე
განუწყვეტლივ
ოცდაათი ღამე
და ოცდაათი დღე განუწყვეტლივ
მამყოფეს
 
წყვდიადში
 
მაშინაც
როცა
საჭმელს არიგებდნენ
 
აი, ისიც! მანიოკი
აი, ისიც! სოუსი არ მეშლება მართლა სოუსია
აი, ისიც! ხორცის ნაგლეჯი
აი, ისიც! მივაგენი
მივაგენი
მივაგენი
 
წყვდიადში
და
ხელჯოხი დაუნდობლად პოულობდა აყვანილთა ზურგს
ხელჯოხი აყვანილებს სულს უსისხლიანებდა
ხელჯოხი დაუნდობლად აგროვებდა აღიარებებს
ხელჯოხი აყვანილებისგან ფულს წურავდა დაუნდობლად
 
და მათი შეშლილი ყვირილი
შიშის ზარს სცემდა ყველა საკანს
და მათი სასოწარკვეთილი მუდარა
უნუგეშო კედლებს აწყდებოდა
და
ისინი აღიარებდნენ
ყველაფერს
ისინი ხელს აწერდნენ
ყველაფერს
ისინი
მიდიოდნენ
მოსანანიებლად
 
იქ სადაც სიკვდილი ცეკვავდა
 
ადამიანის უფლებებო
სად იყავით მაშინ
როცა ეს ხალხი აი ასე
გვექცეოდა
 
ო კამერუნო
ქვეყანავ ჩვენი წინაპრების
ძვირფასო ქვეყანავ
 
მე შენ უკვე
ვეღარ
გი
ცანი
 
 
 
 
 
 
 
 
მათ მიმატოვეს
 
 
მათ მიმატოვეს
ყველამ
მიმატოვა
 
მამაჩემი აქ რომ ყოფილიყო
დედაჩემი აქ რომ ყოფილიყო
თქვენ აქ რომ ყოფილიყავით
ჩემო საყვარელო მშობლებო
მე
 თვალს
 მოგკრავდით
 
მაგრამ
ისინი
აი ისინი
არ არიან მამაჩემი
 
მაგრამ
ისინი
აი ისინი
არ არიან დედაჩემი
 
ო დღეს მომკვდარო საყვარელო ჩემო მშობლებო
თქვენ კიდევ უფრო გაძლიერდით
მას მერე რაც მათ
დამამწყვდიეს
სატუსაღოში
ქვეყნის
კიდეზე
 
მათ მიმატოვეს
ყველა
მათგანმა მიმატოვა
 
მამაჩემი აქ რომ ყოფილიყო
დედაჩემი აქ რომ ყოფილიყო
თქვენ აქ რომ ყოფილიყავით
ჩემო საყვარელო მშობლებო
მე
  თვალს
მოგკრავდით
 
ჰა! ჩვენ ხომ ეს ყოველთვის ვიცოდით
შენი პოლიტიზებული ცხოვრება
ჰა! ჩვენ ხომ ეს ყოველთვის ვიცოდით
ეს დღეს ან ხვალ უნდა მომხდარიყო
დღეს ან ხვალ
ან სხვა დროს
 
მაგრამ
ისინი
აი ისინი
არ არიან მამაჩემი
 
მაგრამ
ისინი
აი ისინი
არ არიან დედაჩემი
 
არ მოსულან ისინი ჩემთან 
 
 
 
 
 
 
მაინც როდემდე
 
 
კეთილო ღმერთო
შენ ვინც მეუფებ ამ სამყაროს
შენ ვინც მეუფებ ცას და მიწას
შენ ვინც სიცოცხლის მეუფე ხარ 
შენ ვინც სიკვდილის მეუფე ხარ
მე კვლავ შემეძლო დამეხურა შენი უსასრულო სიბრძნის წიგნებიდან ნებისმიერი
მაგრამ შენი ჯადოსნური სიტყვით შებურული და აღსავსე დავიწყებდი ჩამოთვლას
თორა
ყურანი
ბიბლია
და ვუქადაგებდი
ამ ხალხს
კანონებს
ო არსნო ხეთა კენწეროების სადაც ქარი
შიშს ავრცელებს და ყველაფერი მერე ისეთი პატარა ჩანს ქვემოთ
თქვენს ფეხებთან
ქოხები ცხოველები და თუნდაც
ადამიანები
ო თქვენ არსნო გიგანტური მანგროვებისა
ო თქვენ არსნო უმაღლესი პალმებისა
ო თქვენ არსნო მწვერვალებისა საიდანაც არასოდეს
ეშვებით ქვემოთ
კეთილო ღმერთო
მე ვაუწყებდი მათ
კანონებს
დიახ
კანონებს
რომლებიც თქვენი სულებიდან სამარადისოდ
ყოვლის განმასხოვოსნებელ ღვთაებებიდან
გადმოდინდება
ო სხვათა ბედის განმკარგავი კანონები
კანონი ლიანგისთვის
კანონი ხალხისთვის, მასებისთვის
კანონი ბრბოსთვის
კანონი სხვისთვის და არა საკუთარი თავისთვის
 
თქვენ უნდა გაეხვიოთ
ადამიანთა სულებში
 
აქ-რაღაა-სალაპარაკო
როცა-კაცი-ჩაყუდებულია-ჩაყუდებულია-და-მეტიც-არაფერი
ჰო-კიდევ-რაღა-იჯდეს-და-ხეხოს
აქ-რაღაა-სალაპარაკო
სასტიკად-უნდა-დაისაჯოს-კარგად-უნდა-დაისაჯოს
უნდა-უნდა-უნდა-უნდა-უნდა-უნდა-უნდა-დაისაჯოს
ასე შეეძლოთ ეპასუხათ
 
მე კი ახლა აქ აღმოგაჩენთ აქ ჩემს გვერდით აღმოგაჩენთ
ჩემი ციხის სამყაროში თქვენ ხართ ქურდები ქურდებს შორის
ყაჩაღები ყაჩაღებს შორის ბოროტმოქმედნი
ბოროტმოქმედთა შორის გარეწარნი გარეწართა შორის
გზააბნეულნი გზააბნეულთა შორის რომლებსაც ისე ეჯახებიან
ეზოში რომ ბოდიშსაც არ მოუხდიან და არ ეტყვიან
“უკაცრავად თქვენო აღმატებულებავ”
დავიწყებულნი დავიწყებულთა შორის მათ არასდროს არავინ აკითხავს
ვინ იცის ვინ რას გადაეყრება რა უარეს უბედურებას
არაადამიანები არაადამიანებს შორის გადაგდებულნი
გადაგდებულთა შორის ხერხემალში გატეხილნი
ხერხემალში გატეხილთა შორის
 
მე კვლავ შემეძლო დამეხურა შენი უსასრულო სიბრძნის წიგნებიდან ნებისმიერი
მაგრამ შენი ჯადოსნური სიტყვით შებურული და აღსავსე დავიწყებდი ჩამოთვლას
თორა
ყურანი
ბიბლია
და ვუქადაგებდი
ამ ხალხს
სხვებიც ხომ
ადამიანები
არიან
 
აქ-რაღაა-სალაპარაკო
სასტიკად-უნდა-დაისაჯოს-კარგად-უნდა-დაისაჯოს
უნდა-უნდა-უნდა-უნდა-უნდა-უნდა-უნდა-დაისაჯოს
 
და აქ ჩემს გვერდით აღმოგაჩენთ
დასჯილებო
მთე
  ლი
სი
 სას
    ტი
კით
 
აქ-რაღაა-სალაპარაკო
სასტიკად-უნდა-დაისაჯოს-კარგად-უნდა-დაისაჯოს
უნდა-უნდა-უნდა-უნდა-უნდა-უნდა-უნდა-დაისაჯოს
 
მე კი ჩემს გვერდით აღმოგაჩენთ
არსნო ხეთა კენწეროების
არსნო გიგანტურ მანგროვების
არსნო უმაღლესი პალმების
საიდანაც არასდროს ჩამოსულხართ
 
და ვისმენ თქვენი ხორხის პროტესტს
და ვისმენ თქვენი ხახიდან ამოსულ პროტესტს
და ვისმენ თქვენი ხმების პროტესტს
 
ეს-როგორ-უნდა-მოითმინო-როცა-ადამიანურ-არსებას-
როგორც-ნადირს-ისე-ექცევიან
 
მაინც როდემდე
 
 
 
 
 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული