• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

მოკვდები საქართველოში

×
ავტორის გვერდი ივა ფეზუაშვილი 07 მარტი, 2018 2558

სიკვდილი ფაქტი არ არის. სიკვდილი პროცესია, ხანგრძლივი და ალბათ დამღლელი. ჩემი დიდი ბებია ორი თვის განმავლობაში ცდილობდა მომკვდარიყო.  ჩემი დიდი ბებია ფოლკლორისტი იყო, მაგრამ ლექსების და სიმღერების ნაცვლად სიზმრის ახსნებს აგროვებდა. მწვანეყდიან რვეულში მხოლოდ სიზმრის ის ახსნები გადაჰქონდა, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხეში ერთნაირი იყო.

 

სიკვდილის წინა დღეს კი მე და ბატები დავესიზმრეთ. ბატები მისდევდნენ და ფეხზე კბენდნენ, მე კი ვიცინოდი. ჩემმა დიდმა ბებიამ ბებიაჩემს სიზმარი მოუყვა და სთხოვა რვეულში ენახა ახსნა. ბებიაჩემმა რვეულში ნახა, რომ ბატის კბენა სიკვდილის სიახლოვეს ნიშნავს, სიცილი კი სიკვდილის მთესველს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემს დიდი ბებიას არ უთხრა. რაღაც მოატყუა და დაამშვიდა, მაგრამ როგორც ჩანს ჩემს დიდ ბებიას კარგად ახსოვდა რომ ბატები სიკვდილს ნიშნავს, სიკვდილის ხმაც ბატების ყიყინივით ჩაგესმის ყურში მომაკვდავსო. მერე მე შემომხედა, მოდი ჩემთანო მითხრა და გამხმარი თითები ლოყაზე მომისვა, მერე ხელის გულზე მაკოცა. უცებ სახე შეეცვალა. ფუი, ეშმაკსო, დაიძახა, რა გჭირს ბებიკო, ხელის გულზე სიკვდილის სუნი აგდისო მითხრა, გაშეშდა, სახე გაუშავდა და ყელიდან ხროტინის ხმა ამოუშვა. წამით მის თვალებში სიცოცხლე მოკვდა. შემდეგ ამოიქშინა, გამომეტყველება ადამიანური გაუხდა და საუბარი გააგრძელა.  ბებიკო სიკვდილია შენი ჩრდილი და წადი ხელები დაიბანე თორემ ყარხარ მის სუნადო. შეშინებულმა უკან-უკან დახევა დავიწყე. ჩემს დიდ ბებიას კი სახე ისევ გაუქვავდა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა გარდაიცვალა და დაისვენა.

 

მე ჩემს სიახლოვეს სიკვდილის სუნს ვერ ვგრძნობ ერთი ისაა რომ მაინცდამაინც სიცოცხლით სავსეც არ ვარ. ხანდახან დეპრესიაშიც ვვარდები, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი არჩევანია და არა რაღაც ბედისწერა.  ფაქტებით ვცხოვრობ და ფაქტების მჯერა. ფაქტი კი ის არის, რომ ძალიან ბევრი რამე რაც ფაქტი გვგონია, სულაც არ არის ფაქტი. ფაქტია, ფაქტი ფაქტი არ არის და სიკვდილის შემდეგ ადამიანი კიდევ ერთ წამს ცოცხლობს. ეს წამი კი მთელ დანარჩენ გავლილ ცხოვრებაზე უფრო მნიშვნელოვანია. ამ წამში უნდა გაიაზრო… რა უნდა გაიაზრო ეგ არ ვიცი, რომ გაიგო უნდა მოკვდე… მკვდარი კი ვეღარ იტყვი...

 

1.

 

იოგას ვარჯიშები დავიწყე, დელფინის პოზაში ვიდექი, როცა ჟურნალის რედაქტორმა დამირეკა - კიდევ ერთი ქალი მოკლეს, მკვლელი ყოფილი ქმარია, თვითონ თავის მოკვლა სცადა, ეხლა ოპერაციას უკეთებენ დროზე მიდი  საავადმყოფოში ამ თემაზე მინდა დაწეროო. მე ბლოგერი ვარ და არა ჟურნალისტი და თან მკვლელობებზე არ ვწერ-მეთქი. ამ ბოლო დროს საერთოდ არ წერ და ხელფასი თუგინდა ტრაკი აწიეო, მეტჯერ ნუღარ გამამეორებინებ, სანამ მანქანა გამოგივლის იქამდე მეილი შეამოწმე რაღაცეები ჩაგიგდეო…

 

შევამოწმე.

 

8 მარტი თბილისი -  ყოფილმა მეუღლემ 36 წლის ქალის დანის რამდენიმე ჭრილობის მიყენებით მოკლა.

 

14 მარტი თბილისი -ეჭვიანობის ნიადაგზე, გულმკერდში მრავლობითი ჭრილობის მიყენებით ოცდახუთი წლის ქალი მოკლეს.

 

15 მარტი ქუთაისი - ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქმარმა ცოლი დანის რამდენიმე დარტყმით მოკლა.

 

19 მარტი მარნეული -  მამაკაცმა მეზობელი გოგონა მოკლა და ცხედარი გადამალა.

 

19 მარტი კახეთი - 17 წლის გოგონამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ ოჯახი მას მისთვის არასასურველ მამაკაცზე დანიშვნას აიძულებდა.

 

20 მარტი  სოფელი თამარისი -17 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილია მისი 51 წლის მეზობელი მამაკაცია.

 

16 აპრილი საჩხერე -  19 წლის გოგონამ  მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ თავი მოიკლა. სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

 

23 აპრილი ორხევი -72 წლის ქალი მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების დროს დანით მოკლა.

 

23 აპრილი თერჯოლა - ახალგაზრდა მამაკაცმა დედა ბლაგვი საგნით მოკლა

 

28 აპრილი -  მამაკაცმა გერი გოგონა  მოკლა.

 

15 მაისი  - 27 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 24 გასროლით მოკლა, მისი ძმა კი დაჭრა.

 

22 მაისი სოფელი ოჩხამური- 8 შვილის დედა, რომელიც მეცხრე შვილზე იყო ფეხმძიმედ ქმარმა დილის 6:00 საათზე მოკლა და თავი ჩამოიხრჩო.

 

22 მაისი ადიგენი -  მამაკაცმა ნასესხი ფულის გადაუხდელობის გამო, 1960 წელს დაბადებული ქალი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

 

17 სექტემბერი თბილისი -ლექტორი ქალი ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გამოიყვანა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და თავი მოიკლა.

 

18 სექტემბერი გურჯაანი -  ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა.

 

19 სექტემბერი თბილისი -ქალაქის ცენტრში ქმარმა ყოფილ ცოლს თერთმეტი  ტყვია ესროლა, მჭიდში დარჩენილი ბოლო ტყვია კი ტვინში დაიხალა.

 

მე სიკვდილზე არ ვწერ, არც ვფიქრობ, არ მინდა და არც შემიძლია. უბრალოდ ბლოგერი ვარ და რაც კონკრეტულ მომენტში მაწუხებს იმაზე ვწერ: ბუნების დაცვაზე,იმ ხისთავიანებზე ვისაც პანდუსი ბოლივუდის მსახიობის გვარი ჰგონია, მთავრობის უტრაკობაზე და ოპოზიციის ყაყანზე... სპორტზეც შემიძლია წერა, თუ გაჭირდა ოსკარებზეც დავწერ მაგრამ მკვლელობებზე როგორ უნდა ვწერო არ ვიცი… თექვსმეტი ქალი შვიდი თვის განმავლობაში და ეს კიდევ არასრული სტატისტიკაა.

 

მძღოლმა დამირეკა შენს კორპუსთან ვდგავარო.

 

მოხერხება ხომ უნდა დაზარელებული და მკვლელი ერთ საავადმყოფოში რომ მიიყვანო? მოახერხეს! ქალიც და კაციც აპარატზე ყავთ შეერთებული, ექიმები ამობენ ქალი ვერ გადარჩებაო, კაცის მდგომარეობა კი კრიტიკულზე უარესიაო. საავადმყოფოს ფოიეში დაზარელებულის და მკვლელის ოჯახის წევრები ირევიან, გარდაცვლილის დედამ მკვლელის დედა თმით დაითრია და კედელს მიანარცხა. ქაოსია. მკვლელის მეგობარმა, გარდაცვლილის დედას ხელი კრა, ქალი იატაკზე დაეცა, ამაზე გარდაცვლილის ნათესავები გადაირივნენ და ჩხუბი ატეხეს, პოლიციელები მათ გაშველებას ცდილობენ. ერთი ტრაგედიის გაგრძელება, მეორე ტრაგედიის დასაწყისია. ვცდილობ ჩხუბის ადგილს მივუახლოვდე რომ ფოტოები გადავიღო, მაგრამ ოპერატორები და ჟურნალისტები არ მიშვებენ, მათ ჩემზე მეტი გამოცდილება აქვთ აყალმაყალში გზის გაკვლევის. ვიღაცის იდაყვი მომხვდა სახეში და ცხვირიდან სისხლი წამომივიდა, შემოვტრიალდი და პოლიციელი დავინახე. პოლიციელმა ხელი მომკიდა და არეულობიდან გამომიყვანა, სკამზე დამსვა და ერთ-ერთ ექთანს დაუძახა ამას მიხედეთო, თვითონ კი ისევ ჩხუბის გასაშველებლად წავიდა. ამასობაში ფოიეში ექიმი გამოვიდა, ქალი გარდაიცვალაო… ჩხუბი შეწყდა გარდაცვლილის დედამ ერთი ამოიხავლა, ამ ხავილში ამოთქვა ყველაფერი რასაც გრძნობდა და შემდეგ კი ხმა დაკარგა, უხმოდ ხაოდა, შვილი მოუკლეს, რაღა უნდა ეთქვა. შვილმკვდარი დედის სახე  ჩემს კანს, კანს ქვემოთ კუნთებს, სისხლს და ძველბს მიკაწრავდა …

 

პოლიციელებმა მკვლელის ოჯახის წევრები ფოიეს გაარიდეს. ცხვირგატეხილი ვზივარ და ვერ ვხვდები, ვერ ვხვდები ვერაფერს, ამ ბოლო პერიოდში რატომ კლავენ კაცები ქალებს ესეთი სიხშირით?

 

ჟურნალისტები ექიმს მიცვივდნენ. მეც იქით გავემართე, ექიმმა ორი სამი მშრალი წინადადება გვითხრა, ამიტომ და ამიტომ გარდაიცვალა, გადარჩენის იმედი არც გვქონდა, მაგრამ ჩვენ ჩვენი მაინც ვცადეთო. მე პოლიციელთან მივედი და ვკითხე ორივე მკვლელიც და დაზარალებულიც ერთ საავადმყოფოში რატომ მოიყვანეთ- მეთქი. სასწრაფოს მძღოლებმა აურიეს რაღაც და მკვლელი აქედან რომ წაეყვანათ შეიძლება მომკვდარიყოო. ნოუთბუქი გავშალე და საიტზე დადებული სტატიის რედაქტირებას შევუდექი, გარდა იმისა რომ ამ ყველაფერზე ერთი დიდი ბლოგპოსტი უნდა დავწერო, ახალი ამბების კეთებაც მე დამევალა.

 

რედაქტორმა კიდევ ერთხელ დამირეკა, რას აკეთებო. ველოდები ოპერაციის დასასრულს-მეთქი. ვისი ოპერაციის ვისაც კლავდნენ თუ ვინც მოკლაო? მაგას ტელეფონითაც გაიგებ ეხლა კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წადი, მძღოლი რამდენიმე წუთში გამოგივლისო. მანდ რაღა მინდა მეთქი, “ახალგაზრდული ფრთები” მინისტრის გადაყენებას მოითხოვენო, “ახალგაზრდულ ფრთებს” საერთოდ რაღა უნდათ მეთქი? აბა მე რა ვიცი წადი და ნახეო…

 

ისევ გადადექი და ისევ აქციები. ამ “ახალგაზრდული ფრთების” ლიდერი ჩავწერე, მინისტრის ბრალია ეს ყველაფერი, ამ ქალს პოლიციაში ჰქონდა განცხადებული, რომ ემუქრებოდნენ და პოლიციამ კი არაფერი არ ქნა მის დასაცავად ეს კიდევ პირდაპირ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხია, იმ ქალის სისხლი მის ხელებზეაო. აქციონერები ას კაცამდე იყვნენ, ესე ცოტა რატომ ხართ-მეთქი, ცოტანი ვართ მაგრამ ბევრი მომხრე გვაყვს უბრალოდ მოსვლა ვერ მოახერხესო, თუ იმ ქალბატონის მკვლელობას მინისტრს აბრალებთ, მაშინ ის ხალხი ვინც თქვენნაირად ფიქრობს და აქციაზე არ გამოდის მკვლელზე ხელის დამფარებლები გამოდიან-მეთქი, დაიბნა, რომელი ტელევიზიიდან ხარო, მერე კი დაიყვირა ეს კაცი პროვოკატორიაო…

 

საავადმყოფოს  პრესამსახურში გადავრეკე, ოპერაცია დასრულდა, მაგრამ პაციენტი ვერ გადავარჩინეთო. საავადმყოფოსკენ დავიძარით. ქალს ხელი როგორ უნდა დაარტყა ეგ არ მესმის და მითუმეტეს როგორ უნდა მოკლაო. მძღოლმა რომელიც მთელი დღე მატარებდა პირველად ამოიღო ხმა. თუ თავის მოკვლას აპირებდა ამდგარიყო და დაეხალა პირდაპირ შუბლში ტყვია იმ ქალს რაღას ერჩოდა, ეგ უფრო ლოგიკური არ იქნებოდაო? არ ვამართლებ, მაგრამ მგონი ამ მკვლელობით ის ყველაფერი გადაფარა რისი თქმაც უნდოდა და ვერ ამბობდა-მეთქი, მკვლელობა მხოლოდ ფაქტი არ არის, მნიშვნელოვანი ის რაღაცაა რამაც გადაგაწყვეტინა მოკლა და მოკვდე, როდესაც კლავ შენც კვდები, ყოველშემთხვევაში შენში რაღაც მაინც კვდება და იქნებ ამ მკვლელობით იმ ქალზე და თავის თავზე უფრო მეტი და დიდი რაღაც მოკლა მეთქი. მაგალითად რაო? არ ვიცი იქნებ ის რომ მკვლელობა გამოსავალი არ არის მეთქი...  ვერ დაგეთანხმები შვილო, ეგ ფილოსოფიაა და ფაქტი კიდევ ის არის რომ აგერ ა, მერამდენე ქალს კლავენო…  არც მე ვეთანხმებოდი საკუთარ თავს, უბრალოდ არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ უკვე მეთექვსმეტე შემთხვევაა, როცა გამოსავლად მკვლელობა მიიჩნიეს.

 

გზაში ვათვალიერებდი რას წერდნენ ამ თემაზე სხვა სააგენტოები.

 

ქალთა ჟურნალებში განთავებულ რეკლამების 50 პროცენტზე მეტში ქალი საგნადაა გამოყენებულია.

 

 “ქმრები კლავენ ცოლებს, მაგრამ მეტი არსად კრიმინალის ზრდა არ დაფიქსირებულა”

 

რეკლამების უმრავლესობაში სადაც ქალი მონაწილეობს, ის გამოყვანილია როგორც ძლიერი და აგრესიული კაცის მორჩილი.

 

 “ყველა მკვლელობას, განსაკუთრებით ასეთ ოჯახურ ტრაგედიებს აქვს მიზეზობრივი კავშირი. ეს არის დასადგენი… არც ერთი მკვლელობა არ ხდება უმიზეზოდ განსაკუთრებით როცა ოჯახური ძალადობაა”

 

2007-2011 წლებში ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი დაფიქსირდა, რომელშიც მონაწილეობდა 1997 პირი. მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები - 887, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 89-ს.  შესაბამისად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უფრო მეტად ქალები (904 ქალი) ხდებიან, ვიდრე მამაკაცები (117 კაცი).

 

"ახლა მიღებულია ასეთი ტერმინი, რომ ცოლი და ქმარი თანასწორუფლებიანია. საღმრთო წერილი ამბობს, რომ ოჯახში მთავარი არის ქმარი. ოჯახი ესაა ერთი სხეული და არ შეიძლება ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია. ბედნიერია ის ოჯახი, სადაც დედა და ცოლი სწირავს თავს ოჯახს”

 

 

2.

 

საღამოს სახლში მისულმა მთელი დღის განმავლობაში ჩაწერილი მასალის გაშივფრა და გაანალიზება გადავწყვიტე. გარდაცვლილის და მკვლელის დედებს ვესაუბრე, გარდაცვლილის თანამშრომელთანაც ჩავწერე პატარა ინტერვიუ, ის პოლიციელებიც ვიპოვნე რომლებიც გარდაცვლილს ჰყავდა გამოძახებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ჰო და კიდევ მკვლელის ორი მეგობარი და მისი მამაო ჩავწერე. ჭორები გავრცელდა თითქოს ამ ორი მეგობრიდან ერთ-ერთს უშოვნია მკვლელობის იარაღი.

 

ძალიან ძნელია შვილ მკვდარ დედასთან ინტერვიუს ჩაწერა, ყველა ჟურნალისტი მეცოდება ვისაც ამის გაკეთბა მოუწია ან მოუწევს, საერთოდ ყველა ჟურნალისტი მეცოდება თავისი აზრის დაფიქსირება და პირდაპირ ეთერში ხმამაღლა შეგინება რომ არ შეუძლია და მხოლოდ იმ ფაქტებს აჟღერებს, რომლებიც არცთუ ისე მყარია და რომელიც თვალსადა ხელს შუა ჰიპოთეზებად შეიძლება გადაიქცეს. რთულია ჟურნალისტობა -  ამოყვირების საშუალება არ გაქვს, ყველაფერი უნდა აიტანო და არ უნდა თქვა რაც გადაიტანე,  რასაც განიცდი ყველას - მაყურებელს, მკიხველს, მსმენელს და ყველა რედაქტორს ფეხებზე კიდია. მხოლოდ ფაქტები აინტერესებთ, ფაქტები რომლებიც არც თუ ისე დამაჯერებელია და რომლებიც შეიძლება სულაც არ იყოს ფაქტები.

 

რთულია ჟურნალისტიკა, აისბერგის წვერის გაშუქება გევალება მხოლოდ და ჩვენც ერთანეთს ვეჯიბრებით ვინ უფრო “ზუსტად” ავღწერთ მას. და ეს მაშინ როცა რეალურად იმხელა აისბერგი ჩვენ გვეჯახება შუაზე გვხლეჩს და ჩვენ კი ზედაპირზე ვტივტივებთ, ვტივტივებთ და გვსიამოვნებას. ეგ არის მედია - ნებისმიერი თემით პროვოკაცია, ტელევიზორს, კომპიუტერს, ჟურნალს მიბმული ბორკილი, რომელსაც საკუთარი ნებით იდებ ხელზე, იგებ იმდენს რამდენსაც გთავაზობენ და იგებ ისე როგორც გთავაზობენ, არანაირი ანალიზი, მხოლოდ ფაქტები. ანალიზისთვის ტვინის განძრევაა საჭირო, ტვინის განძრევა კი მედიის მოვალეობა არ არის. მგონი აღარც არავის მოვალეობა აღარ არის…  კინო თანამედროვეობას ვერ დაეწია, ოთხმოცდაათიანი წლების ნანგრევებს ქვეშ დარჩა, თეატრში დიდი კოვზით ისევ დარისპანის გასაჭირს გვაჭმევენ, დარისპანის და მისი გასაჭირის გარეშე, მუსიკა ხმაურია, მხატვრობა კი მხოლოდ კედლებზე და ნანგრევებზეა მართალი…

 

მთელი მასალის შეჯამების შემდეგ გამოვიდა რომ ამ მკვლელობის შესახებ ათამდე ადამიანმა იცოდა და მათგან მკვლელობის შეჩერება ვერავინ მოახერხა.

 

გარდაცვლილის დედამ- მაგათ ოჯახურ საქმეში ვერ ჩავერევოდიო, მე ჩემი ვუთხარი არ გაყვე მაგ კაცს ცოლად მეთქიო.

 

მკვლელის ძაკაცებმა- ჩვენ რომ ეგ გვითხრა არ დავუჯერეთ, გვეგონა გაბრაზებულზე ამბობდა ეგრე და დასაწყნარებლად რესტორანში წავიყვანეთ, მერე ქალებში გავიარეთ ოღონდ ეგ სტატიაში არ ჩაწეროო.

 

მკვლელის დედამ- ჩემმა შვილმა კი არ მოკლა ეგ ბოზი, მაგან მომიკლა ჩემი შვილიო.

 

პოლიციელებმა- ჩვენ რაც შეგვეძლო ვქენით კანონი მეტის საშუალებას არ გვაძლევსო.

 

გარდაცვლილის თანამშრომელმა- კი მაკითხებდა რაღაც მესიჯებს მაგრამ ბოლომდე არ მჯეროდა და როდემდე უნდა გვხოცონ მაგ არაკაცებმა, მეც ქმარს გაშორებული ვარ და დღეს დედაჩემთან ვრჩებიო.

 

მამაომ-  აღსარების საიდუმლოს ვერ გავთქვამდიო…

 

 

 

 

 

 

სიკვდილი ფაქტი არ არის, სიკვდილი პროცესიაა, ამ შემთვევაში ამ სიკვდილის პროცესიაში ათამდე ადამიანი იყო ჩართული, ათამდე ადამიანი რომლებმაც მარკესის გმირებივით იცოდნენ გამოცხადებული სიკვდილის შესახებ. სხვა თხუთმეტ შემთხვევაში სიკვდილის პროცესიას კიდევ ათეულობით ადამიანი მიუყვება. სიკვდილი პროცესიაა რომელსაც სათავეში პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები, სასლიერო პირები, ხალხი რომელიც ტრაგედიისგან რაღაცის გამორჩენას ელის.

 

სიკვდილი ფაქტი არ არის. სიკვდილი ფერხულია, სადაც ყველანი ერთად ვართ ჩაბმულები და არ აქვს მნიშვნელობა ქალს კლავენ თუ კაცს, ცოლს თუ დედას, მამას თუ შვილს, სიკვდილი ყოველთვის წინასწარაა დაანონსებული და ყველამ იცის რომ პროცესი სახელად სიკვდილი დაძრულია. ფაქტის შემდეგ კი ყველანი ერთად მივუყვებით პროცესიას და სანამ ჩასადენი მკვლელობის შესახებ ათეულობით ადამიანმა იცის და სანამ მის შესაჩერებლად არც ერთი მათგანი არაფერს აკეთებს იქამდე იქნება სიკვდილი პროცესი. ჩემი დიდი ბებიის სიზმარში მე ვიყავი სიკვდილის მთესველი და  რეალური მე კი მისთვის სიკვდილის სუნად ყარდა და როგორც მე, ჩემი დიდი ბებიის სიზმარში ისევე ყველა მკვლელს რეალობაში, სიკვდილის სუნი ასდის და სიკვდილია გარდაცვლილის ჩრდილი და სანამ სუნს ვერ ვგრძნობთ და ჩრდილს ვერ ვხედავთ იქამდე წამოვკრავთ ფეხს სიკვდილს როგორც ფაქტს და სანამ სიკვდილი მხოლოდ ფაქტია და არა პროცესი იქამდე მოკვდები საქართველოში...

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული