• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ნიკუშას ყვერები

×
ნახატი: ლია უკლება
ავტორის გვერდი ლაშა მილორავა 06 მარტი, 2018 3069

ნიკუშა 22 წლისაა და თითქმის ყოველ დილით პირში მკვდარი კატის გემოთი იღვიძებს, რადგან წინა ღამით ბიჭებთან ერთად ოთხ ლარიანი არაყი დალია, ზემოდან კი შებოლილი ყველი დააყოლა. გაღვიძებისას ნიკუშა პირველ რიგში ფიქრობს იმაზე, თუ რა ადრე გაიღვიძა და კიდევ ერთი საათი თვალებდაჭყეტილი წევს ლოგინში, ჭერს უყურებს და ახლა უკვე ფიქრობს იმაზე, თუ რას არ გააკეთებს დღეს. მაგალითად: დღეს ნიკუშა არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს ვაკანსიების ძებნას თუნდაც ინტერნეტში და ამას არც ხვალ გააკეთებს, ისევე როგორც ზეგ და მასზეგ, რადგან სამსახური ისეთი პონტია, ან თავისით მოვა, ან ვაბშე არაფერი.

ნიკუშა 16 წლის იყო მამა რომ დაიჭირეს. მამას ემზარი ერქვა და ისიც, ნიკუშას მსგავსად გაღვიძებისას ფიქრობდა თუ რა ადრე გაიღვიძა, კიდევ ერთი საათი ჭერს უყურებდა და მუშაობის დაწყებაც დიდად არ ეთაკილებოდა. ფულს უკვე მერამდენე წელია ლელა, ნიკუშას დედა, ემზარის ცოლი აგზავნიდა საბერძნეთიდან, სადაც ის, ნაწლავური დისბაქტერიოზით დაავადებული, მუდამჟამ მძღნერში მოტივტივე მოხუცების ტრაკის ჩოთქის ფუნქციას ითავსებდა და ამის გამო მუდამ წუწუნებდა. ხოდა, ერთხელ, როცა ლელას ხელფასი იგვიანებდა, ნიკუშასა და ემზარის აქაური, თბილისური სახლის მაცივარში კი სრული სიცარიელე სუფევდა, ოჯახის უფროსმა გადაწყვიტა რაიმე მოემოქმედა და ორი უბნის იქით მარკეტში სახეზე კოლგოტჩამოფარებული, ცალ ხელში ბავშვობის ძმაკაცის, ნუკრის, იგივე ,,ბებუთას’’ მიერ ნათხოვნი რევოლვერით შევარდა, რომელშიც ტყვიები არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე იცოდა ემზარიმ, თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა - შეცდა და შეიარაღებული ძარცვის ბრალდებას 25 წლის ორსული გოგოს მკვლელობაც დაემატა. ემზარი დაიჭირეს. ნიკუშა სახლში მარტო დარჩა. ხან დედა უგზავნიდა ფულს, ხან ბებია სოფლიდან - ნობათს, ხან მეზობლები წააშველებდნენ ცხელ სუპსა და თხუთმეტიოდე პილმენს.

ნიკუშა რომ თავიდანვე ქუჩაში იზრდებოდა და ყველა მის გარშემო მყოფს ფეხებზე ეკიდა ბავშვის მომავალი, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა თვრამეტი წლის მთვრალმა ნიკუშამ ვიღაც უბრალო გამვლელი ცემით ლამის სიკვდილამდე მიიყვანა. არ უჩივლეს. ნიკუშას ყველაფერი შერჩა და მას მერე შეგნებული აქვს, რომ ყოველთვის ყველაფერი შერჩება.

ნიკუშას შეყვარებული არ ყავს. მხოლოდ ბოზებში დადის დრო-გამოშვებით, როცა დედის მიერ გამოგზავნილი ფული სტანდარტულ რაოდენობას აჭარბებს. ნიკუშას ეზიზღება ყველა, ვინც ,,ადამიანს არ ჰგავს’’ და ,,ადამიანად არ აღიქმება’’ - ფერადკანიანები, იეღოველები და სატანისტი-პიდარასტები. ეს ბოლო კატეგორია განსაკუთრებით - დიდი სიამოვნებით დაერეოდა ერთ დღეს და სულ დედის მუტელს მოუტყნავდა ყველას, ვინც ქვეყნის სახელისა და ისტორიის წაბილწვას ბედავს, ღვთისმშობლის კალთის ქვეშ მოქცეულ ქვეყანას ტრაკში ტყნაურით რყვნის. საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ნიკუშამ გადასარევად იცის, - დიდგორის ბრძოლა, თამარ მეფე, ერეკლე მეორე და ილია ჭავჭავაძე. მართალია ბაგრატ მესამის, ან ავგიორგის შესახებ არაფერი გაუგია, მაგრამ რეალურად ეს ინფორმაცია არც არაფერში წაადგებოდა, ვინაიდან ბიჭებთან ქეიფისას ქვეყნის ისტორიის პედანტურ მიმოხილვას არავინ დაიწყებს.

ნიკუშა მართლმორწმუნე ქრისტიანია, თუმცა ეკლესიაში მრავალი წელია არ ყოფილა. მიუხედავად ამისა ნიკუშას ძალიან უყვარს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ილია II, რომლის სადღეგრძელოსაც არა მარტო ფეხზე დამდგარი, არამედ მკერდ მოღეღილი, ჯვარამოგდებული სვამს და ყოველ ჯერზე ხაზს უსვამს, თუ რამდენი კარგი რამ გაუკეთებია ამ მართლაც რომ წმინდა ადამიანს საქართველოსთვის და რომ მის გარეშე ეს ქვეყანა კარგა ხნის გადაჯიშებული იქნებოდა.

ნიკუშა ძირითადად არ ფიქრობს, უბრალოდ იცის რომ ,,ეს ასეა’’ და ცნობისმოყვარეობის ჭია შიგნიდან არ ღრღნის, გაიგოს მართლაც ,,ასეა ეს, თუ - არა’’. ცნობისმოყვარეობის არა, მაგრამ სხვა ჭიები კი აწვალებენ ნიკუშას - ძირითადად კუჭის მიდამოში, რის გამოც ის ძალიან ბევრს ჭამს (და კიდევ უფრო მეტს შეჭამდა, მატერიალური მდგომარეობა ხელს რომ უწყობდეს), თუმცა არ სუქდება. მხოლოდ ღიპი ადევს და ისიც არა იმდენად ჭამისგან, რამდენადაც - ალკოჰოლისგან. მაგრამ ნიკუშას სადარდებელი არაფერი აქვს, - კაცური ცხოვრებით ცხოვრობს, ქვეყნის ინტერესებს სუფრებზე აღელვებული, ხმააკანკალებული იცავს და ძმაკაცების დების შეყვარებულების ჩამუტელებაზეც არასდროს დაუზადნავს.

მოკლედ, ნიკუშა ყვერებიანი ბიჭია და სამოთხეს უმიზნებს.

ნიკუშამ დღესაც პირში მკვდარი კატის გემოთი გაიღვიძა. ერთი საათი თვალებდაჭყეტილი იწვა და ჭერს მიშტერებოდა, შემდეგ ერთი გემრიელად გაიზმორა, სამი დღის წინ ჩაცმულ ტრუსიკში ხელი ჩაიყო, ფანჩარი მოიფხანა და ტუალეტში გავიდა, სადაც აღმოაჩინა რომ კბილის პასტა ისევ არ ჰქონდა, როგორც გუშინ, გუშინწინ და იმის წინ. პირში მარტო წყალს იგუბებს და ნიჟარაში ზიზღით, მთელი გულით აფურთხებს, შემდეგ კი სარკეში ქვემოდან უყურებს საკუთარ ანარეკლს - გადაპარსულ თავს, კეხიან ცხვირს, შავ თვალებსა და ამ შავ თვალებში ჩაბუდებულ სიშავეს, რომელმაც მთელი მისი ბავშვობა და ახალგაზრდობა მოიცვა, დღემდე გამოჰყვა და მის მიტოვებას არც მომავალში აპირებს. რა თქმა უნდა, ნიკუშა ამაზე არ ფიქრობს და სიშავესაც ვერ ამჩნევს. ან, რა საჭიროა!

ტუალეტიდან გამოსული სამზარეულოში გადის და ყავას იდუღებს. შაქარი არ აქვს. არა უშავს, უშაქროდ დალევს. რა, არ დაულევია, თუ? როცა შაქარი აქვს ოთხ კოვზს იყრის, ჩაიში - ხუთსაც და ორგანიზმს ნახშირწყლებით უხვად ამარაგებს. კომპიუტერის მაგიდასთან ჯდება და კოლოფში დარჩენილი ორი ღერიდან ერთს იღებს, უკიდებს და ღრმა ნაფაზს არტყამს. Facebook-ზე Nikusha Nikushaa აწერია და ორას რვა მეგობარი ჰყავს. ინტერნეტი ჭედავს, ნიუს-ფიდი ბოლომდე არ იტვირთება. არცერთი ახალი მეგობრობის თხოვნა, მესიჯი თუ სიახლე. ნიკუშას ეს ყველაფერი ყლეზე ჰკიდია. პროფილზე თავისი ფოტო უყენია, შავი როლინგით, დახრილი თავით და კამერის ობიექტივისკენ მიმართული თვალებით, ცხვირზე პენსნესავით ჩამოწეული შავი რეიბანებითა და ხელში კრიალოსნით.

უცებ ნიკუშას ახსენდება რომ არსებობს ფეიჯი, სათაურით ,,მართლმადიდებლობის კრახი’’, სადაც ძირითადად ქრისტიანობის აქტიური ლანძღვა-გინება და წმინდანების დაცინვა მიდის. ნიკუშას არაერთხელ უგინებია დედის ტრაკი ტიპებისთვის, რომლებიც ამ ფოტოებს დებენ და მათთვის, ვინც ამ ყველაფერზე ღადაობს. ნომერიც არაერთხელ დაუტოვებია, თუმცა, ბუნებრივია არავინ შეხმიანებია... ნიკუშა ,,მართლმადიდებლობის კრახი’’-ს გვერდზე გადადის და პირველივე პოსტი, რაც თვალში ხვდება, მასში აღშფოთებას და ვიღაცის მოკვლის სურვილს იწვევს. სურათზე გამოსახულია ღვთისმშობელი მარიამი, რომელსაც შეშფოთებული სახე აქვს, ცალი ხელი პირზე აუფარებია, მეორეში კი ორსულობის ტესტი უჭირავს, რომელიც დადებით პასუხს აჩვენებს, თავს ზემოთ კი აწერია: ,,Oh, my god’’. 435 მოწონება, 56 გაზიარება და 108 კომენტარი. ნიკუშა სათითაოდ კითხულობს ყველას და თან ხმამაღლა იგინება: ,,თქვენი დედები მოვტყან, თქვე ურჯულო ყლის ხამებო. დედა უნდა მოგიტყნათ ერთხელ ყველას. აი, მე ვიყო ბოზის შვილი, თუ სათითაოდ ყველა ყლეებით არ ჩამოგკიდოთ ერთმანეთზე!!!’’. ყველაზე მეტად ნიკუშას მაინც ერთი კომენტარი აღიზიანებს, აღაშფოთებს, - ვინმე Monster Monster Rex წერს: ,,ეპოქალური ლაფსუსი - უგანდონობამ განდონი შვა’’. ნიკუშა მზადაა Monster Monster Rex შუაზე გახლიჩოს. პასუხს სწრაფად, ანერვიულებული, ლათინური ასოებით  უწერს: ,,sheni dedismuteli movtyan me shen arakaco dedam ar gagachina ra kle gachdni aseti r oar mokvdi?????? Gipovni da sul mdzgners gachmev she klis chuchko somexo pidarasto. Nomeri dawere she axvaro unda mogtkna. Axla dasareki ar makvs, 598 78 45 71 ai chemi nomeri damireke unda migmutlo she nabichvaro’’. ნიკუშამ კარგად იცის, რომ არც Monster Monster Rex და არც სხვა, არავითარ შემთხვევაში არ დაურეკავს. სიმართლე რომ ითქვას, ნიკუშას არც უნდა დაურეკონ - თავისი ვალი სამშობლოს წინაშე უკვე მოიხადა ამ არაკაცისთვის სახალხოდ თავზე დაჯმით, ახლა კი გაგრძელებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. კმაყოფილი ნიკუშა უკანასკნელ ღერს ეწევა. ყავას მოსვამს, - გაციებულა ამასობაში. ჭიქაშივე აფურთხებს და სამზარეულოში გადის, რათა ხელახლა გაიკეთოს. ჩაიდანს გაზზე დგამს და იქვე კედელს ეყუდება, პირში ასანთის ღერს იდებს და ცდილობს წარმოიდგინოს, ვითომ სიგარეტს ეწევა. ჩაიდანი თანდათან სტვენას იწყებს... ,,შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ, ეგ ტუჩები დასალევად მენანებააა...’’ ჩაიდანი უფრო ხმამაღლა უსტვენს. ,,...ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები, გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრებააა...’’ ჩაიდანი უკვე მთელ ხმაზე გაჰკივის. ნიკუშა გაზს რთავს. ,,...შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ, ეგ ტუჩები დასალევად მენანებააა...’’. ნიკა, ჩაიდნით ხელში, სმენად იქცევა. მგონი, მობილური ურეკავს. ვინ უნდა იყოს ამ დროს? ჩაიდანს იქვე დგამს და ოთახში გადის. ,,...ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები, გზას მიბნევს და ეგ სიბრმავე მენატრებააა...’’ მობილურს დახედავს -  უცხო ნომერია.

-         ალო! - ამბობს რაც შეძლება მკაცრად.

-         ნიკუშა ხარ, ძმა?

-         რომელი ხარ?

-         Monster Monster Rex ვარ და დროზე სოლოლაკში გამოენძრიე, დედა უნდა მოგიტყნა შე ყლის გაზრდილო. დანით აგჩეხავ შენ ნაბოზვარო, გიპოვი და ყელს გამოგჭრი. ყლებიჭა განდონო! კლავიატურას ამოფარებულო მძღნერის ბოჩკავ. დროზე-მეთქი, გელოდები!

-         მმმ...მ...

ნიკუშა დაბნეულია. ლამის პირი დააღოს. არაფერ მსგავსს არ მოელოდა. მობილურს გაშტერებული უყურებს და თიშავს. მგონი, დედა შეაგინეს. კი, კი, ნამდვილად. ან, იქნებ, არა. დიდის ხმა ჰქონდა. ეტყობა დიდია. ,,მამაჩემის ხელა კაცი იქნება’’, ფიქრობს ნიკუშა და წითლდება. ,,რომ მიპოვოს?’’, - ახლა უკვე მეორე აზრი აეკვიატა.

მობილურს საერთოდ რთავს, მაგიდაზე დებს და Facebook-დან გამოდის. ნიკუშას ყვერები სტკივა. ხელს ფეხებსშუა ისვამს.

აბია!

--------------------------------------------------

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული