• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ლესბია

×
ავტორის გვერდი გალინა რიმბუ 17 იანვარი, 2014 2097

თარგმანი: პაატა შამუგია

ნახატი: ანუკ ბელუგა

 

ოცნება მორჩა, ლესბია, ახლა სინანულის დროა,

დრო ბეჭდების და ტანსაცმლის მოსროლისა...

სისხლიან დღესასწაულზე ჩვენი დების პატივსაცემად

ჭურჭლის დალეწვისა.

 

ო, ლესბია, ომის დრო მოვიდა,

დრო - მავანი ჩაფსკვნილი კაცისაგან იარაღის ყიდვისა,

დრო - დანის ან სამართებლის მაკბუკში ჩამალვისა,

დრო - კბილების კრაჭუნით ფაშისტების რიგში ჩადგომისა.

 

ო, ლესბია, ჩვენი დრო უკვე მკვდარია, კუბოში წევს,

მსხვერპლის თავის ქალა გახლეჩილია

და სახეს სისხლი უფარავს, მზერა გაყინული.

გრძნობ, როგორ მიცემს გული,

როცა ხელით მკერდზე მეხები?!

ღამე ჩამოწვა.

დადგა დრო, მთვრალები ყირაზე გადავიდეთ

ტვერსკაიაზე, მშვიდობის მოედანზე,

და ერთმანეთს ჩავეხუტოთ.

 

ეს ის დროა, როცა სიყვარული და პოლიტიკა ერთი და იგივეა,

და პოლიცია და სიძულვილი რაღაც სხვაა

როცა საჯარო ლექციები ადგილს უთმობს ქუჩის ჩხუბის გაკვეთილებს

როცა გამყინავი სუნთქვა იქცევა წარმოსახვით თავისუფალ უნივერსიტეტებად

როცა ოლიმპიური დათვი მუხლებზე დადგება

გვერდზე კი ბავშვი იდგება მუხლებზე

მე ვხედავ სამართებელს შენს ხელში, ლესბია,

თმა აწეწილი გაქვს, მზერა - ავი.

შეჩერდი - ჩვენი გულები ისევ ათრთოლდება!

ჩავხედოთ მშობლებს თვალებში,

სილა ავაწნათ,

გადავჭრათ ეზო,

პოლიციის კორდონებს ცეცხლი წავუკიდოთ,

შევატოვოთ გრაფიტი და ლექსები.

 

ლესბია, წამოდექი! დადგა დრო, ვიმღეროთ მხიარული სიმღერა!

გადმოვაფურთხოთ სისხლი და სიბრძნის კბილები,

სახეზე ხელები ავიფაროთ,

ასფალტი ავყაროთ,

სანამ ჩვენი ძმები, მეგობრები და მშობლები

წრეში დგანან და გაჰკივიან: „ოპა, ოპა!“

 

მე არ ვიცი, რა წიგნები უნდა ვიკითხო,

რა სახის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩავება,

მაშინ, როცა გარშემო ყველა მკვდარია ანდაც ცოცხალი.

შერიგებული, არყოფნის წესრიგში ჩართული,

სადაც ისინი სკოლის სანაგვეს აფარებულები

თავიანთ ბინძურ ყლეს ტუჩებზე გადებენ:

„ჭკუას გასწავლით!“

ამაღამ არც მკვდრებში წერიხარ, არც ცოცხლებში,

რადგან არავის ენა არ იცი.

 

ადექი, ლესბია! კმარა, გამართე მუხლები,

ადექი, ჩემო საყვარელო, თუნდაც ეს სიკვდილს ნიშნავდეს,

და თუნდაც ეს დღესასწაული, საშინელი და ბანალური,

ან ეს მატლები შავი ხუნტის თავზე,

ან ეს მღერა და დემონსტრაციები,

ან ეს ხელჩართული ჩხუბი და ცრემლები,

სულაც უფსკრულმა შთანთქას. 

 

____________________________

 

გალინა რიმბუ რუსული ახალი ტალღის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. 1990 წელს დაბადებული პოეტი აქტიურად წერს  კულტუროლოგიურ და ლიტერატურულ ჟურნალებში კინოს, ლიტერატურისა და სექსუალობის საკითხებზე. არის არკადი დროგომოშჩენკოს პრემიის ლაურეატი. 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული