- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
შენ თავს უკვე ნახევარი საათია ელაპარაკები. ან მეტი. ან ნაკლები. როგორ გინდა გაიგო? ძალიან დიდი ხნის შემდეგ (ან მეტი, ან ნაკლები) ხვდები რომ დაწერა გინდა. ისედაც ვეღარ წერ. ან აღარ. ან იმაზე ნაკლებს წერ, რამდენსაც აქამდე წერდი. იმაზე მეტს ნაღდად არა. პარალელურად The Wire-ის მეორე სეზონის მეცხრე სერიას უყურებ. უფრო სწორად, ვორდის ფაილში წერისას პარალელურად მაკნალტის ხმა ჩაგესმის.
დღეს მთელი დღე ისედაც ბოლო სიზმარზე ფიქრობდი.
ამ ტექსტს შამუგია რო ნახავს, ჩათში მომწერს თუ რა ყლეობაა და ბოლოს მაინც დადებს. ან ამას წაიკითხავს და ჯინაზე არ დადებს. ან ამას და დადებს. მოკლედ, რას გაუგებ პაატას. პაატასაც არ ესმის თავისი თავის. ერთადერთი, ვისაც პაატასი ესმის, ერია ერთ მლიანობაში, ან, ყოველ შემთხვევაში, ამ ერის 16-დან 20 წლამდე დიდძუძუებიანი გოგოების ნაწილი.
ეს ალბათ ყველაზე ბევრი წინადადებაა, რაც პაატაზე დამიწერია.
ტექსტი კი მოთხრობა არანაირად არ გამოდის. სიუჟეტია მთავარი. აქამდე მონათხრობს, ბუნებრივია, არ აქვს სიუჟეტი.
აი, მაგალითად კარზე კაკუნი შეიძლება უკვე სიუჟეტად ჩაითვალოს. მაგრამ, ახლა არავინ აკაკუნებს, შესაბამისად გიწევს სიუჟეტი მოიგონო.
კარზე აკაკუნებენ. გეცინება. იშვიათია ასეთი დამთხვევები.
დგები და კარის გასაღებად მიდიხარ. თავში ისევ სიუჟეტზე ფიქრობ. რომელსაც მოიფიქრებ. კარზე კაკუნის გამოყენება უკვე აღარ შეიძლება. აი, ხუთი წუთით ადრე რო დაგეწერა ეს სიტყვები, უკვე ავტომატურად შენი სიუჟეტი გახდებოდა და ვუდი ალენს ვეღარ ექნებოდა პრობლემა.
ქოფირაითი დაცულია.
ჭუჭრუტანაში ვიხედები. გარეთ მოხუცი ქალი დგას. ორმოცი წამის მერე ვაცნობიერებ რომ რკინაზე მიკრული თვალი უკვე გამეყინა, ქალი კი მაინც ვერ ვიცანი. კარს ვაღებ. მოხუცი მიყურებს. ან ჩემს იქით უყურებს რაღაცას/ვიღაცას. კატა! - მახსენდება და ვტრიალდები, მაგრამ უკან კატა არ დგას.
- ინვალიდი შვილიშვილი მყავს ბებო, იქნებ დამეხმარო რითაც შეგიძლია.
რა თქმა უნდა პასუხს ვერ ვაყალიბებ - რომ კი, დავეხმარები. ,,დამელოდე’’ - თითით ვანიშნებ და ბინაში ხურდის ასაღებად ვბრუნდებები. ნაბიჯების ხმა მესმის. ვტრიალდები და მოხუცს ვეფეთები.
- უკაცრავად, - რატომღაც მე ვეუბნები პირველი.
- არა უშავს. შეიძლება ყავა დავლიო?
- კი, მობრძანდით.
სამზარეულოში შემყავს. ხურდებს ვუწვდი - მართმევს და ჯიბეში იყრის. ჩაიდანს გაზზე ვდგავ და სიაგრეტს ვუკიდებ. მოხუცს ვაკვირდები. ცოტა ხანში ვხვდები, რომ არც ისე მოხუცია, როგორც სადარბაზოს ცუდ განათებაზე ჩანდა. იდეალურად გამოყვანილი ტანი წვრილი ფეხებით და დიდი ძუძუებით ბოლოვდება. ფუშაფები უკეთია, ალბათ. ღია ყავისფერი თმა აქვს, მოქერაო. ჩანთიდან ,,სობრანიეს’’ იღებს, შავს და უკიდებს.
- მიცანი? - მეკითხება და მიღიმის.
- ვერა.
- აბა კარგად დამაკვირდი.
- მაინც ვერა.
- ასე? - ჩანთიდან რევოლვერს იღებს და მიმიზნებს.
,,რა რევოლვერი’’, ვფიქრობ ჩემთვის.
- ასე? - ჩანთიდან პისტოლეტს იღებს და მიმიზნებს.
პისტოლეტს შეშინებული ვუყურებ.
- Say My Name, - მკაცრად მეუბნება.
პირი მიშრება. სიტყვებს ვერ ვამბობ. თავს ძალას ვატან და ვეუბნები:
- Heisenberg.
იცინის.
- You are goddamn right.
ისვრის. გასროლის ხმა ყურის ბარაბნებს მტკენს. ტყვია ჩემგან მარცხნივ, კედელზე გაკრულ ბობ დილანს ხვდება თვალში. შვებას ვგრძნობ და ჰაიზენბერგს ვუყურებ. ჯერ კიდევ სექსუალური გოგოა, იარაღით ხელში. ფეხზე დგება და კარისკენ მიდის. უკან მივყვები. ნეტავ მეზობლებმა გაიგონეს გასროლის ხმა? ალბათ გაიგებდნენ. მაგათ ხო ყველაფერი ესმით. ყველა მეზობელი ცოცხალი ვიკილიქსია.
ჰოლში ჰაიზენბერგი ჩემკენ ტრიალდება, ჯიბეში ხელს იყოფს, ხურდებს იღებს და იქვე, ტუმბოზე ყრის.
კარს აღებს და სადარბაზოში გადის. რამდენიმე წამში მხედველობის არიდან ქრება, - მხოლოდ მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის.
სახლში ვბრუნდები და კარს ვკეტავ.
სად გავჩერდით?
ჰო, პაატა.