• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დაახლოებით კაცი

×
ავტორის გვერდი ტრისტან ტცარა 02 მარტი, 2011 2116
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
(I თავი)
 
კვირადღე მძიმე ხუფი სისხლის დუღილის თავზე
ყოველკვირეული წონა მუხლმოყრილი მის კუნთებთან
საკუთარ თავს შიგნით ჩავარდნილი ხელახლა ნაპოვნი
რეკენ ზარები უმიზეზოდ და აგრეთვე ჩვენც
რეკეთ ზარებო უმიზეზოდ და აგრეთვე ჩვენც
გავიხარებთ ჯაჭვების ჟღარუნში
რომ ვახმაურებთ ჩვენში ზარებით
 
*
 
რა ენაა ეს რომ გვამათრახებს სინათლეში წამოგვახტუნებს
ჩვენი ნერვები მათრახებია დროის ხელებში
და ეჭვი მოდის ერთადერთი უფერული ფრთით
იხრახნება იკუმშება ისრისება ჩვენში
როგორც ქაღალდი დაჭმუჭნული გაფრცქვნილი ფუთის
საჩუქარი სხვა ხანიდან სიმწრის თევზივით მოსრიალე
 
*
 
ზარები რეკენ უმიზეზოდ და ჩვენც აგრეთვე
ხილთა თვალები შემოგვცქერიან გაფაციცებით
და ყველა ჩვენი ქმედება მართულია არაფერი იმალება
მდინარის წყალმა იმდენი რეცხა მისი საწოლი
მას თან მიაქვს შემორჩენილ მზერათა ნატიფი ძაფები
კედლების ძირას ცხოვრებით ნალოკ ბარებში
ცდუნებული სუსტები ცდუნებაბმულნი გაექსტაზუწყლოებულნი
ამოთხრილი ძველისძველი ვარიანტების ფსკერზე
და მიშვებული დატყვევებულ ცრემლთა წყაროები
წყაროები მიტყვევებული ყოველდღიურ ხუთვას
გამოხედვები დამჭკნარი ხელებით რომ ითრევენ
დღის ნათელი ნაქმი ანდა ჩრდილმოსილი ლანდი
რომლებიც ღიმილის მღელვარე სიმდიდრეს იწვდიან
ჩახრახნილს ყვავილივით დილის ღილკილოში
რომლებიც მოსვენებას ან ვნების აშლას ითხოვენ
ელექტრული ვიბრაციების დარტყმები ბიძგები
თავგადასავლები ცეცხლი მტკიცე რწმენა ან მონობა
მზერები ფრთხილი ქარიშხლების სიგრძეზე რომ იხოხეს
ქალაქის ქვაფენილები რომ გაცვითეს და მრავალი სიმდაბლე გამოისყიდეს მოწყალებაში
ერთმანეთს სდევენ წყლის ბაფთებს გარშემოკრულნი
და ზღვებისკენ ედინებიან თან ხელს აყოლებენ
ადამიანურ ნაგავსა და მათ მირაჟებს
 
*
 
მდინარის წყალმა იმდენი რეცხა მისი საწოლი
რომ თვით სინათლე ნარნარებს მის გლუვ ტალღაზე
ფსკერს ენარცხება ქვების მძიმე მსხვრევით
 
*
 
ზარები რეკენ უმიზეზოდ და ჩვენც აგრეთვე
საზრუნავს ყველგან თან რომ ვატარებთ
რომლებიც ჩვენი შინაგანი ტანსაცმელია
რომელსაც ვიცვამთ ყოველ დილით
რომელსაც ღამე გვხდის სიზმრის ხელებით
მორთულნი ფუჭი მეტალური თავსატეხებით
გაწმენდილნი წრიული პეიზაჟის აბაზანაში
სისხლისღვრისთვის მსხვერპლშეწირვისთვის გამზადებულ ქალაქებში
პერსპექტივათა ცოცხვების ზღვების მახლობლად
შეწუხებულ სიმკაცრეთა მთებზე
მტკივნეულ უდარდელობათა სოფლებში
ხელი თავს რომ სიმძიმედ აწევს
ზარები რეკენ უმიზეზოდ და ჩვენც აგრეთვე
მივემგზავრებით გამგზავრებისას მოსვლისას მოვდივართ
მივემგზავრებით მოსვლისას მოვდივართ როცა სხვები მიდიან
უმიზეზოდ ოდნავ მშრალები ოდნავ მძიმეები მკაცრები
პური საკვები მეტი პური საგზლად
მადისაღმძვრელი სიმღერა ენის გამაზე
ფერები ძირს აწყობენ სიმძიმეებს და ფიქრდებიან
და ფიქრობენ თუ ყვირიან და რჩებიან და იკვებებიან
მსუბუქი ხილები როგორც კვამლი დალივლივებენ
რომელიც ფიქრობს სიცხეზე მეტყველება რომ ახვევს
მისი გულის გარშემო სიზმარი სახელად ჩვენ
 
*
 
ზარები რეკენ უმიზეზოდ და ჩვენც აგრეთვე
დავდივართ რათა გავექცეთ გზათა ნაყრიანობას
პეიზაჟის ერთი მათარით ერთი ერთადერთი სნეულებით
ერთადერთი სნეულებით რომელსაც აღვზრდით სიკვდილს
მე ვიცი რომ ჰანგს ვატარებ ჩემში ეს არ მაშინებს
ვატარებ სიკვდილს და თუ მოვკვდები სიკვდილი
მატარებს თავის შეუმჩნეველ მკლავებში
ნატიფ და მსუბუქ თხელი ბალახის მსგავს მკლავებში
ნატიფ და მსუბუქ მსგავსად უმიზეზოდ წასვლის
უნაღვლოდ უვალდებულებოდ უსინანულოდ უ
ზარებოდ რეკენ უმიზეზოდ და ჩვენც აგრეთვე
რისთვის ვეძებოთ ჯაჭვის ბოლო ჯაჭვს რომ გვაბამს
რეკეთ ზარები უმიზეზოდ და ჩვენც აგრეთვე
ჩვენც დავრეკთ ჩვენში დამსხვრეულ შუშებს
ვერცხლის ხურდებს არეულებს ყალბ ხურდებს შორის
ნადიმთა ნამსხვრევებს სიცილ-ქარიშხლად აფეთქებულებს
რომელთან კართანაც ნაპრალები გაიღებოდნენ
ჰაერის საფლავებს დამფქვავ წისქვილებს არქტიკულ ძვლებს
ამ ნადიმებს რომ გვისვრიან თავით ზეცისკენ
და გვაფურთხებენ კუნთებზე დამდნარი ტყვიის ღამეს
 
*
 
მე ვლაპარაკობ იმაზე ვინც ლაპარაკობს ვინც ლაპარაკობს მარტო ვარ
არაფერი ვარ პატარა ხმაურის გარდა მრავალ ხმაურს ვატარებ ჩემში
ხმაურს გაყინულს ნაგვემს გზაჯვარედინზე ნესტიან ტროტუარზე დანარცხებულს
მოფორიაქე კაცების ფერხთით თავიანთ სიკვდილს რომ სდევენ ფეხდაფეხ
სიკვდილის გარშემო რომელიც მხრებს შლის
საათის ციფერბლატზე ეულად რომ ცხოვრობს მზისქვეშ
 
*
 
გასქელდა ღამის წყვდიადი სუნთქვა
და ვენების გაყოლებაზე მღერიან საზღვაო სალამურები
სხვადასხვანაირ არსებობათა შრეთა ოქტავებზე გადაწყობილნი
ცხოვრებები უსასრულოდ მეორდებიან ვიდრე ატომურ გამოხშირვამდე
და მაღლა ისე მაღლა რომ თვალს ვერ ვაწვდენთ
და ამ ცხოვრებებით ჩვენს გვერდით რომლებსაც ვერ ვხედავთ
ამდენი პარალელური ხმების ულტრაიისფერი
რომელთა მოკრეფაც შეგვეძლო
რომელთა გზითაც შეგვეძლო არ მოვსულიყავით სამყაროში
ან ვყოფილიყავით მისგან წასული უკვე დიდი დიდი ხნის წინ
რომ შევძლებდით დავიწყებას ეპოქისაც და მიწისაც რომელიც მოწოვდა ხორცს
მარილებს და თხევად ლითონებს სუფთად ჭათა ფსკერზე
 
*
 
ვფიქრობ იმ მხურვალებაზე მეტყველება რომ ახვევს
თავისი გულის გარშემო სიზმარი სახელად ჩვენ
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული