[არც თარგმანები, არც ორიგინალური ლექსები, არც რემბოსი, არც ჩემი, ეს ლექსები, შესაბამისად, ჭეშმარიტად ლიმბოშია, ამ უცნაურ, უავტორო ადგილას ჩემსა და მას შორის - ამბობდნენ, თითქოს, ლიმბოში ვარ, მაშასადამე ვარ,
ეს ლექსები, რომლებიც მე დავწერე, მაგრამ მე არ მომიფიქრია, არიან, როგორც ყველა ლექსი, ყველა თარგმანი, სიყვარულის ახსნა სხვა პოეტისადმი და, ესენი, შესაძლოა მეტადაც, სიყვარულის ახსნა იმ პოეტისადმი, რომელიც შეიძლებოდა ვყოფილიყავი იმ ასაკში, როდესაც რემბომ დაწერა ეს ლექსები, და რომელიც არ ვიყავი, არ ვარ - ესეც, ასევე, სხვა პოეტი,
და სიყვარულის ახსნა პოეტს, რომელიც ახლა არის ამ, იმ ასაკში,
ბოლოსდაბოლოს, ლექსი ყოველთვის ძღვენია:
ძღვენი რემბოსგან მე, ჩემგან რემბოს, ჩემგან, მისგან, მომავალ პოეტს]
პირველი საღამო
და ის იყო ისე გაშიშვლებული
გარეთ ხე ცნობისმოყვარე ფეხისწვერებზე
და ტოტებს ფანჯრებზე აბრახუნებდა
რომ დაენახა რისი დანახვაც შეეძლო
ის, ჩამომჯდარი ჩემს უშველებელ სკამზე
თითქმის შიშველი, ხელებით ხელს
ისერავდა მსუბუქად, ასე, საწოლის კიდეზე
კრთოდნენ მისი ციცქნა ციცქნა ფეხები
ციცქნა როგორც
ვხედავდი თხელი თიხისფერი სხივი
ხეში გაჭედილი
პეპლად მის ღიმილს როგორ დააჯდა და მერე
მის მკერდს, როგორც ბუზი ყვავილებს
მაშინ ავულოკე რბილი კანი შიგნიდან
მას აღმოხდა ნაზი სასტიკისკისი
მერე დაიმსხვრა მანათობელ კრისტალებით
მისი ლამაზი ყინულის სიცილი
მისმა ფეხებმა ლურჯი პერანგის ქვეშ
ჩაყვინთეს მიდი, გაათავე ! . . .
მაგრამ რადგან პირველად შემიშვა
სიცილი, ვიცოდი, სასჯელს ითხოვდა
მაშინ საბრალო ჩემს ტუჩქვეშ მოხამხამე
დავუკოცნე ნაზად თვალები: მას
დაუცვივდა ნერწყვით მთვრალი თავები
მალე თვითონაც გაათავებდა
აღმოხდა, ორი სიტყვა მინდა გითხ—
დანარჩენი მკერდზე დავასხი
როგორც ამბორი, და მას
გაეცინა
სიცილით რომელსაც ამაზე მეტი უნდოდა
და ის იყო სულ შიშველი
ხოლო ცნობისმოყვარე ხე
ტოტებს ხმაურით აბრახუნებდა ფეხისწვერებზე
რომ დაენახა რისი დანახვაც შეიძლებოდა
ოფელია
1
(ო, ფერმკრთალ ოპალს (1) ჰგავს ოფელია
წყალქვეშ როგორც თესლი გასხმული
წყალქვეშ)
(1) თარგმნე ეს ფრანგულად
2
რაა ზეცა სიყვარული თავისუფლება თუ არა სიზმარი
შეშლილის თავში
საბრალო შეშლილო ოფელია დაადენი მას
როგორც თოვლი ცეცხლს: ეს ხილვებია
სიტყვებს რომ გიხრჩობენ—და შემზარავი
უსასრულო მოგიზგიზე შენს რემბოლურჯ თვალში
პოეტმა თქვა რომ
იქ ხშირად ბრუნდები
ვარსკვლავურ შუქზე მოდიხარ, ღამით ეძებ ყვავილებს რომლებიც
დაკრიფე და რომლებიც მან ნახა წყალზე გაწოლილი თავის
გრძელ პირბადეებში ოფელიამოტივტივე
ფერმკრთალი
შროშანმოტივტივე
3
ყველაფერი, მითხრა პოეტმა, ამ ლექსში თეთრია (რატომ?)
თეთრი მისი კედლები მისი ჭერი ყდები წიგნისა რომელშიც ვკითხულობ
ყველაფერი გარდა ღამის როდესაც
და წყლის რომელშიც
ვხედავ დამხრჩვალ
ოფელიას ანუ არსებობს
შავი ღამე და წყალი რომელიც ლექსის მიღმა რჩება თუმცა ლექსშია