• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სად ხარ ...ო?

×
ავტორის გვერდი ლაშა ყაბანაშვილი 06 მარტი, 2018 2013

ცნობისმოყვარეობისგან ცნობისმოყვარეობაში

 

მშია

და კიდევ მინდა რაღაც

ის შენშია (გარეთ უნდა რომ გამოვიდეს)

რაც შენშია მე მაიძულებს გარეთ გამოსვლას

ხმაურიანად და სწრაფად

ისევე როგორც ეს ხდება ხოლმე 

 

„ყველაფერი შეეძლო ხოლმე მას ხუთი წუთით“

 

დრო გადიოდა და ვხვდებოდი დედაჩემი მოკვდავი იყო

აღარ მახსოვს მამაჩემის არც ხასიათი აღარც სხეული

ყველაფერი დამავიწყდება

მე უფრო დიდი ყლე გამეზარდა?

მაინტერესებს მინდა ისევ დავპატარავდე

კიდევ ერთხელ ლაგუნაზე ბანაობისას მას დავინახავ

თვალს შევავლებ ტუჩების ლოკვით

მათ დავხუჭავ

გამოდი გარეთ

გამოდი გარეთ

 

ოკუპაცია

გეშინია მისი?

პირველად ყველაფერი რთულია ალბათ

რაც მწარეა თან ტკბილია

არაფერი არ იცვლის გემოს

უკან უნდა გაიხედო მის დასანახად

 

„ტკბილ-ცხარე სოუსით მინდა“

 

გემოს ვსინჯავდი და რიტუალი ჩემს გულს იბყრობდა

დაბრუნებას მაიძულებს!

წავალ და მოვალ

მონათლულებს სულ დაიცავენ!

 

მარტოდმარტო დავძვრებოდი ვირთხებთან  ერთად

ხან ერთთან და ხან მეორესთან

ვძვრებოდი და ვუძვრებოდი

სტუმრად სხვების აბაზანებში

 

მე მინდა რომ ვიგრძნო ვარსებობ

შენ დამჭირდები

 

ტკივილი სიხარულია

მას ვიმსახურებ

 

ყველაფერი რაც მტკიოდა თვალებს მიხელდა

დავისერავ საკუთარ სხეულს და ამ დროს სხვებზე არ ვიფიქრებ

ჩემი თავით დავკავდები

სიცოცხლეს დავეწაფები და შევისრუტავ

უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

და თუ ჩემგან უნდა კიდევ რამეს გამოსვლა

გამოვიყვან მას და გავგუდავ

მე მაქვს „მე“-ს პრივილეგია

შევჭამ და შევჭამ

ეს მალამაზებს

სურვილები ბრძანებებია

მიყევი მათ

სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა

ეს შენ ხარ და შენი თავია

სურვილები განმსაზღვრავენ

თითქოს მათი მოციქული ვარ

მე მწამს და სისხლს ვგრძნობ ჩემს ვენებში

სხვანაირად დავიგრიხები და თამაშს ისევ გავაგრძელებ

ეს მე ვიქნები

შენთვის ან შენგან

მაგიდაზე მოქცეული ან მატრასზე

გაზქურასთან ან დივანთან

კიდურებით აშვერილი ან ჩამოშვერილი

გაწოლილი, დამჯდარი ან ზედ მიწოლილი

და სურვილებს დავუჯერებ დასარწმუნებლად

თითქოს ჩემი თავი ვიყო

 

 

სად ხარ ...ო?

 

ისევ

ისევ

მეორდებოდა

ეს მაქცევდა ინსტიქტებად

თითქოს ბორბალი (წესით მე რომ ვატრიალებდი) მატრიალებდა

ჩემი თავის მონა ვიყავი

წინ ყურებით დავიღალე და აქეთ-იქით მიმოვიხედე

მე ვხედავდი შესაძლებლობებს

ეს ხდებოდა „ცალკე“ და „ერთად“

გაქცევა?

ისევ

გაქცევა?

გავიქცევი სანამ გზა არ დამიმთავრდება

(მაგრამ მწყურია)

ალბათ ზემოთ ავიხედავ

მე მაქვს უფლება ვტკბებოდე იმით რასაც ჩემს ზემოთ დავინახავ

შემეშინდა ისევ ქვემოთ ჩამოვიხედე

მათში შევცურე

მტაცებლები დაფრინავენ და დადიან და დაცურავენ

ნეტავ რას გავაკეთებდი რომ ვერ ვხედავდე?

თვალებს მაგრად ვხუჭავდი და აღარ ვახელდი

და ტალღები მოდიოდნენ (და მოდიოდნენ)

კანონზომიერებები

ისევ

კანონზომიერებები

სულ

 

 

 

არაფერი(ა)

 

კანი მტვერით დამიმძიმდა

ვერ ვუსხლტებოდი

სურვილები მამცირებდნენ შეუძლებლობით

ვუახლოვდებოდი

და კიდევ უფრო ვშორდებოდი

ვგრძნობდი ჩემში ნივთიერებებს

მმართავდნენ, -მე მათ ვერ ვმართავდი

გამვლელები მითვალთვალებდნენ

სადღაც ტვინის ნაოჭებში ყრუ ტკივილი იბადებოდა და ტკიპასავით მეკრობოდა

ნასუნთქს ვგრძნობდი ბაქტერიების

ეს მამძიმებდა

„ყველაფერი რაც ჩემშია და ჩემს გარეთ მე განმსაზღვრავს“

არასოდეს ვიარსებებდი..

(მაგრამ ეს ხდება)

მომისაჯეს ეს სხეული

ახლა კი თავზე დამყურებენ:

„მოინანიე“

სინანულის არ მჯეროდა ახლაც არ მჯერა და მომავალშიც არ დავიჯერებ

ყველაფერი ხელშესახები შენ მოგატყუებს საკუთარი თავის შესახებ

(არ არსებობს)

ვინ გამაფრთხილა?

ერთადერთი რაც არსებობს არაფერია

მივყვები მას

მე მინდა გავხდე არავინ

მე მინდა გაქრეს

მე არაფრისთვის არაფრის გამო

არაფერი არაფრისთვის არაფრის გამო

და არც ეს

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული