• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ძაღლის ვენები

×
Artist: FAILE/Owerko
ავტორის გვერდი საბა ხითარიძე 13 იანვარი, 2018 2575
ძაღლის ვენები
|||
 
მესმის ხმაური
ქუჩაში პიანინოს შავ კლავიშებად ჩამწკრივებული სტერილური ძაღლებისა,
რომელთაც ისევე არ უწერიათ გამრავლება, როგორც ქედზე მაღლა მდგომ ჰომოსაპიენსებს,
და მაინც,
გამრავლების პირველწყაროდ მესახებიან ბორდელები,
სადაც მრავალ სასიამოვნო შორისდებულთან ერთად,
ჩამესმის ბიოლოგიური ჩანჩქერის ხმები,
რომელთა ნაკვალევს მეძავების მაჯებზე ვამჩნევ,
მათ გადასერილ ვენებში,
აქ კი ვინ იცის,
რამდენჯერ შეუკეთებიათ ახალი შეშა ამ ჯოჯოხეთური მცხუნვარების გასაგრძელებლად.
თუკი ოდესმე ძაღლების ყეფა ცივ ამინდს მომაგონებს,
გამახსენდება უნაყოფობის სენი,
რომელსაც ადამიანები იწვევენ ნებისმიერ კლასობრივ საფეხურზე,
და რომ სიცოცხლეს,
საკუთარის დაუმსახურებლად მოპოვების გამო
უსპობენ მათ, ვისაც არც იმის უფლება აქვს, თავად მოისპოს,
რადგან ბუნებამ,
რომელმაც ასეთი მორჩილებისთვის გაწირა,
უბოძა მას ინსტინქტები, რომლებიც სპობენ უფლებას.
ინსტინქტები სპობენ უფლებებს.
 
 
 
 
მედუზა
|||
 
როცა უზღვავ სიყვარულს ითხოვს ჩემი გოგო
ყოველთვის ვსაზღვრავ სიყვარულს, რათა საკუთარ თავში არ ჩამეკარგოს,
მას კი მოსწონს დაწნული ყვავილები, რომლებიც ურთიეთობებს წააგავს,
ყოველ დილით,
გათენებისას რომ უნდა ისუნთქო წვალებით და ისე დააღამო, ფილტვები არ გადაგეღალოს.
ვიღაცას ყოველთვის სადღაც მაინც ეგონება, რომ უნდა იწვალოს.
ვიღაცას მაინც ატყუებს გოგოთა კასტა, რომელთაც არ უეწრიათ დედობა,
თუ კი თბილი საბნიდან მხოლოდ საუზმის გასამზადებლად წამოდგებიან.
მე კი მშვენივრად ვგრძნობ თავს, როცა მკიდია,
გულზე მკიდია მისი სახელი და ვიცი,
რომ თუ არ მემახსოვრება, ბევრად უკეთესად ვიქნები.
რადგან, როგორ შეიძლება,
საკუთარი თავი დაგავიწყდეს?
შენი სიყვარული შენ ხარ, ნუ დაიტანჯები.
მე კი თუ ვეცდები ვინმე მახსოვდეს,
“ვინმე” ყოველთვის უცხო ვინმედ დარჩება
და ვერასოდეს მოიქცევს ჩემს ოკეანეში დამშვიდებულ ტალღებს.
 
 
მოჰიკანი
|||
 
ხელოვნური წყალი მეცემა თავზე
და როცა უკანასკნელი დანასავით ტანზე ვისმევ ღრუბელს,
ვხვდები, რომ ეს ცხოვრების ბოლო ნამდვილად არაა.
ვერ მიაღწევ ვერაფერს ისე, თუ არ გაცვდი.
ვიღაცას კი ისევ ეგონება, რომ ცაში გამოკიდებულ ღრუბელს ვეხები
და ალბათ იფიქრებს,
რომ ასეცაა,
რადგან თავად ვარ ცაში გამოკიდებული ფრინველი,
რომელიც გაცვეთისგან ღლის ბუმბულს.
 
 

R U Remember?
|||

დავტოვე სახლ-კარი
და მიწა ვარჩიე,
ცას ფეხი ვკარი.
ჩამოქცეულ ცას მიწაზე დავეძებ და ყველა მის მოკაშკაშე ვარსკვლავს ტელევიზორში ვხედავ.
ერთ-ერთი შენ ხარ.
 
ვიქეცი ღმორად,
შეამჩნევდით, რომ მე ვხოცე ღმერთი თქვენს მონურ გულში.
და მიუხედავად ამისა, პატივს ვცემ ერთებს, რომლებმაც ყველაფერი დამასწრეს,
მათ შორის სიკვდილიც.
 
სულ არ ვარ ღორი,
ხანდახან ჩემი დინგით ნაგავს ვასუფთავებ ხოლმე და იქვე მიყვარდება ავი,
რადგან პატივს ვცემ დინგის სისწრაფეს, რომელმაც ამ სტროფამდე მხოლოდ ნაგ-ის მოსუფთავება შეძლო.
 
თქვენ ხართ.
მე ვარ.
ვერასოდეს
ვერ ასობდეთ დანას ჩვენ შორის კავშირს.
რადგანაც ჩვენ ვერ იქცევა ჩვენად,
თუ ჯერ თმენით არ იჯერე გული.
თუ სათქმელს ისევ დიალოგი არ ამჯობინე.
 
ჯაჭვი ჰგავს ყველაზე დიდ თავაშვებულობას,
რადგან მისი რგოლები რეალური თავისუფლებისთვის იბრძვიან, როცა ჰაერიდან მიწისკენ მიიწევენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ჯაჭვი თავისუფალ ქალს უკეთია მკერდზე, ლიფის მაგივრად.
ძუძუსთავაშვებულობა უფრო ძლიერი ქალების ხვედრია, ვიდრე უძლიერესების.
 
წყლის სიღრმიდან უკუღმა ამოსულთათვის, ნაპირი ფსკერია.
მისი სიღრმე ორივე ფეხით კი არა, ორივე ბრონქით უნდა გასინჯო,
რათა ასეთი ინტერესები აღარასოდეს გაგიჩნდეს.
 
 
 
ყველანაირი სიმახინჯე ამოზრდილია ჩემს სახეზე,
 რადგანაც კოლექციების შეგროვება არ მიყვარს, როგორც კოლექტიური ხალხის. 
სასიყვარული მოგონებები ხომ პლატონის კოშმარებია.
 
ლამაზად ირითმება ქალი და მთვრალი,
ცხოვრება კი რითმის მაგივრად უფრო გართობისთვისაა.
 
მთვრალ ქალთან სექსი პოემურ რითმას ჰგავს,
იდეურ სიღრმეებს რომ შეიცავს, მაგრამ ვერ ხვდები, თავად ეს სიღრმე რომელია,
რადგან ბნელა.
 
და ახლა მაინც ვამაყობ გველით, რომელმაც ჩემი ეჭვიანობის ნიადაგზე, თუ ვინ იყო ედემი,
დამაკარგვინა ბაღი.
ევასთან სექსი კი ნოსტალგიაა ჩემი და ედემის მეგობრობისა.
 
სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,
მე ადამი ვარ,
ღმერთების ეპილოგი.
 
 
 
ტრანზიტ
|||
 
ვჯდები 120-ში
და მივუყვები იანვრის პირველ გამოცდას.
ჩემი უბანი, მოპირკეთებულ-მოპარკინგებული ბორდიურებით,
დამტვერილი და დამტვრეული სკვერებით,
სევდიანად მაცილებს ჩაღრმავებულ ბეტონებში დაგროვებული წყლით სავსე.
გავცდი ეკლესიას და ვგრძნობ,
რამდენად ეკლესიურია ჩემი ფეხები, 
რომელიც ხშირად ტკეპნის გამზირს სალოსისას.
თვალწინ მეშლება თვალუკანა, მეხსიერების მკვიდრი ღამეები,
აქ ვინმეზე და რამეზე საფიქრალად რომ მისეირნია, 
ხან არავისთან,
ხანაც არაფერთან ერთად.
ხშირად შემშინებია საკუთარი ჩრდილისაც, როცა თავგადაკარგულს თავგადასავლები მევლება თავზე ჩემი ფუტკრების მოყვარულ ფსილობალზამით სავსე თვალებში.
აქ მოდა მხოლოდ მკვდარი სულებია, 
იმ საუკეთესო შემთხვევაში, თუ სულების გვჯერა.
ეს სულები ყველგან არიან,
მაგრამ მათ დასანახად, საჭიროა, გჯეროდეს.
მკვდარი სულები ხილ-ბოსტნეულს მოგყიდიან,
მკვდარი სულები ერთ ღერ სიგარეტს მოგთხოვენ და თუ მუსიკას უსმენ,
ჟესტითაც მიგახვედრებენ ამას.
მკვდარი სულები ფრესკოს გახსნიან და სხვის შვილებს სინათლით დაუბრმავებენ დახამებულ თვალებს.
ამიტომ ჭედავს Fresco Cafe.
გავცდები ასტორიას და ორ შეგრძნებას ავიმოქმედებ ხოლმე:
სიყვარულის მოახლოებულ სურნელს,
რომელიც სიმშვიდით მავსებს,
თუმცა კი რა სურნელია ეს
თქვენი საქმე არაა, ჩემთვის დავიტოვებ.
და მეორე,
ისტორიამოკლებულ ტერიტორიაზე მოსეირნე ღიპიანი კაცებისას,
რომლებიც ერთმანეთის გამო ტანკს ჭამენ, 
თუ ალკოჰოლური შემცველობა ყოველთვის სტაბილიზდება ორგანიზმში.
ალბათ ესაა ცხოვრების საზრისი,
ტურფა გერქვას და არქიტექტურულად ჰგავდე გოგონას, რომელსაც გადაფარებული გაზეთიც კი არ შველის,
მით უმეტეს მაშინ,
თუ ეს გაზეთი მაკიაჟს ეზილება და მიფარებულ ხელსა და სახეს შორის იჟღინთება.
სწორედ ასე შევადარებდი ყოველივე კონტრასტს, ნეგატივის ფირზე,
რასაც ახლა ვიტყვი:
ვიცი, ავთენტურია თითოეული მძლავრი მატორი სუსტი ჯიბის მქონე მაცხოვრებლების ფონზე,
მაგრამ რა გინდა რო ქნა,
როცა არაფერი გაქვს, რითაც ის იქნები,
რაც არ ხარ და საჭიროა, რომ იყო.
ამგვარი საქციელი იმ ოჯახების თვისებაა,
ერთადერთი შვილიც რომ მამას ჰგავს და ამით მთავრდება გენის ევოლუცია.
სულ ესაა.
ვწყდები უბანს და ვიკარგები ბუნებრივი მოვლენებისგან ნაკლულ და სოციალური კატაკლიზმებით სავსე ქალაქში.
შუა ზამთარში თბილისი მაისს განიცდის.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული