• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ლაზარე

×
ავტორის გვერდი ოთარ ჯირკვალიშვილი 02 მაისი, 2018 5788

                                                                                  1.

როდესაც ბეთანიაში, ზეთისხილის მთის ფერდობზე გაშენებულ ბაღში, გასავათებული, სურნელოვან ხეებს შორის დავეხეტებოდი, რათა ყურადღება შიმშილიდან რამე სხვაზე გადამეტანა, არ ვიცი, როგორ, - თითქოს არაფრიდან ამოიზარდაო, მზით შედედებული ჰაერის ნაპრალიდან კაცი დაიბადა, ჩემ წინ აისვეტა და ეჭვიანი, მოჭუტული თვალებით მომაჩერდა. თუმცა დაბალი არ მეთქმის, ჩემზე მთელი თავით მაღალი ჩანდა. ვერ მივხვდი, ვინ იყო და რა უნდოდა, ჩვენი უფალი რამდენიმე წლის წინათ აღესრულა და, რადგან იუდეის გამგებელს, რომის დავალებით, საგანგებო თვალთვალი ჰქონდა დაწესებული ქრისტიანებზე, ვფრთხილობდით. სახე მოვარიდე, შევბრუნდი, გზის გაგრძელება ვცადე. მოულოდნელად მკლავში ხელი ჩამავლო, ისეთი ძალითა და სიმტკიცით, ნაბიჯი ვეღარ გადავდგი. შემდეგ, ნდობის მოსაპოვებლად მარცხენა ხელი მაღლა აწია, ცხვირთან მომიტანა და საჩვენებელი თითის უცნაური მოძრაობით ჰაერში თევზის ფიგურა მოხაზა. თუმცა ეს ისე უხეიროდ და ნაძალადევად გააკეთა, ბრიყვიც კი მიხვდებოდა, ქრისტიანი რომ არ იყო. ვფიქრობ, არასდროს უნდა გამოიყენო ნიშნები, თუ ის გულიდან არ მომდინარეობს. თვალთმაქცობა ადვილად გამოსაცნობი მანკიერებაა. ქვაზე მიმითითა, - ჩამოვსხდეთო. ჩამოვსხედით. ახლაღა დავაკვირდი: ღმერთო ჩემო, საიდან მეცნობა ეს ადამიანი? ასეთი ლამაზი, ანგელოსის ხელით ნაშენი სახის ნაკვთები ახლოდან არასდროს მენახა. სხეული, ერთი შეხედვით, არანაირ ძლიერებას არ ავლენდა, მაგრამ ახლაც მახსოვს მისი მკლავის ძალა, რომელმაც ადგილზე გამაქვავა. წვერი წითური ჰქონდა, უცნაურად შევერცხლილი, თანაბრად შეჭრილი და დავარცხნილი; თმა და წარბები - შავი, ოდნავ გაჭაღარავებული. ეს შეხამება სახეს უბუნდოვანებდა, თითქოს ნისლშია შთანთქმულიო. ძნელია ასეთი გარეგნობის დამახსოვრება. ტუჩის მარჯვენა მხარეს ნაიარევს წვერიც ვერ უფარავდა. ეს ჭრილობა რაღაც უცნაური მოხაზულობით ერწყმოდა ცხვირის ნესტოებს, შემდეგ კი სადღაც იკარგებოდა. ამ კაცს მომნუსხველი გარეგნობა ჰქონდა, ადვილად დაგიყოლიებდა... ეჰ, როგორ განსხვავდებოდა მისი სხეული ჩემი დამჭკნარი, გაყვითლებული და დაუძლურებული სხეულისაგან!

- ქრისტიანი ხარ? - მკითხა. უნდობლად შევხედე. მიმიხვდა.

- აჰ, თევზი არ იყო საკმარისი, - თქვა და დაამატა, - რატომ არასდროს გამომდის სიცრუე? - და უცებ უბიდან ხმიადი ამოაძვრინა, - ალბათ, მშიერი იქნები, მსმენია, ქრისტიანებს უჭირთო, - შემდეგ საიდანღაც მის ხელში პატარა, თავდახურული დოქი გაჩნდა, - ეს კი ლიბანის ღვინოა, პური გავტეხოთ.

არ ვიცი, რატომ, ინსტინქტურად ხელი ხმიადისკენ წავიღე. ვერ ვიტყვი, რომ - შიმშილის გამო, რადგან მადა უკვე დაკარგული მქონდა. გატეხა და მომაწოდა. შემდეგ დოქს მოხადა თავი, მოსვა და ისიც გამომიწოდა. როგორც კი ღვინო დავლიე, ზეთისხილის თავბრუდამხვევმა სურნელებამ მთელი ძალით დამიარა ტანში. ისე მსუბუქად ვგრძნობდი თავს, თითქოს ეს-ესაა ცოდვები მომეტევა...

- ვინ ხარ და რა გინდა-მეთქი? - ვკითხე.

- შენთან პეტრემ გამომგზავნა. აი, იმან, კლდეს რომ უწოდებთ.

- პეტრემ? - გამიკვირდა და შევცბი.

- ჰო, იერუსალიმის ტაძრის კარიბჭესთან ყური მოვკარი, ის და რამდენიმე ადამიანი ჯვარცმულზე საუბრობდნენ. მივედი და გამოველაპარაკე, რომში აპირებს წასვლას.

მართლა უნახავს. ვიცოდი, პეტრეს იმ დღეებში უფალი ეჩვენა და უთხრა, - რომში წადიო...

- რისთვის გამოგგზავნა?

- მითხრა, - ეგ ოთხი დღე მკვდარი იყო, მერე უფალმა აღადგინა, მასავით გააცოცხლებს სხვებსაც. თუ არ გჯერა, ჩადი და ჰკითხეო. თან ისიც მოაყოლა, სად უნდა მენახე. თევზის მოხაზვაც იმან მასწავლა და, თუ მაინც არ დაგიჯერებს, უთხარი, პეტრემ გამომგზავნაო...

განვრისხდი. ნუთუ პეტრე ასე წინდაუხედავად მოიქცა?..
 

- პეტრე რატომ გენდო?

- მიცნო.

საიდან მეცნობა ეს კაცი?!

- საიდან?

- მაგაზე მერე, ჯერ შეკითხვაზე მიპასუხე.

- რა შეკითხვაზე?

- მართლა მოკვდი და გაცოცხლდი?

- აბა, საიდან უნდა ვიცოდე?!

- რა?

- მოვკვდი თუ არა.

- როგორ, მოკვდი თუ არა, არ იცი?

- ადამიანმა, როდესაც კვდება, არ იცის, რომ მკვდარია.

- და, სანამ მოკვდება?

- სანამ მოკვდება, იცის, რომ უნდა მოკვდეს.

- ვერაფერი გავიგე. არ გჯერა, რომ მკვდრეთით აღგადგინეს?

- მჯერა, მაგრამ ამის დადასტურება არ შემიძლია. მეც, როგორც სხვებს, უფრო მწამს, ვიდრე ვიცი. სიკვდილის საიდუმლო მიუწვდომელია, მას ვერავინ გამოცდის. თუ ადამიანი თავის არსებობას ეჭვქვეშ დააყენებს, ის ღმერთს აუჯანყდება.

- ამბობენ, - გამოქვაბულიდან გამოვიდა საფენებში გახვეულიო?

- ეგ ეგრე იყო.

- და, მიცვალებულთა საუფლო?

- რა მიცვალებულთა საუფლო?

- შენ ხომ იქ იყავი?..

- გაინტერესებს, ვნახე თუ არა იქ ვინმე? გონიერი ადამიანი ხარ. მკვდარი ვიყავი, სიკვდილი კი არის არარა!

- ეგრეც ვიცოდი. - წამოდგა, წასვლა დააპირა.

ძალები მოვიკრიბე და შევძახე:

- ახლა შენ მიპასუხე!

- რაზე?

- ვინ ხარ და რატომ გაინტერესებს ეს ყველაფერი?

- მე ის ვარ, ხალხის რჩეული, ვისაც შეუნდეს, როცა თქვენს უფალს ძელზე კიდებდნენ, თუმცა ეს ჩემი ბრალი არ იყო!

გამახსენდა. გონება გამინათდა. ვიღრიალე: ბარაბა!


თუმცა იგი უკვე იქ აღარ იყო. ჰაერმა შთანთქა.

 

                                                                                 2.

ამ ამბის შემდეგ, ასე, რამდენიმე კვირის თავზე, როცა  ყველას რომში წასული ეგონა, პეტრე მოციქული მოულოდნელად ბეთანიას ეწვია და მოისურვა იქ მოღვაწე ქრისტიანთა მცირე კრებულის მონახულება. ყველას შეუთვალა, - დღეს, მზის ჩასვლისას, სიმონ კეთროვანის სახლში ვიკრიბებითო. შეიკრიბნენ. მოციქულმა მართლაც გულში ჩამწვდომად ისაუბრა, გაამხნევა და განამტკიცა სამწყსო. შეფარვით, მოსალოდნელ სასტიკ დევნაზეც გადაუკრა ორიოდე სიტყვა. მისი ქადაგება რაღაცნაირი სევდით იყო სავსე: აღთქმული სასუფევლის მაგივრად, საუბრობდა რწმენაში სამაგალითო, წამებულ მამაკაცებზე, აბელიდან მოყოლებული, ახლახან მათ თვალწინ ჩაქოლილი სტეფანეს ჩათვლით. ადრე მდევნელი სავლეს, მოციქული პავლეს ღვაწლზეც ისაუბრა. იმაზე, თუ რა შეემთხვა მას, დამასკოსკენ მიმავალს, გზაზე. შემდეგ, - როგორ გადაურჩა ორჯერ სიკვდილს, ერთხელ კი, როდესაც გალატიაში ჩაქოლეს და მკვდარი ეგონათ, ქალაქგარეთ გაათრიეს და იქ დააგდეს, მოსულიერდა, ადგა, ისევ ქალაქში შევიდა, ხალხის გადასარჩენად ქადაგება განაგრძო.

ყველა ძალიან გაამხნევა პავლეს მაგალითმა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერავინ მიხვდა, რა იყო პეტრეს ამგვარი ქადაგების მიზანი? შეკითხვის დასმა კი ვერავინ გაუბედა სულიწმინდით სავსე კაცს.

ქადაგება დასრულდა. შეკრება დაიშალა. მოკრძალებულ ვახშამზე მხოლოდ ხუთი ადამიანი დარჩა: მოციქული პეტრე, სიმონ კეთროვანი, ლაზარე, მართა და მარიამი - მისი დები... პეტრემ პური გატეხა, აკურთხა და საუბარი წამოიწყო:

- მარიამ, მარიამ, გახსოვს ის ბედნიერი დღე, როცა ყველანი აქ ვისხედითუფალთან ერთად?

- მახსოვს, პეტრე. მაგ დღეს რა დამავიწყებს?.. მე რომ არ ჩამეშხამებინა მხიარულება... - ეს თქვა და თავდახრილმა შეუმჩნევლად ჩაიღიმა.

- მაშინ მეორედ დაბანე და თმით შეუმშრალე უფალს ფეხები; პირველად ცრემლით, მეორედ - სუფთა ნარდის ძვირფასი სურნელოვანი ნელსაცხებლით. მახსოვს, ჭურჭელი რომ გატეხე, იუდა შეშლილივით ფეხზე წამოიჭრა, - რას სჩადი, გავყიდდით და ფულს ღარიბებს დავურიგებდითო. ხედავ, როგორ შესტკიოდა გული ღარიბებზე?! - ყველას გაეცინა. განაგრძო:

- ის კი არა, ჩვენც აგვიყოლია. რა ადვილად ჰყვება ადამიანი ბოროტებას, რომელიც სიკეთით არის შენიღბული; როგორ ვატკინეთ ყველამ გული უფალს... განა ღარიბები ახლაც ჩვენთან არ არიან?! უფალი? უფალიც ჩვენთანაა. გვითხრა მაშინ, - მარად მარიამის ამ საქციელზე ილაპარაკებენო და, აგერ, ჩვენც ვლაპარაკობთ...

- დიახ, ჩემი და ძალიან გონიერია, - ჩაერთო მართა. - მახსოვს, ერთხელ, როდესაც ჩვენი უფალი სტუმრად სახლში გვყავდა, ფერხთით მიუჯდა და გაფაციცებით უსმენდა, მე კი სადილს ვამზადებდი, რის გამოც უფალმა მისაყვედურა, - საჭმლის კეთებას გირჩევნია, ჩამოჯდე და შენც მოისმინოო...

- ეგრე უხეშად არ გეტყოდა, - თქვა სიმონ კეთროვანმა, - ჩვენს უფალს დიდი სიფრთხილე ახასიათებდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიყვარულით მომექცა, როდესაც განმკურნა, - ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს არასდროს მქონოდეს კეთრი...

- მართალია სიმონი, - თქვა ლაზარემ, - მაშინ მეც სახლში ვიყავი, ლაპარაკი მესმოდა, ეგრე არ უთქვამს.

- ეჰ, - ნაღვლიანად ამოიხვნეშა პეტრემ, - ნეტა, მართლა გაგვეყიდა ეგ ნელსაცხებელი სამას დინარად და მიგვეცა იუდასთვის, იქნებ, აღარც გაეცა ოცდაათ ვერცხლად მოძღვარი.

თავიდან  გაეცინათ, მერე კი ყველა დანაღვლიანდა. მარიამს გაახსენდა უფლის სიტყვები, როდესაც ნელსაცხებელი ფეხებზე დაასხა, - ამით შენდაუნებურად სიკვდილისთვის მომამზადეო, - და ცრემლები გადმოსცვივდა...

შემდეგ, ისე, რომ თავი ზევით არც აუწევია, ლაზარემ ჩაილაპარაკა: - ძმაო პეტრე, ჩვენ რომში გვეგონე, აქ რატომ ჩამოხვედი, შენმა ქადაგებამ ყველა დაგვაფიქრა?

- ალბათ, იმას მსაყვედურობ, ბარაბა რომ გამოგიგზავნე, - რბილად მიუგო პეტრემ, - შეიძლება მართალიც ხარ.

ბარაბას გაგონებაზე მარიამი შეცბა. თავზარდაცემულმა დუმილი ამჯობინა...

- სულ მაინტერესებდა, ასე რატომ ენდე? - თქვა ლაზარემ. სიმონი, მართა და მარიამი ჯერ ვერ მიმხვდარიყვნენ, რაზე იყო ლაპარაკი, და სმენად იქცნენ.

- შენც ხომ ენდე, როდესაც მასთან ერთად პური გატეხე და ღვინო დალიე?! - გაკვირვებულმა მარიამმა ძმას შეხედა.

ლაზარემ ისევ დახარა თავი და ჩაილაპარაკა:

- მართალი ხარ, ეს კაცი რატომღაც ნდობას იმსახურებს. არ ვიცოდი, ვინ იყო. კი მეცნო, მხოლოდ ერთხელ შორიდან მყავდა ნანახი, მაშინ, უფლის გვერდით...

- შენგან წამოსულმა კვლავ მე მომძებნა და მითხრა, - ვისთან გამგზავნე? როდესაც ზეთისხილის ფერდობზე პური გავტეხეთ და ღვინო დავლიეთ, ვკითხე, - ოთხი დღე მართლა მკვდარი იყავი-მეთქი? თავადაც არ იცის, მკვდარი იყო თუ არა. არ დამიდასტურა, რომ აღდგაო. - მართალია?

ლაზარე გაწითლდა. ყველამ შეატყო, რომ თვალები ცრემლით აევსო. დასტურის ნიშნად თავი დაიქნია და შემდეგ ისე, რომ ხმა უკანკალებდა, ძლივსგასაგონად წარმოთქვა:

- პეტრე, მითხარი, მართლა მკვდარი ვიყავი?!

- იქნებ, არც მე ვყოფილვარ ერთ დროს კეთროვანი, - ჩაილაპარაკა სიმონმა და თავი დახარა.

მართა და მარიამი კი ლაზარეს თავზარდაცემულები შეჰყურებდნენ, - ნუთუ ჩვენი ძმა მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალთმაქცობდა, ნუთუ მას უფლის ყოვლისშემძლეობაში ეჭვი ეპარება?! ნუთუ ჩვენ მატყუარებად მივაჩნდით და მთელი ის ხალხიც, ვინც უფლის დიდება და მისი აღდგომა იხილა?! სათქმელი არაფერი იყო. აქ სიტყვები სრულიად ზედმეტია. უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა. პეტრე მშვიდად მიუახლოვდა ლაზარეს, მხარზე ხელი დაადო, წამოაყენა, გულში ჩაიკრა და თქვა: 

- ვერასდროს შეეგუება მოკვდავი კაცი იმ აზრს, რომ იგი ოდესღაც მკვდარი იყო!

გონება გაუნათდათ და მიხვდნენ, ლაზარეს ურწმუნოება კი არა, ღრმა სულიერი განცდები ტანჯავდა, ამიტომ ყველას გული მოულბა და აღარავინ განსაჯა.

პეტრემ განაგრძო:

- ბარაბა შეშლილივით გარბოდა ჩემგან და ყვიროდა, - თქვენ არაფერი იცით, მე ვარ რჩეული, მე ვარ რჩეულიო! - და აი, თურმე რას გულისხმობდა ამ სიტყვებში... - მრავალმნიშვნელოვნად გაწყვიტა სიტყვა და უხერხულად მიმოიხედა.

- რას გულისხმობდა? - იკითხა სიმონ კეთროვანმა.

პეტრემ ამოიხვნეშა და განაგრძო:

- არ ვიცი, გსმენიათ თუ არა ღვთივსათნო ცოლ-ქმრის, პრისკილას და აკვილას შესახებ. რამდენიმე დღის წინათ, ისე, რომ ვერავის შეემჩნია, იერუსალიმის ტაძართან ქრისტეს აღდგომაზე ქადაგებდნენ. იქვე ყოფილა ბარაბაც. ყური მოუკრავს ქადაგებისთვის და ერთი ამბავი აუტეხავს, - ესენი დამღუპველ სწავლებას ავრცელებენო. ამასობაში ტაძრის მცველებიც მოვარდნილან, შეუპყრიათ ეს ქრისტიანი ცოლ-ქმარი და დილეგში ჩაუმწყვდევიათ. ბრალი კი მღვდელმთავარ კაიაფას წაუყენებია სინედრიონის წინაშე: ქალს ტაძართან ქადაგების უფლება არა აქვს, კაცი კი ამაში ეხმარებოდაო. განაჩენიც სწრაფად გამოუტანიათ, ქალისთვის - ჩაქოლვა, კაცისთვის - ბოძზე ჩამოკიდება. როდესაც ქალი ჩასაქოლად მიჰყავდათ, ქმარი კი ძელზე დასაკიდებლად, როგორც ჩვენი უფლის დროს, მთელ ამ საქმეს თავკაცობდა მღვდელმთავარი კაიაფა. ჯერ კაცი აცვეს ჯვარს გზად და ქალს აყურებინეს, შემდეგ ქალი გაიყვანეს ქალაქიდან და ქვა კაიაფას მიაწოდეს. ხალხი ყვიროდა,- პირველმა მღვდელმთავარმა ესროლოს უფლის მტერსო, და აი, ისე, რომ ხელი არ აჰკანკალებია, პირველივე გასროლაზე მოახვედრა მიზანს. დაწყებულა ქვის სეტყვა ქალის მიმართულებით. ქვის სროლაში გართულ მცველებს მღვდელმთავრისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. მერე მისულან და რას ხედავენ, - მოხუცი მღვდელმთავარი კაიაფა გულაღმა გდია და მარცხენა მხარეს დანა ტარამდე აქვს ჩარჭობილი გულისფიცარში, სისხლში ცურავს და ხროტინებს. იქით კიდევ ვიღაც კაცი შეშლილივით გარბის და იძახის, - ეგენი მაინც აღდგებიან, ნანახი მყავს ის, გაცოცხლებული მკვდარი, ნანახი მყავს, მე ამირჩიეს, მე ამირჩიესო! კარგა ხანი ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა, ყველაფერი აქ რომ დამთავრებულიყო, მაგრამ ამ შემთხვევიდან მალევე, მოკლული კაიაფას მთელი სახლეული - უფროსი შვილის გარდა, რომელიც მღვდლად მსახურობს ტაძარში და იმ დღეს ბეთფაგეში ნათესავთან იმყოფებოდა, - ყელგამოღადრული ნახეს. იმ დღესვე ყოფილი მღვდელმთავრის, ანას სამარხი წაებილწათ, მისი სხეულის ნაწილები დანაწევრებული, გათელილი და მიმოფანტული ნახეს... უამრავ ადამიანს დაუნახავს, რომ ეს ყველაფერი ჩაიდინა ერთადერთმა ადამიანმა, რომელსაც სახელად ჰქვია ბარაბა! „განა კაიაფამ არ მოითხოვა მისი გათავისუფლება?“  - ასე ლაპარაკობს ხალხი იერუსალიმში. ბარაბა შეიპყრეს (თუმცა, როგორც ამბობენ, გაქცევა არც უცდია, თითქმის ჩაბარდაო). იცის, რომ მოკლავენ. ერთადერთი მიზეზის გამოა დღემდე ცოცხალი: შეშლილივით გაიძახის, - ჩემი თვალით ვნახე, ვნახე, მან გააცოცხლა, ვინც ჩემ მაგივრად დასაჯეთო. უნდათ ათქმევინონ, - ვინ არის ის?

- ვისაც ეძებენ, ის მე ვარ! - ხმამაღლა წარმოთქვა ლაზარემ.

- დიახ, - დაუდასტურა პეტრემ, - როგორც ჩანს, ამ მხარეში დიდი დევნაა მოსალოდნელი.

- უფლის სიტყვის დასაცავად ყველაფრისთვის მზად ვართ, - მტკიცედ წარმოთქვა სიმონ კეთროვანმა, - აკი თქვა კიდეც, - წუთისოფელში ჭირი გექნებათო! ვაი ჩვენ, თუ დევნა შეწყდა და წუთისოფელმა შეგვიყვარა!

მართამ და მარიამმაც გამოხატეს მზადყოფნა სიკვდილისთვის, უფალი იესოს განსადიდებლად. ლაზარემ რაღაც ჩაილაპარაკა, თავი ჩაღუნა და დადუმდა, სიტყვა აღარ დაუძრავს.

სიჩუმე, სადაც მხოლოდ ლაზარეს ცრემლების დაცემის ხმა ისმოდა, მართას უცნაურმა საქციელმა დაარღვია: იგი ფეხზე წამოდგა და პეტრეს მიმართულებით გაემართა. პეტრემ ახედა და მის ხელში ისეთივე ჭურჭელი დაინახა, მარიამს რომ ეჭირა მაშინ, როცა უფალს ზეთი სცხო.  მართა შეჩერდა და წარმოთქვა:

- ყოველთვის მსურდა, ჩემი დის გონიერებისთვის მიმებაძა. უფლის წასვლის შემდეგ ბევრი გვიშიმშილია, მაგრამ, წლებია უკვე, ამას ვაგროვებ. ვიცოდი, უფალი მიმანიშნებდა, ვინ უნდა განმემზადებინა და რა საქმისთვის. აი, პეტრე, შენ რომში მიდიხარ, იქ უამრავი განსაცდელი გელოდება. ალბათ, აღარც არასდროს დაგვიბრუნდები. შენი მოულოდნელი სტუმრობა ჩვენთან უფლის მინიშნებად მივიღე, ეს ბოთლიც ამიტომ წამოვიღე დღეს სახლიდან. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენს უფალს უფრო მეტი ჰქონდა ნაფიქრი, მე კი ვცდებოდი! - მართა სწრაფად გაშორდა პეტრეს და ლაზარესკენ გაემართა. ბოთლი გატეხა და ძმას ნელსაცხებელი თავზე დაასხა. ოთახში ღვთაებრივი სურნელება დატრიალდა, ნელსაცხებელი ლაზარეს ცრემლებს შეერია და ასე ეპკურებოდა იატაკს. ყველა გაოგნებული შეჰყურებდა მართას და მის დაჩოქილ, თავდახრილ ძმას, რომლის გაცრეცილი კვართი და გამხდარი სხეული სამას დინარიანი წმინდა ნარდის ნელსაცხებლის სითხით და სურნელებით იყო გაჟღენთილი...

 

                                                                     3.

პეტრე რომში წავიდა. როგორც ერთი წიგნი გვეუბნება, მან მოგვიანებით უკან, იერუსალიმში, დაბრუნება განიზრახა და, როდესაც ქალაქის კარიბჭეს მოადგა, რომში მიმავალი იესო დაინახა. ჰკითხა, - სად მიხვალ, უფალოო? მან კი მიუგო, - ჩემი ძმების დასახმარებლადო. მიხვდა პეტრე რაზეც მიანიშნეს, უკან შებრუნდა და იქვე აღესრულა მოწამეობრივად. ლაზარე კი, ამ დღის შემდეგ, იორდანეს ნაპირზე ჩაფიქრებული დაეხეტებოდა. ხეტიალობდა და ტიროდა. ამასობაში იერუსალიმიდან ხმები ჩამოდიოდა, მღვდელმთავრის სიკვდილს არ აპატიებენ ქრისტიანებსო. ეს ავაზაკი ბარაბა უფრო ამწვავებდა მდგომარეობას, რადგან გაიძახოდა, - მე ვარ ნამდვილი ქრისტიანი, მე ვარ ნამდვილი ქრისტიანიო! სინედრიონს გამოძიება დაუწყია, იკვლევდნენ ბარაბას წარსულს, - სად, როდის და ვისთან ჰქონდა ურთიერთობა? აღმოჩნდა, რომ ადრე ბარაბა სამარიაში, გერიზიმის მთის მახლობლად დასახლებულ ერთ ბეთანიელ მეძავთან დადიოდა, რომელიც მოგვიანებით ქრისტიანი გამხდარა, სამარიიდან გაპარულა, სადღაც გამქრალა (გათავისუფლების შემდეგ, ბარაბას იგი ვეღარ უნახავს) და წესიერ ცხოვრებას შესდგომია; ეს ერთადერთი ქალი ყოფილა, რომელსაც ბარაბა დღესაც ვერ ივიწყებდა. ამიტომ დაუწყია იმ ქალის და მისი ღმერთის ძებნა (ერთგან უთქვამს, - იქნებ, ამ ქალის მეშვეობით ღმერთი ვიპოვო და ღმერთის მეშვეობით - ქალიო), ღმერთის, რომელიც შემთხვევით ნისანის თოთხმეტს მის გვერდზე მდგარა ხალხისა და პილატეს წინაშე. ხალხმა კი, კაიაფასგან წაქეზებულმა, ეს აირჩია... ფაქტია, ბარაბა სიყვარულმა შეშალა! გაიძახის, - მე ვარ რჩეული, მე ვნახე ზეთისხილის ბაღში ლანდად ქცეული, გაცოცხლებული ადამიანი. ერთი დოქიდან ვსვამდით, ერთი ხელით გავტეხეთ პურიო!..

სინედრიონში ერთი ბრძენი კაცი, ის ერთადერთი გადარჩენილი შვილი კაიაფასი, ეზრა, რომელიც უკვე მღვდელმთავრობისთვის ემზადებოდა, ამდგარა და უთქვამს: „მისმინეთ, ღვთის მგმობელი, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინათ ჯვარს ვაცვით და რომელმაც მიმდევრების მცირე ჯგუფის დატოვება მაინც შეძლო ჩვენს ქვეყანაში, როგორც ამბობენ, ავადმყოფებს კურნავდა და მკვდრებსაც აცოცხლებდა... - აქ პაუზა გააკეთა, რათა სიცილის საშუალება მიეცა სინედრიონის წევრებისთვის. ჰოდა, ჩვენ შეგვიძლია ამ ვითომ გაცოცხლებული მკვდრების შემთხვევები გამოვიძიოთ, აღვნუსხოთ და ზუსტად დავადგინოთ „გაცოცხლებულთა“ ვინაობა. შემდეგ ეს ადამიანები მოვინახულოთ და გამოვკითხოთ, მართლა აღდგნენ თუ არა? იქნებ ზოგი მათგანი უკვე მეორედაც მოკვდა? (აქაც პაუზა გააკეთა). ყველას მოეწონა ეს აზრი, დაუჯერეს ეზრას, ახალ მღვდელმთავარს, რომელსაც არცერთხელ არ გაუცინია. გამოძიებით გაარკვიეს, რომ სულ სამი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევა ყოფილა იესოს მოღვაწეობის პერიოდში ისრაელში. სამი ბევრი არ არის. ორი ადვილად გადაამოწმეს: ნაინში აღდგენილი დედისერთა ბიჭი აქვე, იერუსალიმში დასახლებულა. წლების შემდეგ მართლაც მომკვდარა მეორედ. ხოლო მომდევნო შემთხვევა აქ მომხდარა, იერუსალიმში, სინაგოგის წინამძღოლის გოგონა გაუცოცხლებია. ის, უკვე ახალგაზრდა ქალი, ფაქტს ადასტურებდა... ის კი არა, ამტკიცებდა, - ახლაც ცხადად მახსოვს, მკვდარს შორიდან როგორ  ჩამესმა უფლის ხმა: „ტალითა კუმი!“. სინედრიონის წევრებმა მამამისის ნახვა მოითხოვეს, მაგრამ თურმე გაუსწრია, - ის კაცი უკვე გარდაცვლილიყო. სულერთია, სიკვდილი მაინც არ ასცდებოდა სინაგოგის წინამძღვარს. დამტკიცდა, რომ ამ ქალს არანაირი საერთო არ ჰქონია ბარაბასთან. მას არ წაუქეზებია... დარჩა ბოლო შემთხვევა: თურმე ბეთანიაში გამოქვაბულიდან გამოუყვანია ოთხი დღის მკვდარი, ვინმე ლაზარე. ბევრი ადამიანი ადასტურებდა აქაც, იერუსალმში, თუ როგორ დაუყვირია მოძღვარს, გამოქვაბულის წინ მდგარს, - „ლაზარე გამოდი!“ - და ლაზარე, ნაჭერში გახვეული, გამოსულა...

სინედრიონმა ჯარის შეგროვება დაიწყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ ყველაზე რეალური ბოლო შემთხვევა იყო. ალბათ ესაა, ვისზეც ბარაბა გაიძახის, - აღმდგარი ვნახეო! ვიდრე ჯარს შეაგროვებდნენ, ლაზარემ დაახლოებით სამი კილომეტრი გამოიარა და თავად მოადგა იერუსალიმს. სანამ მოადგებოდა, ვირზე მჯდარი, კვლავ ბარაბასთან იმ უცნაურ შეხვედრაზე ფიქრობდა...

 

                                                                      4.

როდესაც ზეთისხილის მთის მხრიდან იერუსალიმს მოუახლოვდა, ვირიდან ჩამოვიდა და ფეხით განაგრძო სვლა. ქალაქის შემოსასვლელში არავინ დახვედრია და ახლა, ასეთ განსაცდელში, უნდა ელოცა, ტაძრამდე შეუსვენებლივ უნდა ელოცა! ეფიქრა უფალზე, მკვდრეთით აღდგომაზე, სასუფეველზე... იცოდა მოციქულებისგან, მისი უფალი როგორ იტანჯებოდა გეთსიმანიის ბაღში, ოფლი და სისხლი სდიოდა სხეულიდან, მაგრამ საოცარია, მას ახლა არც ლოცვა შეუძლია და არც სიკვდილზე ფიქრი, მხოლოდ  მარტოობაზე, ვირზე და მარტოობაზე ფიქრობს.- კიდევ კარგი, არავინ დამხვდა: აქ არც პალმის ტოტებია და არც ოსანა. აქ არის გზა, გზას ვადგავარ ჩემს ვირთან ერთად. ვხვდები, როგორ აღმაფრთოვანებდა ყოველთვის ეს ცხოველი - ნაღვლიანი და მდუმარე. ახლაც მარტოა, ორივენი მარტონი ვართ, ერთად და ცალ-ცალკე, დაღონებული, თავჩაქინდრული მომდევს, ამაზე მეტად ვერც ვერავინ მანუგეშებდა. ზოგჯერ უფალი ვირსაც იყენებს ჩვენს გასამხნევებლად. ასეთი დუმილის წინაშე უძლურია განსაცდელი, ასეთი დუმილი მხოლოდ ღმერთმა თუ იცის ცაში. მისი ყოვლისშემძლეობაც ყველაზე მეტად მაშინ გამოვლინდა, როდესაც ერთხელ ვირი აალაპარაკა. ალბათ, სამყაროს შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე ვირის ალაპარაკება. მე კი, ნახევრად ვირს და ნახევრად ადამიანს, აღარ ვიცი, რა უნდა მწყინდეს და რა მიხაროდეს. იერუსალიმის კარიბჭეს ვუახლოვდები და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბალაამიდან მოყოლებული, დროში ვმოგზაურობდე. ერთხელ პალმის ტოტებსაც აფენდნენ ჩემ წინ. შემეძლო, ამპარტავნულად მეფიქრა, - ამას მე მიფენენ და არა იმას, ვინც ზურგზე მაზის-მეთქი, მაგრამ ვიცი ჩემი ადგილი, არ მჭირდება ოსანა, ყროყინი მირჩევნია, ასე ვეხმიანები ადამიანებს, მინდა დავარწმუნო, რომ მათ ლაპარაკს ჩემი ყროყინი ჯობს... ვინ ვიყავი, როცა უფალმა ჩემზე მიუთითა და თქვა, - ახსენით, ამით უნდა შევიდე იერუსალმშიო? მისი სხეულის ანაბეჭდს ტანით დავატარებ. მას შემდეგ ბევრი მჯდარა ჩემს ზურგზე, ბევრი ტვირთიც მიტარებია, მაგრამ ყველაზე მძიმე და ყველაზე მსუბუქი ტვირთი ერთადერთხელ ვატარე, ჩემი ტანით ვატარე სიცოცხლე. დავატარებ და არც დავუღლივარ ეპოქებში მოგზაურობას. ყველგან საჭირო ვარ, რადგან ჩემი მეგზური დუმილი და მარტოობაა. მოგვიანებით მასთანაც კი გამაიგივეს, ვინც ერთხელ ზურგით ვატარე, და ამით თითქოს დასცინოდნენ. სასაცილო არაფერია, სიცილით სიკვდილს ვერ ამოავსებ. ერთადერთი მდუმარებაა, რითიც ყველაფერს გაათანაბრებ, რაშიც ყველაფრის მოთავსება შეიძლება, რადგან მდუმარებას ფსკერი არა აქვს. კარიბჭეები დაიგმანება, წიგნები დაიხურება, მაგრამ ვირი ყოველთვის იმოგზაურებს, რადგან მდუმარებას, ნაღველს და მარტოობას არ სჭირდება წიგნები და კარიბჭეები. ვინ იცის, მერამდენე ადამიანი შემყავს იერუსალიმში  სატანჯველად და ძელზე ჩამოსაკიდებლად?! ვიღაცა იტყვის,  - ვირი სიკვდილთან მიმყვანი ცხოველიაო. არ არის სწორი! უვიროდ გენახათ თქვენ ტანჯვა! - მე ხომ გზაში ვაგუებ ადამიანს იმას, რაც ისედაც არ ასცდება. ცხენზე ამხედრებულს, ყველას ღმერთად წარმოუდგენია თავი; ხოლო ვინც ჩემს ზურგს გაჰკარებია, მასში არასდროს გაჭაჭანდება ამპარტავნობა. ცხენი ადამიანისთვის შეუფერებელი ცხოველია. სიმშვიდე, სიწყნარე, უდრტვინველობა ჩემში განისვენებს და, ვინც სიკვდილის მოახლოებისას ერთხელ მაინც მოისმენს ჩემს ყროყინს, ერთხელ მაინც გადამისვამს თავზე ხელს, მისთვის გაუსაძლისი არანაირი განსაცდელი აღარ იქნება.

ვირმა დაიყროყინა და დადუმდა... მართლაც, ლაზარეს სულში ღიმილიანმა განწყობამ, საოცარმა სიმშვიდემ და ერთფეროვნებამ დაისადგურა, მან ვირს თავზე ხელი გადაუსვა და ჰინომის ველთან ახლოს, კაიაფას სახლთან მივიდა. მღვდელმთავარი ეზრა იკითხა. სახლში მსახურმა უთხრა, - ნუთუ არ გახსოვს, პასექი ახლოვდება და ტაძარში იქნებაო. ლაზარე გამგებლის სასახლის გავლით, ხიდის მხრიდან, იერუსალიმის ტაძართან მდგარ სინედრიონის დარბაზს მიადგა. იქაც, შესასვლელში, მღვდელმთავარი ეზრა იკითხა. დარბაზში მართლაც იყო შეკრებილი სინედრიონის რამდენიმე წევრი, რომლებიც სწორედ ბეთანიაზე მსჯელობდნენ. როდესაც ეზრა გარეთ გამოვიდა და ჰკითხა, - ვინა ხარ და რა გინდაო? - ლაზარემ კიდევ ერთხელ გადაუსვა ჩაზნექილ და თბილ ზურგზე ვირს ხელი და უდრტვინველად მიუგო, - მე ის ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ, არ არის საჭირო ბეთანიის ასაოხრებლად ჯარის შეგროვებაო. მღვდელმთავარი განაცვიფრა ამგვარმა გაბედულებამ, თუმცა არ დაბნეულა, სასწრაფოდ გასცა ლაზარეს დაპატიმრების და სინედრიონის დარბაზში შეყვანის ბრძანება. ვირმა, როგორც კი თავისი საქმე შეასრულა, კისერი მოიღერა, ერთიც დაიყროყინა და ბეთანიისკენ მიმავალ გზას დაადგა. ლაზარემ, რომელსაც მცველები ეძიძგილავებოდნენ, გაიღიმა და მშვიდად გაჰყვა მათ...

 

                                                                      5.

- შენ ხარ ლაზარე, ქრისტიანი ბეთანიიდან? - ეკითხებოდნენ სინედრიონის წევრები.

- თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ! - მტკიცედ მიუგებდა ლაზარე.

- შენ გაგაცოცხლა იმ თვითმარქვიამ, ოთხი დღის მკვდარი? - იცინიან.

- მე აღმადგინა მოძღვარმა ღვთის ძალით! - ისეთი სიმტკიცით ლაპარაკობდა ლაზარე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩამომხმარი, გაყვითლებული სხეულიდან ამოსული ასეთი ბგერები ერთობ სასაცილო ატმოსფეროს ქმნიდა, სინედრიონის წევრებს ნელ-ნელა დაეკარგათ ხალისიანი განწყობა. ის კი არა, რაღაცნაირად შეურაცხყოფილადაც კი იგრძნეს თავი. თითქოს ლაზარეს კი არა, თავის თავს დასცინოდნენ.

- რით ამტკიცებ, რომ აღგადგინა?

- ჩემი არსებობით!

- დარწმუნებული ხარ შენს არსებობაში? - გაეცინათ.

...

- იცნობ იმ ავაზაკს, ბარაბას?

- ვიცნობ, ორჯერ მყავს ნანახი, თუ იმ ბარაბაზე მეუბნებით, პილატეს დროს თქვენ რომ გაათავისუფლეთ!

ეს კი არ მოეწონათ სინედრიონის წევრებს. დაცვას დაუძახეს, - ბევრს ლაპარაკობს, ჭკუა ასწავლეთო, და იქვე დაარტყეს ლაზარეს შუბის ტარები.

- მაინც რა ნახე მიცვალებულთა საუფლოში, აკი მთელი ოთხი დღე იქ დაჰყავი?

ლაზარემ ისე, რომ მათი დაცინვისთვის ყურადღება არც მიუქცევია, მიუგო:

- აბრაამი ვნახე და კიდევ...

- და კიდევ ვინ?

- თქვენ! თქვენ გნახეთ!

- ნუთუ ჩვენც დავიხოცეთ? ხომ არ აღგვადგენს შენი მოძღვარი? - იცინიან.

- ხომ დაიხოცებით?..

კვლავ მცველებს უხმეს და ლაზარეს „ჭკუა ასწავლეს“.

ეზრა წამოდგა, მას არც ახლა გაუცინია არცერთხელ: - მოგვიყევი, რა ნახე?

- რა და, ჩემი დაწყლულებული სხეულით აბრაამის მკერდთან აღმოვჩნდი. იქით დიდი უფსკრული იყო, უფსკრულს გადაღმა კი ვიღაც მდიდარს და გავლენიანს ვხედავდი, ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილს. ვიცანი, მგონი მღვდელმთავარი ანა იყო...

დაიყვირეს:

- გმობს! ამის მოსმენა არ შეიძლება! - ეზრამ ყველა დაამშვიდა, შეახსენა, რომ ანა სწორედ მისი ბაბუა იყო, - მოდი, ბოლომდე მოვუსმინოთო.

- განაგრძე.

- ის საშინლად იტანჯებოდა, - განაგრძობდა ლაზარე, - მეხვეწებოდა, მიშველე, ცეცხლში ვიტანჯები, პეშვით წყალი მაინც მომაწოდე, რომ წამით გავიგრილო სულიო. დავაპირე კიდეც, მაგრამ აბრაამმა, რომელსაც თქვენ მამას ეძახით, არ გამიშვა. მითხრა, - უფსკრულში შთაინთქმებიო. ეს უფსკრული მათგან არის, გაიხსენე, დედამიწაზე ისინი უბრალო ხალხს, ვინც სათნოა ღვთისთვის, დამამცირებლად ამ-ჰაარეცს - „მიწის ხალხს“ ეძახდნენ. როცა ეგენი მდიდრულ სუფრას უსხდნენ, შენ მშიერი დაეხეტებოდი ზეთისხილის ეზოებში და სურნელით იკლავდი შიმშილს. ჩამოჯდებოდი მათი სუფრის ძირში და იქიდან გადმოყრილი ნამცეცებით იკვებებოდი. მილიონობით შენნაირი ახლაც ამათი სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცების იმედზეა. აქ კი ყველაფერი სხვაგვარად არის, უნდა მიეზღოს ყველას საკადრისი: ვისაც მიეცა და სხვას არ გაუნაწილა, წაერთმევა, და ვისაც არ მიუღია, - მიეცემა!.. დიახ, მე ნამდვილად ვიყავი მკვდარი და ღმერთმა აღმადგინა!

ლაზარეს სიმშვიდე, სიმტკიცე და თავდაჯერებულობა ყველას აკვირვებდა და აღიზიანებდა.

ვიღაცამ დაიძახა:

- ამან გააქეზა ბარაბა ამდენი მკვლელობის ჩასადენად. ერთად მოიფიქრეს შურისძიება. შეხედეთ, როგორ თავხედურად ლაპარაკობს! წაიყვანეთ და დრომდე თავის მეგობართან ჩაამწყვდიეთ, სანამ სინედრიონი ორივეს განაჩენს გამოუტანდეს.

სინედრიონმა ორივე მათგანს, რა თქმა უნდა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და იმ დროს რომის მიერ დანიშნულ იუდეის გამგებელ ფელიქსს, განაჩენი დასამტკიცებლად სასახლეში წარუდგინა. ამასობაში იერუსალიმში მზე გადავიდა და დაიწყო პასექი, 14 ნისანი.

ფელიქსმა საქმე მალევე განიხილა და ბრალდებულების სასახლეში მიყვანა ბრძანა. იერუსალიმში, სადაც პასექზე ყოველთვის უამრავი ხალხი იკრიბება მთელი იუდეიდან, ხმა დაირხა, - მღვდელმთავარ კაიაფასა და მისი ოჯახის ამოწყვეტაში ბრალდებული ორი ქრისტიანი შეიპყრეს და გასამართლებას უპირებენო. უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი იუდეის იმჟამინდელი პროკურატორის სასახლესთან.თუმცა ფელიქსის სასახლეს, პილატესგან განსხვავებით, რომიდან გამოგზავნილი უამრავი პრეტორიანელი იცავდა. ასე რომ, ფელიქსს ხალხის არ შეშინებია, პირიქით, მოეწონა კიდეც ბევრი ხალხის გამოჩენა, - იგი არტისტული ბუნების ადამიანი იყო!

საქმე ის არის, რომ ფელიქსი ახალგაზრდობაში კარგად იცნობდა პილატეს. როდესაც პილატე იუდეიდან გაიწვიეს და რომში დაბრუნდა, თავის მეგობარ ყველა დიდებულ პატრიცს უყვებოდა, თუ რა გადახდა იუდეაში; როგორ დაასჯევინეს ერთი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც თავისთავს იუდეველთა მეფეს უწოდებდა. ფელიქსი იუდეაში ჩამოსვლისთანავე დაინტერესდა ამ საქმით, გამოჰკითხა უამრავი ადამიანი და დარწმუნდა, რომ იესო ქრისტე მართლაც უდანაშაულო მსხვერპლი იყო იმდროინდელი სასულიერო პირების სისასტიკისა და თვალთმაქცობის, ამიტომ მათი კვლავ შერცხვენისა და თავისი თავის გამოვლენის ასეთ შანსს არ გაუშვებდა ხელიდან. თითქოს ისტორია გამეორდაო: ახლაც პასექია, ქრისტიანებს ასამართლებენ. მაშინ მღვდელმთავარი კაიფა იყო, ახლა მისი შვილია, ეზრა... სამხედროები გაგზავნეს სატუსაღოდან ბრალდებულების მოსაყვანად...

 

                                                                            6.

იქ კი ორი ადამიანი იჯდა პირისპირ, თითქმის ისევე, როგორც მაშინ, ზეთისხილის ფერდობზე, და ჯერ არაფერს ეუბნებოდნენ ერთმანეთს. ერთი - ლამაზი, სრულიად შეუსაბამო იმასთან, რაც შინაგანად იყო; მეორე - გამხდარი, გაყვითლებული, მუცელიც გამოჰბერვოდა შიმშილისაგან. ის მართლაც ჰგავდა ადამიანს, რომელიც კი გააცოცხლეს, მაგრამ თითქოს სიკვდილის წინა მდგომარეობაში დააბრუნეს,- აქაც სრული აცდენა სხეულსა და სულს შორის. პირველად მაინც ლაზარემ თქვა:

- რატომ დახოცე ისინი?

- რატომ არ მითხარი, რომ აღდექი?

- ეს ვერაფერს შეცვლიდა.

- რატომ?

- მერყეობა და ურწმუნოება მეფობს შენში! ჯობს, უფალ იესოს სიყვარულმა მიგიზიდოს ჭეშმარიტებისაკენ და არა ჩემმა მკვდრეთით აღდგომამ.

- მართალი ხარ, მაინც დავხოცავდი. მაგათ გადამარჩინეს, თითქოს სხვისი სული მიდგას სხეულში, სხვის მაგივრად გამომიშვეს, თავი დავკარგე. მათზე შური უნდა მეძია, მათი მოკვლით ცოტა ხნით საკუთარი სული დავიბრუნე. მახსოვს, მაშინ ყვიროდნენ, - ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგათი ცოდვაო...

- უცნაურია, იმათ ხოცავ, ვინც სიცოცხლე გაჩუქა...

- იმათ ჩემი სიცოცხლე არ უჩუქებიათ, სხვისი მაჩუქეს. ეს ერთადერთი რამეა, რაც სხვისი არ მჭირდება! თუ კაცი თავის არსებობაში დაეჭვდა, ის ღმერთს აუჯანყდება.

ამის გაგონებაზე ლაზარემ ირონიულად გაიღიმა.

- ეს შენთვის სასჯელია?

- სასჯელია! ბედნიერი ვარ, უნდა მომკლან!

- ნუღარავის მოკლავ, მაძლევ პირობას?

- ჰმ, როგორღა შევძლებ ვინმეს მოკვლას, - ახლა ხომ მე მომკლავენ?!.

ამ დროს საპატიმროს კარი გაიღო და ჯარისკაცები შემოვიდნენ. ორ ადამიანს, რომლებიც ჯაჭვებით ერთმანეთზე გადაებათ, ხელი სტაცეს და გამგებლის სასახლისკენ წაიყვანეს, სასახლის ვერანდაზე დააყენეს. ხალხმა მათ დანახვაზე სტვენა და ყვირილი ატეხა, - სიკვდილი მკვლელებს, სიკვდილი ქრისტიანებსო! ამ დროს გამოჩნდა იუდეის პროკურატორი ფელიქსი, რომელიც ცბიერებით ყველა წინამორბედს აჭარბებდა... მან ხალხს მიმართა:

- ეს ორი ადამიანი თქვენთვის კარგად ცნობილი ავაზაკი - მკვლელი ბარაბა, რომელიც ერთხელ უკვე გათავისუფლდა... - აქ ფელიქსმა მცირე პაუზა გააკეთა, პირთან მუჭი მიიტანა და ჩაახველა, - და შედარებით უცნობი ქრისტიანი, ლაზარე ბეთანიელია. როგორც ამბობენ, ოთხი დღის მკვდარი იყო და მისმა ღმერთმა გააცოცხლა, - ბრბოში ადგილ-ადგილ სიცილი გაისმა, - მათ ბრალი ედებათ მღვდელმთავარ კაიაფას ოჯახის განადგურებაში, - ხალხში ყვირილი ატყდა: „სიკვდილი მკვლელებს! სიკვდილი მკვლელებს!“ - ბარაბაც ამბობს, რომ ქრისტიანია, თუმცა ჩვენ ამის დამადასტურებელი საბუთი ვერ აღმოვაჩინეთ, გარდა იმისა, რომ რამდენჯერმე შეხვდა ქრისტიანებს. მეორე ბრალდებული კი ნამდვილად ქრისტიანია და, როგორც ამბობენ, მან წააქეზა ბარაბა მკვლელობების ჩასადენად; მათ ბეთანიაში, ზეთისხილის მთის ფერდობზე დაგეგმეს ეს მკვლელობები. ორივე მსჯავრდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა მე გულდასმით გამოვიკვლიე ეს საქმე და მივედი დასკვნამდე: ამ ორიდან ერთ-ერთი  უდანაშაულოა. როგორც კეისრის წარმომადგენელი, კანონს ვემორჩილები, ამიტომ უდანაშაულო ადამიანს ვერ დავსჯი, ის უნდა გათავისუფლდეს! - ბრბოში კვლავ ჩოჩქოლი დაიწყო, სკანდირებდნენ, - უდანაშაულო არავინ არის, დამნაშავეა! დამნაშავეაო! - არა! ვთქვი და მორჩა! - განაგრძობდა ფელიქსი, - მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი უდანაშაულოა, თუმცა გეთანხმებით, უდანაშაულო არავინ არის. მაშ ასე, ადრე თქვენ ქრისტეს მაგივრად აირჩიეთ ბარაბა... თქვენ წინაშე ისევ დგანან... ბარაბა და ლაზარე, ქრისტიანი. აქედან ერთ-ერთი უნდა დაისაჯოს. ორივე იუდეველია, ამიტომ არჩევანს თქვენ გიტოვებთ. დღეს თოთხმეტი ნისანია, ერთს ვათავისუფლებ! - განაცხადა პროკურატორმა და დაამატა: - ბარაბა თუ ლაზარე?!

ხალხი გაჩუმდა. ყველა სინედრიონის წევრებისკენ იხედებოდა. ეზრამ დაიძახა, - რაკი ასეა, მცირე ხნით მოვითათბირებთ და გეტყვით ჩვენს გადაწყვეტილებასო. სანამ სინედრიონი თათბირობდა, ფელიქსმა წყალი მოატანინა და დემონსტრაციულად, ასე ვთქვათ, სამსახიობო ოსტატობის წესების დაცვით, დაიბანა ხელები. ბრბოში ზოგიერთს ჯერ კიდევ ახსოვდა, საქვეყნოდ ხელების დაბანა რასაც ნიშნავდა... სინედრიონში თითქმის ერთსულოვნება სუფევდა, თუმცა მაინც უყარეს კენჭი და გადაწყვეტილება მღვდელმთავრმა ეზრამ გამოაცხადა:

- მიუხედავად იმისა, რომ მე ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, გათავისუფლდეს ბარაბა!

ფელიქსმა კვლავ ხალხს მიმართა:

- ბოლო სიტყვა თქვენია, ვინ გავათავისუფლო, ლაზარე თუ ბარაბა? - და ხალხმა ერთხმად იხუვლა:

- ბარაბა! გაათავისუფლე ბარაბა! მაგას კიდევ გააცოცხლებს თავისი ღმერთი!..

ამ წამოძახილზე ბრბოში ადგილ-ადგილ სიცილი გაისმა. ბარაბა კი აქეთ-იქით აწყდებოდა, მცველები ძლივს აკავებდნენ, და ყვიროდა:

- ლაზარე, ლაზარე გაათავისუფლეთ! არ მჭირდება სხვისი სიცოცხლე! - მაგრამ მისი ხმა ბრბოს ხმაში ჩაიკარგა ისე, რომ არც არავის გაუგონია, რას ყვიროდა.

ხალხი აღარ დამშვიდებულა. ყაყანებდნენ და ერთმანეთს ეხლებოდნენ... ამასობაში ბარაბას ხელები გაუხსნეს და ისიც დაჭრილი ნადირივით შეერია ბრბოს, ყურში კი ლაზარეს სიტყვები ჩაესმოდა: „მომეცი პირობა, რომ აღარავის მოკლავ!..“.

ამასობაში ლაზარე გამგებლის სასახლის უკანა მხარეს, ქალაქგარეთ გაათრიეს და ძელზე ჩამოკიდეს. როდესაც ხელებში სამსჭვალს, ანუ ლურსმანს არჭობდნენ, ძვლები იმდენად დაწვრილებოდა, მაჯა გადაუტყდა, კრუნჩხვებისგან დაიკლაკნა, თუმცა ჯარისკაცებმა გამოსავალი მალევე მოძებნეს, - ხელები მაგრად მიუბეს ბოძზე. ლაზარეს ფერხთით დაჩოქილი მართა და მარიამი ლოცულობდნენ, სთხოვდნენ ღმერთს, რომ არ გასჭირვებოდა მათ ძმას სიკვდილთან შეგუება და ბოლომდე ერთგულების შენარჩუნება; აკი ერთხელ უკვე გამოცდილიც ჰქონდა სიკვდილი...

ამ დროს ოდნავ მოშორებით კიდევ ერთი კაცი უთვალთვალებდა ჯვარს. დაჩოქილი დედაკაცებიდან რატომღაც ერთი იქცევდა განსაკუთრებულად მის ყურადღებას... ლაზარესთვის კი ძალიან მალე დადგა აღსასრული, ბევრი არც უწვალია. სიკვდილის მოახლოებისას უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და მშვიდად წარმოთქვა: უფალო იესო, უშველე ბარაბას, რომ დასრულდეს მსხვერპლი და გაურკვევლობა. ახლა ვიცი, რაც არის სიკვდილი!

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული