• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

როცა გასაღები ყველაზე დიდი ნაღმია

×
maSKA
ავტორის გვერდი სკა ინდიგოთი 08 მაისი, 2018 2945
***
 
ვინც გზაზე მაბამს
პირველივე ქარს მიყვება
მას ვშობ
ვის ნახვასაც არასდროს ველი
ვფიქრობ ბავშვზე
რომელიც ბოლო სიზმარში მტვრად იქცა
და თვალებში ჭიანჭველები შეისახლა
მაგრამ ვწერ გზაზე
რომელიც სხვის დღეებს მაჭმევს
და ყველა სახიდან წასვლის სურვილით მაღვიძებს
გაღვიძება გავს გადმოფურთხებას
ის დროა იყო მარტო
გეშინოდეს და გიხაროდეს.
 
 
 
***
 
არსებობს სივრცეები პრეზიდენტების და კიბერპრეზიდენტების გარეშე
სადაც სხვა სამეფოების წინ ვგდივართ
და ერთმანეთს სიტყვებს ვაწმენდთ
არ შემიძლია გავიხსენო
რატომ შევხვდით და გავცვალეთ ნაბიჯები
რომლებსაც ახლა პირში ვიჩრით და ვიგროვებთ
თუმცა არ გვყოფნის
როცა ვხედავდი ბავშვს
რომელსაც თმის მაგივრად რელსები ება
და მისი თავი იყო გზაჯვარედინი
არ ვიღლებოდი წასვლებისგან
და თვალებიდან მის სახეს ვდევნიდი
მას შემდეგ მიწა იძვრის
თავზე მეყრება იისფერი მნიშვნელობები.
 
 
 
***
 
როცა გასაღები ყველაზე დიდი ნაღმია
და ადამიანები მიათრევენ ერთმანეთის ხორცდაუსრულებელ სხეულებს,
შენ ფიქრობ მარადიულ არარსებობაზე და სიზმრებს თვალებში ახვევ.
მზე იწურება და თავიდან იწყება ღამე.
ის მართალია, 
ოთახებს მხოლოდ კედლების დამალვა გამოსდით.
აქაა დასაწყისიც და დასასრულიც
და როცა გძინავს სარკეები იცინიან.
გადაიხადე გასაღების ფული,
გადაიხადე მიწის ფული და იძინე საწოლში,
რომელიც გავსებს ავერსიით.
აქ არაა არცერთი ადგილი,
რომელიც შეძლებდა შენს დატევას და გამოჩენას.
მე მინდოდა, რომ დამენახე
მინდოდა, რომ გაგვეხადა აყროლებული უჰაერობა,
გამოგვეცვალა ადგილი, დრო,
გამოგვეცვალა ერთმანეთისთვის ეკლიანი ფეხსაცმელები,
მიწები, რომლებიც გვიხრავენ ტერფებს.
 
 
 
***
 
როცა ცხოვრობ სხვისი თანდასწრებით
უნდა იცოდე
რომ შენი სახლია სტატისტიკა
და ხვალ ერთმანეთი ნაოჭებივით გამოჩრილი სვეტოვანი დიაგრამებით უნდა ვიცნოთ
ჩვენ ვართ დამატებითი ცვლადები
რაც ნიშნავს იმას
რომ ჩვენი გავლენის ნიველირება აუცილებელია
წინააღმდეგ შემთხვევაში 
სამშობლო თავს დახრის
და მომავალი ნათელი არ იქნება
ამიტომ ყოველთვის არის სხვა
ვინც გვახსენებს ვინ ვართ
ვინც დროდადრო თავს ყოფს ეკრანიდან
გვიღიმის და პირიდან დუჟს იდენს
შენ ბევრს წერ
არ ფიქრობ მასზე
და შენი ლექსი უკეთესია.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული