• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

გამარჯვება

×
შვანკმაიერი
ავტორის გვერდი გიიომ აპოლინერი 04 ივნისი, 2018 2947

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

 

მამალი ყივის მე სიზმარს ვხედავ და ტოტები არხევენ
თავიანთ ფოთლებს რომლებიც საბრალო მეზღვაურებს გვანან
 
ფრთაშესხმულები და მბრუნავები ვით ცრუ იკაროსი
ბრმები გასცემდნენ ჭიანჭველების მაგვარ ჟესტებს
თან იწონებდნენ თავებს წვიმსქვეშ ტროტუარის ანარეკლებზე
 
მათ სიცილებს თავი მოეყარათ ყურძნის მტევნებად
 
ნუღარ დამტოვებ ნუ წახვალ მოლაპარაკე ალმასო
მშვიდად იძინე შინ ხარ ყველაფერი შენია
ჩემი საწოლი ჩემი ნათურა და ჩემი გახვრეტილი ჩაფხუტი
 
ძვირფასი მზერები საფირონები მოჭრილი სენ-კლოდის შორიახლოს
          დღეები იყვნენ სუფთა ზურმუხტი
 
მე შენ მახსოვხარ ქალაქო მეტეორების
ისინი ცაში ყვავილობდნენ იმ ღამეობით როცა არაფერს სძინავს
სინათლის ბაღები სადაც მე დავკრიფე თაიგულები
 
ნუთუ არ გეყო ამ ზეცის ფრთხობა
               დაე შეიკავოს სლოკინი
 
რთულია წარმოდგენა
რამდენად აშტერებს და ადუნებს ხალხს წარმატება
 
ახალგაზრდა ბრმების სასწავლებელში გაისმა კითხვა
ხომ აღარ გყავთ ჯერაც ნორჩი ბრმა ფრთიანი
 
ო პირებო კაცი ახალი ენის ძიებაშია
რომელზეც ვერცერთი ენის გრამატიკოსი ვერაფერს იტყვის
 
და ეს ძველი ენები იმდენად ახლოს არიან სიკვდილთან
რომ ჭეშმარიტად მხოლოდ ჩვევა და გამბედაობის ნაკლებობითაა
რომ ჯერაც ვიყენებთ მათ პოეზიისთვის
 
მაგრამ ისინი უნებისყოფო სნეულებს გვანან
ღმერთმანი ხალხი ხელად მიეჩვეოდა სიმუნჯეს
კინოს ხომ მშვენივრად ყოფნის მიმიკა
 
                 მაგრამ მოდი დავიჟინოთ მეტყველება
                 შევარხიოთ ენა
                 გავისროლოთ ფურთხები
ჩვენ გვსურს ახალი ბგერები ახალი ბგერები ახალი ბგერები
ჩვენ გვსურს თანხმოვნები უხმოვნებოდ
თანხმოვნები მოგუდულად რომ აკუებენ
                  მიბაძეთ ხმას რომელსაც ბზრიალა გამოსცემს
აატკაცუნეთ ბგერა ცხვირისნიერი და გაბმული
მიაბრახუნეთ თქვენი ენები
გამოიყენეთ ყრუ ხმაური იმის რომელიც უკულტუროდ ჭამს
გადაფურთხების ფშვინიერი ხრიალი მოგვცემდა აგრეთვე ლამაზ თანხმოვანს
 
ასევე სხვადასხვა ბაგისმიერი კუილი მქუხარებას მოჰგვრა თქვენს მეტყველებას
მიეჩვიეთ თქვენს ნება-სურვილზე ბოყინს
და რა ასო კვეთს ზარის კვრასავით
           ჩვენი მეხსიერებების გადმოღმა
ჩვენ საკმარისად არ გვიყვარს სიამე
მშვენიერ ახალ რამეთა ხილვის
ო ჩემო ძვირფასო დაუჩქარე
გეშინოდეს რომ ერთ დღესაც მატარებელი აღარ აგაღელვებს
                   მეტად
შენივე ხათრით სასწრაფოდ შეხედე
ეს რკინიგზის ვაგონები წრეებს რომ არტყამენ
გასცდებიან მალე ცხოვრებას
იქმნებიან ლამაზები და სასაცილოები
 
ორი ნათურა იწვის ჩემს ცხვირწინ
როგორც ორი მოცინარი ქალი
მე სევდისგან თავს ვქინდრავ
მგზნებარე ქილიკის წინაშე
ეს სიცილი იფანტება
ყველგან
იმეტყველეთ თქვენი ხელებით ატკაცუნეთ თქვენი თითები
დაიკაკუნეთ ისინი ლოყაზე როგორც დოლზე
                                   ო სიტყვები
           ისინი მირტის ბუჩქებში სდევენ
           ეროსს და ანტეროსს ატირებულებს
მე ვარ ზეცა ქალაქის თავზე
 
                                    უსმინეთ ზღვას
 
ზღვის შორ გოდებას და მარტოსულ ტირილს
            ჩემს ჩრდილისამებრ ერთგულ ხმას სურს
            ბოლოს და ბოლოს ცხოვრების ჩრდილობა
სურს იყოს ო ზღვაო შენსავით ორგული
 
ზღვა რომელმაც უღალატა უთვალავ მეზღვაურს
სანსლავს ჩემს აღმოხდომებს ვით დამხრჩვალ ღმერთებს
და ზღვა მზეში ჩრდილს იტანს მხოლოდ
ჩიტებს რომ სცვივათ გაშლილი ფრთებიდან
 
მეტყველება უეცარია და მოცახცახე ღმერთი
მომიახლოვდი და მაარსებე მე ვნანობ ხელებს
რომლებიც აღეპროთ იმათ ვინც მადიდა
ხელების რა ოაზისი მიმიგებებს ხვალ
თუ იცი შენ ეს სიამე ახალ რამეთა ხილვის
 
ო ხმებო მე ვმეტყველებ ზღვის ენას
და პორტში ახლა ღამეა ბოლო ბარები
მე რომელიც სიჯიუტით ლერნელ ჰიდრას აღვემატები
 
ქუჩა რომელშიც ჩემი წყვილი ხელი მიცურავს
ნაზი თითებით ქექავენ ქალაქს
რომელიც მიდის მაგრამ ხვალ ვინ იცის
ეგებ გაქვავდნენ ქუჩები
ვინ იცის სად წავა მაშინ ჩემი გზა
 
წარმოიდგინე რომ რკინიგზებსაც
ვადა გაუვათ და მათ უმალვე მიატოვებენ
ნახე
 
გამარჯვება პირველ რიგში იქნება
შორს კარგად ხედვა
ყველაფრის ხედვა
ახლოდან
და დაე ყველაფერს ჰქონდეს ახალი სახელი
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული