• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მამაჩემი ვეშაპივით დიდია

×
ნიკა
ავტორის გვერდი ნიკა გეი 02 ივლისი, 2018 2747
*
 
სიზმრების ქალაქი დაცურავს ჩემი კიდურების გასწვრივ
ნელნელა მიახლოვდებიან რძეში ამოვლებული სახეები
ისინი მიღიმიან
და მელაპრაკებიან უსასრულოდ 
მრავალსახიანი ღმერთივით მოძრავი და ცვალებადი
ბნელ მატერიაში შთანთქმული სულები
მე მათ გავურბივარ ვარსკვლავის სიჩქარით
მე თვითონ ვხდები ვარსკვლავი
ჰელიუმის ყურებს და ხელებს ვიბამ
მაგნიტური მცენარეების მინდვრებში მოცეკვავე
ეს უსასრულო სამყარო მეძახის 
როგორც დედა სახლიდან გაქცეულ ბავშვს
როგორც ყვავილები წვიმაგროვას
როგორც ნიანგი ჩიტს
მეძახის და შველას მთხოვს
მეძახის და ხერხემლიდან სათითაოდ მაძრობს ყველა მალას
მეძახის და ვხვდები, რომ მისი ტყუილების ქსელში ვიხლართები
 
მისი ძახილი ეს სიმღერაა
სიმღერა გველივით დახვეულ ჯიმის დაუსრულებელ დასასრულზე
კოსმიურ სილაში თავი ჩავრგე და ჩამეძინა
 
 
 
 
*
 
მცენარეები ჭამენ საკუთარ ზურგებს
ჭამენ მაძღრად.
მე გავიცანი შვიდი გოგონა,
მე გავიცანი ბაიერნის ყველა მოხრილი ზურგი
და საკუთარი მხრები შევუშვირე სახურავის იმ
ნაწილს, რომელსაც აკლდა სვეტი. 
 
როცა ვფიქრობ სად მიდის ვაგონი 
 
რომელშიც არ ვზივარ მე,
ან მიტოვებულ სახლში როორბახთან თუ მძინავს
თუ მძინავს ორ მატარებელაკიდებულ ქარში,
სადაც ხითხითა მსუქანი ანგელოზი 
 
მოარბენინებს ჩემთვის ტომატის ცხელ სუპს.
მიუნჰენში მზის ტაშტებს დგამენ ღამე.
ბრჭყვიალებს გოგონა როგორც ნათურა
და ყველა კლუბი ყარს დაბსტეპით,
და ქალაქის ყველა მილიდან ჟონავს დაბსტეპი,
ეს უანგარო ქარხნული მუსიკა,
მას მოაქვს ბრმა ექსტაზი და ყრუ მელანქოლია,
და უფრო ყრუ მოძრაობა ქარის ზედაპირზე,
საიდანაც ვეშვები თოკებით.
ახლა მე ვხედავ თუ როგორ დაიშალა ქალაქი 
 
მაწანწალა ძაღლის პოზაში,
რომელმაც დაკარგა უკანასკნელი ჯემის ქილა.
ჩვენი ხელები  ღმერთებს მიაქვთ
ფეხებს კი მცენარეები ჭამენ,
დავკარგეთ,
დავკარგეთ სიმშვიდე.
 
 
 
*
 
მამაჩემი ვეშაპივით დიდია
ძლიერი კუნთები და მუშტები აქვს
როცა ხმას იღებს მიწა თითქოს ზანზარებს
ღონიერი და მამაცია
შეუძლია ცალი ხელით გაღუნოს ტანკის ლულა
მამაჩემი ღმერთია
ღმერთიც მამაჩემია
როცა ვლოცულობ 
მამას ვთხოვ, რომ მამა დაიცვას
არ მოაკლოს მამის მარჯვენა ხელი
აბრაამიც ასე იყო
ისააკიც
იაკობიც
იოსებიც
და ყველა მისი შთამომავლი
და იმის შთამომავალი
მამა თვითონ მრავლდებოდა 
თესლებს გზადაგზა ყრიდა და ასე 
მამის გენიტალიები სუფთაა როგორც ვერცხლის წყალი
როგორც ახლად დაწურული ღვინო
როგორც უნებლიედ დაღვრილი სპერმა
როგორც ცენტრი ყოველი ცოცხალის
მოძრავის
ნამდვილის. 
მამა ჩვენი არსობისა
რომელმაც მოგვცა შეუბღალავი გონი
და დათრგუნა ჩვენში ყოველი მზაკვარი
ეშმაკისეული
ვაგინისეული
ყველაფერი რაც არ ქმნის მამას
წააქცევს მას
ასაჭურისებს მას
უარყოფს და ამოძირკვავს.
 
 
 
 
მამა იყო 
მამა არის
მამა იქნება
 
 
 
*
 
ღმერთო , შენ ჩემს მკლავებში ხარ 
ციცინათელების კანი გითრთის
შენი ბაღები აკვარიუმია მცენარეებისთვის
რომლებიც კოსმოსის ნარჩენებით იკვებებიან 
მათ არასოდეს უნახავთ ოკეანის ფეთქვა
არ მოუსმენიათ შენი ხეებიდან განდევნილი ჩიტების მუსიკა
ან როგორ მოჟონავს ქვებიდან ნელთბილი ექო
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული