მას ჟამსა ნეტარი იგი გრიგოლ
მოხუცებული იყო ფრიად
და მიახლებულ ხორცთა განსლვად.
მოწეულ იყო აღუსებისა ზატიკი,
იდგა ვნებისა კჳრიაკე
(დღე იგი - დიდი ერმისი, დღე სერობისა)
და ნეტარი გრიგოლ იმარხვიდა მძიმედა
და იდგა ლოცვად.
ხოლო მწუხრისა ჟამსა
ყაბზობითა ტანჯული ნეტარი გრიგოლ
ფუჭად იბღინძვიდა
ფიჭვის ბელეშითა ნაგებ
ფეხსალაგსა შინა.
ხმაი მისი,
დია საწყალობელი,
რა წამს მისწვდებოდის სასმენელს
მუნ დაყუდებული ბერებისას,
მყის აღივსებოდნენ ისინი
მწუხარებითა აუწონლით.
ხოლო დღესა შემდგომსა,
ანუ აფროდიტისასა,
მოიწია კარაულითა
ბერი ერთი ჩარადოვანი,
უხემს-უწყლობითა გამოლასტულ-დაქიმითებული,
გარნა ვერავინ მიეახლა
ჩარადოვნებისა შიშითა.
მაშინ დაუტევა
სენაკი თვისი ნეტარმან გრიგოლ
და რქუა შემოჯარულსა ბერებსა მათ:
- რაისა გამო გაშინებთ ძე ღვთისა,
რომელსა განბორებისა სალმობაი აქუნდეს?!
მაშინ რქუა მას მრწემმა ძმამ ერთმა,
სახელ-დებითა ბარძიმ:
- წმიდაო მამაო, შენგან ჯმნულმცა არს შიში,
რამეთუ აწ მიხვალ უფლისა!
შემოჯარულსა მათ ბერებსა
ბაგეებზედ
მცირედ შეეტყობოდიან ღიმი,
ხოლო ნეტარმან გრიგოლ
არღარა წარსთქვა,
თითქო არა აქვნდა სმენაი.
მას ჟამსა
უხემსობითა გამოლასტულმან
ჩარადოვანმან ბერმან
სხვა ბერსა
გამოუღო ხელთა მისთა
პუმპულა კუხე და უმწიფარი,
განსაგდებად ზრახული,
და ჩაასო შუანი თვისნი
და საწყალობლად ღმურძლიდა.
ჯეკმა აღევსო გული სიბრალულითა
წმინდასა მამასა გრიგოლს,
ამბორ უყო პირზედ
და დასთხია ცრემლი ცხარე.
- წარიყვანეთ იგი გემოის ხილვად! -
ბრძანა მან და იგი წარიყვანეს ტრაპეზად.
მას უკან
ჭიაფერ ალიზაკითა ნაგებ გალიაკსა შინა
ქუე წარუგდეს კილიკი ერთი
და სასთაულაკი,
გრწყილი და ტილი მოუგონებელი
ადგილსა მას დასხმულ იყო,
არამედ ბერსა მას ფიქრი არა აქვნდა
და ძილად მივიდა, ვითარც მიცვლილი.
გულსა ეტყოდა ნეტარი მამა გრიგოლ,
ვითარმედ
ბერი იგი ჩარადოვანი
მოარულ იყო როჭიკის თხოვნად,
თუცა დაუკჳრდა როჭიკობა
ჟამსა ვნებისა კჳრიაკესა,
არამედ არა უწყოდა რა მართლისა.
ვითარცა მწუხრისა ჟამი აღასრულა,
შევიდა სენაკსა თვისსა მოსასვენებლად,
რაჟამს აღანთო კეროვნი,
ესმა: მსწრაფლ შემო-ვინმე-ვიდა.
მიაპყრო თუალნი თვისნი
ნეტარმან გრიგოლ
და იხილა ბერი იგი ჩარადოვანი
და კითხვაი რქუა.
ბერმან მადლი მისცა
მოწლებისა მისისათვის, ვინაიდგან კეთილად იყო
და იწყო სიტყუად:
- უფალმან შემინდოს
უჟამო ჟამსა ძილად მისვლაი.
- ნუს წუხ! - რქუა მას წმინდამან გრიგოლ.
- ვსწუხ, რამეთუ ჰაბო ტფილელი განხურდა
და არს ჰაბო ცხელელი,
წმინდა მამაო,
უკეთუ არა განაგრილებ,
მისთა გვამთაგან აღატყდეს ცეცხლი. -
სთქუა ბერმან და ცრემლი დასთხია.
- ნუ სტირა! - რქუა მას მამამან გრიგოლ, -
ესეღა თუმცა მეცნა,
მსწრაფლ წარვიდოდი.
ღმერთსა ასრე უნებს. -
სულთ–ითქუნა
ნეტარმან მამამან
და მღჳძარებდა ღამე ყოველ
და ცისკარ ოდენ იყო,
იახლა თანა ბერი ჩარადოვანი
და მრწემი ძმაი ბარძიმ
და განეშურა განსაგრილებლად ჰაბოისი.
ვლიდნენ დღე ყოველ,
მზე ვარდობაისა
დასთხევდა სხივთა,
სამო საჭვრეტ იყო
სიმწუანე ველთა და ფერდობთა
და ყუავილი ბევრის ბევრეული,
თუცა გულსა ნეტარი გრიგოლისას
არა მიეახლა რა,
თვინიერ ურვისა.
რაჟამს შემწუხრდა,
ნეტარმან გრიგოლ რქვა ბარძიმს:
- იღუაწე ჩუენთვის სადგური!
იყო მუნ ზეპური ვინმე
და ბარძიმმან, მისრულმან მოიკითხა იგი
და გაიხარა ზეპურმან,
დამართ დავარდა და
რქუა მამასა გრიგოლს:
- მაკურთხე, წმინდაო მამაო.
მიცნობიეს საქმენი შენი,
მადლი ღმერთსა,
რამეთუ მოშუერი.
და იყო ჟამი პურისაი
და მოიღეს საზრდელი ბევრეული,
თუცა წმინდამან გრიგოლ
არა იხილა გემო საზრდელთა,
მოუწოდა ძმებსაცა
და ბაღსა შინა მოისთულნა ნაყოფი კუხე.
მაშინ განიწყო გული
სიყმილითა ტანჯულმან მრწემმა ძმამან ბარძიმ
და იწყო უჯეროსა გინებად გულსა შინა:
-"დაამდაბლოს მშობელი ჩემი
ასერგასისმან კარაულმან
და კრულმც იყოს დღე იგი,
ოდეს მე ბერად შევდექ!" - და მისთანანი...
ჟამსა ძილად მისვლისას
მრწემმა ძმამ ბარძიმ
ნაყოფისა კუხესგან
იგრძნო გურემა მუცლისა
და განეშურა ფეხსალაგს.
გზად ესმა უბნობა,
მიეახლა გალიაკსა ერთსა
და იხილა სარკმლითგან:
ვითარ განიბანებოდა
დედაი განმოსილი
და თმაგარდატევებული,
არა ეხილა აქამომდე
სამოსგანძარცვული დედაი.
აუჩუჩუნდა დაფარული ასო
მრწემსა ძმასა ბარძიმს.
- დასცხერ და დაყუდენ, უკეთურო! -
რქუა საწულოსა თვისსა,
თუცა რაოდენ ეცადა დაცხრომას,
უფრორე აღტკინდა.
შემდგომად
იწყო მსწრაფლ ჩუკენობა და ჩუკნიდა,
ვიდრემდინ ნეტარიყუჩა
უცხოის ყივილითა
და სივლტოლად იწყო სწრაფით.
ცისკარ ოდენ იყო,
წმინდამან გრიგოლ
მადლი მისცა ზეპურსა მას
და გზას განეშურნენ.
ოდეს მიიწიეს სამყოფსა
ჰაბო ცხელელისას,
იხილეს კუამლი და ცეცხლი
სამყოფთა და ტყეთა და ველთა ზედა.
- წმინდაო მამაო, მისთა გვამთაგან აღატყდა ცეცხლი! -
რქუა ჩარადოვანმან ბერმან
და ცრემლი დასთხია.
- ნუ სტირა, უგულისხმოვ, ნუ მძიმე–გიჩნ დაშრეტა ცეცხლისაი! -
განიწყო გული ნეტარმან გრიგოლ
და რქუა ბარძიმსა:
- მოიწია ჟამმან შენმან, უმრწემესო ძმაო!
და ბარძიმმან განიხვნა
უებრო საბიძალი,
ამოაძვრინა საფსმური თვისი
და გადაახევა
და გადაახევა
და დიდროამ, ანუ ფსელდიდობამან იმან
მსწრაფლ დაშრიტა ცეცხლი იგი.
შემდგომად, ავლის და ნახშირის წიაღ,
იძიეს ჰაბო ცხელელი
და განაგრილა იგი წმინდამან გრიგოლ
და გახდა კუალად ჰაბო ტფილელი.
იდგა დღე იგი კრონოსისა... -
გრიგოლი ანალურმა ქავილმა გამოაღვიძა
ოფლიანი და გაკვირვებული იყო
რადგან ასეთი უცნაური
და დალაგებული სიზმარი
არასოდეს უნახავს
ბოლო რამდენიმე წელი იყო
ანალური ქავილი აწუხებდა
მაგრამ შვილისთვის და რძლისთვის თქმა ერიდებოდა
არადა ხანდახან მეტწილად ღამით
ისე ექავებოდა რომ ჭკუიდან გადადიოდა
მოქავება საოცრად სასიამოვნო იყო
მაგრამ გაჩერება უჭირდა
მანამ იქავებდა
სანამ ტკივილს არ იგრძნობდა
და გადატყავებული ანუსიდან
სისხლი არ წამოუვიდოდა
უკანალთან დაკავშირებულ ამბებზე
ექიმთან მისვლა ყოველთვის ერიდებოდა
ერთხელ ბუასილი დაემართა
და საშინლად ტკიოდა
სიარულში და სამსახურეობრივი მოვალეობის
შესრულებაშიც უშლიდა ხელს
ფიზიკური დაძაბვის დროს
როცა შლანგს ექაჩებოდა
ან როცა ქაფით
ფხვნილით
თუ ნახშირორჟანგით სავსე
ცეცხლმაქრებს იღებდა ხელში
სისხლით სავსე წყლული გარეთ გამოდიოდა
რაც საშინლად მტკივნეული იყო
ელოდებოდა თოვლს
რომ ბავშვობაში ბაბუისგან
შემთხვევით მოსმენილი (მეზობელს აძლევდა რჩევას)
მეთოდი გამოეყენებინა
იდგა დეკემბერი და არ მოდიოდა თოვლი
გრიგოლი კი იტანჯებოდა
დადგა იანვარი და არ მოდიოდა თოვლი
გრიგოლი კი იტანჯებოდა
დადგა თებერვალი და ერთ დილით
თვალის გახელისთანავე
ფანჯრიდან შემოსულმა
მხოლოდ თოვლისთვის დამახასიათებელმა
სითეთრემ მიიქცია გრიგოლის ყურადღება
წამოდგა სწრაფად და მიიჭრა ფანჯარასთან
თოვლი მოსულიყო
უფალს წამალი გამოეგზავნა
ჩაჯდა მანქანაში და ქალაქგარეთ გავიდა
სადაც ქარხნის შენობა ეგულებოდა
იქ ერთხელ ცეცხლი გაჩნდა
და მისმა ბრიგადამ ჩააქრო
მას შემდეგ შენობა მიტოვებული იყო
მანქანა ქარხნის უკან გააჩერა
და სახურავჩაქცეულ შენობაში შევიდა
შედარებით მოსწორებულ ადგილას
პეშვით თოვლი მოაგროვა
კონუსისებური ფორმა მისცა
მერე შარვალი ჩაიხადა
და წვეტს ანუსით შეეხო
გრძნობდა როგორ ეყინებოდა
ანთებით გახურებული ხვრელი
და საოცარ ნეტარებას განიცდიდა
კარგა ხანს იჯდა
ფეხები დაუბუჟდა
მაგრამ ცოცხალი თავით არ აპირებდა ადგომას
და ბოლოს შედეგმაც არ დააყოვნა:
გასკდომა არ უგრძვნია
მაგრამ დაინახა
როგორ შეიღება კონუსი სისხლით
და მანამ იჯდა
სანამ სისხლი ბოლომდე არ გამოიწრიტა
მას მერე ბუასილს არ შეუწუხებია
ბაბუას ამ სწავლებამ გაამართლა
მაგრამ მეორე სწავლება
გრიგოლამდე ასევე ირიბი გზით მისული
მცდარი აღმოჩნდა
გაიგონა ბავშვმა გრიგოლმა
როგორ აძლევდა ბაბუა რჩევას
ამჯერად ახალგაზრდა მეზობელს
რომელსაც იმ დღეს ცოლი უნდა მოეყვანა:
ჭიპიდან ქვევით ერთი მტკაველი გადაზომე
და სწორედ იქ შეძლებ შეღწევასო
სულ ახსოვდა ეს გრიგოლს
და რახან ზედმეტი მორიდებულობის გამო
ქალთან არასდროს ყოფილა
ეს ინსტრუქცია პირველი ღამისთვის შემოინახა
და როცა ორმოცის წლის ასაკში
ქალი გაურიგეს იძულებული იყო
სიმორცხვე დაეძლია და ექნა საქნელი
და გაიხადა ცოლმა ლიფი
გაიხადა გრიგოლმა მაისური
გაიხადა ცოლმა საცვალი
გაიხადა გრიგოლმა ტრუსი
გაშალმა ცოლმა ფეხები
გაშალმა გრიგოლმაც ფეხები
მაგრამ მერე ისევ შეატყუპა და მიჰყვა ინსტრუქციას:
გადაზომა ჭიპიდან ერთი მტკაველი
მიადო და სცადა შესვლა
მაგრამ უშედეგოდ
- ქვევით - უთხრა ცოლმა
" - ბაბუაჩემმა არ იცოდა და შენ იცი?!" - გაიფიქრა გრიგოლმა
და ისევ იმ ადგილას სცადა
მაგრამ ისევ უშედეგოდ
"ბაბუას დიდი ხელი ჰქონდა" -
გაიფიქრა ბოლოს და უფრო ქვევით სცადა
მერე კიდევ უფრო ქვევით
კიდევ უფრო ქვევით
და ბოლოს მიაგნო
მაგრამ აღმოჩენის სიხარულს
ის ჩრდილავდა რომ ბაბუა შეცდა
" - ნუთუ ბებიას ზევით ჰქონდა?"-
ფიქრობდა მერე კარგა ხანს
მაგრამ ვერ შეამოწმებდა
რადგან ბებია ბავშვობაში დაწვა ცოცხლად
არადა ბებია ძალიან უყვარდა
ბებიასაც უყვარდა
როცა ბავშვ გირგოს (ასე ეძახდა ბებია)
ტრაკს გამოხოცავდა
აუცილებლად დუნდულზე აკოცებდა
და ისე გაუშვებდა სათამაშოდ
გირგოს კი ცეცხლთან თამაში უყვარდა
გამხმარ ბალახს უკიდებდა ცეცხლს და აქრობდა
გამხმარ დაფნას უკიდებდა ცეცხლს და აქრობდა
საბატეს უკიდებდა ცეცხლს და აქრობდა
ძაღლის სახლს უკიდებდა ცეცხლს და აქრობდა
ერთხელ მეზობელს მეზობელი შემოაკვდა
და ამ უკანასკნელის ნათესავებმა
მკვლელის სახლს ცეცხლი წაუკიდეს
მთელი სოფელი იდგა და უყურებდა
მხოლოდ პატარა გირგო მივარდა ჭასთან
იქვე დაგდებული სათლი წყლით აავსო
ცეცხლისკენ გაექანა და შეასხა
მეორედ მობრუნდა ჭასთან
და როცა სათლს ავსებდა
მძლავრმა პანღურმა
ლითონის ბადის ღობეს თავით მიახეთქა
პანღურის ავტორი
გარდაცვლილის ძმა იყო
მერე გრიგოლი ხშირად დადიოდა
და უყურებდა სახლისგან დარჩენილ კარკასს
და ფანჯრიდან გამოვარდნილი ცეცხლით
გამურულ ბრიზგს
შედიოდა შიგნით
ნახშირით ითხუპნიდა სახეს
ჯდებოდა ხანძარს გადარჩენილ
რკინის ღია სეიფზე და დიად ხანძრებზე ფიქრობდა
ერთხელაც ჩალის გამხმარი ღეროებისგან სახლი ააგო
უკვე ლოგინად ჩავარდნილი
და ლაპარაკის უნარწართმეული ბებია შიგნით შეიყვანა
და სახლს ცეცხლი წაუკიდა
ცოტა ხანს აცალა
მერე კი შიგნით შევარდა
კვამლით და შიშით მიბნედილი ბებია
გარეთ გამოიყვანა და ხანძრის ჩაქრობა დაიწყო
მოეწონა და კიდევ ააგო ჩალის ღეროების სახლი
კიდევ შეიყვანა ბებია
მაგრამ ამჯერად ვერ გამოიყვანა
ჯერ იტირა
მაგრამ მერე თავის გადარჩენაზე დაიწყო ფიქრი:
ბებიას ნარჩენები სამზადში შეიტანა და სამზადი დაწვა
ვერავინ ვერაფერს მიხვდა
სკოლა რომ დაამთავრა
რაიონის სახანძრო სამსახურში დაიწყო მუშაობა
და მანამ მუშაობდა
სანამ კურიოზი არ მოხდა და სახანძროს შენობა
სახანძრო ინვენტარიან-მანქანებიანად არ დაიწვა
მერე გრიცკო (ასე ეძახდნენ ბიჭები)
პატარა ქალაქში გადავიდა
საცხოვრებლად და სამუშაოდ
ბევრი ხანძრის ჩაქრობაში მიიღო მონაწილეობა
ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა
ბევრი ჯილდო დაიმსახურა
და პენსიაზე გავიდა
გრიგოლს
და კიდევ რამდენიმე ვეტერან მეხანძრეს
ყოველ წელიწადს იწვევდნენ
მეხანძრე-მაშველთა პროფესიულ დღესთან
დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე
„დიახ, ხანძარი ღამე ლამაზ სპექტაკლს წააგავს!“ -
ამოიკითხა ერთხელ გრიგოლმა
შვილიშვილის მაგიდაზე ნაპოვნ წიგნში
სადაც რატომღაც წიგნებს წვავდნენ
ეს ფრაზა სულ ახსოვდა
ახლაც გაახსენდა და თვალწინ დაუდგა
ღამით დადგმული ყველა ლამაზი სპექტაკლი
რომლის შეწყვეტაშიც მონაწილეობა მიუღია
და თავი ცოტა უხერხულად იგრძნო
ფანჯარაში განთიადის ცა ჩანდა
გრიგოლმა ცოლის სურათს ახედა
მაგრამ ბნელოდა და ვერაფერი დაინახა
ადრე უყვარდა ახალამდგარი ცოლის ლოგინზე
მარცხენა ხელის დადება
ლეიბზე შერჩენილი სხეულის სითბო
ხელის გავლით გულამდე აღწევდა
და გრიგოლს რატომღაც ცრემლები აწვებოდა
ოდნავ შეღებული ფანჯრიდან
სახანძრო მანქანის სირენის ხმა შემოვიდა და უცებვე მიწყდა
ადრე ასაკის მიუხედავად სისხლი აუდუღდებოდა ხოლმე
მაგრამ ახლა ყლეზე დაიკიდა
მიწყნარებულმა ანალურმა ქავილმა
უფრო მწვავედ შეახსენა თავი
სხვა გზა არ იყო
უნდა ამდგარიყო და ადგა
შუქი აანთო
და ბებრული ნაბიჯებით სააბაზანოში გავიდა
პიჟამო ჩაიხადა
უნიტაზზე დაჯდა
ტუალეტის ქაღალდის რულონს
მოზრდილი ნაწილი მოახია
დაკეცა და მოიქავა
ქაღალდი იაფფასიანი და ხაოიანი იყო და სიამოვნებდა
იცოდა რომ უნდა შეჩერებულიყო
მაგრამ უფრო და უფრო უმატებდა ტემპს
კიდევ და კიდევ
კიდევ და კიდევ
კიდევ და კიდევ
უცებ სუნთქვა შეეკრა
მკერდში საშინელი ტკივილი იგრძნო
და საშხაპე კაბინისკენ გადავარდა
უკანასკნელი რაც დაინახა
ჩამოვარდნილი საშხაპე ონკანის
საფრქვეველი იყო
----------------------
გამოყენებული ლიტერატურა:
გიორგი მერჩულე - "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"
იოანე საბანისძე - "აბო თბილელის წამება"
იაკობ ხუცესი - "შუშანიკის წამება"
უცნობი ავტორი - „ცხრა ყრმა კოლაელთა წამება“
შოთა რუსთაველი - "ვეფხისტყაოსანი"
სულხა-საბა ორბელიანი - "სიტყვის კონა"
იოანე ბატონიშვილი - "კალმასობა"
ფრანსუა რაბლე - "გარგანტუა და პანტაგრუელი"(გურამ გოგიაშვილისეული თარგმანი)
დათო ბარბაქაძე - "ტრფობა წამებულთა"
რეი ბრედბერი - „451º ფარენჰაიტით“
გამოყენებული ვიდეომასალა:
საზ. მაუწყებლის, რუსთავი 2-ის, ტელეკომპანია "იმედის", TV პირველის რეპორტაჟები "ბავშვთა სამყაროში", ელიავას ბაზრობაზე, ფოთის ბაზრობაზე, მთაწმინდის ფერდობზე, აეროპორტის გზაზე მდებარე სტამბაში, ისნის ბაზრობაზე, ბორჯომის ხეობაში, ატენის ხეობაში გაჩენილ ხანძრებზე.
გამოყენებული ონლაინმასალა:
ფეისბუქ-მეგობრების სტატუსები.
----------------------
23-24-25 აგვისტო. 2017 წ