- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ამბავი პირველი
მე ბაბილონიდან ვარ.
იმ ადგილიდან, რომელიც დიდი ხნის წინათ დაანგრიეს და დაანაწევრეს, მისი განადგურება სცადეს, მაგრამ ბაბილონი არსად წასულა. ის მილიარდობით პატარა ნაწილაკად დაიშალა და ადამიანების სულებში ჩაიბუდა. ბაბილონი ყველა ჩვენგანშია და არსებობას მაინც განაგრძობს.
ადრე მეგონა ადამიანები ორად ორი ნაწილისაგან შედგებიან მეთქი. პირველი ისაა, რომელიც სჭირდებათ, სხვებს დაანახონ, დღის შუქზე გამოტანონ. მეორე კი ბაბილონის ის ნატეხია, რომლის მიჩქმალვასაც ასე ცდილობენ. სწორედ ამიტომაც არიან უბედურნი.
ჩრდილებს ანგარიში ყოველთვის უნდა გაუწიო.
ვცდილობ რაღაც დავწერო, რაღაც გამომივიდეს.
ნაბეჭდი სიტყვები ავტორებს ჰგვანან. მათი ვენებიდან სიცოცხლე იშრიტება.
მაინც ვცდილობ რაღაც მოგიყვე, ალბათ მრავალგზის, მრავალჯერ მოყოლილი ისევ და ისევ მრავალთა ბიოგრაფია.
თუ კითხვას დაიწყებ, ბოლომდე ჩაუყევი. თუ გრნობ რომ შეწყვეტ, საერთოდ არ დაიწყო.
არეულად ვწერ. დასაწყისი ბოლოში გადავიტანე, დასასრული კი სათავეშია.
გამახსენდა, რომ დიდი ხნის წინათ თეთრ კედლებიან ოთახში ვსეირნობდი, ხანაც პირდაპირ იატაკზე ვიშხლართებოდი და ხერხემლით მის სიცივეს შევიგრძნობდი.
იქ იმის გამო დამამწყვდიეს, რომ თამაშისას ლურჯი თასმები კბილებით გადავიღრღენი. შესაძლოა სამართებლითაც გადამესეროს.
მაშინ ვენებიც ხშირად მიშავდებოდა, გამუდმებით ხელებს ვიფხანდი, ხანაც ძაღლივით ოთხზე დამდგარი დიდხანს გავყმუოდი.
ყურადღებას მხოლოდ საფეთქლებთან მიმაგრებული მავთულები თუ მომაქცევდნენ ხოლმე, ისიც სულ რაღაც ხუთიოდე წამით.
ესეც გამოწერილი რეცეპტი გახლდათ.
შემდეგ კი სიცარიელე სამყაროს ნთქავდა.
პაემანი გაელვებასთან.
ყბებს ტყავის ღვედებს ისე ვუჭერდი, წინა კბილები ჩამელეწა.
თავზე საბანს ვიფარებ, მგონია გავიქეცი, რადგან ვერ ვხედავ.
თბილისის ყველა იმ აფთიაქს სათითაოდ ჩამოგითვლი, სადაც წამლებს ურეცეპტოდ მოგყიდიან.
ჩემი გონება გატეხილი პაზლივითაა, საკუთარი თითებით ვცდილობ შევაკოწიწო.
ბარემ იმასაც ვიტყვი, შევცდი, როცა თავი ნაბეჭდ სიტყვას შევადარე მეთქი. ჩემი კანი გვალვის შედეგად გამომშრალ ნიადაგს უფრო წააგავს. დამსკდარს, გამოფიტულს.
რასაც წაიკითხავ, უბრალო შუქ-ჩრდილების თამაშია, რომელიც ვიღაცამ ფერფლით დაწერა.
ის ვერ გაგრძნობინებს იმას, რისი გრძნობაც გსურს, რადგან ცოცხალი არ არის, მაგრამ ის არც მკვდარია.
მინდა თევზი ვიყო.
რომელიმე ძლიერი ცხოველი ან ფრინველი კი არა, პატარა თევზი, იოლად რომ მოახერხებს მდინარის კენჭებს შორის მიმალვას.
არც ოკეანეში ცხოვრება მსურს და არც ზღვის გადაცურვაზე მიოცნებია. მხოლოდ პატარა მდინარეში გაცურვა მინდა. წყალში ჩაყვინთვა და ფარფლის მოქნევა.
შესაძლებლობა. შანსი.
ამის საპირისპიროდ, მუჭით ჩამაყარეს ყელში ქვიშა.
უჩვეულოდ ფერადია აქაურობა, უჩვეულოდ სიცოცხლიანი. ნეტავ შემეძლოს მთელ ამ სიმწვანეს გული გავუხსნა და სულში ჩავიღვარო, მაგრამ მაშინ მე „მე“ აღარ ვიქნები.
ორ სამყაროს შორის გახლეჩილი სულების მჯერა. მათ შორის მოარული ადამიანების ანდაც ლანდების. ცოცხალ-მკვდარი სულების ან სულთა ნარჩენების.
ორმაგი გარსი გამაჩნია.
სარკეში ჩახედვისას მხოლოდ ქერცლით დაფარულ კანსა და ლაყუჩებს ვხედავ. საკუთარი თავი სახეში მაწვება, თითქოს უნდა პირიდან, თვალებიდან და ყურებიდან ერთდროულად გადმოიღვაროს. გარეთ გადმოფრქვევას ვერ ახერხებს, სამაგიეროდ შიგნიდან მხრავს, ჩემს სისხლსა და ხორცს თქვლეფს. რაღაც სხვა, ადამიანის თვალისათვის შეუმჩნეველი ჩემს ტვინში დაძრწის, მე კი არ ძალმიძს შევეხო ან დავინახო.
უმტევნო ხელმა ნემსი და ძაფი მოიმარჯვა, ჩემთვის ლაყუჩები რომ ამოეკერა. იმდენი ნაკერი დამადო, ნამდვილ ფრანკენშტაინსაც კი შეშურდებოდა.
ეს მე არ ვყოფილვარ, ხელები საერთოდ არ მაქვს.
იმის უკან წაღებას გთხოვდი, რისი ჩუქებაც არ მითხოვია. არ მენანება. ერთი წუთითაც არ მენანება.
საკუთარ ცრემლსა და სისხლში ჩამხრჩვალი გემუდარებოდი, ჰაერის გარეშე დარჩენილი, სუნთქვის უნარს მოკლებული. შენი ძღვენი არ მჭირდებოდა. შენვე დაიტოვე, უკან დაიბრუნე.
არა, მე ბაბილონში არ მიცხოვრია. წყლის კაცების ქვეყნიდან ამომათრიეს.
მშობლის მუცლიდანაც ისე გამომათრიეს, არც კი უკითხავთ დაბადება მსურდა თუ არა.
სადღაც ვარ გაჩხერილი. არსებობას ან არარსებობას შორის გავხირულვარ. ნაბიჯი წინ ვერ წამიდგამს, მაგრამ ვერც უკან დამიხევია.
მოჩვენება ვარ. ის ვინც დადის და არ ჩანს. ვისიც არ ესმით, მაგრამ არც მოუსმენდნენ.
ისეთი რამის გაგონება ან დანახვა შემიძლია, რის გამოც თავს არასოდეს შეიწუხებდი.
წლებია, გაღვივებულ ნაღვერდლებს შიშველი ფეხებით ვქელავ და დავიღალე. უზომოდ მტკივა.
უზომოდ დავიღალე.
ჩემი ღმერთი ნამდვილია და ის არსებობს. სამართალიც ისევე ესმის, როგორც მის შექმნილ ადამიანებს.
არა, ეს შეცდომაა, რადგან ჩემი ღმერთი ჩემივე შექმნილია.
„იუპიტერს“ მოუსმინე, ჭეშმარიტი ღმერთი თუ გსურს გაიცნო. ის ნამდვილია. იქნებ უფრო დიადი, უფრო სათაყვანო და უკეთესი შემოქმედიც კი.
რაღაც უსახელო სიცილსა და ტირილს შორის. შუალედის განსაზღვრა მიჭირს. არარეალური ნიადაგი ფეხქვეშ. სრული ვაკუუმი. სივრცე. სივრცე, რომელიც არ მთავრდება და ბუმბულზე უფრო მსუბუქია. არავითარი შეგრძნებები. უსუნო, უფერო, უფორმო ვაკუუმი.
გეტყვი, ვინ უნდა გეცოდებოდეს.
არა, ბრმები კი არა, თვალხილულები. თვალხილულები, იმიტომ, რომ ხედავენ და არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ.
მარილიანი წყლით გაჟღენთილი იისფერი ტანი.
ზღვაში ჩავყვინთე და ჩემი თმა აბრეშუმივით გაიშალა.
ახლა მარტინ იდენი ვარ.
ღრმად ჩავისუნთქე, რომ ყველა ალვეოლი ერთდროულად დასკდეს.
მე ამპარტავანი ვარ. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თავს განსაკუთრებულის ღირსად მივიჩნევ.
საკუთარ თავზე გული ამიცრუვდა.
მცდელობები უსუსურია. ამბიციები დიდი. მოლოდინი - არანაირი.
გულზე ცივი მარწუხივით მომიჭირა სევდამ, საკუთარი სისუსტისა და მარცხის აღიარებით გამოწვეულმა.
რაღაც ითელება უხილავი სასჯელის ფეხქვეშ. ყოველ ჯერზე ხელი ეცარება და საკუთარი იმპოტენციის თვითშეგნება აცოფებს, დუჟმორეულ ხარს ემსგავსება.
ნელ-ნელა თავს ჭიანჭველად ვგრძნობ. შეუმჩნევლად ვპატარავდები. ვიცი, ნებისმიერს ძალუძს გამსრისოს. საკუთარი სიმცირე ამესვეტება თვალწინ. ის მზაკვრულად დასრიალებს პარკუჭებსა და წინაგულებში და გავეშებით იქნევს ბოლოს.
საკუთარ ბედთან შერიგების მცდელობა ბრჭყალებს ილესავს. გული და ყელი უნდა დამიკაწროს.
მე ფაშისტიც ვარ და ადამიანებს ორ ჯგუფად დავყოფ. ისეთები, ვინც სევდას თან მათარით დაატარებენ და ისეთები, ვინც ამას ვერ გაიგებენ. იმიტომ კი არა, რომ გაგება არ ენდომებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლებენ. არ შეეძლებათ.
ზოგიერთი თანამედროვეობის შედეგია.
დროის სრულყოფილი პროდუქტი.
ნაწარმი.
გაცისკროვნებული სახეები.
ისინი თავს დაწყევლილი ფიქრებით არ იტკიებენ.
ასეთებს ღამით მშვიდად სძინავთ.
მათ თვალებში სიცოცხლე ჩაკირულა და ისინი მეზიზღებიან, სწორედ იმიტომ, რომ მშვიდად ძილი შეუძლიათ.
საკუთარ თავს შეგნებულად, ძალით ვიგიჟებ. ამაში უკვე ბევრჯერ დავრწმუნდი.
ისეთ საგნებს ჩავკირკიტებ, რომლებსაც არ შეიძლება, რომ ჩაეძიო.
მე სულელი ვარ. მაზოხიზმის მორევში თავით ვეშვები. ტკივილს სახით ვენარცხები, მინდა ვნახო როგორია, წიაღში რა აქვს.
ჭკვიანები ისინი არიან, ღამით რომ სძინავთ.
მოქმედებები შედეგების გარეშე დარჩენილნი. უპასუხო მცდელობები. უნიტაზში ჩარეცხილი იდეები და აწონილ, შეფასებული იდეალები.
სწორი ნაწლავიდან დაბადებული პოლიტიკა.
ამბავი მეორე
რძისფერი და კრისტალისფერი ერთდროულად ვარ. ბალახისფერიც. იმდენი ფერი ვარ ერთად, რამდენი პიროვნებაც ცხოვრობს ჩემში.
თუმცა ეს ადრე იყო. ახლა მარტო ერთი სული შერჩა ჩემს სხეულს. ადრე მეგონა იმაზე მეტი ვიყავი, ვიდრე ვხედავდი ან ვიდრე დათვლა შეიძლებოდა. ახლა პირიქით ვფიქრობ.
ამ საკითხზე აზრი შევიცვალე.
და არა მხოლოდ ამ საკითხზე, კიდევ სხვა ბევრზე.
ჯერ სახლი დავივიწყე და შევიძულე, შემდეგ ღმერთები, ბოლოს ის მიწა, სადაც მე ვცხოვრობ.
სხვებმა გამკიცხეს კიდეც, მაგრამ არ მენაღვლება.
მითხრეს, რომ საზიზღარი ვარ. მე ვუპასუხე მშობლების საძინებელში ჩუმად შეეხედათ, ამაზე საზიზღარს მაინც ვერაფერს დაინახავდნენ.
წარსული გავიწყდებათ, მაგრამ ის ცოცხალია, არ იკარგება. ვიღაცას მაინც ახსოვს.
მამები თავიანთ შვილებზე დღემდე ძალადობენ, მათთვის განსხვავებული აზრი ვერ უპატიებიათ.
ეს კინკლაობა საუკუნეებს არ მობეზრებიათ. მე ყელზე მადგას.
და მაინც, დედაჩემის კაბა და მამაჩემის პერანგი მაცვია.
მე ეს ვარ, მათ ტანსაცმელში გამომწყვდეული. ან კანში.
მსურდა თუ არა, ეს მეანდერძა.
ყოველ დილას ამ გარსში მეღვიძება და აღარაფერი მენაღვლება.
თუმცა ესეც ტყუილია, გამონაკლისი ყველა კანონს აქვს.
ამბავი მესამე
მიწა, რომელზედაც დავაბიჯებ წრიულ ნაცვალსახელად შეკრულა, ღერძის ნაცვლად ამ ნაცვალსახელის გარშემო ბრუნავს და საკუთარ თავთან ონანიზმიც იპყრობს.
ყველა ატომი ერთ ადგილას შეგუბდა, გაიბერა, ამ უსაშველო ნაცვალსახელად გადაიზილა.
პირველ პირში საუბრის მანერამ დედამიწას ციკლონივით გადაუარა.
ისევ და ისევ მთავარი გმირი ვარ და ყოველთვის მთავარ გმირად დავრჩები.
დღეს „მე“ ნაცვალსახელია დედამიწის ღერძი და მისი ორბიტაც.
დღეს მხოლოდ ამ ერთ სიტყვას შერჩენია აღიარება. დანარჩენებმა არსი დაკარგეს.
სხვა სიტყვებზე გამუდმებით ძალადობდნენ. მათ ჩაგრავდნენ და აუპატიურებდნენ.
სხვა სიტყვებს ადამიანებმა მუცლები გავუფატრეთ, შიგნეული ამოვართვით.
მოგვწონს და გვიყვარს საკუთარი თავი და მეტიც, ჩვენ გვინდა საკუთარი თავი.
სიტყვები დავკარგეთ. მათ შინაარსი მოვუსპეთ, რაღაც შლეგური დავმართეთ საკუთარ თავებს და მაინც ვერ ვჩერდებით.
ლუი მეთოთხმეტე
ლუი მეთოთხმეტე
ლუი მეთხუთმეტე
კაცმა, რომელსაც თეთრი პარიკი ჰქონდა რაღაც ჩაიჩურჩულა. მისი ნათქვამი სხვებმაც გაიგონეს და აიტაცეს.
ვითომ ხომ ვდარდობ, მაგრაც აქაც ვიტყუები. ვცდილობ როგორმე სიცრუე შემოგაჩეჩო.
მეც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვიღწვი, სხვებიც ფეხებზე მკიდია და მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებს: მე რა მეშველება? მე რა მეშველება?
სამყარო სიცილსა და ტირილს შორის. აი სად გავიჭედეთ.
შენი დანახვისას ჩემი სახის ერთი პროფილი სიცილით კვდება, მაშინ, როცა მეორეს ცრემლები მოსდის.
ფრედერიკის სტილში მინდოდა მესაუბრა. ესეც არ გამომივიდა.
ალბათ იმიტომ, რომ ფრედერიკი ყველაზე ნაკლებად ვარ.
თუმცა გულახდილობა, ვფიქრობ, გამომდის.
მირჩევნია თქვენ გეზიზღებოდეთ, ვიდრე მე მძულდეს საკუთარი თავი.
სარკეში ჩახედვისას სამ სახეს ვხედავ. სამნაირი ხმა მაქვს, სამნაირი გონება, სამნაირი სული. სამივე ერთმანეთის დაჭმას ცდილობს. სამივეს ის სურს, დანარჩენ ორს დაასწროს ტრაპეზი.
სამნაირად შემიძლია მოვკვდე და სამნაირად, თავიან დავიბადო. სამნაირად შემიძლია ჩავიფერფლო და ისევ თავიდან განვსხეულდე.
ერთ შემთხვევაში სულის სიმშვიდე მაქვს, მეორე შემთხვევაში- თვითკმაყოფილება.
უცნაურად მეჩვენება, რომ ყველა შემთხვევასა თუ რეალობაში ისინი ერთმანეთს გამორიცხავენ.
სადღაც აქ , მესამეც არის. ის მესამე სხვანაირია და ვცდილობ ხშირად არ წარმოჩინდეს. თითქოს აჩრდილს ჰგავს, მაგრამ ძნელია მყარ სხეულად არ მიიჩნიო. შავბნელ მასას არც ფორმა აქვს და არც ნაკვთები. ხან სიცივესთან, ხანაც არამიწიერ სიცხესთან ერთად მევლინება და ზუსტად ისე მიმზერს, როგორც შიმშილისაგან კბილებდაკრეჭილი მგელი შეხედავს რუსულ ტუნდრაში გზააბნეულ თავზეხელაღებულს.
მის მიმართ კონკრეტული გრძნობა არ გამაჩნია. ხან მძულს, ხანაც მზად ვარ ფეხქვეშ გავეგო, საკუთარ ხერხემალზე სიარულის უფლება მივცე.
ამ შემთხვევაში არაფერი მაქვს.
ის არც ეშმაკია და არც ანგელოზი.
მდედრობითი სქესისაა, სიცოხლის მსგავსად.
თხის ფეხებით როკავს და ცეკვავს. ჩემსკენ მოიწევს. მონადირეს ჰგავს და ბრმა ორაკულს. თვალებზე ლიბრი გადაკვრია, მაგრამ მე ვიცი, ყველაფერს ხედავს. ტანი იეროგლიფებით აქვს მოხატული. ეს კაცობრიობის ისტორიაა, მას ვერ გაუგებ თავსა და ბოლოს. ის ჩემს სულს განჭვრეტს და აცოცხლებს მარად ნედლ წარსულს. ბინძური თეთრეულის მსგავსად ამოყრის მას მოგონებებიდან და მიმოაბნევს.
ჩემს პირდაპირ გაჩერებული, გრძელ, ალისფერ ფრჩხილს კისერზე ისვამს. თეთრი კანიდან გადმოსკდება ბროწეულის წვენივით ბლანტი სითხე. ნაყოფი სიკეთისა და ბოროტისა. სისხლი და ღვინო, ერთმანეთში განაზავები. ამ თხევად ალსა და კოცონს ბაგით ვეხები, როცა თვალწინ ჩამიქროლებენ საუკუნეები, იმ ადამიანებითურთ, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია და საძაგლად ვნეტარებ ყველაფრის შეცნობის სურვილით და თავს წარმოვიდგენ პირველყოფილ შეცდენილ ევად.
ყოველ ღამეს მასთან სარეცელს ვიყოფ. შეუცნობლად ვუზიარებ რაღაცას ჩემივე წიაღიდან და ეს მსიამოვნებს. საკუთარი თავი მსიამოვნებს. ის ჩემგან იღებს სიცოცხლეს, სულის პატარ-პატარა ნაწილებად, მე კი მას ავხორცულ გამბედაობას ვესესხები.
ამბავი მეოთხე
ადრე რომანტიკოსი უფრო ვიყავი. ახლა ეგოცენტრიკი გავხდი.
ადრე ვფიქრობდი და წარმომედგინა.
სველი სუსხით გავიჟღინთე. თვალები ნამმა ამომივსო და ამომიქოლა. იმისათვის, რომ არ შემეხედა და არ დამენახა. ჩემი ხორცი, თმა, ყველა უჯრედი თოვლად გადადნა და გაიფანტა.
იდენტიფიკაცია მოვსპეთ, ან მალე მოვსპობთ.
არავითარი ინდივიდი!
შევწყვიტოთ ფიქრი!
ეს ჩემი ხალხის სლოგანებია.
დელაკრუას სიტყვის მნიშვნელობა მართლა ესმოდა.
თავისუფლება ბარიკადებზეა და შენ არ გიყვარს თავისუფლება თუ ბარიკადებზე დგომას ერიდები.
გამოგიტყდები, ამ ბარიკადებს პირველი შესაძლებლობისთანავე ზურგი ვაქციე. მათგან რაც შეიძლება შორს გავიქეცი.
ვეცადე მათი ჩრდილიც კი არ შემემჩნია, თუმცა ჩემთვის თავი არასოდეს დაუნებებიათ, მუდამ ზურგს უკან მედგნენ და თავს მახსენებდნენ.
პიონერობას ყველას ვერ მოთხოვ. ყვირილიც ყველას არ შეუძლია.
ამბავი მეხუთე
საკუთარი თავი ამიჯანყდა, მასში გამჯდარ ყველა დემონთან ერთად.
გამუდმებით აქეთ-იქით დაძრწიან და მაშინებენ.
ამისათვის უნდა დაცარიელდე.
სახე სახესთან მიუტანო.
შეიგრძნო მათი ჟელატინივით მომლბალი ლოყა. მათში შეაღწიო და შეიყვარო.
შეიყვარო სიმახინჯისთვის.
ისინი სინამდვილისათვის უნდა მოგეწონოს და არა წარმოსახვითი იერის გამო.
მაგრამ ამის შემდეგაც რაღაც შეიცვლება. ეს იმიტომ, რომ ჩვენ აბორტის შვილები ვართ. აბორტის შემდეგ დაბადებული მონსტრები. ურჩხულები, რომლებსაც დღის სინათლე არ მოეწონათ. მუცლადყოფნისას ვითხოვდით არ მოვეცილებინეთ საკუთარ დედებს, მაგრამ მათ არ მოგვისმინეს. ძლიერი სურვილის გამო მაინც დავიბადეთ, აბორტის შემდეგ გავცოცხლდით, მაგრამ მახინჯები ვართ, ამის გამო კი ბოროტები და უმადურები.
ძალადობით ჩასახულები. დაბადებამდე, ჩვენი დედები მუცლებში ხელებს იშენდნენ, იქიდან მძიმე ქვები რომ გამოედევნათ.
უგრძნობი, სტატიკური აქტის შვილები.
რაღაც ნაწილი ამოგვკვეთეს და მის გარეშე ვცდილობთ გაძლებას.
ჰო, დედამიწა აბორტის შემდეგ დაბადებული ჩვილია.
ან შეიძლება ის არის დედა, რომელმაც აბორტის შემდეგ ჩვენ გაგვაჩინა.
ეს მრგვალი ბურთი სუფრასთან იჯდა და ხორცს პირდაპირ კბილებით გლეჯდა. ცვრიანი, წითელი ხორცის ნაჭერი მაგრად ჩაებღუჯა, დანა-ჩანგლის არსებობა დავიწყებოდა, კბილებსაც ზუსტად აფთარივით კრეჭდა და აკრაჭუნებდა. მშიერი იყო, ვერაფრით ნაყრდებოდა. კოლუმბიელი ჭიანჭველების მსგავსად პირველყოფილი შიმშილი ხრავდა. ანგარიშმიუცემლად იტენიდა პირში ხორცის ნაჭრებს და როცა ხელებზე დაიხედა, დაინახა თითებზე შემხმარი სისხლი და უმი ხორცის ნარჩენები. ფაფუკი ხორცი იყო, ზემოდან ნაზი კანი გადაკვროდა და მიხვდა ეს ბავშვის ტანის ნაწილებს წარმოადგენდა. ხელების, ფეხების ნაწილებს, დანარჩენი უკვე შეეჭამა. პირი საკუთარი შვილის სისხლითა და ხორცით გამოევსო. განცდა იმდენად რეალური ეჩვენა, გულის რევის რეფლექსი ძლივს შეიჩერა, მაგრამ არც ღეჭვა შეუწყვეტია.
მეორე ვარიანტი ისაა, რომ უმადურმა შვილებმა საკუთარი დედა გრძელი კლანჭებით დავგლიჯეთ, აფთრებივით მივესიეთ და ძვლებიანად გამოვხარით. სისხლისაგან დავცალეთ და ხორციც შემოვაფლითეთ. ჯერ კიდევ ცოცხალს თავს დავესხით, მომაკვდავის სუნთქვა შევიგრძენით, არტერიები გადავუღრღენით. სიცოცხლის უფლება ჩამოვართვით და შევუზღუდეთ.
ამბავი მეექვსე
გულ-მკერდზე რაღაც შავი და ბნელი დამჯდომია და ჩემს დახრჩობას ლამობს. ყურები მიგუბდება. მესმის როგორ ეხეთქებიან ტალღები ვეება კლდეებს. თუმცა ეს არც კლდეებია და არც ტალღების ხმა ჩამესმის. ყურში ვიღაც ჩამჩურჩულებს, ავისმომასწავებლად ბურტყუნებს და ის ვიღაც სიკვდილს მისურვებს. თავის დახსნას ვცდილობ. როგორმე თითები უნდა ავამოძრაო, მუშტი უნდა შევკრა. ის ვიღაც უნდა მოვიშორო. როგორც იქნა ამ მიზანს ვაღწევ.
მის ჩურჩულს მოვუსმინე. დავწექი კიდეც მასთან.
სწორედ ეს მხეცი მჩხაპნის, გარეთ გამოვარდნა მოუსურვებია.
მგონია საათებმა ჩამიქროლეს. ესეც მეშლება.
ფეხ და ფეხ მომსდევს, ზურგზე მოჭიდებას ცდილობს, მაგრამ მე უარს ვამბობ მის ტარებაზე.
უძრავად ვწევარ. უძრაობაა, ქვიშისაგან ნაგები სასახლის მსგავსად, რომ მფშვნის და მიწაში ფხვიერად მფანტავს. ჯერ არ დავმარხულვარ, მაგრამ ნიადაგს უკვე ვერევი. მგონი არასდროს არაფრის შემშინებია ასე ძალიან. იმათიც კი, ვისიც წესით ძალიან უნდა შემშინებოდა. ქანდაკებასავით გავშეშებულვარ მაშინ, როცა დრო მძვინვარებს და მიედინება.
მე დრო გავუშვი. მუჭში ჩაჭერილს, თითები შევუშვი და წასვლის ნება დავრთე.
თავს ვიმცირებდი, გარს ყალბთა და სულელთ როცა ვიხვევდი.
ბრიყვთა სამსხვერპლოს ჩემს დროს უხვად ვწირავდი.
კუბის ფორმის ვაკუუმში გამომამწყვდიეს.
კუბის კედლები სარკეებია. ანარეკლები კი მიყვირიან და მეჩხუბებიან.
ობობამ, ბანჯგვლიანი საცეცებით გამჭვირვალე საბანი მომიქსოვა.
მე კი ამ საბანს ტანზე ვიფარებ. საფუძვლიანად ვეხვევი მასში და პეპელას ვგავარ.
ან მონტესუმას, აივანზე საკუთარი ნებით გადმომგარსა და ქვებით ჩაქოლილს.
ტკივილგამაყუჩებლებს იმაზე ხშირად ვიღებ ვიდრე საჭიროა და ვიდრე შეიძლება. ამიტომაცაა, რომ მუდამ ძილ-ღვიძილის ზღვარზე ვიმყოფები, თავბრუსხვევა ბუნებით მდგომარეობად მექცა და ერთ წინადადებას მეორეს ისე ვერ გადავაბამ აზრი არ დაეკარგოს ან არ გაუფერულდეს. ასეთ დროს, მუსიკას ბოლო ხმაზე ვუწევ და მასში ვინთქმები. მაღალი ნოტები საფეთქლებში მიგუგუნებს, ტვინი ლამისაა ხილფაფად მექცეს. გონება გამართულად აღარ მიმუშავებს, ეს არც ჩემი გონებაა და არც სხვისი. რაღაცის ნარჩენია, სანაგვე ყუთს ჰგავს და არც კი ვიდარდებ თუკი საბოლოოდ გავთიშავ, უკანასკნელ უჯრედებს მოვიშორებ.
გაბრუებულს, თვალწინ შუადღის მზე წარმომიდგება. დიდი, მოჩახჩახე ბურთი, რომელიც მუქდება, დუღდება და კრატერს კი არა, ბლანტი მასით სავსე გარსს ემსგავსება. ჩემს წინ მუქი, ვენური სისხლით სავსე დისკო გამოეკიდა. სისხლი ერთ მთლიანობად იკვრება, ბორგვასა და მოძრაობას იწყებს. თითქოს განრისხებულა და ცდილობს ეს რისხვა თავს დამატეხოს. მე კი საწოლზე მილურსმნულს ადგილიდან დაძვრაც არ შემიძლია. ვეება ბურთი ოთახის ფანჯრებს აწვება, კედლებს ხეთქავს და შიგნით შემოდის.
აქ ყველას სისხლია - ჩემი, შენი და მათიც, ვინც ცოცხლებში აღარ წერია.
ის მოთქვამს და მოჩუხჩუხებს, ვულკანივით სურს ამოფრქვევა. დედამიწაც ამ სქელ მასად იქცა, ერთად შეიკრა და ჩემს თავთან დატრიალდა. მუქი ფერის უწმინდურება ირხევა, თოვლივით იწყებს დნობას და ცხელ, აქაფქაფებულ წვეთებად დაბლა ეშვება. სახესა და თმაზე მეღვრება, ხახაში მექცევა. ხორხს წებოვანი მასა მივსებს.
არ მეღვიძება.
ეს სიზმარიც ისევე მალე ჩაანაცვლა სხვამ, როგორც დაიწყო.
თვალწინ არყით სავსე ჭიქა დამიდგა
მინდა დავლიო. იმ ჭიქიდან მინდა მოვსვა და სასმელმა საყლაპავი მინდა ჩამითუთქოს; გულ-მუცელი მინდა ამომიტრიალოს; უფრო მძაფრად მაგრძნობინოს რა უბედურიც ვარ, რადგან ამ უბედურების განცდაზე მეტად არაფერი მახსენებს, რომ ცოცხალი ვარ, რომ პირში სული მიდგას და ახლა, ზუსტად ამ წამს, გამოთრობით განმიზრახავს ამის დავიწყება.
სიცოცხლის უარყოფას ვცილობ. მისი მიჩქმალვა გადამიწყვეტია.
დედამიწა სისხლის გროვად კი არა, არყის დიდ ბურთად გარდაისახა. ახლა არყით მისველდება საყლაპავი.
არყის ჭიქასთან არყით სავსე აუზი ჩნდება და მეც მისკენ მივემართები. ვხედავ, მანძილი ჩემი ნაბიჯების ზრდის პარალელურად როგორ კლებულობს. აუზის კიდესთან ვიჩოქებ და სითხის ზედაპირს ხელისგულით ვეხები, მასში ხელებს იდაყვებამდე ვყოფ, შემდეგ თმასაც ვისველებ და აუზში ვყვინთავ. უფერო ცეცხლი ჩემს ირგვლივ წრეს კრავს.
ქალი, რომელიც შემიყვარდა ამას ათ წელიწადში ერთხელ იმეორებდა.
ყინულის ნიადაგს ჩემი ტერფები საკუთარ ნივთიერებაში ჩაუკირავს და ჩაუყინავს.
რაღაც მონაკვეთთან ვარ გაჩერებული. დრო გაიყინა, დროსთან ერთად მეც და ეს მონაკვეთი ვერ გავიარე.
მუდმივად ერთი ასაკის ვარ, ერთი მოგონებითა და ერთი ურჩხულით გარშემორტყმული.
თითქოს რაღაც გადაახვიეს და ძალიან ბევრჯერ ამეორებენ. უსასრულოდ ტრიალებს ერთი და იგივე კადრი, ერთი და იგივე ფირფიტა.
ისევ საწოლში ვწევარ. ისევ ჭერს ვაშტერდები.
აი, როგორია ჯოჯოხეთი. უსასრულო, დაუმთავრებელი.
ჯოჯოხეთი რუტინაა, სხვა არაფერი.
ამბავი მეშვიდე
თითქოს ცოცხლად იმარხება.
ზის ფეხებმოხრილი, მუხლები ნიკაპთან მიუტანია, თავზე ქვიშასავით ფხვიერ მიწას ისე აყრიან, როგორც მარილს. სანელებელს. რაღაცები ახსენდება. ნაწყვეტ-ნაწყვეტად. კინოფილმის კადრებივით. თითქოს საკუთარ ანარეკლს მატარებლის ფანჯრიდან თვალი მოჰკრა. ეუცხოვა. რაღაც არ მოეწონა.
ადრე ერთ გოგოს იცნობდა. იმ გოგოს თვალები სიკვდილს ირეკლავდნენ. ორი წლის წინ მისი გარდაცვალების ამბავი შეიტყო. არ გაკვირვებია, მხოლოდ იმან გააოცა, რომ სიკვდილმა ასე დაიგვიანა. იმ გოგოსათვის თვალებში შეხედვის ყოველთვის ეშინოდა, თანაც მოსწონდა, თვითონაც არ იცოდა რატომ.
მაზოხისტი.
თვალები მაგრად დახუჭა, ქუთუთოები აეწვა, ქუთუთოებს შორის გაჩენილ ბნელ სივრცეში კი მომწვანო-მოიისფრო ფიგურები გაკრთნენ. მთელი ღამე ფხიზლობდა, წამითაც ვერ დაიძინა. რამდენჯერმე პანიკურმა შეტევამაც წამოუარა. პირზე ხელებაფარებული ჩუმად კიოდა, არ უნდოდა დანარჩენებსაც გაეგონათ.
ცხელი ცრემლები ნაკადულივით მოედინებოდნენ თვალებს შორის და ლოყებს უწვავდნენ. მარილიანმა წყალმა კანი დაუშაშრა.
მათი პედანტიზმი ფარისევლობის განცდას აღუძრავდა.
ამ დროს, რა აღარ წარმოიდგინა.
არ არსებობდა აწმყო.
იყო წარსული.
ან წარსულის ნარატივებზე დაშენებული უკუღმართი ნაგებობები.
არ არსებობდა არც მომავალი. ალბათ არც მომავალი.
ისინი კი ისხდნენ აგურის კედლებს შორის გამოკეტილნი, თითს თითზე არ აკარებდნენ და ცდილობდნენ დაევალდებულებინათ სხვები. უფრო ახალგაზრდები.
საუკუნეებია, რაც ასე გრძელდება.
ალბათ, კიდევ საუკუნეებს გასტანს.
ამას ჯობდა პირში გამდნარი რკინა საკუთარი ხელით ჩაესხა.
გამუდმებული სიბნელის შეგრძნება, უძრაობისა და უშედეგობის.
მოქმედებები, რომლებიც სწორედ უშედეგობისათვის არიან განწირულნი.
აი, ასეთ ხალხად ვიქეცით.
არადა, შეგვეძლო სხვანაირები ვყოფილიყავით.
გოლუმის ისტორია.
ამბავი მერვე
ყელზე დაჭერილი მძიმე ფეხსაცმელი.
გესმის, როგორ იმტვრევა ისედაც თხელი ძვალი. პირის ღრუ სისხლითა და ფურთხით გევსება, ანუ საკუთარი თავით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.
გულგრილობა - ადამიანის მთავარი მტერი.
სჯობს ბოროტი იყო, ვიდრე გულგრილი.
მე ამ უკანასკნელად გადავიქეცი.
ვცდილობ დავლიო, მაგრამ ვეღარც სასმლის გემოს ვგრძნობ, აღარც საჭმელი მაკმაყოფილებს. სულ ერთია რას დავლევ, ანდაც რას შევჭამ.
გულგრილობის წვეთმა ადამიანობასთან ერთად რეცეპტორებიც მომიდუნა.
ემპათია უარვყავი. აი, რა გავხდი.
წარმოვიდგენ, რომ ელისი ვარ და ამბებსაც ისე მოგითხრობ. ხუთ ისტორიას უკვე გავასწარი.
ახლა სხვანაირი ვარ.
ეს ისტორიაც გველის ტყავივით გავიხადე, ის ჩემი აღარ არის.
ხმის უფლებაზე უარი მინდა განვაცხადო. რომ შემეძლოს ამისათვის პეტიციას შევავსებდი.
ეს იმიტომ, რომ ფორმალური რამეები არ მიყვარს.
რეალური სახელებია საჭირო და არა ამბების შელამაზება.
ამბავი მეცხრე
ოქროს ქალაქზე მინდა მოგითხრო.
მის შესახებ წერდნენ დაიკარგაო, არ დაიჯერო.
ახლა ერთდროულად ვარ ყველა ესთერი, მარტინ იდენი, ყველა სტავროგინი თუ ჰარი ჰალერი. სესილიაც ვარ და ალბათ ემაც, ყველა კვენტინიც და შესაძლოა სეპტიმუსიც ვიპოვო კანში. თითოეული მათგანი შემიძლია აღმოვაჩინო საკუთარ ხორცში და ახლა ვიცი, მათგან ყოველი, ერთხელ მაინც ვყოფილვარ ადრე.
ვალდებულიც ვარ მათ მივანიჭო თავისუფლება. ვერ მეყოლება ჩაკეტილი თუნდაც ერთ-ერთი, რადგან მე ვიცი, მათ უამრავჯერ მოიპოვეს თავისუფლება. თითოეული მათგანისათვის გამოინახა ჩემში ადგილი. თითოეული მათგანი ვარ და თითოეული მე წარმომადგენს. ყველა თავის წილ სუფთა ჰაერს ელოდება და მახსენებენ, რომ ერთხელ უკვე ჩაიდინეს ეს. ახლა კი, ჩემი ჯერიც დამდგარა.
თავისუფლება რომ ჩაისუნთქო, ჯერ ბორკილები უნდა შეიგრძნო.
ისევე, როგორც სიმარტოვის დასაფასებლად.
დედის საშოშიც კი ეს ფიქრები მეხვეოდნენ და დაბადებასთან ერთად თან დამყვნენ.
მე იდეა ვარ.
კონკრეტული მიზანი, აზრი. მიმართულება.
აღარ მჭირდება გარსი, რადგან ჩემი გზა ვარდისფერია.
პირველად შევხედე საკუთარ თავს ასეთი თვალით. შემფასებლურად, საქონლით მოვაჭრესავით. თითქოს ცოცხალი ადამიანი კი არა, ჩვეულებრივი ხორცის გროვა ვყოფილიყავი.
ადრე გითხარი სამი სული მაქვს მეთქი. ისიც გითხარი, სამნაირად შემეძლო გარდავქმნილიყავი, სამჯერ შემეცვალა ფორმა. ის, რაც გითხარი ტყუილი იყო, რადგან მე ციფრები და რიცხვები ვერ განმსაზღვრავენ. იმდენი ფორმა შემიძლია მივიღო, იმდენ პიროვნებასა და გონებას ვკეტავ საკუთარ თავში, რამდენიც შემიძლია წარმოვიდგინო, რამდენი ატომიც გააჩნია ჩემს ფიზიკურ გამოვლინებას. როგორც ამ ერთს, კონკრეტულს, ისე სხვა დანარჩენს, აბსტრაქტულებსაც. იმდენი სახე მაქვს და იმდენი შესაძლებლობაც, რამდენი წელიც უსრულდება დღეს დედამიწას.
წრებრუნვას თავს ვერ დააღწევ, ვერ გაექცევი.
მას დავარქმევდი სრულყოფილებას, ამ სიტყვას რომ ვიყენებდე.
ფიზიკური ყველაფერი ილუზიაა. ესე იგი ჩვენ არ ვარსებობთ.
ფიზიკური მატერიალიზმი წარმოსახვითი სიბრიყვეა, თუმცა ჯერ ეს ვერ დავამტკიცე.
ნებისმიერი სახის დაყოფა ღორობაა. მე არ ვარ წყალი და ვერ მივიღებ იმ ჭურჭლის ფორმას სადაც ჩამასხამენ.
შეუძლებელია ბოლომდე შეითვისო საკუთარი თავი და ტკივილს არ განიცდიდე.
მე ჩემი საუკუნე ვარ. პატივს ვცემ დროის მოუხეშაობასა და უხეშ ქმნილებებს.
თამამად უნდა იყვირო. იმის მიუხედავად ენდომებათ თუ არა შენი გაგება.
მომწონს, როცა შეცდომებს უშვებენ და შემდეგ სწავლობენ ამ შეცდომებზე.
მიყვარს ჭაობები.
მაგრამ საპირისპიროსაც ხშირად ვეძებდი.
მგონი ესაა ადამიანი და ვისურვებდი ფიქრისაგან თავი ამტკივდეს.
საპირისპიროს ძიებაში რაღაც დავკარგე.
საპირისპირო არ არსებობს. ასეთად შეიძლება შემდეგ შეგრაცხონ, მაშინ როცა აწმყო აღარ იქნები.
გონება მიხურს. გადავიწვები.
ამბავი მეათე
სუნთქვის გარეშე შეიძლება გაძლო. სიარულის გარეშე ვერ გაძლებდი.
ისევ ფეხები მტკივა, დღესაც ისევე მტკივა, როგორც გუშინ, როგორც გუშინწინ, როგორც ყოველ დღე. უამრავი სადგისი ხორცში მერჭობა და ძვლებს მიჩხაპნის. მტკივა აუტანლად. მთელი სიცხადით. განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც ნაკერები მადევს. ასე მგონია ჭრილობები უნდა გაიხსნან და იქიდან უამრავი მაკრატელი, პინცეტი, სკალპელი და სხვა ბასრზე ბასრი იარაღები უნდა გადმოლაგდნენ. თითქოს მთელ სხეულში უამრავი კიბორჩხალა ერთად შემიძვრა და ძვლებზეც ყველა ერთდროულად მომეჭიდა რკინისებური მარწუხებით. ტვინის უჯრედებსაც მიწვდნენ და ნეირონებზე მაიმუნებივით დაიწყეს ხტომა.
ზღვის კიბორჩხალები.
მდინარის კიბორჩხალები.
ტბებისა და წყალსაცავების კიბორჩხალები.
მთელი ოკეანის კიბორჩხალები.
მთელი მსოფლიოს კიბორჩხალებს ჩემს ტყავში მოუნდომებიათ შემოსახლება. ჩემს წინააღმდეგ გაერთიანებულან და ყველა ერთად მიტევს. ცდილობენ, პატარა მარწუხებით ძვლები გადამიღრღნან და გადამიხერხონ. ძვლების ტკივილს ფეხდაფეხ სისხლის შედედების შეგრძნებაც მოსდევს. თითქოს წელის ქვედა ნაწილი ქამრით შემიბორკეს. განძრევა არ შემიძლია და მგონია ის სისხლი, რომელიც მთელ სხეულში უნდა დარბოდეს, ახლა ფეხებში დაგროვილა, წელს ქვემოთ დაგუბებულა და ვეღარ იძვრის.
ვერც მაშინ გაძლებ, თუ ფრთებს დაგაჭრიან.
იკაროსის ბედს გაიზიარებ.
ყველაზე დავიწყებადი მადლიერების გრძნობაა, კიდევ საკუთარი სახე.
ასე არ იქნებოდა, ნიღბები რომ არ გვიზიდავდნენ.
ღორული კმაყოფილება დამღუპველია, მაგრამ მუდმივი უკმაყოფილებაც არანაკლებ ღორული იქნებოდა.
მოკლედ, ყველაფერი ასეთი იყო:
ბეტონისაგან ჩამოსხმულ ოთხ კედელს შორის მოთავსებული რკინის მაგარი, ვიწრო საწოლი.
სიბნელე.
ისეთი უკუნი ჩამოწოლილა თვალთან თითს ვერ მიიტან, ისეთი სივიწროვეა, გვერდს ვერ მოინაცვლებ. ჭერი ისე დაბლაა, ფეხზე ვერ ადგები, წელში ვერ გაიმართები. მხოლოდ ზურგზე წოლა შეგიძლია, სიბნელის ჭვრეტა, რომელსაც ვერ ეჩვევი და წვიმის ხმის მოსმენა.
წვეთები შეუჩერებლად, მთელი ძალით ეხეთქებიან ზემოთ რაღაც მყარსა და მაგარს. ნერვები ლარივით მეჭიმება და ვტირი. აღარ შემიძლია, რადგან ყურებზეც ვერ ამიფარებია ხელი. ვისურვებდი წვეთებს სახურავის ახდა, ჩემი ხორცის მიწასავით დალბობა და განოყიერება შეეძლოთ, რათა ჩემზე ამოზრდილიყვნენ მცენარეები და სოკოები. ვისურვებდი დავეტბორე მათ და ნიადაგად გადავექციე.
მაგრამ ეს მხოლოდ სურვილია, ნაგავსაყრელის გზაზე შემდგარი.
ეს არ არის ვიწრო ოთახი. ის არც ბეტონისაგან ჩამოუსხამთ და არც აგურით უშენებიათ. ეს ხის ოთხი ფიცარია, ერთმანეთზე ლურსმნებით დაჭედებული. მე კი მას ათივე თითის ფრჩხილებით ვჩხაპნი. მინდა როგორმე გატყდეს, გადავრჩე.
სინამდვილეში, შენს სისხლძარღვებში მივედინები. ყველა უჯრედს სათითაოდ შემოვივლი, გულსაც შევეხები და მერე ისევ თავიდან ვიწყებ ამ გზის შემოვლას. მესმის როგორ გიჩქარდება გულისცემა და ვგრძნობ, როგორ გასხამს ხოლმე ცივი ოფლი, როგორ გეცვარება შუბლი, როგორ გიკანკალებს ხელი.
თავების ნაცვლად ბოსტნეული ამოგივიდათ. სათითაოდ მოვკვეთდი თითოეულს თქვენი კისრებიდან, ადგილებს შევუნაცვლებდი. ძველ თავებს ახალ ტანს მივარგებდი, შემდეგ ხელსაწყოებს მოვიმარჯვებდი და ქირურგის მსგავსად სწრაფად გავკერავდი.
ქალთა სახეები მამაკაცების სხეულებით და პირიქითაც.
თქვენ გამხმარი ბოსტნეული ხართ, ჩემი სახე კი ყვავილივით გაიშალა.
მე ფერებად უნდა დავიღვარო.
ან ყვითელ ფერად.
აქ ყველაფერი ნამდვილია, ესეც შენი სამყაროს ნაწილია, მაგრამ რამდენად რეალურია რასაც გიყვები, თავად განსაჯე. იქნებ შენ უკეთ გამოგივიდეს საზღვრის გავლება. ის რაც ჩემს გონებაში ხდებოდა ან ხდება ისეთივე სინამდვილეა, როგორც ის მოვლენები, რომლებიც რეალურ სამყაროში ჩემგან დაუკითხავად განხორციელდნენ.
თავში აზრები დაფრინავენ, აქეთ-იქით აწყდებიან, თავის ქალას ეხლებიან, სურთ ის გახვრიტონ. ძვლებს შორის გაჩენილ ბზარებში გამოძვრნენ და დღის სინათლეში ჩაიკარგონ. პატარა, წვრილ ლურსმნებს ჰგვანან. იმათ, რომლებსაც ვიწრო ყუთში ჩაყრილებს დედაჩემი განჯინაში ინახავს და არაერთხელ გამჩენია სურვილი ყველა სათითაოდ გადამეყლაპა, მეტალის გემო ენაზე მეგრძნო.
მე ვიცი რა ვარ და გელოდები, შენც იგივე გაიმეორო.
ეს ერთი და იგივე ამბავია, სხვა და სხვა სიტყვებით გადმოცემული.
განტენბაინების სამშობლოში მეც ერთ-ერთი ვარ და ჩემს შემდეგაც კიდევ ათასი მოდის.
დღეს სულ ეს იყო
ეს თქვენ მომტეხეთ ჩემი ირმის ფეხები
ლედი ლაზარეს მსგავსად, მეც დავამთავრე.