- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ის უყურებდა თოვლს და უნდოდა სექსი,
მე მხოლოდ ის მსურს, წითლად დავინთხა.
სისხლზე თუ დიდხანს იფიქრებ, სისხლის ზღვად გადაიქცევი
რაზეც ბევრს ფიქრობ, საბოლოოდ სწორედ ის ხდები.
აიღე სამზარეულოს დანა,
ის რომლითაც ჭრი ქათმის ანდაც ღორის ხორცს
და ყელი გამომჭერი.
ვერაფერს ვიგრძნობ.
ვერაფერს ვიგრძნობ ზუსტად ისევე,
როგორც ჩემი უხეირო საყვარლის მკლავებში,
რომელიც ამბობს, რომ ვუყვარვარ,
ყოველ შემთხვევაში, საკმარისად.
ყოველ შემთხვევაში, ზოგჯერ მაინც.
მე ეს არ მყოფნის.
ნუ მომიზომავ მიწას,
ნუ გამომითლი ფიცრებს.
ქარს გამატანე ან მდინარის ტალღებს
და დამივიწყე,
გთხოვ, დამივიწყე.
მანამდე კი ყვითელ გუგებიან ძაღლზე ამხედრებული
სამყაროს შთანთქმას შევეცდები.
იქნებ, გამომივიდეს.
მუდამ ბავშვი ვარ, სიმწიფის ასაკს ვერ მივაღწიე.
ამიტომაც, არასოდეს შემებრალები.
მკერდიდან ამომგლიჯე რკინად ქცეული გული და გადაადნე.
გაალღვე, რომ იქცეს ლავად
ან გამომათრიე დასასრულიდან და შემახვედრე
მონატრებულ ძმას, ჩემს ტყუპისცალს.
შემოდგომა და ჩამომჭკნარი ფოთლები არ მასვენებენ.
ორივე თვალით ვხედავ მომაკვდავის ამოსუნთქვას.
თანატოს - ადრე ასე მიხმობდნენ,
ახლა, ეს სახელიც ისე მამძიმებს, როგორც საკუთარი თავი.
თავი, რომელსაც ვეღარ იჭერენ მხრები,
ურცხვი აზრებით ამოვსებულ-ამოქოლილი.
სიბნელის წინ, ერთი-ერთზე, სხვანაირი ვარ.
თმის ნაცვლად, კეფაზე ნაკაწრები მაქვს და მათგან მდის ჩირქი,
თვალები სისხლჩაქცევით ამომქარგვია და ეშმაკს ვუმეგობრდები.
მე მას სატანად ვაქცევ.
რომ არ ვინიღბებოდე, შეგაშინებდი და სწორედ ამას ვერ გაპატიებ.
სულ არ შევცვლილვარ, თუმც ეშმაკობა უკვე ვისწავლე.
სინამდვილესაც შენთან არ ვაჩენ
და არც იმ სახეს, დაბადებისას რომ მომაწებეს.
გაქცევაც უკვე ყელში ამომივიდა.
თითქოს მივდივარ, მაგრამ მაინც
„ამაზე ვდგავარ და სხვაგვარად არ შემიძლია“.
შენ კი გირჩევდი, ჰიპნოზს დანებდე.
მოჩვენებებეს ყურს ნუ დაუგდებ, ხარკს ნუ გადაუხდი და დაიძინე.
აღარ იფიქრო.
ჯადოქარი ვარ, საუკუნეების წინ კოცონზე დამწვეს.
მხარზე დამღაც მაქვს, თუ მთხოვ, გაჩვენებ.
წითელი შანთისა და დამწვარი ხორცის სუნი დღემდე ტვინს მირევს.
კისერზე ძაღლის ლეში კი არა, ჩემი სხეული ჩამოვიკიდე.
ცა გაიბზარა, გატყდა, ნამსხვრევები წვეთებად ცვივა,
მინა სახის კანს ცვრად ეფინება,
წელგამართული შევცქერი მეხს, როგორც თანასწორს
და ასეთი მშვიდი ჯერ არ ვყოფილვარ.
კანის ქვეშ ჩუმად შემოგიძვრები,
ნელ-ნელა დაგხრავ.
მსუნაგ კატად გადავიქეცი, რომელიც ტუჩებს ხარბად ილოკავს,
მაგრამ მანამდე, ყველა ფიქრს უტყვად მოვისმენ,
ნადიმს გავმართავ
და შენს ნარჩენებს მივართმევ ბატონს,
რომელიც კოცნით დამაჯილდოვებს.
შემდეგ კი, კვლავ ვიქცევი ღამედ და წყვდიადში გავიფანტები.
დავუბრუნდები სპილენძის ჭიშკარს; სამთავიან ძაღლს;
ჩვეულ, ძველ საწოლს.
37 წელიწადია, რაც ამ კარიბჭეს თავს დავტრიალებ.
37 წელიწადია, თვალებს ვაცეცებ, ჩემს სოროში მინდა დავბრუნდე.
37 წელიწადია, დასერილ ზურგზე, მარილს მუჭებით ვიყრი,
დავიწყება არ მინდა შევძლო.
ან იქნებ ექვსჯერ ოცდაჩვიტმეტიც.
საბოლოოდ, მეც ლეთაში განვიბანები.
წყალში შევცურავ,
ტალღებთან ერთად, ტანთ სიცილს მოვიხვევ
ან შეიძლება კიბეს ავუყვე, რომელიც ძველი ბაღისკენ მიდის
(გულში ვისურვებ, საფეხურები სათითაოდ ჩამოიშალონ)
ღრუბლების ტბა შუშის დაფად გარდაისახა,
ხოლო დემონი - სიამის ტყუპი, ჩემგან ძალით ამოგლეჯილი,
გვერდით მომყვება, ნაბიჯებს მიწყობს
და მას მხოლოდ სარკეში ვხედავ.
ამ სარკის მიღმა ყველაფერი თავდაყირაა, ეს არის სახლი.
თუ შევაბიჯებ, იმ ანარეკლად გადავიქცევი.
ნიღაბს მოვიხსნი,
მილენიუმის შემდეგ, როგორც იქნა, მეც მოვისვენებ.