მას შემდეგ, რაც მე დაგემშვიდობე შენ,
გარეუბნის, რომელიღაც სასტუმროს კართან,
და დაგემშვიდობე, როგორ,
ნაწილობრივ, არა ხანგრძილი კოცნის შემდეგ,
არა სიტყვით, რომ მშვიდობა თავის თავში გულისხმობს ბოროტებას,
არა. დაგემშვიდობე ისე, როგორც ჩემთვის უცნობს.
რომლის სუნიც არ ჩამრჩება ნესტოებში,
რომლის ტუჩების გემოსაც კბილებით არ დავიჭამ,
რომლის ხმაც სმენას არ დამიხშობს,
მაგრამ, იმ წამიდან, როცა ზურგი გაქციე,
ავირბინე კიბეზე და აივნიდან დავიწყე შენი ყურება,
როგორ აუღელვებლად მიათრევდი შ სხეულს,
როგორ არ იყურებდი არსად, გარდა წარსულის,
როგორ გაწვებოდა მხრებზე ჩემი დაჟინებული მზერა,
და როგორ ცდილობდი, რომ შეგენარჩუნებინა ჩემი საიდუმლო,
არ გაგემჟღავნებინა, რომ შენ მასზე რაიმე იცოდი,
რომ შენ შენ შენი მხრივ, უკვე შენი საიდუმლოებები გქონდა,
როგორც მე,
როგორც ჩვენს მეგორებს,
როგორც ამ ქალაქს,
რომელიც გაუცხოვებულია,
ვერც საკუთარ თავს ცნობს,
და ვერ ჩვენ,
და როგორც კი დავიწყე შენი ყურება,
და მას შემდეგ, რაც მე დავიწყე შენი (გ)ამოხსნა,
ლოტის ცოლივით გავქვადი ერთ ადგილზე,
ვიქეცი მარილის სვეტად და ზღვის წყალი ლოკავს ჩემს ტერფებს.
იცი როგორია, როცა პირი მარილის ლოლოებით გაქვს სავსე?
როცა თითებს ვერ ამოძრავებ,
ხმას ვერ იღებ,
ვერ ტირი,
ვერ გადაადგილდები,
ვერ ხედავ საკუთარ თავს,
როცა არაფერი ხარ, და არაფერი შეგიძლია,
გარდა იმისა, რომ საუკუნეები ელოდო,
როდის გაიწმინდები მინარევებისაგან,
როდის აგიღებენ და დაიწყებენ შენს (გამო)ტეხვას.
და სანამ ყველა საიდუმლოს კენჭებივით არ ამომარცვლავ,
სანამ სისხლით არ გამოირწყავ გაჩენილ წყლულებს,
სანამ ენაზე ხორკლები არ დაგისივდება,
შენ იდგები გარეუბნის რომელიღაც მიტოვებულ აივანზე,
რომელის დანახვაზეც კაცები შარდს ვერ შეიკავებენ,
და შენი თეთრი ძვლები შეიღებება ყვითლად,
აყროლდება, თანდათან ჩამოიშლება,
და ბოლოს, როცა მორიგი შარდის წვიმა დაგატყდება თავს,
შენგან აღარაფერი გადმორჩება დროს,
და არ იქცვი სამუზეუმო ექსპონანტად,
არ გამოგიკვლევენ, არ შეგისწავლიან,
ახლა ხომ ხვდები, რატომ გეშინოდა კაცების მუდამ,
შენ ხომ მათმა სიყვარულმა გიმსხვერპლა.
და ახლა მეც ვხვდები, რატომ მეშინია კაცების მუდამ,
თუმცა უსაფრთხოებაზე ფიქრი, ახლა, სასტიკად გვიანია.