• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დეკემბრის ფისო

×
სხ
ავტორის გვერდი საბა ხითარიძე 12 სექტემბერი, 2018 2556
დეკემბრის ფისო
|||
 
პირველი გაციება შეგრძნებაა ნამდვილი ზამთრისა,
სისველე ნესტოებში,
როგორც ახლად გამოღვიძებული ვაგინის ხმაური შენს თითებზე.
ეს არის სიცოცხლე
და ბრძოლა საკუთარ გვამთან,
სანამ კიდევ გაქვს ძალა,
დამორჩილება შენი თავიდან დაიწყო.
მეცნიერებაც ისე ურთიერთობს ამ დაავადებასთან,
როგორც ბიძინა ოცდაათ ლართან,
ან  კიდევ იმ 600 000 ძმასთან, 
რომელთა სტატუსიც ხმად უნდა გადაკეთდეს.
მე კი ისე მანგრევს,
რომ აღარ ვიცი მერამდენე ჩაის ვსვამ.
ასეთ დროს, გაციება ყველაზე სასტიკ სასჯელს ჰგავს,
როცა ღამენათევს, ან ალიონზე წამომდგარს,
გერთმევა უნარი,
ჯერ კიდევ სხვებისგან შეუსუნთქავი,
ჯერ კიდევ დაუღეჭავი ჰაერის შეგრძნებისა,
რომელიც ასე გაცოცხლებს ავადმყოფს.
წყალს ვასხამ,
და ჩაიდანს თავის ადგილზე ვაბრუნებ.
 
 
 
 
 
შიმშილი
|||
 
შიშველ ტერფებზე აკრობილი ნამცეცები
ჩემი გუშინდელი ჩუმად ნაჭამი პურისა,
ფრთხილად სცილდებიან  მის ფეხებს
და უწინდებურ ადგილს, 
ცოტათი მოშორებით უბრუნდებიან.
მე კი, გაბრაზებული სახის შემყურე,
შუადღით ვიღვიძებ
და ბოდიშებს ვიხდი ჩემი გემრიელი ძილისთვის,
რომელმაც ვერ დათმო წინა ღამით თონის სიმხურვალეს მოკლებული
და ადამიანურ სითბოდ გარდაქმნილი,
გემრიელი პური.
 
 
 
 
 
ამ ღრუბლებს ზემოთ, ქარი მის თმაში
|||
 
ავტობუსებიდან გაშლილი ქუჩები
მელოდიური ჩემი ყურების გავლით ხდება,
ჩემი ყურების გავლენით ხდება ქუჩები ემოციური,
როცა ხილვები ბგერებს წარმოშობს
ერთი კვირის ან
ორი წლის შემდეგ,
მელოდიები ყურებში ჰანგად გარდაიქმნება,
მელოდიები ყურებად საგნად გარდაიქმნება.
აუწიეთ მუსიკას ბოლო ხმაზე
და იცეკვეთ!
იცეკვეთ, სანამ არ დამთავრდება.
 
 
 
 
 
ჩუმი ტექნო
|||
 
შენ შეიძლება მიეჩვიო,
შეიძლება ლექციიდან გამოსვლის შემდეგაც დაგრჩეს,
შეიძლება ლოცვებთან ერთად გადაგავიწყდეს,
შეიძლება ჯიბეში ვერ იგრძნო,
შეიძლება საჭირო ადგილას გასიამოვნოს კიდეც,
შეიძლება სიმულაციურ ეპილეფსიად აღიქვა,
ან პერსონალურ მიწისძვრად,
შეიძლება მეგობარს ცოცხალს ვერ მიუსწრო,
ან უარესი- ბოლო ჩაყრასაც დააკლდე,
შეიძლება ცოლის მშობიარობასაც ვერ დაესწრო,
შეიძლება ვიღაცას წამები წაართვა,
ან წამები აჩუქო,
ამ დროს ყველაფერი შეიძლება,
ნუ დატოვებ ტელეფონს ვიბროზე.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული