- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი: პაატა შამუგია
[ფაქსიმილე]
გაიღვიძა
სრულად დამუხტულმა. შენ
შეგიძლია
წყალი მიუტანო ცხენს,
მაგრამ ვერ გააჭენებ. ყველა პოეზია კონცეფტუალურია
მაგრამ ზოგიერთი უფრო კონცეფტუალურია
ვიდრე სხვები.
გარემოების სირთულეს მივყავართ
პოეტური ლიცენციისკენ. პოეზიას
არა აქვს ნიშა
და ეს
არაა
მისი ნიშა-
ნი.
ბედნიერი რომ გახდე
უნდა გახდე
მსუქანი. უმკაცრესი თვეა აპრილი
პოეზიისთვის.
არც მაისია უკეთესი,
ხომ ასეა.
რატომ უნდა დაწერო პროზაში
ის, რაც ლექსშიც იოლად მოთავსდება.
ეს ლექსი
არის ყავარჯენი
რომელიც გაფიქრებინებს რომ ეს ლექსი არის ყავარ-
ზე გადებული კუდი.
ყველა ლექსს აქვს 13 სხვადასხვა ჩარჩო, მოწყობილობა, მოტივები, სტილები, ფორმები, ან
კონცეფტები.
პოეზია ასაჭურისებს პროზას.
სხეული: არ შემიძლია მასში ყოფნა,
მასში არყოფნაც შემიძლია
ა-
რ.
მე მინდა ვიყო გაგებული,
მაგრამ არა შენ მიერ.
გასული კვირის ამინდი იყო დაშაქრული
როგორც მრავალი ცოლი, ან დანტონის თოვლიანი სვეტები.
ცაში საცობი არაა.
სიახლოვე აშენებს შინაარსს.
გუშინდელი ამინდი
არის ისეთივე ღატაკი,
როგორც ხვალინდელი სიზმარი.
ტექსტის
სიღრმისგან თავის არიდებას
აბაზანაში ჩაყვინთვამდე მივყავართ,
თუნდაც ფსკერზე ბავშვი ვერ აღმოვაჩინოთ.
მე არ ვისურვებდი პოეტურ ტრადიციას
რომელიც წევრად მიმიღებდა.
საჭიროა ბორბლის ხელახლა გამოგონება,
რადგან ისევ გავიჭედეთ.
მე თითქმის ახალი ხელოვნებისკენ ვარ (ნაზად გამოყენებული ფორმები) -
უფრო იოლია ჩაატიო უბის წიგნკში
და ტვინ-
ში(ნ)
(დიდი ხელჩანთები არ მიიღება)
ერთადერთი ჭეშმარიტი
ინოვაცია ღმერთს ეკუთვნის
სხვები ნაღდი ფულით იხდიან.
ეს არის ტყუილი და ეს სიმართლეა.
უკეთესია სიმართლე იყოს ჩრდილში, ვიდრე ტყუილი მზის სინათლეზე.
მადლენს[1] ის მადლი აღარ აქვს, რაც ადრე ჰქონდა
(ადრინდელი გააფუჭეს)
...
მარტოდყოფნა და შეგრძნება
...
ოპერატორები მორიგეობენ. დარეკე ახლავე.
მშრალი როგორც ბუშტი, მოსალოდნელი, როგორც მკვდარი
ღამით.
რეკლამის გარეშე პოეზია, ისეთი, როგორიც ვიცით,
ვეღარ გადა-
რჩება.
პოეზია აღარ უნდა ემსახუროს ხელოვნებას იმაზე მეტად,
ვიდრე რელიგია, იდეოლოგია ან მორალიზმი.
პოეზია უნდა ემსახუროს არაფერს,
ან იმასაც არა.
თუ შეძლებ გნოსტიკოსების ამოცნობას,
ისინი ალბათ
არ არიან საკმაოდ გნოსტიკოსები,
მე რომ მკითხოთ.
მე მწამს ჩემი ურწმუნობის, მისი მიზეზის.
ლექსი რაც წმინდაა, არსად ჩანს და
ყველგან იგრძნობა.
ტრანსგრესია მეტია
ვიდრე
რიტუალი
მაგრამ მეტად
არასაკმარისია.
ის მეტია ლიტურგიაში
ვიდრე დოქტრინაში
ლურჯ მთვარეში
ჩემი მიზანი ჩამრჩა სხვის ტანსაცმელში.
შენ არ ხარ ნიჩაბი ოკეანეში, ჩრდილი სიბნელეში, ტაეპი
ლექსში, ლობსტერი ბადეში, ქვაბი ქურაში, ბორბალი სატვირთოზე,
ასო კლავიატურაზე, ცელი მინდორში, ბერკეტი მუშა მდგომარეობაში,
ღრუბელი ცაზე, ხილი ხეზე, ვირთხა ლაბორატორიაში.
დედანი ასლის ცუდი ანარეკლია.
ორიგინალი იმის ექოა, რაც უნდა ყოფილიყო.
დრო არაა არც ლინეარული, არც ცირკულარული, ის ყლეობაა.
სილამაზე არის დაკარგული დროის მოგონება.
მოგონება
არის
დაკარგულ
დროზე
რეფლექსია.
ამერიკული შემოქმედება იტანჯება
მისი არაშემოქმედებითობით.
მე არ მწამს რწმენის, იმედის იმედისათვის,
რწმენისა რწმენისათვის, ეჭვიც მაეჭვებს.
ისინი ამბობენ, ღმერთი დეტალებშია.
რადგან
სხვა ყველაფერი ეშმაკმა აითვისა.
ღმერთი არის სუსტი და წარმოსახვითი - მბჟუტავი შესაძლებლობა. ყცველგანმყოფი და ყოვლისშემძლე ღმერთის დოგმა აშთობს იმედს და უარყოფს წმინდას, როგორც კი ზურს აქცევს სამყაროს.
ღმერთს არა აქვს დოქტრინა, მორალურობა, პასუხისმგებლობა. შესცოდო უფლის წინაშე, ნიშნავს, მისი სახელით გაამართლო ნებისმიერი ქმედება
ან აკრძალვა, მკვლელობა ან წმინდანობა.
მე მაქვს ავთენტიკურობა, შენ გაქვს დოგმა... ვადიდებდეთ უფალს.
წარმოვთქვათ კიდევ ერთხელ:
ეს ჭეშმარიტებაა, მარამ მე არ მწამს მისი
მე მწამს მისი, მაგრამ ეს ასე არაა.
„ჩემი ლოგიკა მოთავსებულია მდუღარე ქვაბში".
[ვიტგენშტაინი]
ბებერი ძროხა სჯობს
მკვდარ ცხენს. ალცჰაიმერი:
რა ბრძანეთ? ანუ მე არ ვარ
ხარი ჩინურ მაღაზიაში, არამედ ჩინეთი ვარ
bulls’
shop-ში[2].
ზოგჯერ პენისი უბრალოდ
ს-
ი-
მ-
ბოლოა.
თავიანთ დარდში ჩაძირულები, ებრაელები მიდიან და მოდიან
ლაპარაკობენ ბერგენ-ბელსენზე
(მე ვიხილე დრო, მაგრამ მას არ დაუბრუნებია მზერა)
ჩემი გული წყლის სათლია
წყლიდან ამოაქვთ
შვიდჯერ სავსე
რვაჯერ ცარიელი.
ზენონი და ჰერაკლიტე - მამაჩემის რძის წვეთები.
მე ვფიქრობ ლექსთან ერთად
და არა
მისი
გ-
ა-
ვ-
ლ-
ი-
თ.
შებრუნების ფრაზები / ჩემი მაღაზია ნავაჭრში.
ნეგატიური
შესაძლებლობა: ცხადია.
მაგრამ ასევე პოზიტიური შეუძლებლობა.
მე ყოველთვის
მესმის ექოები და რევერსები
როდესაც ვუსმენ ენას. ეს არის
ჩემი ცნობიერების ველი.
როცა ვწყვეტთ ქმედებას - ან ვაწარმოებთ,
ვაიძულებთ - აზრით, მაშინ გვაქვს შანსი ვიპოვოთ ის.
პროფესიონალი პოეტი არაფერს ყრის გარდა კვერცხის ნაჭუჭისა და ყავის მარცვლებისა.
ვფიქრობ, კარგი იდეაა იყო არაორიგინალური, მაგრამ ორიგინალური გზით.
პოეტები არიან წარმოსახვის
რაკეტები: ჩხვლეტენ საკუთარ თავს
როცა ზიანდებიან
იმის ნაცვლად, რომ მიწას დაუბრუნდნენ.
ნეტავ, ისევ პიჟამაში ვიყო გამოწყობილი.
უირონიო ცხოვრება არ ღირს.
როცა ამბობენ ამ ხუმრობას: სამი ებრაელი ოთხი აზრი,
ის, რასაც ისინი არ ამბობენ, ეს ჩლუნგები, არის ის, რომ
მათაც იგივე აზრი აქვთ, მესამე კი...
მიზუზუნებს რაღაცას ყურში და ეს სულაც არაა ლამაზი.
აბსენტი გულს
აუცხოებს.
"ნაშრომის ბოლოში "ობიექტი" მიემართება ციფრულ ფაილს".
გუშინ არის ორი ნაბიჯი ხვალიდან
და ყველა ახალი წელი არის შეუძლებლობათა ჯამი.
ხალიფა ჩრდილოური ფოკლორიდან, პირდაპირ ეთერში ხართ.
გამო-
ეცალე
გამო-
ხურულ კარს.
ზედმეტია, ამიტომაც არ გვყოფნის.
უნაკლობა, როგორც გემი სასაკლაოზე, მე ვარ
უმანკო, როგორც ბუქსირის ჯაჭვი,
ამის გარდა, სხვა აბსოლუტი არ არსებობს.
ეს იყო ჭეშმარიტი დახრილობა გასროლის წინ.
"წმინდა ნიშნავს ყოფნით გაჯერებას".
[ბერსენბრუგე][3]
ასეთი მურტალია. ასეთი მართალია.
[1] მადლენი (Madeleine) - საკონდიტრო ნაწარმი, ნამცხვრის სახეობა
[2] დედნის კალამბური მიემართება საკალათბურთო გუნდის „ჩიკაგო ბულსის“ აქსესუარების მაღაზიას.
[3] მეი-მეი ბერსენრუგე (Mei-mei Berssenbrugge) - ჩინელი პოეტი