ჩვენ წამოვდექით დილის ცხრაზე,
ჩავიცვით სამსახურის შესაფერისად
და გაგვახსენდა, რომ
სამსახური არ არსებობს.
სამსახური ილუზიაა.
დილის ცხრაზე ადგომაც ილუზიაა,
მაგრამ ხელფასი ყველაზე დიდი ილუზიაა მათ შორის.
ვინაიდან უკვე ჩაცმულები ვიყავით,
გარეთ გავცვივდით.
მოვასმენინეთ გოლიათებს
ჩვენივე მუცლების დაკრული შიმშილის სიმღერები.
მათ ტაში დაგვიკრეს.
ჩვენ გვიყვიროდნენ მღვდლები:
„თქვე ღვთის პირიდან გადაცვენილებო“
ჩვენ გვიყვიროდნენ პოლიტიკოსები:
„თქვე ოპოზიციონერებო“
ჩვენ გვეკითხებოდა მოქალაქე,
გვქონდა თუ არა მეტი საქმე
და ერთხმად ვპასუხობდით „არას“.
ჩვენ შევიმალეთ სახლებში
და, რა თქმა უნდა,
მარტოობის შესაფერისად,
გავშიშვლდით, დავიძინეთ
და მეორე დღე აღარ გაგვთენებია.
ჩვენგან მხოლოდ შიში დარჩა
რომელიც იზრდება ხოლმე
დროდადრო,
კაპიტალისტის მუცელივით.