|||
კორპუსებს შორის გაჭედილ ცას სისხლი უჩერდება
და ასე ლურჯდება თანდათან.
გათენება იწყება.
ყოველი დილა იმ მშობიარე ქალების კივილითაა სავსე,
რომლებმაც მაღაზიის დახლებთან და ბენზინ გასამართ სადგურებთან ჩაძინებული ხალხი გააჩინეს ამ ქვეყანაზე.
სილურჯე ეფინებათ კორპუსებსა და აივნებს,
ფარდები კი შეურხევლად დგანან,
რომ არ დაარღვიონ პირადი ცხოვრების ეს სიმულაციური საზღვრები.
ამ ფარდებს მიღმა დამალულ სივრცეში,
დილა უეცარი აღმოჩენაა დაგროვებული გაურეცხავი ჭურჭლისა,
რომელიც იმ დედებმა დატოვეს, შვილების მაგივრად მიწას რომ ეფერებიან უკვე რამდენი წელია..
ჩშშშშშშ
წარმოიდგინეთ,
მომთენთავი ემბიენთის ფონზე ჩიტების გადაფრენა,
ასფალტის მტვერი აკრობილი კატის თეთრ ბეწვზე,
რომელმაც იგრძნო შორიახლოს სტერილური ძაღლების ღრენა.
ეს არის სახლისაკენ მიმავლი გზა,
რომელიც საერთოდაც არ ჰგავს იმ ქუჩას, ჩემს სახლთან რომ მიმიყვანს,
და ფილოსოფია, კატის ბეწვივით თეთრი და დამფრთხალი ამ უპატრონო,
მყეფარე ძაღლებით სავსე ქალაქში.
სწორედ ამიტომ არის ის მიმავალი და არ აქვს მომავალი ამ სიარულს.
სანამ ვიპოვი გზას,
სანამ ქუჩას და ამინდს ვიპოვი
საკუთარი სახლის, საკუთარი თავის აღმოსაჩენად,
მანამდე ერთ რამეს გეტყვით:
საუზმობისას, როცა მარტო ვარ,
პურზე გადასმული სიმშვიდე მიყვარს,
და ყოველთვის ყველაზე ძვირი მიჯდება მისი შეძენა.
სამსახურიდან მოვდივარ,
სადაც ‘დილა’ ვარ,
ჩემი დილა სიზმრებით იწყება.