რეალურად ისინი არარსებობენ.
მათი არარსებობა ისეთივე არსებულია,
როგორც ჩემი არსებობის არარსებობა,
მაგრამ გადავდოთ რეალობა გვერდზე,
როგორც ნაადრევად მორთმეული კერძი ვახშამზე
და დავიწყოთ თავიდან.
იქიდან სადაც რეალობა რეალურად არ არსებობს
და ვნახოთ რა გზას გადის რეალურად არ არსებული რეალობა,
იმისთვის რომ გახდეს რეალური.
რეალურად გახდომა ისეთივეა, როგორც ცნობილი პოეტობა.
როგორც აღიარებული პოეტობა.
რეალობა იწყება იქიდან,
როგორც კი კომერცია ხდება ინტერესთა კონფლიქტში დომინანტი,
როგორც კი შენი საფასური აიწევს –
შენ ხდები რეალური
შენ იწყებ ცხოვრებას რეალურ დროში,
რეალობას უახლოვდები.
ცდილობ ყბაში გაიგდო და მუცელში გადაუშვა.
რეალობა იჯმება და იმიჯნება.
მას მყარი კონსისტენცია გააჩნია.
ის შენს ენაში აწესებს ავტონომიას
ითვისებს მისთვის სასარგებლოს და შემდეგ გამოგეყოფა.
არ დათმო. არ მოჯვა.
გადაეჩვიე ამ მავნე ჩვევას,
გადაეჩვიე რადგან მას შენგან საუკეთესო გააქვს
და აბანდებს უფრო მომგებიან ფასად,
უფრო მომგებიანი მდებარეობით,
უფრო მომგებიანი განსაზღვრებით.
რეალობა კოლონიზატორია.
დამპყრობელი. იმპერიალისტი.
რომლის არსებობის ფორმაა – აქ და ახლა.
ვინ ხარ აქ და ახლა.
რა ღირხარ აქ და ახლა.
რამდენს გამომიმუშავებ აქ და ახლა.
რეალობა ახდენს დიფერენციაციას,
ის უკონკურენტოა კლასობრივ ომში,
ის უკონკურენტოა მაშინაც,
როცა დედაშენს კოშმარული სიზმრები ესიზმრება,
როგორ გამორბის მშობლიური ქალაქიდან,
როგორ მოსდევენ. როგორ გარბის.
როგორ იპყობს მთელ სხეულს შიში, რომელსაც გააფრთებით ებრძვიან გაქცეულები,
რელობა უკონკურენტოა,
ამიტომ გაემიჯნე მას,
განდევენ შენი ენობრივი მორფოლოგიიდან.
გადაეჩვიე.
გადაეჩვიე ამ მავნე ჩვევას,
და აღარ მოჯვა,
არამედ ყველა მოჯმული ენით ალოკე,
ნაწლავები გადაიჭერი,
რომ შენ აღარ იყო საწარმოო ობიექტი.
რეალურად არარსებული რეალობის გასაღების ბაზარზე,
და შენი მდუმარე ანუსი,
აქციე პოეზიის ყვავილოვან კომბოსტოდ,
რომელიც იშვიათად შეახსენებს თავს,
მაგრამ მწარედ, ძალიან მწარედ,
შეაღწევს ნესტოებში და იქიდან, მთელ სხეულში გავრცელდება, როგორც ვისური,
გადაეჩვიე ამ მავნე ჩვევებს.
თავი შეახსენე მარტივი და მოკლე ხმოვნებით,
რომელთაც შენი ანუსის ბაგეები შეეხება და დაამახსოვრებს თავს.
მწარედ. ძალიან მწარედ.