• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

როგორ იცვლებიან ლექსები

×
visual poetry
ავტორის გვერდი ანდრო დადიანი 28 თებერვალი, 2020 4475

გამარჯობა,

demo.ge-ზე გამოქვეყნებული ძველი ლექსების გაზიარება მინდა ხოლმე და იმდენ უხერხულ ადგილს ვაწყდები მათში, ხელები მებორკება. მოვერიე მორიდებას, რომ  შეწუხდებით ამდენი ლინკის ჩასწორებით და ყველას ერთად გწერთ

 

- - - - - - - - - - - - - - -

 

საიტზე არის ლინკი სახელწოდებით ''თესლის ბიდონი", მასში მოთავსებულია ორი ლექსი ''ტომ იორკის საიდუმლო'' და ''თესლის ბიდონი'' მინდა ეს ლექსები ცალ-ცალკე იყოს. მოგცემთ მათ დარედაქტირებულ ვერსიებს.

იმდენი ''მე'' დავითვალე ამ ლექსში, სირცხვილისგან ლამისაა მოვკვდე, მიხსენით ამ უხერხულობისგან )).

გთხოვთ ამავე ლინკში (https://demo.ge/index.php?do=full&id=1419) დატოვოთ ''ტომ იორკის საიდუმლო'' და ახალი ლინკი შექმნათ ''თესლის ბიდონისთვის''

 

 

ტომ იორკის საიდუმლო

 

მოდი, იმედების მსხვრევით დავიწყოთ,

ოღონდ ნამსხვრევებზე ფეხებს ნუ დავისერავთ.

-ყველა კაი ტიპი გეი რომ გგონია, სწორი არააო,

გაიღვიძა თუ არა თქვა და გული მატკინა.

თუმცა მე მჯერა, რომ ადამიანი ბისექსუალია.

 

მერე მეუბნება, 

აი, აქ იდგაო,

შარვალი ჩაიხადა,

ფეხზე ჭრილობა მანახა,

ლაჯებში თავი ჩამაყოფინა და მერე თვითონაც მომიწოვაო.

მერე მითხრა, - ახლა საიდუმლოს გეტყვი, ოღონდ არსად თქვაო - და თქვა.

 

და ვფიქრობ ახლა, ვთქვა თუ არ ვთქვა?!

''არა არს დაფარული რომელი არა განცხადდეს!''

პოეტისაგან სიკეთე არის გამოუთქმელის გათქმა.

(თან რა ცოტაა სამყაროში გასამხელელი?!)

 

ბატონო იორკ, მთელი სხეულით თანაგიგრძნობთ მე ამ სირცხვილში,

მაგრამ ვატყობ, მიწევს გაგყიდოთ ნაახალწლევს ჩამოფასებული ინდაურივით

(სასჯელად უღიმღამო ცხოვრება დამითესლო გირჩევ ამასაც)

(შენც ხომ დაგპირდი, გაგიყიდი-თქო, მაგ შენს სიზმრებს შეყვარებულო.)

 

როგორც ბავშვები მოპარულ ნაზუქს

შემესევიან ჟურნალისტები,

ჩემსგან აიღებს ინტერვიუს მსოფლიოს ყველა ბულვარული გაზეთი,

ჩემს ფრაზას მისი საიდუმლოს შესახებ

დაუგროვდება მილიონობით ნახვა იუთუბიზე

და მეც გავხდები სუპერსტარი პოეტებში.

 

ძვირფასო ტომ, უკვე შეგიძლია გადაიმალო.

მიწევს, რომ გაგცეთ ოცდაათ პწკარში.

უნდა გაგთქვა.

უნდა გაგთქვა და ვთქვა,

რომ ორის ნაცვლად სამი ყვერი გაქვს.

 

 

- - - - - - - - - - - - - - -

 

https://demo.ge/index.php?do=full&id=1419

ყველაზე მეტი ნახვა ამ ლექსს აქვს და არ მინდა პირველი ეს ტექსტი ეჩეხებოდეს მკითხველს ჩემი სახელის ძიებისას. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, ახალი ლინკი შეუქმნათ მას.

 

თესლის ბიდონი

 

თესლი ვარ, თესლი, თესლი ვარ,

თესლი ვარ აბრაამისა,

თესლი ვარ ისააკისა,

ფარეზის რძისფერი თესლი ვარ,

თესლი, თესლი ვარ, თესლი ვარ!

 

მე ვარ თესლი ერომისა,

არამისა, ეროსისა

არამ ამინადაბის და

ტასოსი, ქიმსალთ მაკოსი.

 

მამაჩემის ყლის წვერიდან

გადავარდნილი თესლი ვარ.

მთელი ხმით უარმყვეს მშობლებმა,

უარყოფილი ნაყოფი,

თესლი, თესლი ვარ, თესლი ვარ!

 

ჩემზე სველდებიან ქალები,

ძაან მაგარი, - თესლი ვარ!

ჩემს ბიჭს ვუწუწნი შეთესლილ

ულვაშებს, ტუჩებს ვნებიანს.

ნაყოფს მოველი საკუთარს

ნაყოფიერი თესლი ვარ!

 

მინდა, რომ მაგრად დავწერო,

თუმცა ჯერ ისევ თესლი ვარ!

თესლურად ვძვრები მიწიდან,

თესლთა თესლი ვარ!

თესლი ვარ!

 

- - - - - - - - - - - - - - -

 

https://demo.ge/index.php?do=full&id=1425

 

თუ შესაძლებელია მინდა, რომ საიტზე დახრილი შრიფტი დარჩეს. წაქცევის პირას მყოფ ლექსის ლირიკულ გმირს ჰგავს ეს შრიფტი და მგონი ტექსტის კონცეფციას უფრო ამყარებს.

ტირეები შეცდომა არ გეგონოთ, მინდა აუცილებლად დატოვოთ, სიჩუმეს, პაუზებს ვგულისხმობ მათში თუ მიმიხვდა მკითხველი; ან იქნებ მირჩიოთ, შენიშვნაში ხომ არ ჩაგვეწერა ტირეების შესახებ?

 

* * *

სადედოფლო კაბა მეცვა,

მივრბოდით,

დანას ვურტყამდით ჩემს თავს,

უკან გამოვრბოდით,

კედელს ვეჯახებოდით,

მერე ისევ მისკენ მივრბოდით,

ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ მეტჯერ მოასწრებდა

სიკვდილამდე დედოფალზე დანის ჩარტყმას,

ვქოშინებდით,

გულამოვარდნილებს სისხლზე ნაბიჯები გვიცურავდა,

ყურებს გვიხვრეტდა პატარძლის ტირილი,

დარტყმებს ვითვლიდით და

არაფრით ვაპირებდით გაჩერებას.

-

მორივით გვეგდო წინ სისხლიანი ჩემი თავი

თვალებით, ერთმანეთის გასისხლულ ფეხსაცმელს მივედუღეთ

-    -    -             

ყოველ დილით ამწე მოდის რახრახით,

მზეს კიდებს ფანჯრის წინ და მიდის.

ელექტროდამცველს თითს ვაჭერ,

რამდენიმე წამს წრიპინებს,

წითელს,

ყვითელს,

მწვანეს ანთებს

და სიცოცხლით გვივსებს სახლს.

აბაზანაში წყლის ავზი ღუღუნებს,

ყველიანი პურის მოლოდინში პირდაფჩენილი, გახურებული ტოსტერი ტკაცანებს,

ელექტრომადუღარა აქაფებულ რძეს ყავიან ფინჯანში ქშუტუნით ასხამს

და რადიომიმღები ბერლინის ტერაქტზე იუწყება;

კამიკაძემ თავი აიფეთქა.

80 დაღუპულია და 40 დაშავებული

თუ პირიქით.

ტელევიზორშიც ალბათ იგივე.

შენ კი გძინავს ძვლებში სიმშვიდეგამჯდარს

და ელი, დაგიძახებს შენი დასაქოქი მეუღლე

რომ ყველაფერი მზადაა.

დიახ!

დიახ, ყველაფერი მზადაა

ძვირფასო ჩემო!

როგორც ყოველთვის, ბზრიალებს შენი მეუღლე

ჩიკორივით, აქ, ერთ წერტილზე

და ელის, როდის მოწყდება თავი

შენი სურვილების მანქანას.

ტრიალებს,

ბრუნავს,

თავბრუ ეხვევა,

გულზიდვა აქვს

და საკუთარ ნარწყევში ერთხელ არ დაუსრიალდა ფეხი,

რომ ჩაძაღლებულიყო.

ბანანზე ფეხაცურებულები ხომ კვდებიან ხოლმე,

მე რად არ ავსრიალდი და ავპირქვავდი

ჩემს გადმორწყეულ შიგანზე

ერთხელ მაინც,

რად არ ამომევსო თვალები, საკუთარი თავიდან ამოფრქვეული ცხელი ლავით,

რომელსაც არც სიცოცხლე ეღირსა და არც სიკვდილი.

   -     -

წუხანდელი სიზმარივით

წინ მივდივარ

კედლს ვასკდები,

უკან ვბრუნდები

ერთიდაიმავე მოძრაობით

ტანგაბუჟებული,

მთელი დღე.

მთელი ცხოვრება.

33 წლის წინ შვილად მოქოქილი სათამაშო,

მერე ძმად,

მეგობრად,

ახლა ქმრად მოქოქილი მე.

კედლს ვაწყდები და ველი,

რომ შენ მაინც მოგწყინდება შენი სათამაშო 

და დამამსხვრევ.

ან...

ან...

ან...

- - -

ან შენ მაინც რად დამივიწყე უფალო?!

 

 

- - - - - - - - - - - - - - -

 

https://demo.ge/index.php?do=full&id=1336

ლექსი მოთავსებულია ლინკში "როცა ფული მექნება შენსგან სიზმრებს ვიყიდი ჩემო შეყვარებულო" თუ შეიძლება ეს ლექსი ცალკე ლინკად რომ გააკეთოთ სახელწოდებით - * * * (მიცვალებულები არ ტირიან), - იმ ძველ ლინკში კი დარჩება ორი ლექსი  ''პილიგრიმი'' და "როცა ფული მექნება შენსგან სიზმრებს ვიყიდი ჩემო შეყვარებულო"

 

* * *

 

ახლა გვიანია

ზოგჯერ ყველაფერი ისე დაგვიანებულია,

რომ დასასრულად სიკვდილიც კი გვიანია.

ჰოდა, ასე გვიანია ახლა

 

ამოფრქვეულიყო ვულკანური შხამი შენი მხურვალე ყლიდან

როგორც ხატს მუხლმოყრილი წინ რომ ვედექი.

ან ვქცეულიყავ ფირუზისფერ კრემბრულედ მაღაზიის ვიტრინებში შენს საყვარელ ნამცხვრის შიგთავსს რომ წარმოადგენს.

ამეშვა ხორცი და შევპარულიყავი შენში მე რომ მეკუთვნოდა,

არასოდეს გამოვსულიყავი,

გავმაგრებულიყავი შიგ,

ოკუპაცია მომეწყო,

ბარიკადები ამეშენებინა,

ჩამეხერგა ყველა სხვისი შემოსასვლელი გზა

ვინც ჩემთვის შენს ჩამორთმევას შეეცდებოდა.

რით,

რით ვერ შემოგეხიზნე,

რომ მერე მეტასტაზებივით გავმრავლებულიყავი შენში,

რომ მე შენით და შენ ჩემით ავვსილიყავით?!

 

ტირილი გვიანია ახლა, როცა ოცნებებში სხვები

და ფეხებში სხვა მიმართულების სისხლი გიფუთფუთებს.

 

შობის სანთლების შუქზე, ანგელოზებს რომ ვკიდებდით ჭერზე

მათთვის უნდა გამეტანებინა შენი თავი,

შენი მტევნები - ბოროტების ყლორტები,

შენი თვალები,

შენი გული,

შენი ტერფები

-

შენი ნატიფი ტერფები

დიდი, მძიმე ბათინკებით მიწას მიბმული.

 

ატუზულია ჩემს წინაშე ჩემივე ლანდი

(და 75 ბრუნიანი ფირსაკრავივით)

 კადავერინი, კადავერინი...

 გაჩეხილი ვარ, გადაჩეხილი.

 უშენო მხარე, უშენო მხარეს,

 მკვდარი ნაპირი.

 გვამური შხამი,

 ბალზამისა და დამპალი რბილი სხეულების ნაღები,

 კადავერინი.

 

მიცვალებულები თავს ვერ იკლავენ, თორე...

მიცვალებულები არც ტირიან, თორე...

უფრო სწორია, - ვერ ტირიან!

ყველაზე მეტად მათ ეტირებათ, მაგრამ აბა როგორ?

 

ვიდრე სოკოები აყვავდნენ კანზე წერილს დგიწერ,

სუნთქვის შეწყვეტის მომეცი ნება.

როს სურნელოვან ხელისგულებს გულზე დავიკრეფ

ცივ შუბლზე ბოროტების დაიცხრე ვნება.

ოღონდ მომეცი სუნთქვის შეწყვეტის,

სუნთქვის შეწყვეტის მომეცი ნება.

 

*

 მკვდრები დატირებას ელიან.

 მკვდრები არ ტირიან.

 მათ ეტირებათ ყველაზე მეტად არადა

 

- - - - - - - - - - - - - - -

 

https://demo.ge/index.php?do=full&id=1336
 

პილიგრიმი        

 

შენ მიდიოდი ასობით კილომეტრზე ჩემზე სალოცავად.

მე კი არ მიმხელდი, რომ ჩემს თავს რაღაც ისე არ იყო...

შენმა გამოწოვილმა,

დანაოჭებულმა,

ტვირთად ქცეულმა

მიწისკენ მიმართულმა ძუძუებმა

როგორღა შეძლონ ლოცვა?!

ადრე ისინი გამვლელებს ფანტაზიას უვარჯიშებდნენ, 

ახლა წყევლასაც ვეღარ გადაუდგებიან ჯებირებად,

ერთ მშიერ კნუტსაც ვეღარ გააყუჩებენ...

გაბზარული ჟღერდა ყურმილში შენი ხმა

და ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემს თავს რაღაც ისე არ იყო.

შენ კი დადიოდი ასობით კილომეტრზე

სალოცავად დარდების ჩრდილით...

 

 

- - - - - - - - - - - - - - -

 

https://demo.ge/index.php?do=full&id=1414

 

* * *

 

ქუჩაში გამოსული ყველა მივისწრაფით ერთი ადგილისკენ,

(ძალიან ბევრი მაინც თუ ყველა არა)

მერე მივდივართ და ყელმოღერებულები ვდგებით იმის წინაშე.

ორი წუთი, სამი წუთი, ცხრა წუთი

ყველა ვემგვანებით გუდიაშვილის თვალებბრიალა,

გრძელკისერა, გედივით ნატურებს

და ყველას ჩვენი დრო გვაქვს ყელმოღერებისთვის

მანათობელი სვეტიცხოველის წინაშე.

ის კი

ციმციმებს

ორი წუთი, სამი წუთი, ცხრა წუთი

და ამ ციმციმიდან მირონივით მოედინება

ცოდნა უახლოეს მომავალზე.

მე გადაღლილი, ფოკუსარეული

უფრო გაშტერებული თვალებით შევყურებ იმის ნათებას.

ჩემი ავტობუსი მოდის და ჩაივლის

ეს კი ციმციმებს,

ავტობუსების დაფა - ქალაქელი ციცინათელა.

ოცდაორი საათი

ოცდაათი გრადუსი

ორი წუთი...

სამი წუთი...

ცხრა წუთი...

 

- - - - - - - - - - - - - - -

 

https://demo.ge/index.php?do=full&id=1358

 

Tuba  mirum

 

პალატიდან გადმოფერთხილ სიცოცხლის ნამცეცებს ვკენკავ

 

ისე ძვირია ახლა სათნოება.

ისე ძვირია ახლა იმედი.

 

Tuba mirum!

tuba mirum spargens sonum!!!1

 

რამდენს იძუნძულებ ასე, მგლის ლეკვივით,

სახეში შემხმარი სიცოცხლის ხით.

ცხოვრების კანს ბრჭყალებით ჩაფრენილი

რამდენს გაუძლებ, ასე უმწეო.

თუკი არა ხარ მაშინ ვინღა იცის საით მისდევს მთას გავაკება.

რად არ ხარ უფალო სულგრძელი

და მრავალმოწყალე,

რად დამივიწყე?

 

გაყიდულია ალუბლის ბაღი!

 

ცოდვიანი ხილის ჭამით მოწამლული დედაჩემის საფლავი, გაყიდულია

ალუბლის ყვავილების თეთრი სუდარით,

ლურჯი მდინარე რომ შვა  წლების წინ

და არ დაშრა დღემდე,

არ დაიგვალვა.

 

წისქვილები ჩერდებიან

და ქარები ოსდებიან,

ქორწილი მაქვს ყოველდღე უშენობასთან

და სიკვდილის კაბა მაცვია...

 

შენ მაინც ნუ დამტოვებ

შენ მაინც რად მტოვებ

ასე გაგვამებულს და ასე დაუმარხავს

შენ მაინც ნუ მტოვებ, კეტლინ ფერიერ... (2)

 

განმარტებები

1. Tuba mirum sparge sonum (ლათ.) - სასწაულმოქმედი საყვირი (მესებიდან, რეკვიემებიდან).

3. კეტლინ ფერიერი (1912 -1953) - ინგლისელი მომღერალი, კონტრალტო.

 

- - - - - - - - - - - - - - -

 

https://demo.ge/index.php?do=full&id=1471

დარწმუნებული არ ვარ, ამ ლექსს უნდა ვასწორებდე თუ უნდა ვშლიდე საერთოდ. სამი წელია ვარედაქტირებ ერთ ციცქნა ციკლს, ათასჯერ გადავწერე, მაგრამ მაინც ვერ მივუახლოვე იმას რაც უნდა იყოს. ამჯერად ამ ვარიანტით გამომიქვეყნოთ გთხოვთ.

იქნებ ფოტოსაც მოვუხერხოთ რამე, არ მომწონს.   

 

ხ ე ნ ე შ ი

 

გაცლა

გიტოვებ ჩვენს ქალაქს,

ჩვენს ერთად გავლილ ქუჩებს,

ჩვენი ძაღლის საფლავს,

ჩვენს არდაბადებულ შვილებს,

ყველა წმინდანის სახელობის ქუჩას,

მთაწმინდას, ვაგზალს...

ოღონდ გორგასლის დაივიწყე 16

ოღონდ ფეხი აღარ დადგა აქ და

 

ტკივილების ბაქანზე

საითღაც მიმაქვს ზურგზე აკიდებული საკუთრი ფიტული

ჩემი ხმის ხმა მოაქვს უცნობი მხრიდან ქარს

მე მე ვარ ვფიქრობ, თითქოს, მაგრამ მე მე არა ვარ!

ძაღლყურძენასავით მონატრება მუცელს მისერავს.

რომ შემეძლოს შენი სისხლის ოყნებს გავიკეთებდი,

ყველა შენი ხსოვნისგან გამოვრეცხავდი თავს და დავმშვიდდებოდი

 

ალბათ.

 

უწყინარი თამაშები

დავიღალე შენი გართობით,

გამომიღე,

გამოიღე ეგ თოფი!

ეგ თოფი გამოიღე და

რეპროდუქციულ ადამიანებზე ინადირე.

შიშით მე ნაყოფს ვერ მოვისხამ,

რამეთუ არა არს ხე კეთილი,

რომელმან გამოიღოს ნაყოფი ხენეში და

არცა კუალად ხე ხენეში,

რომელმან ყვის ნაყოფი კეთილი (1).

 

გამოიღე ეგ სანადირო თოფი ჩემი მყიფე,

დახავსებული, ყრუ, უსინათლო საშოდან.

-
ათას კონდომში და შიშში გახვეულს

როგორ გელოდი

უნაყოფო მიწიდან გადახვეწილ თესლს,

როგორც მიწა გაზაფხულს.

 

(ჩემი საშო შიშით არა შობს!
ჩემი საშო შიშით არა შობს!
ჩემი საშო შიშით არა შობს!)

 

ეფემერები ნაპრალებიდან

ჩემში ჩატოვებულ პრეზერვატივებს გამოვიღებ,

გამოგამწყვდევ და გამოგგუდავ ისე,

როგორც ჩვენი პოტენციური შვილები გამოგუდე მათში.

მინდა გიყურო როგორ ლპები

და წყლად იქცევი მეორე დღის სპერმასავით,

მინდა შენი ლპობის სუნმა ცხვირი ამიწვას.

 

ალუზიები ცხენთევზაზე

ინდაურის ბუმბულით ნელ-ნელა ვიხსნიდი ხოლმე ჭიპს,

ვანძრევდი,

გათავებისას სისხლმდინარე ხვრელში ვიმიზნებდი

და მზესმიპყრობილი სახით ველოდი, რომ

გვამში სიცოცხლე დაიძვრებოდა.

 

სიყვარულის ‘’სტანოკი’’

შენ გეგონია ლეკვი შვილობას გაგვიწევდა?

გგონია ძაღლები იმიტომ ტყნაურობენ,

რომ ჩვენ შვილები გვაჩუქონ?

რომც არ მომკვდარიყო

და ჩვენთან ყოფილიყო

გგონია მის მშობლებად ვიგრძნობდით თავს?

შვილს კი არა მისგან გასართობ,

სიყვარულის მანქანას ველოდით.

ყოველდღე ნაყინის დაზგასავით

რომ მიგვეშვირა ვაფლის ჭიქები

და სიხარული პორციებად ჩამოესხა.

 

ამიტომაც ადგა და დაგვადო.

 

ინტერვიუ საავადმყოფოდან

ხმამაღლა დავფრატუნებ სახლში,

რომ მარტოობას სიჩუმე დავურღვიო.

ვალაგებ ფოტოებს, რეცეფტებს, ძველ აფიშებს, ანკეტებს, მისალოც ბარათებს, წერილებს წლების, თვეების, მერე დღეების მიხედვით...

სხვა რა ვაკეთო?

წარსული გაიყოლა

აწმყოს სხვებს ურწყავს

და მომავალი...

ფოტოებზე, დიაგნოზებში და კომუნალური გადასახადების ფურცელებზე გამოწერილი გვარ-სახელის გარდა რაღაა ჩემსგან?!

 

ასფიქსია

ჩვენი საწოლის თავთან ვზივარ,

წარსულის ნარჩენებით ფეხებთან,

ჯანმრთელობის დამადასტურებელი ანკეტები,

გინეკოლოგის ჩანაწერები, აფიშები, ფოტოები

წლების, თვეების, დღეების მიხედვით,

კომუნალური ქვითრები უახლესი რიცხვებით,

ჩემი არსებობის დასტური.

ლენცოფას კვირტებს ვლოღნი,

აღარ მინდა რეცეფტებს და დიაგნოზებს ველოდო.

 

ქალაქგარეთ წადი,

ჩვენი არ შემდგარი შვილების და ძაღლის საფლავს მიხედე,

სუსხიანი ქარი რომ დაზმუით

და მწკლარტე სუნი ასდით პრეზერვატივებში გამონასკვულებს.

 

სხეულს გამოვივსებ,

ერთი სიმღერა შენი ღირსი რომ ვერ იმღერა.

(უქმად არჭია ხენეშ ხეში პრიალა ცული)

ფესვებით შემყავს კონიოები(4) გამშრალ მუტელში და

ანგელოზების საყვირები უკრავან შხამიან სოლოებს ჩემში (5)

 

 

1 - სახ. ლუკასი VI / 43 ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.

2 - კონიო ყვავილია, რომელსაც შეუძლია ცენტრალური ნერვული სისტემის მწყობრიდან გამოყვანა, ადამიანის კრუნჩხვებში ჩაგდება, კუნთების შეკუმშვა და მოკვლა.

3 - ანგელოზების საყვირი, - ყვავილი რომელიც შეიცავს ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერებებს, მისგან გამოყოფილ სკოპოლამინს კანი და ლორწოვანი გარსი იწოვს და მისი სახეზე შეყრაც კმარა ადამიანის მოსაკლავად.

 

- - - - - - - - - - - - - - -

 

https://demo.ge/index.php?do=full&id=1647

 

* * *

 

როგორ მშურს,

ო, როგორ მშურს მათი,

ვინც საკუთარი სიმართლის თქმამდე არ იოფლება

და ჭინთვებს არ იწყებს.

როგორ მშურს მათი, ვისაც სათქმელი არ აქვს

და შეუძლია, გამაბრუებელი სიმშვიდით დაითბუნოს მთელი სხეული,

ტელებრიფინგებს შეჰყურებდეს გულგრილად და გულდამშვიდებით.

პოლიტიკოსების ბრიფინგებს,

მათ, ვის ყოფასაც ჩანაფიქრის ზომა-წონა აქვს,

მათ, ვინც არასდროს კვანძს არა ჰკრავს პირველობისთვის.

(ყველაზე დიდი, რაც რამ შეუკრავთ ჰალსტუხია

და უსათუოდ უნდა ითქვას,

უნაკლოები არიან ამ დიდ საქმეში.)

მათი პერანგები სიქათქათით და

ენა რბილი გულწრფელობით გამოირჩევა,

(რა პოეტი ხარ თუ არ გშურს მათი?)

ჰოდა როგორ გინდა, ჰოდა რატომ გინდა

ამოცოცდე მათი ენის ჭაობიანი საფლობებიდან?

 

მე კი ისე მინდა…

ო,

ოო, როგორ მინდა,

დივანზე წამოწოლილი და

ნახევრად მძინარე ვუყურებდე

”The voice”-ს ან ”ნიჭიერს”,

მოსიყვარულე ცოლი სახლში ფუსფუსებდეს,

რომელიც ბევრს არ ილაყბებს,

შვილებს გამიჩენს,

ოთხს ან სამს მაინც

(და სამივეს გოგოს).

როგორ მშურს კმაყოფილი ადამიანის,

ვინც საკვირაო წირვებს ოჯახით ესწრება და

ვინც არასდროს გადის აქციებზე პოლიტიკის წინააღმდეგ.

 

- - - - - - - - - - - - - - -

 

https://demo.ge/index.php?do=full&id=1431

 

 

მე ვიქნები პირველი, ვინც რწყევით მოკვდება

 

გული მერევა!

გული მერევა!

დედა დამფარე შენს ზურგსუკან ან ისევ შენში გადამმალე.

დამიცავი ტანს მოდებული სიბრმავისგან,

პოლიციელის ხელკეტისგან.

 

რა საჭიროა სიცოცხლე თუ ვერ დავიცავთ.

არადა, ვისღა აქვს ძალა, წყალი ღვინოდ გადააქციოს.

სისხლი ახმება მიწას

და ასე ყვავის ახლა ჩვენში მინდვრები.

კომბოსტოსა და ვაშლის ბაღები უნდა გადავწვათ,

ფრთები შევუკრათ წეროებსა და გაშლილ საშოებს,

სამშობიაროს შევუყენოთ მდინარეები და

ვიყოთ ასე, ვიდრე ვიქნებით.

 

რა საჭიროა სიცოცხლე თუ ვერ დავიცავთ?!

 

ამოგეკერა საშო ან ჩამოგეხრჩვე ჩემსავ ჭიპლარზე

თუკი არ გქონდა დედობის ძალა.

ამოეჭედებინა ის ებრაელი ქალწულს ბაგაში

და ამოეჭამათ დამშეულ ვირთხებს, 

თუკი ღმერთობას ერთხელ მაინც ვერ გამიწევდა.

ვინ დამიფაროს მფარველისაგან?

რად მიილია,

სად დაილია მთვარე,

რომ მკრთალი შუქი მაინც მოჰფენოდა ამ უსამართლობას?

 

ახლა როცა ბედი თევზივით ხელიდან დაგვისხლტა და

მის ბადეში მოგვიქცია უიმედობამ,

ახლა როცა შენი შვილი მქვია და

ვერსად წაუხვალ ამ რეალობას

მაპატიე, რომ თავს ვერ ვიცავ,

აპატიე პოლიციას რომ ვერ დამიცავს.

თავს აპატიე რომ შენი შვილი ვარ და

თუ ვერ მიხსნი დრაკონებისგან შენში მაინც შემომაბრუნე.

 

გული მერევა

მე ვიქნები პირველი, ვინც რწყევით მოკვდება

გული მერევა

დედა დამიცავი!

დამიცავი თორე შვილს მოგიკლავ!

პირს მოვკუმავ და სიცოცხლეს გადავყლაპავ!

 

- - - - - - - - - - - - - - -

 

https://demo.ge/index.php?do=full&id=1602

 

ესაა ტექსტის განახლებული ვარინტი. 

აქვე მინდა გთხოვოთ, ლინკს ილუსტრაციად გამოყენებული ფოტო შევუცვალოთ. ისედაც პათეტიკის ზღვარზეა ტექსტი და ეს სურათი უფრო ზემოთ წევს ამ ტემპერატურას. არ იზიდავს ადამიანს წასაკითხად და მკითხველზეც არასწორი მიმართულებით ზემოქმედებს. 

 

ს ტ რ ი ე ბ ი

 

სველი ნაჭერი შემოიჭირე თავი თუ გისკდება და ნუ იგრიხები ისე, თითქოს ათავებ. ჯერ ფინალამდე კიდევ შორია.

სოდომის თავლაში იები ყვავის, ბუზები უნდა შემოვრეკო მკვდარი გვამიდან და ამოვშალო ეს ჩიტები ამ ჩემ ლექსებში. როცა ზეცაში ღრუბლები ქუხან ზარბაზნები ლულებს მალავენ.


სველი პირსახოცი შემოიჭირე და მოემზადე.

 

*

ჰექტორი და ანდრომაქე

ჰექტორი და ანდრომაქე

ჰექტორი და ანდრომაქე

ჰექტორი და ანდრომაქე

ჰექტორი და ანდრომაქე

ჰექტორი და ანდრომაქე

ჰექტორი და ანდრომაქე

ჰექტორი და ანდრომაქე

ჰექტორი და ანდრომაქე

 

*

”ვეძებ სითბოს” – განცხადებაა ქალაქში გაკრული, ქვემოთ განმცხადებლის ნომერი მონდომებით დაჭრილ ფურცელზე წერია და ყველა მათგანი ხელუხლებლად ფრიალებს ავტობუსის გაჩერებაზე.

 

*

როდის გადმობრუნდები ჩემსკენ?! მენატრები.

როდის ამოშრება ეს მჟავე დრო?! მენატრები.

როდის იფეთქებს შენს ფეხებში ჩემი ყვავილი?! მენატრები.

გაცოფებული დავდევ საკუთარ ბედს გამოსაჭმელად და...

 

*

ვანკა-სტანკაში გადავსახლდით და ჩვენი თავბრუდახვეული, მოკუჭული თვალები, ნარწყევით სავსე პირები, ადღვებილი გონება ვეღარ ხვდება, რომ დავიმსახურეთ ეს ლექსები, რასაც გვიწერენ; დავიმსახურეთ ეს სიმღერები, რასაც გვიძღვნიან; დავიმსახურეთ ეს ქალაქი, ეს ჰაერი, ეს მზე, მინის შენობებიდან ასხლეტილი და თუ ვინმეს არ მოწონს, კიდევ უფრო ძლიერ მოხუჭოს თვალები, უფრო მეტი დაიგუბოს პირში ნარწყევი და თუ ვინმე უკმაყოფილოა იმით რაც მის ირგვლივ ხდება გაიხსენოს, რომ ვანკა-სტანკაა, რომელიც ვერ ჩერდება და ამ რწევაში შესაძლოა სრულიად არ იყოს იქ სადაც ჰგონია რომ არის, და ამ რწევაში შეიძლება სულაც არ იყოს სათქმელი ის, რასაც გრძნობს.

 

*

უნდა აბრიყვებდეს ხელოვანი ადამიანებს. აი პოეტი, ენის წვერზე უნდა იჩერებდეს სიტყვებს ბურთივით, ჰაერში ტყნავდეს რიტმებს, რითმებს და მეტაფორებს. საკუთარი აზრის ტყვეობაში უნდა ხვევდეს დიდს და პატარას. სექსუალური და მოქნილი უნდა იყოს გამომცემლებთან, აი რა არის ხელოვნება ჩემო პატარავ.

 

*

მოიცა, მოიცადე! ძილს მივატოვებ და ცოლად გამოგყვები ახლავე.

 

*

თავზე წამოვიცვამ საზამთროს და ნელა გამოვჭამ, დაველოდები როდის იყვავებს მისი მარცვლები ჩრდილად ჩემს თავზე.

 

*

ჰეე

ჰე, ქენი ახლა რამე

ან ჯვარს ეცვი და ან ჯვარზე მაცვი

ჰე, ქენი რამე

 

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული