- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
გამოცხადება I
აქ რომ ბრუნდება, ფიქრობს, თითქოს ის წასვლა, გადაკარგვა და ადამიანები არც ყოფილა. თითქოს სიზმარში ნახა ფრთებგამოზრდილი კორპუსები, ტროტუარზე შემხმარი ნარწყევის დანახვაზე ახარხარებული მეგობარი. ანა. მწვანე თმებით და დრამატული ისტორიებით. მეგობარი. მეგობარი. მეგობარი. ხშირად იმეორებს. გეგონება, წყალში ანკესს ისვრის. მერე სხეული ეძაბება, თვალები უსივდება, ყელი უშრება. მზადაა. წამოაგო. კიდევ ერთხელ გამოუვიდა. თვალწინ ეშლება წარსულის სლაიდ შოუ. უგემოვნოდ და ერთი ხელის მოსმით შექმნილი პრეზენტაცია. ძალიან სენტიმენტალური მუსიკით და უმისამართო თავდაჯერებით. ფოტოები მალ-მალე ცვლიან ერთმანეთს, ვერ ასწრებს ყველა დეტალის აღდგენას. დეტალები კიდევ ისეთი არსებითია, რომ შეუძლია მთლიანი პერსპექტივა გვერდზე გაწიოს და ფანჯარაში არეკლილ ღრუბლის ნაჭერს ჩააფრინდეს. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას ,რომ დეტალებისადმი მისმა ცხოველურმა ვნებამ ყველაფერი თავზე ჩამოანგრია.
გამოცხადება II
ეს დედაჩემია. ეუბნება თავს, თან სახეზე მიშტერებია. ნეტა დედამისის სახე ნიღაბი იყოს, შეინახავდა და როცა მოენატრებოდა გადაიცვამდა. დედად გარდაისახებოდა. როცა მოენატრება. როდის მოენატრება. ჰო. როცა დედამისი ქვეყნიერების დასალიერთან მივა. ქვეყნიერების დასალიერთან მისვლას ასეთი თავისებურება აქვს. მისულებს სუნთქვა აღარ ჭირდებათ, არც საკვები, არც დილით საშარდე ბუშტის დაცლა. საერთოდ არაფერი. თითქოს ქვეყნის დასალიერი მაღალი ძაბვის ანტენა იყოს, რომელიც სხვა სიხშირეებს ახშობს და ყველა სიგნალს ერთ წყაროში უყრის თავს. მისთვის გაუგებარ და საშიშ წყაროში.
გამოცხადება III
მრგვალი მაგიდა. ოღონდ სადმე მრგვალი მაგიდა და კაცი ერთად არ დაინახოს. სულ ის ახსენდება ბავშვობაში დედა რომ მოუყვა. მაგის მერე გადაწყვიტა, არასოდეს ყოფილიყო ორსულად და არასოდეს ქონოდა სახლში მრგვალი მაგიდა. და არასოდეს დაებრახუნებია ვინმეს სახლის კარზე. ვერ წარმოუდგნია, მშვიდობას მრგვალი მაგიდის გარშემო როგორ მიაღწევენ ადამომანები.
გამოცხადება IV
ერთხელ ლექციაზე მისვლა დააგვიანდა და ლექტორმა მაღალ ფეხებზე ახორხლილი მრგვალი მაგიდასკენ მიუთითა. დაინახა თუ არა ფეხებში სიცივე ჩაუდგა და ღიმილით თქვა, რომ უბრალოდ ცუდი ასოციაცია ქონდა და ერჩივნა ჯგუფელებს შორის ჩაკვეტებულიყო. ასეც მოიქცა. გაუკვირდა, ამ ქალზე უკეთესი წარმოდგენა ქონდა.
გამოცხადება V
ქალი შვილებთან ერთად. სამშობლოდან გამოგდებული. სხვის ბინაში შეკედლებული ქალი. ქალმა და კაცმა სახლი ააშენეს . დიდი მარმარილოს კიბეებიანი და მანდარინის ბაღებიანი სახლი. ეს იყო პრეადამომანების ხანაში. მაშინ ადამომანები ერთმანეთის ხორცის ჭამისგან თავს იკავებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს თავშეკავება არ იყო ძალდატანებითი. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ ადამოამანებმა ათასწლეულების განმავლობაში მუტაცია განიცადეს. ხოლო ის, რასაც დღეს ადამიანი ქვია ამ მუტაციის და გენეტიკური კოდის რღვევის პროცესია. ადამომანები უკვდავი არსებები იყვნენ, მათთვის უცხო იყო ყველაფერი ფანატიკური. მათ შორის, რელიგია და პოლიტიკა.
ეს მაშინ, ახლა კი ქალი, ორ პატარა ბავშვთან ერთად, არა სამ, მესამე მის პრეადამომანებამდელ მუცელში მშვიდად თვლემდა, სხვის ბინაში შეკედელებულიყო.
საღამოს ვიღაცამ დაუბრახუნა კარზე. დაბრახუნება კარის შემონგრევაში გადაიზარდა. ხმა ყვიროდა. გაეთრიეთ აქედან. მოშორდით აქედან. ვინ ხართ. საიდან მოხვედით. ეს ჩემი სახლია. აქ არ არის თქვენი ადგილი. სადაც გინდათ იქ წაეთრიეთ. ხმა მრგვალი მაგიდის გარშემო დაძრწოდა და ნისკარტით ცდილობდა დედისთვის კბილი ჩაევლო. გაეგლიჯა მისი სხეული. ხმა ისეთი ძლიერი იყო რომ კედლები გაიბზარა. იატაკიდან დამფრთხალი თაგვები ამოცვივდნენ და უკან მოუხედავად გაიქცნენ.
ხმაში ალკოჰოლის და სისხლის სუნი ირეოდა. ადამიანებს უკვე მოესწროთ ერთმანეთის დახოცვა, შეჭმა, სახლების დაწვა, ტერიტორიებისთვის ბრძოლა, ეთნო-ნაციონალიზმის გაღვივება და ყველა სხვა ფანატიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებ. რა თქმა უნდა, მათ შორის იყო რელიგია და პოლიტიკა.
გამოცხადება VI
ახლა მისი საშოც მზადაა ნაყოფიერებისათვის. ფრთხილად იცურებს ფეხებს შორის ხელს. თმები გარშემო დამცავი ჯარივით შემოხვევია, უფრო სიღრმეში სასიამოვნო სირბილე და სისველე ხვდება. ფეხებს კეცავს და ეხუტება. ცდილობს თავი დაიცვას. მან უკვე იცის როგორი გემო აქვს წრეზე ტრიალს და გავეშებული კაცის ხმას. ყველაფერი ესმოდა. მერე რა, რომ ვერავინ ხედავდა. ყველაფერს გრძობდა, როგორც მისი შეშინებული ძმები და დედა. ბოროტების მოწმე დაბადებამდე გახდა.
რომ დაიბადე არ გიტირია, მოდუნებულ ფორმაში იყავი. ეუბნება დედა.
რამდენი თმა აქვს სახეზე, ხელებზე, მუცელზე. მერე სადღაც ამოიკითხა რომ მიზეზი შეიძლება დედის მიერ ორსულობაში გადატანილი შიშები იყოსო. მემკვიდრეობით სხვა არაფერი მიუღია, რადგან ყველაფერი რაც გააჩნდათ, პრეადამომამდელი გვიანი ხანის პერიოდში დაწყებულ ომში დაკარგეს.
რამდენი ეცადა, რომ რაც შეიძლება შორს გაქცეოდა. მაგრამ დღეს აქაა. მთავარ წყაროსთან ახლოს. შიშების საბადოსთან. ყველაფერთან შეიძლება გამკლავება, აჯერებს თავს, სანამ უცხო სხეულის მიერ გადმოსროლილი მარცვალი ჩაიბუდებს საშვილოსნოში და ცომივით ააფუებს მუცელს.
ახლა ბევრი დრო აქვთ. დედამისი ხშირად იხსნებს პრე და პოსტ ადამომამანებამდელ ხანას. იმ საღამოს მხოლოდ გაკვრით ახებს ენას. თითქოს გემოს უსინჯავს, ისევ ისეთი დაჟანგებული ხორცის გემო აქვს თუ არა. ეს შეხება ძირითადად ასე იწყება, და იქვე მთავრდება.
მე, ლაშა, ნიკო, ნანიკა და შენ მუცელში.