ჟრუანტელჰქმენ სინათლის მარდი ჟინით,
ო მამაკაცო! ჩემო მამაკაცო!
ქროლვით გამო ღამიდან
პანის! იო პან!
იო პან! იო პან! ზღვა გადმოკვეთე
სიცილიიდან და არკადიიდან!
ბაკქისებრ მსხემი, ფავნთა და პარდთა
ნიმფთა და სატირთა ამალით მხლებელ-მცველებად,
რძეთეთრ ვირზე, ზღვა გადმოკვეთე
მოდი, მეახლე,
მოდი, საპატარძლოდ მოკაზმული აპოლონის თანხლებით
(ქალი მწყემსი და მისანი ქალი)
არტემისის, ფეხთაბრეშუმმოსილის, თანხლებით მოდი
და მოიბანე თეთრი ბარძაყები, ტურფაო ღვთაება,
ტყეთა მთვარეში, დრუნგილის მთაზე,
ქარვის თავწყაროს დაწინწკლულ აისში!
ვნებააღძვრილი ლოცვის ძოწი ჩააწე
მეწამულ ტაძარში, ალისფერ მახეში,
სული, რომ აფრთხობს თვალის ლაჟვარდში
რათა შენი გარყვნილების ქვითინს უცქიროს
ტყეხლართულიდან მომავალს, ტანნასკვიდან
ცოცხალი ხისა, რომელიც გონი და სულია
და სხეული და ტვინია—ზღვა გადმოკვეთე
(იო პან! იო პან!)
ეშმა თუ ღმერთი, ჩემთან, ჩემთან,
ჩემო! მამაკაცო ჩემო!
მოდი, სმენისწამღები საყვირით
მთა გადმოკვეთე!
ხმამოგუდული დოლებით, მოდი
გაზაფხულიდან!
მოდი სტვირით და სალამურით!
არ მოვმწიფდი განა?
მე, ვინც გელი ჰაერთან კრუნჩხვა-
ჭიდილით, ჰაერთან რომელსაც ტოტები არ აქვს
ჩემი სხეულის დასაბუდებლად, დამეღალა ფუჭად ბნეული,
ლომივით მძლავრი და მჭრელი ვით ასპიტი—
მოდი! ო მოდი!
დავოსებულვარ
ეშმაკეობის ეული ლტოლვით.
ხმალი აგემე კანისმყვლეფ ბორკილს,
ყოვლის მსანსლავო და ყოვლის მქმნელო;
ღია თვალის ნიშანი მომეცი,
და ეკლის ბარძაყის მდგარი ხატი,
და სიტყვა სიგიჟის და იდუმალების,
ო პან! იო პან!
იო პან! იო პან პან! პან პან! პან,
მე კაცი ვარ:
ჰქმენ ვით ინებებ, ღვთაებრ ძალით
ო პან! იო პან!
იო პან! იო პან პან! მე ვფხიზლობ
გველშემოჭდეული.
არწივი სერავს კლანჭ-ნისკარტით;
ღმერთები იხევენ,
დიდი მხეცები მოდიან, იო პან! მე სიკვდილად
ვეშვი რქაეულის
ქარახსას.
მე ვარ პანი! იო პან! იო პან პან! პან!
შენი წყვილი ვარ, კაცი ვარ შენი,
თხა შენი ფარის, ოქრო ვარ, ოქრო ვარ
ხორცი შენს ძვალზე, ყვავილი შენს წნელზე.
ფოლადის ფლოქვებით მივაჭენებ კლდეზე
მიდეგ ნაბუნიობით დღეღამტოლობისკენ.
და ვშმაგობ და ვტყნავ და ვგლეჯ, ვანაკუწებ
მარადისობას, უსასრულო სამყაროს,
კაცუნას, ქალწულს, მენადს, კაცს
პანის ძალით.
იო პან! იო პან პან! პან! იო პან!
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ