მთელი ღამე წყლის ქვითინი ჩამესმის.
მთელი ღამე ვქმნი ღამეს ჩემში, ვქმნი დღეს, რომელიც ჩემგან იწყება, მოქვითინეს, რადგან დღე წყალივით წვიმს ღამეში.
მთელი ღამე ხმა მესმის იმის, ვინც მეძებს. მთელი ღამე შენ მტოვებ ნელა, წყალივით, რომელიც ტირის ნელი მოწვეთით.
მთელი ღამე ვწერ ცხად გზავნილებს, გზავნილებს წვიმის, მთელი ღამე ვიღაც მამოწმებს და მეც ვამოწმებ.
ნაბიჯების ხმა ამ ქოლერული შუქის წრეში, ჩემმა უძილობამ რომ წარმოშვა. ნაბიჯები იმის, ვინც აღარ ოხრავს, ვინც აღარ წერს. მთელი ღამე ვიღაც ჩერდება და გაკვეთს ამ წრეს, ამ მწარე შუქის.
მთელი ღამე შენს თვალებში ვიძირები, რომლებიც ჩემს თვალებად იქცევა. მთელი ღამე იმ ვიღაცის ძებნით ვიშლები, ჩემი მდუმარების წრეში რომ სახლობს. მთელი ღამე ვხედავ რაღაცას, ჩემს მზერასთან ერთად რომ იძვრის, რასაც სიჩუმის ფაქტურა აქვს, რაღაც ნესტიანს, ვინმეს ქვითინის ხმას რომ გამოსცემს.
არყოფნა უსტვენს პირქუშად და ღამე დედდება. ღამე მკვდრის ქუთუთოების ფერია, ბლანტი ღამე, გამოყოფს შავ ზეთს, სიცარიელის საძებნელად რომ გამიძღვება. იქ არც სითბოა, არც სიცივეა. მთელი ღამე ვიღაცისგან გავრბივარ, მივუძღვი დევნას, მივუძღვი ფუგას. დატირების სიმღერას ვმღერი. შავი ჩიტები შავ სუდარებზე. გონება მოთქვამს. შეშლილი ქარი. გამოვეცლები ზედ შემოჭერილ, დაჭიმულ ხელს, არ მსურს რაიმეს ცოდნა ამ მუდმივი გოდების გარდა, ამ ხმაურის გარდა ღამეში, ამ შეყოვნების, ამ შერცხვენის, გადევნების, არარსებობის.
მთელი ღამე ვიცი, რომ მიტოვება თავად მე ვარ, მე ვარ ობოლი ხმა მოქვითინე. შეგვიძლია სანთლით მივყვეთ, შეგვიძლია გადავკვეთოთ ჩრდილის ტყუილი. იგრძნობა, გული უკვე ფეხებშია და წყალი დგება იმ არქაულ ადგილას, გულის.
მთელი ღამე გეკითხები, რატომ. მთელი ღამე მეუბნები არა.
ალექსანდრა აროშვილი
მთელი ღამე წყლის ქვითინი ჩამესმის. მთელი ღამე ღამეს ვქმნი ჩემში, ვქმნი დღეს, რომელიც იწყება ჩემს გამო რომელიც ვტირი რადგან დღე წყალივით ეცემა ღამეში.
მთელი ღამე ხმა ჩამესმის ვიღაცის, ვინც მეძებს. მთელი ღამე შენ მტოვებ ნელა, როგორც წყალი, რომელიც ქვითინებს როცა ნელა ეცემა. მთელი ღამე მანათობელ გზავნილებს ვწერ, წვიმის გზავნილებს, მთელი ღამე ვიღაც მეძებს და მე ვეძებ ვიღაცას.
ნაბიჯების ხმა წრეში, შორიახლოს იმ ქოლერული შუქის, რომელსაც ჩემი უძილობა წარმოშობს. მისი, ვინც აღარ ყვირის, ნაბიჯი ავსებს ამ წრეს, ვიღაცის, ვინც აღარ წერს. მთელი ღამე, ვიღაც ჩერდება და კვეთს მწარე სინათლის ამ წრეს.
მთელი ღამე ვიძირები შენს თვალებში რომლებიც ჩემი თვალებია. მთელი ღამე ჭკუიდან ვიშლები ჩემი მდუმარების წრის მაცხოვრებლის ძიებით. მთელი ღამე მესმის რაღაც როგორ იქაჩება ვიდრე ჩემს მზერამდე, რაღაც მდუმარე და თხევადი მასალის, რომელიც მოტირალის ხმას გამოსცემს.
არყოფნა რუხად სუნთქავს და ღამე დედდება. ღამეს მკვდრის ქუთუთოების ფერი აქვს, ღამე ბლანტი, სუნთქავს შავ ზეთს, ჭკუიდან რომ მშლის და მაძებნინებს ცარიელ ადგილს, დაცლილს მხურვალებისა და სიცივისგან. მთელი ღამე ვიღაცას გავურბივარ. მე მივუძღვი დევნას და ფუგას. გლოვის სიმღერას ვმღერი. შავი ჩიტები შავ ფარდებზე. გონებით ვყვირი. ქარი შეშლილი. გამოვეცლები ხელს დაჭიმულს და დაძაბულს, არ მსურს არაფრის ცოდნა, გარდა ამ უწყვეტი გოდებისა, გარდა ამ შრიალისა ღამით, ამ სინელისა, ამ სირცხვილისა, ამ დევნის, ამ არარსებობის.
მთელი ღამე, ვიცი, რომ თავად ვარ მიტოვება. რომ ერთადერთი მოტირალი ხმა მე ვარ. შეგვიძლია, ფარნებით ვეძებოთ, შეგვიძლია, გადავკვეთოთ ჩრდილის ტყუილი. შეგვიძლია, ვიგრძნოთ, რომ გული ფეხშია და წყალი - სადაც უწინ გული იყო.
მთელი ღამე გეკითხები, რატომ. მთელი ღამე მეუბნები არა.
ირაკლი ყოლბაია