• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ჰელენ

×
ავტორის გვერდი ოთარ ჯირკვალიშვილი 23 მარტი, 2018 6242

ეძღვნება მარიკა რობაქიძეს

როდესაც ჰელენს სახლში მივაკითხე, კარი გამიღო. გამჭვირვალე კაბა ეცვა თავის სახელივით. ცხვირწინ ჩამიარა, რაც შეპატიჟებას ნიშნავდა. შევედი. სახის ნაკვთები ჰქონდა ნაზი, განლაგებული სიმეტრიის კანონის საპირისპიროდ, ვნებით აღსავსე, რაც გასაოცარ პროპორციას ქმნიდა. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, უფრო სწორად, ზოგჯერ მე მიყვარდა, ზოგჯერ მას, ისე რომ ერთდროულად არასდროს გვყვარებია ერთმანეთი, ყოველთვის ცალმხრივად შეყვარებული გვეთქმოდა. ახლა, როცა მას მივაკითხე, ჩემი ჯერი დამდგარიყო. ის კი, თითქოს სულ ახლახანს გაგვეცნოს ერთმანეთი, ფლირტის ხელოვნებას მიმართავდა. არიან ქალები, რომლებსაც უხდებათ ფლირტი, უხდებათ კი არა, სხვანაირად მათი წარმოდგენა შეუძლებელია. ზოგჯერ ფლირტი ვნების რეალიზაციის საუკეთესო გზაა, მე მას წმინდა ვნებას დავარქმევდი. მიყვარდა ჰელენი, მას კი არ ვუყვარდი, თუმცა, პირიქითაც ყოფილა...

როდესაც კარზე დავუკაკუნე, ფეხის ხმამ მიკარნახა როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ერთადერთი, რაც მომეთხოვებოდა, იყო დუმილი. დუმილი უკანასკნელი იმედია ცალმხრივად შეყვარებულისთვის. შესვლისას თვალი გავაყოლე, როგორ მსუბუქად გადადგა ნაბიჯი თავისი ოთახისაკენ, მერე შეყოვნდა, ზალაში შებრუნდა და დივანზე მიესვენა. მეც იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი მის დახუჭულ თვალებს, რომელიც სულაც არ გახლდათ ბოლომდე დახუჭული, ქუთუთოები უთრთოდა... მზემ კი, რომელიც მისი სხეულის ნახევარს დაუფლებოდა, გამჭვირვალე კაბაში შეაღწია და კანზე აირეკლა. მზემ დაიურვა ჰელენი, მისი სხეულის ნახევარი სააშკარაოზე გამოიტანა, ალბათ იმიტომ, რომ მე მემზირა, მას კი შევყვარებოდი...

მომხდარა ისეც, მას ვყვარებივარ, მე კი მთვრალი დავეხეტებოდი ქალაქის ქუჩებში, მეგონა სამყარო ჩემი იყო, მხოლოდ ჰელენის შეგრძნება არ შემეძლო მაშინ. შევხვდეთო, - მთხოვა. შევხვდეთ-მეთქი. შევხვდით უნივერსიტეტის ბაღში, გავისეირნეთ. მიყვარხარო, - მითხრა. შევხედე. თავი არ დაუხრია, თვალებში მიყურებდა. ვიგრძენი, რომ ვერ მოვატყუე, თუმცა შევეცადე ამპარტავნება მიმეჩქმალა. შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. იმასაც მივხვდი, თვალებით როგორ მითხრა: ვერ მიმიხვდი, შეურაცხყოფა მომაყენეო. მაშინაც გამჭვირვალე კაბა ეცვა ჰელენს, როცა გამშორდა. ვხედავდი მისი სხეულის სიშიშვლეს. მაშინაც მზეს შეერწყა ჰელენი, მე კი ნაბიჯის გადადგმა დავაპირე, გადავდგი კიდეც, უფრო დიდ სიშორეში აღმოვჩნდი, ამიტომ შევჩერდი და მზერა განვაგრძე, თვალს მიეფარა ჰელენი. იქვე ასფალტზე ჩამოვჯექი, თავი ხელებში ჩავრგე... ის არ იყო ჩვეულებრივი ქალი, რომელსაც შეუძლია ყველას უთხრას „მიყვარხარ“. მივხვდი, რომ ეს სიტყვა პირველად და უკანასკნელად დასცდა მის ბაგეებს. მივხვდი, რაც იგულისხმა ჰელენმა და რატომ დარჩა შეურაცხყოფილი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ასეთ შეყოვნებას არ პატიობენ ჰელენისნაირი ქალები. ის თვალს მიეფარა და მაშინ შემიყვარდა პირველად, თუმცა მას უკვე აღარ ვუყვარდი. ეს იყო პირველი აცდენა, პირველი და უკანასკნელი გაუცხოება ჩემსა და ჰელენს შორის.

...მერე, სულით სნეულთა დაწესებულებაში ვნახე ჰელენი. მღეროდა. სულ მღერისო, - მითხრა ექიმმა. რატომ მღერის-მეთქი? სამყაროს მიმართავსო, - ექიმმა, - ეს სულ სხვა რეალობაა, შეიძლება ბევრად უკეთესიცო. მიყურებდა. ეს არ იყო მწუხარების ცრემლები, არც ტირილი ეთქმოდა ამას, უბრალოდ ცრემლები სცვიოდა ჰელენს, თან მღეროდა. ექიმმა თქვა, - სოფელი თუ აქვსო? ლამაზი სახლი აქვს, ლამაზ ყვავილებში ამოსული-მეთქი. ჰოდა, სიმღერას რომ შეწყვეტს, გეტყვი და იქ წაიყვანეო. სიმღერა შეწყვიტა და იქ წავიყვანე. აღარასდროს უმღერია ჰელენს... მეც იქვე ვცხოვრობ, გზის მეორე ბოლოში. ის გზა აშორებს და ის გზავე აახლოვებს ჩვენს სამკვიდრებელთ. ამ გზაზე ხეებია ჩამწკრივებული და ამ უვრცელეს ხეთა რიგში, ერთი ჰელენივით ლამაზია...

ამის შემდეგ, თითქმის სულ ვნახულობდი ჰელენს. არასდროს დაუფარავს სხეული, მაგრამ გულს, გულს მალავდა ჰელენი! ვეღარ შეძლო ჩემი შეყვარება. მე მას თანავუგრძნობდი და არა ჩემს თავს... მე მასში ის დავამსხვრიე, რასაც უმანკოება ჰქვია. სხეულმა მომატყუა, - ჰელენის ვნებით აღსავსე, ულამაზესმა, მარადიულად გამჭვირვალე სხეულმა.

რატომ შევუყვარდი ჰელენს? არ ვიცი და მჯერა, არც მან იცოდა. მაშინ ამისთვის ბევრი არაფერი გამიკეთებია, ახლა კი ვცდილობ, მაგრამ აღარაფერი გამოდის. ჰელენთან ძალისხმევის გამოვლენა ამაოა, ვერაფერს შეძლებ, მცდელობით მხოლოდ გააფუჭებ. როგორ დამებრუნებინა წარსულის ის მომენტი, რომელსაც პოეტები მარადიული წამის მოძრაობას ეძახიან? ნუთუ ამ წამმა მოძრაობა შეწყვიტა და მარადიულ წარსულად იქცა? არ მინდა ამის დაჯერება!          

მთავარია არ ვილაპარაკო, ან რაში მჭირდება? ჰელენი ხომ ისედაც ყველაფრის უფლებას მაძლევს?! ის არაფერს ცდილობს და მეც მასწავლა ყოველგვარ ძალისხმევაზე მაღლა დადგომა. ყოველთვის შემეძლო მასთან მისვლა, ყოველთვის მიღებდა კარს, ყოველთვის შიშველი მხვდებოდა, ყოველთვის დაუდევრად გადაადგილდებოდა, ისე, რომ ვერც გრძნობდა ჩემს იქ ყოფნას; ყოველთვის მზეს ერწყმოდა, თუნდაც იმ დროს მზიანი ამინდი არც ყოფილიყო. სახის რაღაცნაირი მიშვერა იცოდა ჰელენმა მზისკენ. მე კი მდუმარედ ვადევნებდი თვალს ამ რუტინულ მოძრაობებს. ვდუმდი და მსიამოვნებდა იმის დანახვა, თუ როგორ მღალატობდა ჰელენი მზესთან და შეშლილივით ვიმეორებდი სიტყვებს „ქებათა-ქებიდან“: გაფიცებთ ველის ნიამორებს, ნუ გააღვიძებთ, ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა! ვფიქრობდი, ჩემს სიჩუმეში გამოკეტილი და არ ვლაპარაკობდი, რადგან ყველაზე ნამდვილი სიმუნჯე გაჩუმება კი არა, ლაპარაკია.

სულ ჰელენთან მინდოდა ყოფნა. პირველად ხომ მას შევუყვარდი, თუმცა რა სიტყვაა „პირველად“? ჰელენი დროში არ ცხოვრობს. აღარც მე ვცხოვრობ დროში. როცა ვუყურებ, აღარაფერი მახსოვს. სამყაროში, რომელსაც არც სივრცე აქვს, არც დრო და არც ლაპარაკობენ, ჰელენთან ერთად მივდივარ, ის ხომ ყოველთვის მიღებს კარს...

აი, ახლაც მასთან ერთად ვარ. ვუყურებ დივანზე მისვენებულს, თვალდახუჭულს, როგორ უთრთის ქუთუთოები, სახე კი მზისკენ აქვს მიშვერილი. ეს რატომ უნდა დამმართნოდა, ხელი ჩამოვისვი ჯიბეზე, დანა გამომყოლია... არა, არა, ცუდი არაფერი იფიქროთ. ამ დილით, როდესაც ჰელენისკენ მოვდიოდი, განვიზრახე, გზად იმ ხეზე მისი სახელი ამომეტვიფრა, მერე კი დანა იქვე მდინარეში გადამეგდო. თუმცა, აგერ, გამომყოლია. არაფერია, აქედან რომ წავალ, გადავაგდებ, რადგან ეს დანა მხოლოდ ჰელენისთვისაა, ის მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე... ჰელენისგან რომ ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი გზაში, - ნეტა თუ დადგება ოდესმე დრო, როცა მას კვლავ შევუყვარდები? ეპატიება ადამიანს ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ დაშვებული შეცდომა? დანა მდინარეში მოვისროლე. უკვე დაღამდა, დასაძინებლად ვემზადები, თუმცა ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ... ო, ღმერთო, რა სისულელეა!.. თითქოს სიზმარს ვხედავ. ეს წუთია გამოვიღვიძე და დანა, რომელიც მდინარეში მოვისროლე, ხელში მიჭირავს. ღმერთო ჩემო, რატომ ვერ ვიშორებ ამ დანას? მან ხომ თავისი ფუნქცია შეასრულა! ჰელენთან მიმავალ გზაზე, იქ, სადაც გზა ვიწროვდება და ბილიკად გადაიქცევა, ხეა ამოსული. ხე, რომელიც ძალიან ჰგავს ჰელენს. მასზე ინიციალები ამოვტვიფრე. დანა კი მდინარეში გადავაგდე. ახლა ჰელენისკენ მივემართები. მინდა, ცხოვრებაში პირველად დაველაპარაკო, ყველაფერი ავუხსნა, მოვუყვე, როგორ ამოვტვიფრე ხის მერქანზე მისი სახელი; როგორ გამომყვა დანა მასთან და უკანა გზაზე როგორ გადავაგდე მდინარეში; შემდეგ, როგორ ჩამეძინა, გაღვიძებისას კი რატომღაც დანა კვლავ ხელში მეჭირა, თუმცა ვერაფრით მივმხვდარვარ, ეს გაღვიძება სიზმარი იყო თუ ცხადი?.. ღმერთო ჩემო, რა სასაცილოა?! სულაც არ არის რომანტიკული ეს სამყარო, აცერთი ოცნება რეალობად არ იქცევა, პირიქით კი ხშირად მომხდარა... ძალიან დაბნეული ვარ. დღეს ჰელენისკენ გავემართე. ბილიკზე, როდესაც ხეს ვუახლოვდებოდი, მომეჩვენა, რომ სადაც „ჰელენია“ ამოტვიფრული, ინიციალების შუაგულში თითქოს დანა იყო ჩარჭობილი. ახლოს მივედი. იქ არც ასოები დამხვდა და არც დანა. უცნაურია, ხეს რამდენჯერმე შემოვუარე და ვერაფერი ვიპოვე. ახლა ვფიქრობ, ხე ხომ არ შემეშალა-მეთქი, მაგრამ ეს შეუძლებელია... დღეს კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა: მთელი ამ წლების განმავლობაში ჰელენმა პირველად არ გამიღო კარი. ვაკაკუნე, დიდხანს ველოდე, სახლს რამდენჯერმე შემოვუარე კიდეც, მაგრამ შიგნიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. რა მექნა? - წამოვედი. ახლა ვფიქრობ, - სახლი ხომ არ შემეშალა-მეთქი? რა სისულელეა, ეს ხომ შეუძლებელია! მინდორში, იმ ადგილას მხოლოდ მისი სახლი დგას, ფანჯრებშიც შევიჭყიტე, არაფერი შემინიშნავს, სად უნდა წასულიყო? ახლა დასაძინებლად ვემზადები. თუ ხვალაც არ დამხვდა, თითქოს ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, სად უნდა მოვძებნო... ნუთუ ხვალაც იგივე განმეორდება, რაც ყოველთვის? ნუთუ სინამდვილე მხოლოდ სიზმარშია შესაძლებელი?

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული