- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
(ერთი თავი რომანიდან)
წინაპართა ქება
მამაჩემი, გლეხკაცის შვილი, უძველესი სოფლიდან იყო, და ეს სოფელი თავის სახელს იმ ალემანს უმადლოდა, რომელმაც, მიწების განაწილების ჟამს, ნიადაგში შუბი ჩაასო და კარ-მიდამო გამართა. მას მერე, რაც საუკუნეებმა განვლო და სახელმდებელი მოდგმა ხალხს შეერია, მავანმა დიდებულმა სოფლის სახელწოდება საკუთარ ტიტულად აქცია და სასახლე ააგო, რომლის ოდინდელი ადგილმდებარეობის შესახებ დღეს უკვე არავინ არაფერი უწყის; ასევე უცნობია, თუ როდის აღესრულა ამ გვარის უკანასკნელი „კეთილშობილება“. ხოლო სოფელი სოფლად დარჩა, კიდევ უფრო ხალხმრავალი და ღონიერი გახდა, რამდენიმე ათეული უძველესი გვარი კი უცვლელად შემოინახა და ურიცხვ თაობად გამრავლებულ ნაგრამს გაუწვდინა. პატარა სასაფლაო, სიძველის მიუხედავად ყოველთვის თეთრად შენახული ეკლესიის ირგვლივ რომელიც მდებარეობს და რომელიც არასდროს გაზრდილა, მიწაში, არც მეტი და არც ნაკლები, მხოლოდ გარდასულ თაობათა დაშლილ ძვლებს იმარხავს; წარმოუდგენელია, ათი ნაბიჯის სიღრმეზე ერთი მარცვალი მაინც მოიძებნებოდეს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმში არ ემოგზაუროს და გაჭრილი საფლავის ამოსავსები მიწის ნაწილად არ ქცეულიყოს. თუმცა, ვგონებ, ამასობაში ნაძვისგან გათლილი ოთხი ფიცარი მიმავიწყდა. ისინიც ხომ ყოველთვის მიცვალებულთან ერთად ჩაეშვებიან ხოლმე მიწაში და სოფლის გარემომცველ მწვანე მთებზე მოსახლე და ამ სოფელივით უძველესი, ახოვანი მოდგმისგან მომდინარეობენ; სულ დამავიწყდა მიცვალებულის უკანასკნელი სამოსის უხეში პატიოსანი ტილოც, რომელმაც ამ ველებზე იხარა, მერე კი დაირთო, გათეთრდა და საყოფაცხოვრებო საქმეებში იმგვარადვე მონაწილეობს, როგორც – ნაძვის ფიცრები, და სულაც არ ეურჩება ჩვენი სასაფლაოს მიწას, რათა ისეთივე გრილი და შავი იყოს, როგორიც ყოველგან არის მიწა. და მასზე უმწვანესი ბალახიც იზრდება, და ვარდები და ჟასმინები ისეთი სიმრავლით და დიდებული უწესრიგობით მოზღვავებულან, რომ ბუჩქები კი არ ირგვება ახალი სამარის ბორცვზე, არამედ სამარე უნდა ჩაირგოს ყვავილების ტყეში, და მესაფლავე ერთადერთია, რომლისთვისაც ცნობილია ამ გაურკვევლობაში ადგილები, სადაც ახალი სამარის გაჭრა იქნებოდა შესაძლებელი.
სოფელი ორიათას სულ მოსახლესაც კი არ ითვლის, აქედან ორი-სამი ასეული ერთსა და იმავე გვარს ატარებს; მაგრამ ამათგან, დიდი-დიდი, ოციდან ოცდაათამდე სულს მიაჩნდეს ნათესავად თავისი თანამოგვარე, რაკიღა დიდი პაპა იშვიათად თუ შემონახულა მათ ხსოვნაში. დრო-ჟამის იდუმალი სიღრმიდან დღის სინათლეზე ამოსული ეს ადამიანები მზისგან ბოძებულ სითბოს შეიტკბობენ, კარგად ყოფნას ეშურებიან, ფუსფუსებენ და ცდილობენ – ცხოვრებას თავი არ დააჩაგვრინონ, ვიდრე, ავად თუ კარგად მყოფნი, დრო რომ მოაწევს, ისევ სიბნელეში გაუჩინარდებოდნენ. როცა ერთმანეთის ცხვირებს ათვალიერებენ, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ოცდათორმეტი თაობის უწყვეტი რიგის შთამომავლები მაინც უნდა იყონ, მაგრამ, თავისთავად ცხად საგვარეულო კავშირებში ჩაღრმავების ნაცვლად, უმალ იმაზე ზრუნავენ, ამ ჯაჭვის ბოლო რგოლი თავად არ აღმოჩნდნენ. ამიტომაც არის, რომ ირგვლივ გავრცელებული ათასგვარი გადმოცემისა თუ ამბის დაწვრილებით მოყოლა ძალუძთ, ის კი არ უწყიან, მათი პაპები და ბებიები თუ როგორ შეუღლდნენ. თითოეულ მათგანს ყოველგვარი სიქველის – სულ მცირე, მისივე ცხოვრების ნირის შესაბამის სიქველედ მიჩნეულის – ერთადერთ შესაკრებლად საკუთარი თავი წარმოუდგენია, ხოლო მამათა უკეთურობებს რაც შეეხება, დავიწყების წყლისთვის მათ მისაცემად ბატონსაც იმდენივე მიზეზი აქვს, რამდენიც – გლეხკაცს; ბოლოსდაბოლოს, ქედმაღლობის მიუხედავად, დროდადრო ხომ ბატონიც ადამიანია და არა უმეტესი.
სოფლის გარემომცველი მინდვრებისა და ტყეების სიუხვე მაცხოვრებელთა მდიდარ და ურყევ ქონებას შეადგენს. ამ სიმდიდრეს ათა-ბაბადან არაფერი მოკლებია; და თუ დროდადრო აქაურ პატარძლებს ქონების ნაწილი მზითევად მიაქვთ, სანაცვლოდ აქაურ ყმაწვილკაცთა საქორწილო ლაშქრობები რვა საათის სავალსაც კი ფარავს, რათა არა მხოლოდ დანაკარგი აანაზღაუროს უნაკლოდ, არამედ იმაზეც იზრუნოს, რომ თემის ხასიათს და სასხეულო იერსახეს კუთვნილი მრავალფეროვნება შეუნარჩუნოს, და შთამომავლობის განახლებაზე მათი ზრუნვა იმაზე ღრმა და გამჭრიახ ძალისხმევას ამჟღავნებს, ვიდრე – პატრიციებისა თუ სავაჭრო ქალაქების ბევრი მდიდარი ადამიანისა და ევროპის სამეფო გვართა ქმედებანი.
მაგრამ საკუთრების გადანაწილება წლიდან წლამდე შეუმჩნეველ, ხოლო ყოველ ნახევარ ასწლეულში ვერსაცნობ ცვლილებებს განიცდის. გუშინდელ ღარიბ-ღატაკთა შვილები დღეს უკვე სოფლელ მდიდრებად გადაქცეულან, ხვალ კი მათი ნაგრამი წელში უნდა გაწყდეს საშუალო შემოსავლის შესანარჩუნებლად, რათა მერე ან სულმთლად გაღატაკდეს ან ისევ აივსოს.
მამაჩემი ისე ნაადრევად გარდაიცვალა, რომ ვერ შევძელი, მისგან მამამისის შესახებ მონათხრობი მომესმინა; ამიტომაც არაფერი ვუწყი პაპაჩემზე; ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მის ოჯახსაც დასდგომია პატიოსანი უმწეობის ჟამი. რაკი არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემთვის სრულიად უცნობი პაპა მამაჩემისა ერთი ვინმე ჩიტირეკია კაცი იყო, მხოლოდ იმ ვარაუდის გამოთქმა თუ ძალმიძს, რომ მისი ქონება მისმა მრავალრიცხოვანმა შთამომავლობამ დააქუცმაცა; არადა, მართლაც ბევრი ისეთი შორეული ბიძაშვილ-მამიდაშვილი მყავს, ერთმანეთისგან ჯერაც რომ ვერ გამირჩევია, ისინი კი უკვე, მოფუსფუსე ჭიანჭველებს მიმსგავსებულნი, ისევ იმ ჭკუაზე დამდგარან, რომ ათასჯერ დაჩეხილ-დასერილ მიწის ნაკვეთთა ზორბა ნაწილი მიითვისონ. ასეა, დროთა ტრიალში მათი უფროსი თაობის წარმომადგენლები კვლავ გამდიდრდნენ, შვილები კი ისევ გაღარიბდნენ.
იმჟამად უკვე სულ არ იყო ეს ის შვაიცი, რომელმაც მისიის მდივან ვერთერში ესოდენი სიბრალული გამოიწვია, და თუ ფრანგული იდეების ნორჩი ნათესები ავსტრიული, რუსული და თვით ფრანგული სამხედრო ნაწილების განსათავსებელი ბარათების არნახული დიდთოვლობით იყო დაფარული, ზომიერი დედაბრის ყვავილობა ხომ მაინც მოიტანა საშუამავლო კონსტიტუციამ და არც მამაჩემისთვის შეუშლია ხელი, რათა ძროხები, რომლებსაც ის მწყემსავდა, ერთ დილით დაეგდო და, სასიკეთო ხელობის შესასწავლად, ქალაქისკენ გზას გასდგომოდა. მას მერე დიდხანს აღარ უნახავთ თანასოფლელებს, რაკიღა – სწავლის მკაცრი, მაგრამ წარმატებით გამოვლილი წლების მერე – ის გაქანებამ, ფრთებს რომ სულ უფრო გაბედულად შლიდა, შორს გაიტაცა, და ჩინებულ ქვითხუროს ბევრი უცხო მხარე მოატარა. ამასობაში კი მსუბუქად მოშარიშურე ქაღალდის ყვავილების გაზაფხულმა, რომელიც ვატერლოოს ბრძოლის მერე დადგა, შვაიცის თითოეულ კუთხე-კუნჭულშიც ისე განავრცო თავისი მოლურჯო სანთლების შუქი, როგორც – ყველა სხვა მიმართულებით; მამაჩემის მშობლიურ სოფელშიც, რომლის მოსახლეობამ ოთხმოცდაათიან წლებში ყველას მსგავსად აღმოაჩინა, რომ უხსოვარი დროიდან რესპუბლიკის შუაგულში უცხოვრია, მთელი თავისი ავლა-დიდებით საზეიმოდ შემობრძანდა ღირსი ქალბატონი რესტავრაცია და საბუდარში ისე მყუდროდ მოკალათდა, მეტი რომ არ შეიძლებოდა. ჩრდილოვანი ტყეები, მაღლობები და მიმზიდველი ხეობები, თევზებით მდიდარი, კამკამა მდინარე და შორ მანძილზე გადაჭიმული, კვლავ და კვლავ განმეორებადი ამგვარივე ნანატრი და აღმაფრთოვანებელი სანახები, რომლებიც ალაგ-ალაგ სიცოცხლით აღსავსე სასახლეებსაც კი დაემშვენებინა, ქალაქიდან ადგილობრივი მებატონეებისკენ იზიდავდა მონადირე, მოთევზავე, მოცეკვავე, მომღერალ და ჭამა-სმის მოყვარე სტუმრებს. ქალბატონთა მოძრაობები კიდევ უფრო შემსუბუქებულიყო მას მერე, რაც ხაბარდა და პარიკი კეთილგონივრულად იქვე დაეტოვებინათ, სადაც ისინი რევოლუციამ მოისროლა, და – თუნდაც რომ ამ ადგილებში მეტ-ნაკლები დაგვიანებით – საიმპერატორო ხანის ბერძნული სამოსი მოერგოთ. გლეხები გაოცებით შესცქეროდნენ ქალღმერთთა თეთრი სამოსით დამშვენებულ თანამემამულე ბანოვანებს, მათ უცნაურ თავსაბურავებს და მათივე კიდევ უფრო უჩვეულო, იდაყვებთანვე შემოსალტულ-დავიწროებულ წელს. არისტოკრატული მბრძანებლობის დიდებულება ყველაზე მეტად მღვდლის პასტორის სახლში აყვავებულიყო. რეფორმირებული სასულიერო პირები შვაიცის სოფლებში ისეთი თვინიერნი და საწყალნი როდი იყვნენ, როგორიც – პროტესტანტულ ჩრდილოეთში მოღვაწე მათი ძმები. რაკი ქვეყნის ყველა შემოსავლიანი სასულიერო ხარისხი მმართველ ქალაქთა მოსახლეობისთვის, თითქმის უგამონაკლისოდ, ხსნილი იყო, ამიტომ ეს წოდებები მმართველობის სისტემაში საერო თანამდებობებს დაერთვოდა, და მღვდლები, რომელთა საერო ძმებს ხელთ ხმალი და სასწორი ეპყრათ, მათი ბრწყინვალების თანამონაწილენი იყვნენ, მათთან ერთად ძლევამოსილად მოქმედებდნენ და ისე მთავრობდნენ მთლიანობის სასარგებლოდ, როგორც თავად მიაჩნდათ საჭიროდ ან უზრუნველ, განცხრომით აღსავსე ცხოვრებას ეძლეოდნენ. ერთობ ხშირად იყვნენ ისინი გამოსულნი შეძლებული ოჯახებიდან, და სოფლად მღვდლის სახლი დიდბატონის ადგილ-მამულს უფრო ჰგავდა; მრავლად იყო დიდგვაროვანი სულიერი მწყემსიც, გლეხებს მებატონე მღვდლად რომ უნდა მოეხსენებინა. მართალია, ჩემი მშობლიური სოფლის მღვდელი ერთი მათგანი არ ყოფილა, და არც მდიდარი კაცი ეთქმოდა; თუმცა, იგი ერთი ძველი ქალაქური ოჯახის წარმომადგენელი იყო და მისი პიროვნება და ყოფითი ნირი თავს უყრიდა ძირძველი ქალაქური ოჯახების მთელ სიამაყეს, კასტურ სულს და მოლხენის ვნებას. მას საგრძნობლად ეამაყებოდა, არისტოკრატი რომ ერქვა, და კუთვნილ სასულიერო ხარისხს ბუნებრივად უხამებდა უხეშ, სამხედრო-იუნკერულ იერს; თანამედროვე სატრაქტატო კონსერვატიზმისა ხომ იმჟამად ჯერ არც სახელი უწყოდნენ და არც – არსი. მისი სახლი ყოველთვის აღსავსე იყო ხმაურით და მხიარულებით; მღვდლის შვილები, რასაც ფლობდნენ, მიწისგან და პირუტყვისგან ბოძებულს, უხვად გასცემდნენ, და სტუმრებიც მოიპოვებდნენ ტყეში კურდღელს, ჩიბუხას თუ კაკაბს, ხოლო რაკი მარეკებით ნადირობა ამ მხარეში ჯერაც არ იყო მიღებული, ისინი სანაცვლოდ მეგობრულად ითანხმებდნენ გლეხებს ბადეებით თევზაობაზე, რაც ყოველთვის დღესასწაულად იქცეოდა ხოლმე, ამიტომაც არასდროს ცხრებოდა მღვდლის სახლში მხიარულება და ჟრიამული. გამვლელი ყოველი მხრიდან ჰყავდათ, სტუმრადაც მრავლად მიდიოდნენ და მრავალსაც მასპინძლობდნენ, გაშლიდნენ კარვებს და მათ ქვეშ ცეკვავდნენ ან გადაჭიმავდნენ ხოლმე ამ კარვებს კამკამა ნაკადულებზე და გადახურულში ანტიკური ქალღმერთების სადარ ტანს განიბანდნენ; სულაც, ურიცხვ ნაკადად მიაწყდებოდნენ ხოლმე სადმე განმარტოებით მდგარ გრილ წისქვილს ან ხალხით გადაჭედილი ნავები ტბებზე და მდინარეებზე მიირწეოდნენ, ხოლო მღვდელი, ზურგზე გადაკიდებული სანადირო კაჟის თოფით ან უზარმაზარი ესპანური ხელჯოხით აღჭურვილი, მათ ყოველთვის წინ მიუძღვოდა.
სულიერი მოთხოვნილებები ამ წრეებში ერთობ მოკრძალებული გახლდათ; მღვდლის საერო ბიბლიოთეკას, რაც ჩემი თვალითაც მინახავს, ზოგიერთი ძველფრანგული მწყემსური რომანი, გესნერის იდილიები, გელერტის კომედიები და ბევრი კითხვით შელახული მიუნჰაუზენის ერთი ეგზემპლარი შეადგენდა. ვილანდის ორი-სამი ცალკეული ტომი, ჩანდა, ქალაქიდან ენათხოვრათ და უკან აღარ დაებრუნებინათ. აქ უცხო არ იყო ჰიოლტის სიმღერების შესრულება, და მხოლოდ ახალგაზრდების ხელში თუ შეიძლებოდა, ვთქვათ, მათიზონის ნახვა. თავად მღვდელი კი, ყოველთვის, როცა საუბარი მსგავს საგნებზე მიდგებოდა, აგერ უკვე ოცდაათი წელი იყო, რაც უცვლელად ერთსა და იგივე კითხვას სვამდა: ”კლოპშტოკის მესია თუ წაგიკითხავთ?” და როცა, როგორც წესი, შეკითხვაზე დადებით პასუხს ღებულობდა, იგი უმალ წინდახედულად დადუმდებოდა ხოლმე. თუმცა, არც სტუმრები განეკუთვნებოდნენ იმ დახვეწილ წრეებს, რომლებშიც მიღებულია იქ გაბატონებული ინტერესების კულტურის დაცვა ამაღლებული სულიერი მოღვაწეობით და – ძვირფასი განათლების გზით მისი გაძლიერების მცდელობა. ისინი იმ უწყინარი კლასის წარმომადგენლები იყვნენ, მცირედი შრომის ნაყოფებით მიღებული ტკბობითაც რომ კმაყოფილდება და ზედმეტი ტვინისჭყლეტის თვინიერ ლაღობს, ვიდრე მოლხენა გულს უხარია.
მაგრამ მთელი ეს დიდებულება თავის თავში უკვე ინახავდა დაშლა-დაქცევის მიკრობს. პასტორს ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა, რომელთა მიდრეკილებანი მათივე წრის ტოლთა და სწორთა მიდრეკილებებს აცდენილი იყო. მაშინ, როცა ვაჟს, მამასავით სასულიერო პირს და მისივე ვალდებულებათა მემკვიდრედ გამოზრდილს, ახალგაზრდა გლეხკაცებთან მრავალმხრივი ურთიერთობა დაემყარებინა, მთელ დღეებს მათთან ერთად ველად ატარებდა ან მათთან ერთადვე პირუტყვის ბაზრობებს სტუმრობდა და ხბორებს მცოდნის იერით სინჯავდა, ქალიშვილი ამ დროს შესაძლებლობას არ გაუშვებდა ხელიდან, რათა ბერძნული სამოსისგან თავი დაეხსნა, სამზარეულოს ან ბაღს შეხიზნვოდა და იმაზე ეზრუნა, რომ არე-მიდამოს შეფენილ მშფოთვარე საზოგადოებას რამე რიგიანი გაეტკვირა, უკან როცა მობრუნდებოდა. ხოლო ხსენებული სამზარეულო მიზიდულობის არც თუ მთლად სუსტი ცენტრი იყო გემოთმოყვარე ქალაქელთათვის. დიდი, კარგად განაშენიანებული ბაღი კი ხანგრძლივ გულმოდგინებასა და წესრიგის უზადო სიყვარულზე მეტყველებდა.
ვაჟმა თავისი გატაცება იმით დაასრულა, რომ ერთი შეძლებული გლეხის ჯანმრთელი გოგო შეირთო ცოლად, მასთან გადასახლდა და კვირაში ექვსი დღე მის სახნავ-სათესსა და პირუტყვს უვლიდა. როგორც მთესველი, იმავდროულად კი თავისი უფრო მაღალი ხვედრის მხსოვნელი და მომლოდინე, კეთილად გამორჩეულ ნიადაგში ღვთიური თესლის მიმობნევასა და ნამდვილ სარეველად ხორცშესხმული ბოროტების გამარგვლაში იწაფებოდა. პასტორის სახლი კი უზომო ძრწოლასა და ზედდართულ მრისხანებას მოეცვა, მეტადრე – იმ გარემოებაზე ფიქრით შეპყრობილი, რომ ეს ახალგაზრდა გლეხის გოგო, რომელმაც არც მდელოზე მოხდენილად წამოწოლა და არც მიღებული წესით კურდღლის შეწვა და მაგიდაზე მირთმევა იცოდა, იქ ერთ დღეს დიასახლისად უნდა შესულიყო და მართვის სადავეებს დაპატრონებოდა. ამიტომაც იყო ოჯახობის საერთო სურვილი, რომ პასტორის ქალიშვილს, რომელსაც თავისი პირველი ყვავილობა უკვე მოეთავებინა, ან დროულად ემოქმედა თავისი მდგომარეობის ერთგული ახალგაზრდა სასულიერი პირის მოსახიბლად და შინ მოსაყვანად ან კიდევ დიდხანს დარჩენილიყო სახლის განმამტკიცებელ ბურჯად. მაგრამ არც ამ იმედებს ეწერა აღსრულება.
გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ