დამწვარი მე
მაზუთით ვიფარავ მთელ სხეულს
რატომ?
რისთვის?
ხელები არ უსმენენ ჩემს გონებაში დასმულ კითხვებს
და მაზუთით მეფარება მთელი სხეული
მე გარდავიქეცი მხოლოდ ირისად
ორი ირისი დავაბიჯებ ტყეში
გირჩების მზიდან შენახული სითბო
ტყეში ხეტიალისას
ფეხის გულებს მითბობს
ვეძებ ბენზინ გასამართ სადგურს
ბენზინი გვჭირდება
მხოლოდ ახლაღა ვგრძნობ მაზუთის აყროლებულ სუნს
როცა ბენზინი გამახსენდა
მაზუთი რატომ მისვია?
ბენზინით ჩამოვიბან მაზუთს
ვხედავ ბენზინ გასამართ სადგურს
ქუჩის ძაღლებით გარშემორტყმულს
ძაღლებს სიცხისგან გადაქერცლილი კანი
გაცვენილი ბეწვი აქვთ
მათი ხერხემლის ჩამტვრეულ მალებს გარკვევით ვხედავ
ზოგს თავის ქალა უჩანს
ზოგს კი ცალი ყბა არ აქვს
ზოგს ცალი ფეხის ხრტილი
ზოგს ცალი ხელის ხრტილი
სანთებელას ვიმარჯვებ რომ ცეცხლი წავიკიდო და ძაღლები დავწვა
მე არ ვიწვი
ცეცხლი ჩემი სტიქიაა
ცეცხლი არ მწვავს
ძაღლები ცეცხლის დანახვისას გარბიან და მე მივდივარ ბენზინის ავზთან
და პისტოლეტის ფორმის შლანგით ვისხამ ბენზინს
და ცეცხლი ღვივდება
რატომ ვიწვავ თავს?
რისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს?
ჩემი სხეული არ უსმენს ჩემს გონებაში დასმულ კითხვებს
რომც მოუსმინოს უკვე მაინც ვიწვი
ქალაქში დავაბიჯებ როგორც კომეტა
ცეცხლმოკიდებული სული
მდინარეს გადავყურებ და ვცდილობ ქურთუკის ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღო
კოლოფს თავზე ცეცხლი უკიდია
ცეცხლს ვაქრობ და სიგარეტს ვიღებ
ხელზე წაკიდებული ცეცხლიდან
სიგარეტს ვუკიდებ
და სიგარეტს ვაბოლებ
და მდინარეს გადავყურებ
ამ ლექსს ვუძღვნი ლევკას
სულ დამრჩა ორი კაკალი ადამიანური ეფიგია
და ყველაფერი დაუძლეველია
ვულკანის ცეცხლში ვიწვი განუწყვეტლივ
ჩემით ერთობიან პარარელური სამყაროებიდან გადმოსული ადამიანები
რომლებიც მალე მოჩვენებებად გადაიქცევიან და დატოვებენ სისხლის კვალს
ყველგან სადაც კი მოკვდებიან.
დაე გატყდეს ყველა ლურჯი და წითელ თვალა ორბი
დაე გადაიქცეს ყველა არსება მოწანწალე გამოფიტულ ფანტომად
თითებით გამხმარ ეფიგიას ვამტვრევ
და ვიბრუნებ ადამიამურ სახეს
ვეძებ თეთრი ქვა საპნის ნიშანს კოცონთან ახლოს
კოცონს ვანთებ, ვივიწყებ ყველაფერს რაც გამოვიარე
შიგნით ვყრი მტვერს რომელივ თან მომყვა
და ვფიქრობ სად შეიძლება გეძებო
ბასტილიის ნანგრევებში
თუ ამანას სალოცავებში
*
დღეს უკვე მერამდენე ბალახს ვწყვეტ
უბრალოდ რომ პირში გავიჩარო
არც რამე მაქვს კბილში გაჩხერილი
არც არცერთ ბალახზე იჯდა
პეპელა
ან ჭიამაია
და მაგიტომ არცერთი ბალახი არ მომიწყვეტია
რომ ცოტახნით მწერთან გამეტარებინა დრო
უფრო ახლოს
დღეს უკვე მერამდენე ფოთოლს ვწყვიტავ
უბრალოდ რომ დავჭმუჭნო
დავხიო
და გადავაგდო
დღეს უკვე მერამდენე ხეს ვაცლი კანს
უბრალოდ რომ დავამტვრიო
დავლეწო
და გადავყარო
დღეს უკვე მერამდენე ქვას ვისვრი ტბაში
უბრალოდ რომ წყალი აიმღვრეს
და თევზები გამოფხიზლდნენ
დღეს უკვე მერამდენე ღერს ვეწევი
იმიტომ საერთოდ არა რომ მალე მოვკვდე
პირიქით მინდა რომ დიდხანს ვიცოცხლო
მაგრამ მაინც
დღეს უკვე მერამდენე ღერს ვეწევი
ალბათ იმიტომ რომ ბოლი სულს გავს
სულს რომელიც სხეულიდან გამოდის
დღეს უკვე მერამდენე უპატრონო ძაღლს ვეფერები
რომ გავამხნევო
და შეიძლება ვასწავლო კიდეც რამე
ან შეიძლება პირიქით, უფრო ადვილად მიმნდობები გახდნენ
და ვიღაც პირუტყვმა
მართლა ძაღლმა და თან ადამიანმა
პირუტყვ-ძაღლ-ადამიანმა
წიხლი ჩასცხოს
ან ქვა ესროლოს
დღეს უკვე მერამდენე კატას ვეძახი
რომ მასაც მოვეფერო
და გავამხნევო
და შეიძლება ვასწავლო კიდეც რამე
მაგრამ კატა ფრთხილია
კარგად იცის პირუტყვ-ძაღლ-ადამიანს რა შეუძლია
და ფრთხილობს
არ მოდის ახლოს
არ მაძლევს მოფერების საშუალებას
დღეს უკვე მერამდენე ჭიქა ყავას ვსვავ
არა იმიტომ რომ მოვკვდე
სიკვდილის მეშინია
დღეს უკვე მერამდენედ ვაღიარე რომ სიცოცხლე მიყვარს
იმიტომ რომ სხვებმაც შეიყვარონ
და დააფასონ
დღეს უკვე მერამდენე ტაეპს ვწერ
და არ მბეზრდება
და არ ვიღლები
მაგრამ რისთვის?
კოსმოსი
პლანეტებს შორის მკრთალი ხაზი, ხაზები
თითქოს მოძრავი,
თითქოს უძრავი.
ფერადი ხაზები,
მქროლავი ბურთები,
ფერადი ბურთები.
დიდები და პატარები
მზე, ვარსკვლავი...
შეუხედავია!
კოსმოსში ვლივლივებ,
სიცარიელეში,
ციურ სხეულებს შორის.
ახალშობილი ბავშვი სითხით სავსე კაფსულაშია
და განიცდის ყველაფერს რასაც სამყარო განიცდის.
კვერცხი ციური სხეულების მოახლოებისას სხვადასხვა ფერს იძენს.
ხან ლურჯს, ხან თეთრს, ხან წითელს
ხან უფერულ ფერს
ფერს, რომელიც ფერი არ არის
გიგანტური შავი მონოლითი მომყვება უკან და პლანეტებს ეფარება რომ დამემალოს
იუპიტერის თანამგზავრ იოს ყინულის ზედაპირს ვამტვრევ ნაჯახით
ვთევზაობ უგრავიტაციო წყალში და ყინულში
შანტური წყალქვეშა ქალაქიდან არსებები არაგრავიტაციულ სივრცეში გამოდიან
ვაგრძელებ ისევ იუპიტერის თანამგზავრის ზედაპირის მტვრევას
ვთლი იოს
სულ უფრო მეტი წარმოუდგენელი არსება გამოდის შიგნეულიდან
და შეიძლება მე თვითონ გავხდე მსხვერპლი
კვერცხის ნაჭუჭივით შემოიფხვნა იოს გარსი
ბავშვი კაფსულაში მოძრაობს
სითხე ფერებს იცვლის
არსებები ღია კოსმოსში ლივლივებენ
მონოლითი ისევ თან მსდევს.
მდინარე
რუსთავში თევზაობის სეზონია!
თბილისში წვიმა ატალახებს ქალაქს
ხიდებზე მთვარეული მეთევზეები დგანან გაჭიმული ანკესებით
და ცაში მცურავ, ფოსფორისებრ მანათობელ თევზებს ატყუებენ სატყუარებით.
მდინარე ჩერდება და მთვარეულივით იქცევა:
უყურებს მეთევზეებს, რომლებმაც მდინარეს ზეცა არჩიეს.
უყურებს ანკესებს, რომლებსაც არავინ კითხავს რომელი ერჩივნათ.
უყურებს ლურჯად
და ყვითლად
და სისხლისფრად
მთვარის შუქზე მანათობელ თევზებს,
რომლებიც გამუდმებით ტყუვდებიან.
მდინარე იძვრის უკან, კალაპოტისკენ,
საწყისისკენ,
ყინულოვან მწვერვალებამდე,
პირველ წვეთებამდე,
სადაც ის იქმნა და დაიბადა
და ბრუნდება უფრო სწრაფად და უფრო ძლიერად
და უფრო დიდ წყლად,
ბრუნდება ისევ მთვარეულ მეთევზეებთან.
მდინარეც იჭრება ცაში,
აღებს პირს,
აკეთებს ტალღას,
რომელიც ყლაპავს მანათობელ ფოსფორისებრ თევზებს და სისხლისფერ მთვარეს
და აგრძელებს სრბოლას.
მირბის.
მთვარეული მეთევზეები კი ისევ აგრძელებენ თევზაობას მოტყუებულნი
იქ სადაც აღარც თევზები არიან და აღარც მთვარე.