• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დრო წინასწარვე მოიაზრებს ყველა ცვლილებას

×
ავტორის გვერდი ბოკო ჭიღლაძე 05 იანვარი, 2021 1655
 
 
                                                          *   *   *
 
 
დრო წინასწარვე მოიაზრებს 
ყველა ცვლილებას,
ამიტომ უფრთხი ძველ შეცდომებს,
მას შეუძლია გაზრდილიც კი,
ისევ უკან გადაგისროლოს,
მერე კი კვლავაც,
დრომ უნდა შექმნას,
ილუზიები,
ახლა,
როცა პასუხის გაცემა მარტივია,
ასევე მარტივდება,
თემის ამორჩევა,
განვრცობა,
მოსმენა,
სწორ ხანს,
სწორად მოქცევა,
ისიც კი იცი,
რა დროსაა მისი ტუჩი,
საკოცნელად,
მისი ხელი შესახებად,
მისი გული ტყუილისთვის მზად.
სიჩუმეზე წამეკითხა ბევრი,
მაგრამ მსგავსი არაფერი,
ეს სიჩუმე არ აღმოჩნდა ის,
ზაფხულის ცხელ დღეს,
ავტობუსში ვიდექი ფეხზე,
შემაწუხებლად მიჯაყჯაყებს,
არეულ გზაზე,
ჩემი სუნამო ბებრუხანებს ეალერსება,
ჰო, ალბათ , სჯობდა,
მუქი ფერის პარკი მეყიდა,
სკოლის გზაზე გავაბიჯე მარტომ,
არ ვიცოდი მისამართი სახლის,
ის გამოჩნდა ორ ხეს შუა,
წითელი თმით და წითელი ზედით,
ასე ტლუ და მოუქნელი,
დაბნეული, გაბნეული,
არეული, დარეული,
დავუმშვენებ მხარს,
ავუჩქარო? მერე მოვკვდე,
რაღად მინდა რამე,
მოდი, ისევ ნელა ვივლი,
და შევავლებ თვალს,
თითქოს ცეცხლი წაეკიდოს ბაგეს,
თითქოს თვალმა გადმომძახოს- ჩქარა!
ვერც ერთ ნიშანს მე ვერ ვხედავ,
დამაბრმავა მან,
დაჩეხილ ძელსკამს,
მივუსხედით მობინდებისას,
ისე დავჯექი ჩემი ცხვირი ,
პატარა ჩანდა,
ვეღარც ერთ სიტყვას,
ვეღარ ვიხსენებ,
მხოლოდ ის მახსოვს,
პაუზები იყო ყოველგან,
იმ წითურ გოგოს, 
რამდენჯერმე გადავეყარე,
მოლოდინებით ვწერდი ყოველთვის,
იცი, ხვალ გნახავ,
ზეგ ხომ გცალია,
თვის ბოლოს იყოს?
მაგრამ გაბედვით,
არაფერი გამიბედია,
ჰოდა ამის წინ,
მოვიკითხე, 
და ისე ჭირდა სიტყვის შერჩევა,
რომ გამაოცა,
წლები გავიდა,
პატრნიორები გამოიცვალე,
ბოლოს და ბოლოს ,
შენი თავის,
შექმნა მოგინდა,
და უცებ ხედავ,
საწყის წერტილს დაბრუნებია,
შენი არსება,
აქ ყველა კითხვას,
გაეცემა პასუხი რთულად,
და ფორიაქი,
რომ გერევა ათას განცდაში,
უფრო რთულს ხდიდა,
მიწერ-მოწერას. 
წვალებ-წვალებით მივაღწიეთ,
დასასრულამდე,
და როცა ვნახავ,
ვუამბობ დროზე, 
და ცვლილებებზე, 
ის კი გაარჩევს,
შეუცდომლად,
ილუზიასა და სინამდვილეს.
 
 
 
 
 
                                                            *     *     *
 
 
მაინტერესებს ყველა გამვლელი,
თავისი მზერით,
რაიმე ზიანს თუ აყენებს სიმშვენიერეს,
ან თავად ლამაზს,
შეუძლია რამე უბოძოს?
ქვეყნიერებას მთელი ჭუჭყი,
რომ გადაწმინდოს?
სასაცილოა,
მთელ სამყაროს ერთს ვინ მიანდობს,
ერთის იმედად ვინ დარჩება სამარადჟამოდ,
შენი სხეულიც კი გენანება,
გაუნაწილო მას სიკვდილამდე,
ცვალე და ცვალე,
ვერ მიაკვლიე,
მიზეზის პოვნას ნიჭი რად უნდა,
მიტოვებას როცა ფიქრობ,
ენის მცველსაც ეხუჭება ასი თვალი,
და იკითხავს ვინ დაშორდა,
შენ იყავი ის პირველი?
ისტორიის შესაქმნელად იწირება ყველა გრძნობა,
და თუ რჩება ერთი ერთთან,
მაინც რჩება ერთი ერთად,
ღამეული პოლუციით რამდენ გოგოს ეზიარე,
ზმანებაში ჩნდება მხოლოდ,
ვისაც თავი შეაზიზღე,
ასე ტკბილი,ლმობიერი,
სიტყვაუხვი ის არ გახსოვს,
არც მას ახსოვს შენი თავი,
ასე მშვიდი და ნარნარა,
შენ კი იცი გამარჯვებას,
როგორი სვლა დასჭირდება,
როდის ნელი, როდის ჩქარი,
როდის უხმო, როდის მჭახე,
მაგრამ რაღაც გეუბნება,
აირევა ისევ ბოლოს,
და თუ დარჩი ერთი ერთთან,
მაინც რჩები ერთი ერთად.
 
 
 
 
 
                                                         *    *     *
 
 
და მე ვაგრძელებ ცხოვრებას,
იმ წერტილამდე, სადაც, 
მეგობრები ვსხედვართ,
სასმისით ხელში, 
ვიხსენებთ გარდასულ ამბებს,
ყველაზე ნაკლებს მიიღებდა, 
ჩვენს შორის ერთი,
და მასთან ერთად,
რიგრიგობით ამბების თხრობა,
მომეჩვენება დიდ სიბოროტედ,
ხელს ხელზე ვართმევთ, 
ვეხვევით ნასვამს,
ნაბიჯარეულს ვატანთ სიყვარულს,
ის კი ოთახში, რომელიმე ცხოველთან ერთად,
დაყუდებული ფიქრობს სიკვდილზე,
მერე კი წმენდს შორეული ნათესავის,
ნაბოძებ იარაღს,
და ამიტომაც მე ვაგრძელებ ცხოვრებას,
ამ წერტილამდე,
დღეს კი ვქმნი ამბავს,
ოღონდ წინასწარ ამ ამბავზე ნუ მკითხავთ რამეს,
მომიკლავს მეგობარს?
თუ ისე იქნება, ახლის შექმნას გადამავიწყებს?
„ შეიყვარე , რაც გულს გირევს,
და მალევე თავს აგირევს“
გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფიქრებს როგორ ანდობ?
ყოფილა კი გაგეფიქროს და სიზუსტით აგხდენოდეს?
შეიძლება შეიწოვო მისი სითხე,
შიეძლება ენაც აღარ დაგეღალოს,
შეიძლება, რომ უამბო ყველაფერი,
შეიძლება ერთადაც კი აგეტიროთ,
და ამიტომაც გავაგრძელებ ცხოვრებას,
იმ წერტილამდე და შევქმნი ამბებს.

 
 
 
 
                                                              *    *    *
 
 
დილაადრიან ვიხსენებდი ყველა იმ გოგოს,
ვინც კი ოდესმე გულმხურვალედ ატირებულა,
და უეჭველად ჩემი თავი,
მათთვის იყო ბოლო მიზეზი,
კუნაპეტ ღამით აუჩქარებლად,
მას ვიწრო ყელზე შემოხვეულ კაშნეს ვაშორებ,
ჩემმა ტუჩებმა უწინდელი ფერი მიიღო,
როცა კისრის მხურვალე კანზე,
ცხვირ-პირს ვითბობდი,
ყურს მოაღწია უმალ სლუკუნმა,
და ამის მერე მლაშე ბაგეს,
გავუგე გემო,
9 აპრილის ქუჩას,
უენერგიოდ მივუყვებოდით,
"მთელ ამ აღმართს რა აუყვება"
და ამიტომაც გადავწყვიტე,
სადღაც შუაში,
მივდგომოდი უმთავრეს საქმეს,
ჯერ საკუთარი თავით დავიწყე,
როგორც ყოველთვის,
უგუნებობა, კაეშანი მოვიმიზეზე,
რთულ ხასიათსაც გადავსწვდი ბოლოს,
მისი თვალები ისევ მშრალია,
"ის დრო გავიდა , უნდა მეგრძნო წესით რაიმე"
მისი თვალები ისევ მშრალია,
"ქმარს რას ვუპირებთ?"
გოგოს ნათელი პირისახე,
წამის სისწრაფით ზიზღმა,
მოიცვა თავდაპირველად,
მერე ქვითინმა, ყელში,
ცრემლის გროვების ყლაპვამ,
ნაცვლად საწყისთან მიეყვანა,
მთელი ამბავი,
ველური ჟინით მომანდომა,
მისი გაქრობა,
ერთ მოცუცქნულ ოთახში,
სადაც ირეოდა ათასი ფერი,
მერე ვუხსნიდი, პედროს გავლენით ავარჩიე,
მრავალთა შორის,
შიშველი სხეულები მიკვროდა ერთურთს,
ჩანასახოვან პოზაში მყოფს,
გამუდმებით მეფიქრებოდა დაბრუნებაზე,
შორეული, სუსტი ტალღებით ისევ ცდილობდა,
გამოფხიზლებას, მაგრამ ჩემი თავი,
მთელი შიგნეულობით, სისტემებითა და იმპულსებით,
ცივი იყო, როგორც ის ღამე,
ვერც ერთი ფილმი ვერ აღძრავდა,
მიძინებულ ერთეულ ვნებას,
მოვალეობის კარნახით ჩემი თითები,
დაბერილ კერტებს მონაცვლეობით,
ეფერებოდა,
ხანგრძლივი კოცნა,
ავიცილე ლოყის მიბჯენით,
და როგორც მიხვდით დაუსველდა,
სახე ცრემლებით,
ხომ შეიძლება სახესხვაობა,
განიცადოს ყველა ამ მარცხმა?
მხოლოდ მაშინ, თუ მოვიფიქრებთ რამე უკეთესს.
 
 
 
 
 
                                                           *    *    *
 
 
დაძინებამდე მეგობრებს ვიხსენებ,
ერთს ლურჯი პერანგი მოსავს,
მეორეს ექიმის თეთრი ხალათი,
ერთი კლიენტს ელოდება,
მეორე პაციენტს,
არც ერთს მოუხდა პერანგი,
და არც მეორეს ხალათი,
მათში განსხეულებული,
ვალდებულებებმა, 
შრომის სუნმა,
გემომ და ფერმა,
შემარყია,
დღიდან დღემდე , 
კვირიდან კვირამდე,
თვიდან თვემდე,
შრომა და შრომა,
ბრძოლა და ბრძოლა,
ყოფნა, არ ყოფნა,
ცოცვა და ცოცვა,
ლოკვა და ლოკვა,
თუ ჩემ მეგობრებს ,
ვერ წარმოვიდგენ,
ზურგზე ამ ტვირთით,
მაშ რა იქნება, ჩემი თავი,
წარმოვიდგინო.
 
 
 
 
 
                                                           *   *   *
 
 
ის, ვინც,
რამდენიმე წელიწადში,
მულტიმილიონერი გახდება,
გადაცემებში პირს მოაღებს,
უსამართლობაზე, 
ნიჰილიზმზე,
უპასუხისმგებლობაზე,
ახსენებს პირველ სამსახურს,
პირველ ანაზღაურებას,
იტირებს, გაიკვირვებს,
როგორ შეეძლო ექვსასი,
ლარით ეცხოვრება თვიდან თვემდე,
დარბაზში მაყურებლის ერთიანი შეძახილი,
გამხნევება, დაღვრილი ცრემლი,
ერთს ნიგოზი აქვს ნაჭამი,
მეორეს ნიორი,
მესამეს ქაბაბი, 
თავზე დაყრილი ხახვით,
ჩამოაფარეთ ფარდა ,
დაიწყეთ ბრძოლა, 
იომეთ,
ამაზე მეტ აგრესიას,
ვეღარ იხილავთ,
თავიდან ტანში ვერ დაივლის,
ეს ენერგია,
თუ არ იომე,
თუ არ დაკაწრე,
დაანაწევრე, 
და კვლავ ააწყე.
 
 
 
 
 
                                                         *   *   *
 
 
ფანჯრიდან ვხედავ აივანზე,
დაყუდებულ შუახნის კაცს,
სიგარეტის ყოველ მოქაჩვაზე,
უფრო და უფრო იხრება წელში,
წაიდუდუნებს,
ჩაიბურტყუნებს,
შეიძლება ზოგჯერ ატირდეს,
ზემოთ ერთხელ არ აიხედავს,
არც გვერდზე ფანჯარაში,
ტელეფონზე ჩამოკიდებულ,
დიდმკერდიან გოგოს უყურებს,
არც შავ კანეკორსოს,
ამავე ფერის გერმანულ ნაგაზს,
კუდში რომ დასდევს,
არც  მოედანზე,
მორბენალ ბავშვებს,
ერთი მეორეს,
მოკრივე მამით რომ ემუქრება,
რა უნდა მოქცეს ამან? 
სხვა მეზობელი ყოველივეს,
თვალს რომ შეავლებს,
შიგნით შევა და მომდევნო დღემდე,
ეს ამბავი ეყოფა ვიცი,
ამას კი, მგონი,
მოძრაობა უფრო ასუსტებს,
სიცოცხლეს ვერ გავაჩერებ,
ღირს ერთი კაცის გამო,
მთელი ამბის ასე არევა? 
ამიტომ ხვალ,
ზეგ, თუ მაზეგ,
ის გადმოხტება.
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული