***
მე ვიყურები არსაით.
არც შენკენ.
არც ჩემკენ.
არსაით.
სულს ვუბერავ ტკივილებს.
მათ გარდა ყველაფერი ირეალურია ამქვეყნად.
ვიძინებ.
ხის წვერზე ჩემი ოქროსფერი თმა გაიბლანდა.
მზეს ეპოტინება.
მის სხივებს ეწვნება.
ვიღვიძებ.
უფრო მაღლა მინდა ვიყო.
არც შენკენ.
არც ჩემკენ.
არსაით.
***
მძინარე ხომალდი.
გამჭვირვალე ყვავილებით დაფარული რკინის საფარი.
სიცრუემოდებული სახლი.
მოწყვეტილი ადამიანით.
სარკეში გამოსახული უამრავი მკვდარი ტანსაცმლით და
სახელურს ჩაბღაუჭებული ლანდით.
ფრინველებით სავსე ტრამალი.
ცას შეხსნილი თავსაფარი.
ფეხებით დაწვენილი ბალახი.
გამოგონილი ლურჯი ქაფი.
ცურვისათვის.
კმაყოფილება ტანჯვით.
მოქნილობა.
შეჯახება სახით.
***
დაბრუნება.
მეორადი სხეულის ვარდნა.
გარყვნა.
სისხლიანი თმის და თავის სარკიდან აღქმა.
აწყობა.
დაშლა.
მოლოდინი.
უსასრულო მონოლოგი.
ნანადირევი.
მაგიდაზე გართხმული სიძულვილი.
თვალებდათხრილი.
სევდიანი.
ქონიანი.
ხმობა.
სიბნელის აღდგენა.
გარდაცვალების თარიღი.
ჩასუნთქვა.
გაცისკროვნება.
გაუცხოვება.
კოცნა.
ჯდომა.
შენზე.
მიწაზე.
ცხენზე.
მხრებზე.
ყვავილებზე.
მუცელში ჯდომა.
კვდომა.
უწყვეტი სიამოვნება.
სიწმინდის თავდაყირა შეცნობა.
ნდობა.
წარმოქნმილი შეცდომა.
სიცრუე.
დამარხული ენის ფლობა.
შვება.
ელექტრონული მეხსიერება.
კედელი.
ჩვენების შებრუნება.
დავიწყება.
გამოყოფა.
განყენება.
***
დამალული აქვს პირწმინდად პირი წმინდანს.
მოკუმული.
პირი წმინდა აქვს წმინდანს
და მოკუმული.
სიწმინდე პირში დაგუბებული
შეკავებული აქვს.
მსურს ჩემთან მოვუხმო პირწმინდა პირმოკუმულ წმინდანს
და ვესაუბრო მას.
თუმცა პირი არ მაქვს.
ფეხებზე წვეთავს გულს მოწყვეტილი სიტყვა.
განბანილი აქვს პირწმინდად გული წმინდანს.
შეკუმშული.
გული წმინდა აქვს წმინდანს და შეკუმშული.
სიწმინდე გულში დაგუბებული
შეკავებული აქვს.
მსურს შევეხო მას.
თუმცა ხელები არ მაქვს.
***
კარი გამიღე.
უკვე საღამოა.
მე ველოდები როდის ამოვა მთვარე
რომ დაგანახო.
მანდ ძალიან ბნელა.
გამიღე კარი.
დაგემშვიდობები.
მერე უნდა გადავიქცე გველად.
***
ოთხკუთხედზე ავედი.
მასში ჩაძრომაზე ფიქრი დავიწყე.
ამიტომ გავტეხე.
მის ძირზე დავეცი.
ცხვირიდან წამსკდარმა სისხლმა
შემოიარა ყველა კუთხე.
მერე დაიღვარა.
თითქოს მისატევებლად იცდის.
გადავიქეცი კატად.
ტანი გავილოკე.
გავიზმორე.
სიბრტყე ჩამოვხიე.
ჩამოვკაწრე.
ცოდვა დავარწიე.
დავაძინე.
ლოცვა წავუკითხე.
დავიმსგავსე.
ოთხკუთხედი.
ოთხკუთხედი.
არანაირი ხედით.
სავსე სევდით.
და გაცვენილი ბეწვით.
***
პირი გააღო და უზარმაზარი ფრინველი ამოუშვა მუცლიდან.
ფრთხილად დადო გვერდზე.
თვალი მოავლო და სახით თავისკენ მოატრიალა.
მრავალი წელი მის შიგნით დაუღალავად გალობდა.
გული აემღვრა.
მხარე აერია.
ოთახში წარმავალი შვება შემოსრიალდა.
***
სკამი დაგიდგი.
მე გთხოვ ჩამოჯდე.
რომ შენ მუხლებზე დავჯდე.
და ორივე მაჯაზე აგისვა, ორივე ენა.
ფეხებს შუა ჩამავალი მზეა.
მას ვერ ვაქრობ.
ვერა.
თასით ყვავილებს ვჭამ.
სახე მწერებით მაქვს დაფარული.
შიგნით სნეული ვარ.
საწოლს შემოხვეული.
მე ვარ ჩემი სურვილებისხელა.
შენი პირი ღელავს.
თვალს მჭრის ოთახში ჩამომდგარი სინანული.
აქამდე არნახული.
გარეთ არასრული დღეა.
***
ცივა.
შენობები სარკეში თავდაყირა ჩანან.
მათ აივნებზე დაბმული სურვილები ყეფენ.
მათი გათავისუფლება მინდა.
მერე რა რომ ურჩხულებს ჰგვანან.
ჩვენ ჩვენივე ილუზიები გვკვეთენ
თანაბრად წმინდად.
ერთმანეთიც ასე ნაწილნაწილ გვახსოვს.
ასე ნაწილნაწილ გვიყვარს.
აქ ცივა.
მზე გასკდა.
ახლა შემიძლია მისი ნამსხვრევით
გადავიჭრა ვენა.
და დავთვალო სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან ნელა.
შენ გწამს.
სახეზე ჩამომდნარ ყველა სიზმარს ხელებში მალავ.
შენი ქალაქი შორსაა და ქაღალდის.
ხშირად გეკიდება ცეცხლი და იწვი.
ჩემი კი მოლოდინისგან
დაინგრა თითქმის.