ალუბლის ხე მელოდება მთაში, ალუბლის წვენი მაცივარში
ტუჩები გზაში
დაკრეფილ ხეებს ეკვრის გარშემო
დიდი პარკები
რომ დაიჭიროს ყველა ნაყოფი, გადმოვარდნილი
მთიდან მთამსვლელი, რომ დაიჭიროს
ალუბლის წვენში, რომ არ დაიხრჩოს
რომ არ გაფუჭდეს გარეთ სითბოში
მაცივარშია ამიტომ წვენი
ვადების დაცვით, ნაკლები შაქრით, სულაც შემცვლელით
ოთახში შიგნით
ზამთრის შემდეგი მზის გაზაფხულის
ეცემა სითბო
და აქაც ხვდება სხეული ჩემი
ზამთრის საბნიდან გადმოვარდნილი
ოფლ მოდებული, მწყურვალი წვენის
ნატ-ურალ ურის.
***
იასამნის ლექსები ამოტვირთულია ძრავის ლულაზე
ყურებში ისმის მათი გრუხუნი
თითებს შუა ჭუჭყი ძველი ახალი
ზეთს მოყოლილი გამჯდარი კანში
საპნის ყუთებით გარშემორტყმული
ოთახში წვეთავს როგორც ტერორი
- ტერიტორიის გამთლიანებით,
კედლების ნგრევით ისევ შენებით
ისევ გადაყრით - ნაგვის საყრელზე - იმ ნანგრევების
რომელიც მოყვა ამდენ შენებას.
ამდენი გაჯით ცემენტით ქვიშით თხრილით
შევსებულ ნაგავსაყრელზე
მოდის სატვირთო, იქაურობით რომ დაიტვირთოს
მარად დროული დაუზარელი სატვირთო მოდის აუჩქარებლად
***
გვერდით ორმოში სიმძიმე გდია,
ზედ მიყრილ მიწას ბოტასი ტკეპნის.
მიწაც მაგრდება, როგორც ბოტასი მაღაზიაში ერთხელ ჩაცმული, ზომაში ზუსტი, ფეხზე მომჯდარი,
სახლის სარკეში გადასინჯული.
როგორც საჭმელი რომელიც ავსებს
ანთებულ გაზზე ტაფებს და ქვაბებს
და მერე მაცივარს
თეფშებს და ჯამებს
ამძიმებს როგორც ორმოს სიმძიმე.