• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჰოლოგრამა

×
ავტორის გვერდი ალექსანდრე ლორთქიფანიძე 12 იანვარი, 2009 3184
კორპუსების სადარბაზოებში,
საზოგადოებრივ ტუალეტებში,
დასასვენებელ პარკებში,
გასართობ ღამის კლუბებში,
მიწისქვეშა გადასასვლელებში,
მოვლენ
ყელში ჰალსტუხწაჭერილი ინტელიგენტები,
სახეზე მაკიაჟწათხაპნილი მორალისტები,
ღონემიხდილი, ყოყლოჩინა დიდაქტიკოსები,
სანდომიანი გარეგნობის მქონე დემაგოგები,
შავი გაგების მქონე წვერებიანი მესიები,
პედანტურად გამოწყობილი სახელმწიფო მოხელეები
და გეტყვიან
“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”
“არ გავცვლი ჩემსა სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”
“ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა”
“დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!”
“არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გამაჩნია”
“თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”
თქვენ უპასუხეთ:
ყალბია თქვენი გამოხედვა!
ყალბია თქვენი საუბრის მანერა და ბიოველი!
ყალბია ყოველგვარი საურთიერთო გზების ძიება!
ყალბია თქვენი წარმოდგენა სამყაროზე!
ყალბია თქვენი განათლება და ცხოვრებისეული კრედო!
ყალბია ფემინისტი შოთა რუსთაველი!
ყალბია შესანიშნავი მხედველობის მქონე ჰომეროსი!
ყალბია უილიამ შექსპირი
და ყოფნა – არყოფნის სიღრმისეული კვლევა!
ყალბია დანტე ალიგიერი
და არ არსებობს არანაირი შვიდი ფენა ჯოჯოხეთის!
ყალბია ფრიდრიხ შილერი!
ყალბია გოეთე და რა თქმა უნდა
ყალბია ფაუსტის გარიგება მეფისტოფელთან!
ყალბია შარლ ბოდლერი
და ბოროტების ყვავილებიც მასთან ერთად!
ყალბები არიან არტურ რემბო და ლოტრეამონი!
ყალბია მთელი სიმბოლიზმი, კლასიციზმი და მისთანები!
ყალბია სამშობლოზე შეყვარებული ქართული რომანტიზმი!
ყალბია ტატო და მისი ფიქრები მტკვრის პირას!
ყალბია ეპოლეტებიანი გრიგოლ ორბელიანი!
თქვენი ცხოვრებისეული რაციონი შეადგინეთ როგორც გსურთ
და რა თქმა უნდა არ დაუჯეროთ დავით გურამიშვილს,
რომელიც ასევე ყალბია!
ყალბია თერგდალეულთა მთელი “ფრაქცია”!
ყალბია სულიკოს ძიებაში საქართველოს შეტენვის ყველა მცდელობა!
ყალბია ჰუგო ბალი და გაჯჯი ბერრი ბიმბა!
ყალბია ტრისტან ცარა, თავის ხის სათამაშო ცხენებთან ერთად!
ყალბია სიმონ ჩიქოვანი!
და იღღღღღღღღღღღღრიალეთ, რომ
ყალბია ღალა(კქ)ტიონ ტაბიძე, რომელიც ეტრფის
“ნგრევას, ო ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას”!
ყალბია ცისფერი ყანწის უსასრულო კულტი!
ყალბები არიან საზოგადოებრივი პოზების ვირტუოზები:
ტერენტი გრანელი და პაოლო იაშვილი!
ყალბია უოლტ უიტმენი
და მთელი ამერიკული პოეზია დასაბამიდან!
ყალბია ჯეფრი ჰილი და აკადემიური ლექსი!
ყალბია პოეტურად ანგაჟირებული მასა,
არაამქვეყნიური გამოხედვებითა და არაორდინალური ქცევებით!
ყალბია ბრძენი,
ბრმა სიტყვების ოსტატი
მაცუი ბაშო
ყალბია პაბლო ნერუდა და გარსია ლორკა!
და რა თქმა უნდა კიდევ უფრო ყალბია რაინერ მარია რილკე!
ყალბია ამბოხებული და ვითომ თავისუფალი,
ამ დროს კი კომპლექსებისგან დაღრეჯილი ბიტ თაობა!
ყალბები არიან ალენ გინსბერგი და მისი საყვარელი პიტერ ორლოვსკი!
ყალბია ჯეკ კერუაკი!
ყალბია სილვია პლათი და მასთან ერთად მთელი ე.წ. “ქალური პოეზია”!
ყალბია ბარიკადებთან წამოჭიმული მაიაკოვსკი!
ყალბია აისიდორაზე ჩაციკლული სერგეი ესენინი
და მთელი რუსული პოეზია პუშკინიდან ვერბიცკამდე და ა.შ.
ყალბები არიან კომუნისტურ ეპოქაზე მორგებული
მუხრან მაჭავარიანი და მურმან ლებანიძე
და ყალბია “უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი”,
ყალბები არიან ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო ამაშუკელი,
თუმცა ეს უკანასკნელი ყალბზე მეტია.
ყალბია მთელი ავანგარდი და პოსტმოდერნი!
ყალბია დუგლას ჰებლერი და კონცეპტუალისტთა მთელი არმია!
ყალბია ყველა, ვისი სახელის გაგონებაც
თქვენში იწვევს ამაღლებას, ან სასოწარკვეთას!
და ყველა დანარჩენი, ვინც არ ითქვა, ვინც გამომრჩა,
ან გამოვტოვე,
ყალბია!
ყალბია თქვენი კითხვის სტილი, ორიგინალურობა,
და ყველა სიტყვა, რაც კი აქამდე ამოიკითხეთ
“აი ია”-დან დაწყებული
და ამ გაწელილი მანიფესტით დამთავრებული,
ყალბია!
ყალბია!
ყალბია!!! 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული