• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

სექსი და ივერთ მხარე

×
ავტორის გვერდი ლევან რამიშვილი 00 , 0000 3355
ყველა ერი დედამიწაზე მეტ-ნაკლები სექსუალური თავისუფლებით გამოირჩევა. ამ მხრივ, ალბათ ვერავინ შეედრება ბრაზილიელებს, ფრანგებს და შვედებს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ქართველები განსაკუთრებულად არასექსუალური ხალხი ვართ. ის, რაც რუსისთვის, ბალტიისპირელისთვის, გერმანელისთვის, ინგლისელისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენთვის შეიძლება ლოყების ჩამოხოკვისა და ცხვირ-პირის ჩამოსისხლიანების მიზეზი გახდეს.

თუ 18 წლის ნებისმიერი ეროვნების გოგონა თავისუფლად ეძლევა სიყვარულს მისივე ასაკის ბიჭთან და თან იმაზე კი არ ფიქრობს, რას იფიქრებენ დედა, მამა, ბიძა და ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ქართველი გოგო დღესაც კი, XXI საუკუნეში ამის უფლებას თავს ვერაფრით მისცემს (ყოველ შემთხვევაში აშკარად და დაუფარავად). ჩვენში დღესაც კი საყოველთაო დაგმობას იმსახურებს ქმარს გაშორებული ან დაქვრივებული ქალი, რომელიც `საყვარელს იჩენს~. ასეთი ქალი ავტომატურად `ბოზია~. ამიტომ მარტოდ დარჩენილ ქალს ერთადერთი გზა აქვს _ ხელმეორედ გათხოვდეს, ანუ ოფიციალურად, ნოტარიალურად დაიმტკიცოს საყვარელ კაცთან ალერსის უფლება. ამას რა უჭირს _ რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ქაღალდში რა ეწერება, მაგრამ პრობლემები არც აქ მთავრდება. საქმე ისაა, ქართველი კაცების უმრავლესობას `განათხოვარ~ ქალთან საქმის დაჭერის ისე ეშინია და ისე გაურბის მას, როგორც როგორც შავ ჭირს და ხოლერას… რა თქმა უნდა, ხელმეორედ გათხოვების შემთხვევები არის, მაგრამ კაცების მხრიდან საერთო განწყობა მაინც არსებობს.

hippiekiss

 
საერთოდ აღარაფერს ვამბობ ე.წ. `თავისუფალ სექსზე~, როცა ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და ჯერ სიყვარულს მიეცემა და მხოლოდ მერე, დიდი ხნის შემდეგ იწყებს (თუ საერთოდ იწყებს) ფიქრს ბეჭდებზე და ბიუროებზე, პირშიბოლოკგაჩრილი გოჭების თავებზე და დასაპატიჟებელ-გამოსატოვებელ ხალხზე, შემოსავლებ-გასავლებზე, ვალდებულებებზე და ათასგვარ ასეთ მოსაწყენ რუტინაზე…
მოკლედ რა ბევრი მტკიცება უნდა, რომ ჩვენში სექსი დღემდე, XXI საუკუნეშიც კი ტაბუდადებული და აკრძალული რამ არის. შეიძლება ბევრი ქართველი ძალიანაც `აღვირახსნილად~ ცხოვრობს, მაგრამ სხვა რამეზე მაქვს საუბარი _ ჩვენთან სექსი ტაბუირებულია, როგორც მოვლენა _ ის არ არის აღიარებული და მიღებული საზოგადოების მიერ, როგორც ცხოვრების ჯანმრთელი და ბუნებრივი ნაწილი. ზუსტად ასევე, ბევრი მაჰმადიანი შეიძლება ჩუმჩუმად ძალიან ბევრსაც სვამდეს, მაგრამ ალკოჰოლი მაჰმადიანობის მიერ მაინც უარყოფილია.
მსმელი მაჰმადიანების არ იყოს, ამ ქვეყანაზე ბევრი გულთა (და სხვა ინტიმურ ადგილთა) მპყრობელი, `გროზნი იობარი~, ნამდვილი სექს-გიგანტი ქართველი მამაკაცი დადის. ბუნებრივ მოთხოვნილებებს ისინი ადრე დიდ რუსეთში იკმაყოფილებდნენ. სასაცილოა _ საჭირო იყო 2 000 კილომეტრის გავლა იმისთვის, რომ გაგეკეთებინა ის, რასაც ნებისმიერი ცოცხალი არსება, მწერებით დაწყებული და ბეჰემოთებით დამთავრებული, მაქსიმუმ ათი, ჰა-ჰა ასი მეტრის რადიუსში ახერხებს. ერთი ისღა დაგვრჩენოდა, საპირფარეშოში ავსტრალიაში ან ფიჯის კუნძულებზე გვეარა…
თუმცა ასე იყო თუ ისე, იმ `ავადსახსენებელ~ დროშიც კი `ცოცხალ~ ქალთან საქმის დაჭერის შესაძლებლობა მაინც არსებობდა. დღეს რუსეთი თითქოს უკრაინამ შეცვალა, მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ფართო მასებს იქ გამგზავრების შესაძლებლობა არა აქვთ და ორ ქვეყანას შორის ეს სექსუალური კავშირი ჯერ-ჯერობით ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების, ანუ პრივილეგირებული ჯგუფების დონეზეა გაიყინული.
მოკლედ ცუდ დღეში არიან ქართველი კაცები, მაგრამ მათზე უარეს დღეში მაინც ქართველი ქალები იყვნენ და არიან. მათთვის, ისევე როგორც დედამიწის სხვა ყველაზე ჩამორჩენილ, მკაცრად ასკეტურ-პურიტანულ ზონებში მცხოვრები ქალებისთვის, სექსი უბრალოდ აკრძალულია. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ცოლ-ქმარს შორის `კანონით ნებადართული~ სექსი, რომელიც ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და სხვა ფაქტორების გამო ქორწინებიდან რამოდენიმე წელიწადში როგორც წესი ისეთ ფორმებს იღებს, რომ ქართული ჭიდაობა უფრო ეთქმის, ვიდრე სექსი, ან მით უფრო _ სიყვარული…

 

l_e72d409b09919ac35ce81d35d0656d86

 
როგორც ხედავთ, აქ უკვე შემოვიდა ახალი მოქმედი პირი _ კანონი. პირი, რომელიც სულაც არ არის პირი, რადგან არც პირი აქვს და არც ცხვირი, მოკლედ არავინაც არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მაინც დიდ როლს თამაშობს, დიდს კი არა და უზარმაზარს, უმეტეს შემთხვევებში კი ჩვენს ბედსაც კი მთლიანად ის წყვეტს. მაგრამ ეს მოქმედი პირი, კანონი მაინც დიდი არაფერი არაა, `პაიკია~ სხვა მოთამაშესთან, ნამდვილ `დედოფალთან~, თუ გნებავთ, `მეფესთან~ შედარებით. ამ ყველგანმყოფ, ყოვლისმპყრობელ და ყოვლისშემძლე მოქმედ პირს ჩვენს შინაგან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეწოდება `დაუწერლი კანონი~. აი ის კი ნამდვილი მბრძანებელია სრულიად საქართველოისა. მას თავის დროზე მეფეებიც კი ემორჩილებოდნენ, დღეს კი ჩვენ ვართ გაგებული მის ფერხთქვეშ, ვითაარცა ჭეშმარიტი პოლის ტილო.
მაგრამ თუ კანონს რაღაც ლოგიკა მაინც აქვს და მის უკან ვინმე ასე თუ ისე გონიერი არსება მაინც დგას, `დაუწერელ კანონს~ არავითარი ლოგიკა არა აქვს და მის უკან არავინ არ დგას _ არც გონიერი და არც უგუნური. მისი ერთადერთი `ლოგიკა~ გამოიხატება ფრთიან ფრაზებში: `ასეა~, `ასე უთქვამთ~, `წესია~, `ათადან და ბაბადან ასე ყოფილა~, `ჩვენს წინაპრებს ასე უთქვამთ~… მაგრამ თუ იცით, ვინ არიან ეს `წინაპრები~? ვინ და… არავინ. ახლავე აგიხსნით: `დაუწერელი კანონის~ მოქმედების მექანიზმი ასეთია _ ის ზეპირად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე, თაობიდან თაობაზე, დროთა განმავლობაში იცვლება და ამ ცვლილებაში შეიძლება ისეთი ფორმებიც მიიღოს, წინაპრებს რომ არც დასიზმრებიათ, მაგრამ მაინც ყოველთვის ამბობენ, `წინაპრებს უთქვამთ~ ასეო… მოკლედ, რომ ჩავეძიოთ და უკუმიმართულებით დროში გავყვეთ, უსასრულოდ ვივლით, ჩვენი `ძირძველი ტრადიციების~, დაუწერელი კანონების ავტორებს კი ვერასოდეს მივაგნებთ. შეიძლება მივაგნოთ ერთ ვინმე ნახევარადამიანს, ან სულაც ორანგუტანს, ბოლოს და ბოლოს მითიური `ათა და ბაბაც~ შეიძლება გამოვჩხრიკოთ სადმე მილიონი წლის წინ ჩვენს ერამდე, მაგრამ მისი კანონები ჩვენისაგან ძალიან განსხვავებული იქნება.

 

freelove

 
მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა ქართველი თავის ბედს, მთელს თავის ცხოვრებას ბოლომდე ბრმად ანდობს ამ `ათადან და ბაბადან~ მომავალ `ტრადიციებს~, იმას რაც `ოდითგანვე წესი ყოფილა~ და ამით ძირშივე კლავს თავის ორიგინალურობას, განუმეორებლობას, პიროვნულობას, თავისუფლებას, სიცოცხლის უფლებას _ მოკლედ ყველაფერს, რაც ღმერთმა მისცა.
ამასთან ის არასოდეს სვამს კითხვებს. `ოდინდელი~ კოლექტიური აზრები, ცხოვრების მზა რეცეპტები და საერთოდ, კოლექტივის შიში ისე ღრმადაა ფესვგამდგარი ქართველში, რომ ლოგიკური კითხვები მის ქვეცნობიერამდეც კი ვერ აღწევენ, არათუ ცნობიერამდე. მას არ უჩნდება მაგალითად კითხვა _ თუკი, ვთქვათ, ქორწინებამდე სექსი `ქართული ტრადიცია~ და `ჩვენი ცხოვრების წესია~, მაშინ რაღა არის წაწლობა ან სწორფერობა?
ესეც ხომ სექსის ნაირსახეობაა თუ ეს `ჩვენი~ აღარ არის?
ან როდის მერე აღარ არის?
ან თუ ქორწინების გარეთ სექსი უსაშინლესი ცოდვაა, მაშინ რატომ ვასწავლით ჩვენს ბავშვებს, რომ დადებითი, ლამის იდეალური გმირია ავთანდილი?

 

 

ან რატომაა, რომ `ღალატი~ კაცისთვისაც და ქალისთვისაც ერთნაირ დანაშაულად მიგვაჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა, კაცებს ბევრად უფრო ნაკლებად ვკიცხავთ ამისთვის, ბევრად უფრო ვპატიობთ, ვიდრე ქალებს? რატომ? მაინტერესებს თუ აქვს ამაზე ვინმეს პასუხი. არ არის ეს ორმაგი სტანდარტი?
ან რატომ და საიდან გაჩნდა ასეთი ორმაგი, მატყუარა მორალი?
ქართველს ეს ეცოდინებოდა, თანამედროვე მეცნიერების _ ფსიქოლოგების, ფილოსოფოსების, სოციოლოგების, სექსოლოგების და სხვათა ტიტანურ შრომებს რომ იცნობდეს, მაგრამ ის მათ არ იცნობს, რადგან არაფრით ინტერესდება. ამის გამო მთელმა XX საუკუნემ მას ისე ჩაუარა, ყურიც არ შეუბერტყია. სამწუხაროდ, ფაქტიურად მთელი მსოფლიო ცივილიზაცია თავისი განმანათლებლობით, რაციონალიზმით, ფროიდიზმ-ნეოფროიდიზმით თუ სექსუალური რევოლუციით, მთელი თავისი ნიცშეებითა თუ ფრომებით, თავისი ლენონებითა და ჯიმი ხენდრიქსებით ქართველისთვის რაღაც უცხო და გაუგებარ ჩინურ ენად დარჩა. სამწუხაროდ საქართველოს მსოფლიოსთან, თანამედროვე ცივილიზაციასთან ზიარება `ევრორემონტის~ დონეს არ გაცდენია…
დღეს ბევრი ქართველი `ევრორემონტიან~ ბინაში ცხოვრობს (ან მასზე ოცნებობს) და ჯიპით დადის, მაგრამ სინამდვილეში ის ისევ ურემზე ზის და შუასაუკუნეობრივ წყვდიადში იმყოფება. ამის ყველაზე აშკარა მაგალითი სწორედ მისი სექსისადმი ველური, ჩამორჩენილი დამოკიდებულებაა.
სექსისადმი დამოკიდებულება იგივე ადამიანისადმი დამოკიდებულებაა. როდესაც მიგაჩნია, რომ უფლება გაქვს და შეგიძლია ვინმეს (დას, ბიძაშვილს, ცოლს, ქმარს…) ვინმესთან ურთიერთობა აუკრძალო, ან ამისთვის გაკიცხო ან დაადანაშაულო, ამით შენ მას არ აღიარებ, როგორც ადამიანს და საერთოდ როგორც ცოცხალ არსებას, რადგან ცოცხალი არსების თვისება ბუნებრივი თავისუფლებაა, ადამიანისთვის კი თავისუფლება შეგნებული არჩევანია (რომლის უფლება მას, როგორც ამბობენ, თვით ღმერთმაც კი მისცა). სწორედ ეს ფასეულება _ თავისუფლება არის თანამედროვე ცივილიზაციის ერთადერთი უპირობოდ აღიარებული ფასეულობა.

 

love_is_free

 
ქართველი კი ზის თავის ურემზე და ათასგვარ აბდაუბდაზე ფიქრობს _ მასონებზე და ეკუმენიზმზე, იმაზე, თუ რა თქვა ერთმა პოლიტიკოსმა _ ღობეყორეგლეჯიაშვილმა მეორეზე _ ჯამჭურჭელმტვრევიაშვილზე…
მაგრამ მოდით ქართველ ქალებს დავუბრუნდეთ _ ჩემი პირადი დაკვირვებით ისინი ასექსუალურები არიან. მათი გამოხედვა, მიხვრა-მოხვრა, მანერები ასექსუალურია. ამ დასკვნამდე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ მივედი და შემიძლია ათიდან ცხრა შემთხვევაში გავარჩიო ქართველი ქალის ფოტო არაქართველისაგან. არა ნაკვთებით და თმის ფერით, არამედ გამოხედვით _ ასექსუალური, ჩამქრალი, უსიცოცხლო გამოხედვით. არაქართველ ქალებს (და ამ შემთხვევაში ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს) აქვთ `რაღაც~, რასაც ქართველი ქალები პირწმინდად არიან მოკლებული. ეს `რაღაც~ არის ქალის ბუნებრივი სექსუალურობა, შეუნიღბავ-გადაუმალავი სილაღე, სინაზე და სირბილე (რომელიც ასევე სექსუალურია და ქალური სექსუალურობის ნაწილია), კიდევ რაღაც კეკლუცი `სითავხედის~ მსგავსი… ძნელია ასეთი რამეების ზუსტად თქმა…
ეს ყველაფერი ქართველ ქალებს არა აქვთ ან თუ აქვთ, ძალიან სუსტად მბჟუტავი, ისე მკრთალად და უღიმღამოდ, რომ გინდ ყოფილა, გინდ არა. ქართველ ქალებში ჩამქრალია რაღაც სხივი, სწორედ ის სხივი, რომელიც ასე ქალურია და რომელიც ქალში მთავარია… ქართველი ქალები რაღაც საბრალო, შეშინებულ, მექანიკურ თოჯინებს მაგონებენ.
ქართველი ქალის თვალებში ყოველთვის ამოიკითხავთ რაღაც გაკიცხვას, რაღაც უთქმელ კონფლიქტს მასსა და იმას შორის, რაც შეიძლება კაცსა და ქალს შორის წარმოიშვას და რაღა თქმა უნდა ბუნებრივია, რომ წარმოიშვას…
მოკლედ ქართველ ქალში თითქმის ვერასოდეს შენიშნავთ იმას, რასაც სექსუალურობა ქვია, რადგან სექსუალურობა არც კარგი ტან-ფეხია და არც სექსუალურად ჩაცმა. სექსუალურობა ადამიანის ბუნებრივი თვისება და მდგომარეობაა ან მისი უარყოფაა მდგომარეობა, რომელსაც ვერ დამალავ.

 

gtos723

 
მინდა სწორად გამიგოთ _ ასეთი მწარე ასექსუალურობა რომ არ მომწონს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი იდეალი რაღაც უზრდელი, უცერემონიო და აულაგმავად თავაშვებული ქალია _ აი ისეთი, უნახავები და გოიმები `კრუტოი~-ს რომ ეძახიან. არა, სულაც არა. ეს მეორე უკიდურესობაა, რომელიც, სხვათაშორის იმათ ემართებათ, ვინც მთელი ცხოვრება შებოჭილ-ჩახშობილი იყო და მექანიკურად `განთავისულფდა~.
უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ასექსუალურობაში გადასული შებოჭილობა სიმახინჯეა. ამას თქვენ თვითონვე შეამჩნევთ, თუ ბუნებრივ, ლაღ, თავისუფალ და ასექსუალურ ქალებს (ან მათ ფოტოებს) ერთმანეთს შეადარებთ. სიმახინჯეა თუნდაც იმიტომ, რომ მახინჯი _ ანტიადამიანური და მონური ფილოსოფიის შედეგია. მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამეა _ ყველა ასაკს თავისი თვისებები აქვს. და ეს თვისებები მხოლოდ იმ ასაკშია ლამაზი, რომელსაც ახასიათებს. სხვა ასაკში ის ნამდვილ სიმახინჯედ იქცევა ხოლმე. მაგალითად საშინელი სანახავია, როცა ოთხმოცდაათი წლის ბებო კეკლუცობს და იპრანჭება… ასექსუალურობა ბავშვობის და მოხუცებულობის თვისებაა და ამ ორ შემთხვევაში თავისთავად ულამაზესი რამ არის, მაგრამ ასექსუალური ქალი საშინელებაა _ მისგან რაღაც პირქუში, რუხი, უხეში იმპულსები მოდის. იმიტომ, რომ არ მოდის ის იმპულსები, რაც უნდა მოდიოდეს. და ამას ვერაფერი ვერ უშველის, ვერავითარი სულიერი განცდები და ფსიქოლოგიური წიაღსვლები; ვერაფერი, გარდა ჯანმრთელი, `მამა-პაპური~ სექსისა, ანუ იმისა, რასაც ფსიქოლოგები `ხასიათის სტრუქტურის ცვლილებას~ უწოდებენ.

 

OCA7HMZJQCADHPC6KCAG7IY3ICAM87FECCAMEO5GKCA01TKRFCA0Y6O9TCAP7PWKYCARZ7MSRCAA85BW1CAT14U61CAVGU23YCAE9QO99CAGK3QU4CAZZK8JPCALGKD47CAY0GVUICAIAKISKCA31ULKO

ამ ყველაფერს რომ ვამბობ, ქართველი ქალების დაკნინება სულაც არ მინდა. უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც ვხედავ და

 

 თუ არ ვცდები, მგონი ამის მიზეზიც ვიცი _ ქართული საზოგადოება სხვაზე მეტად, მეტისმეტად მკაცრია ქალის მიმართ, მეტისმეტად პურიტანული.
ფაქტია _ მსოფლიოში დიდი ხანია უკვე მოხდა ის, რასაც სექსუალურ რევოლუციას უწოდებენ, საქართველოში კი ეს ჯერაც არ მომხდარა. მსოფლიოში დღეს სულ სხვანაირად, სხვა პრინციპებით ცხოვრობენ, საქართველოში _ სხვანაირად. მსოფლიო ვითარდება და წინ მიდის საკუთარი თავის, საკუთარი ბუნების შეცნობის გზაზე, საქართველო დგას.

 

 

გარდა იმისა, რომ მეტისმეტად მკაცრები და პურიტანები ვართ, ჩვენს თავს კიდევ სხვა რაღაც ხდება, რაღაც ისეთი, რაც შეიძლება მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი, ან რაც მხოლოდ ჩვენ `მოვახერხეთ~ ამ ხარისხით და მასშტაბებით. ეს `რაღაც~ არის საკრალიზაცია. თანაც საკრალიზაცია ამ სიტყვის არასაკრალური მნიშვნელობით… ანუ როცა რაღაცის `გაწმინდანება~ ხდება, თუმცა არა რელიგიური მნიშვნელობით, ანუ მიუხედავად გაწმინდანებისა,  ნივთი თუ მოვლენა მაინც არ უკავშირდება რაიმე მიღმიერს, ტრანსცენდენტულს და კვლავ ამქვეყნიური, `სვეცკი~ ცნობიერების ფარგლებში რჩება.
ჩვენს ცნობიერებაში საკრალიზებულია დედა (დედაბოძი, დედამიწა, დედამთილი:)…)
საკრალიზებულია ასევე მამა, ბიძა, დეიდა, მამიდა, ბიცოლა, ბიძაშვილ-მამიდაშვილები და საერთოდ _ ცნება `ნათესაობა~.
საკრალიზებულია ცნება `სამშობლო~, საქართველო, ივერთ მხარე…
საკრალიზებულია ზოგჯერ `დედაქალაქი~, `ჩემი სოფელი~ და `ჩემი უბანიც~ კი…
საკრალიზებულია მეზობლობა, `მოყვარეობა~ და რა ვიცი, რა აღარ…
საერთოდ, როცა ამდენი რამეა საკრალიზებული, როგორც ჩანს ტვინი ავტო-საკრალიზაციის რეჟიმში გადადის და განურჩევლად ყველაფრის საკრალიზაციას ახდენს _ რადიოს, ტელევიზორის, აფხაზეთის დაბრუნების…
ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ქართველის ცნობიერებაში `წმინდაა~ _ რაღაც ამაღლებული და მყარად ხელშეუხებელი. ამაში თავისთავად ალბათ არაფერია ცუდი, მაგრამ როცა შენს ცნობიერებაში სექსი ასევე მყარად `უწმინდური~ და `ბინძურია~, მაშინ შეუძლებელია ეს ორი _ საკრალიზებული და დესაკრალიზებული, გაწმინდანებული და გაუწმინდურებული პოლუსი შენი ტვინის უჯრედებში ერთმანეთს არ შეეჯახონ. ამ შეჯახების შედეგად ქალი ან ასექსუალური ხდება (რადგან შეუძლებელია შეინარჩუნო იოტისოდენა სექსუალურობაც კი, როცა ყოველ მოსახვევში ამდენი `საკრალური~ რამე და ვინმე გეფეთება…) ან… გაბოზდეს _ ანუ ერთბაშად თავიდან მოიშოროს ყველაფერი `წმინდათაწმინდა~ და მიეცეს `უწმინდურობით~ ტკბობას…

 

თუ შეგიმჩნევიათ, რომ ყველა ქართველი `ბოზი~ თავს იმართლებს _ აქაო და გამიჭირდაო, ძმაოო, თორემ კი არ დამვიწყებია, ვისი გორისა ვაარო… ერთ ჩემს მეგობარს უცხოეთის ერთ ბორდელში უთხრეს, ქართველი გოგო გვყავსო. კაცს ქართველი (არც ქალი და არც კაცი) ხუთი წელი არ ენახა (მაშინ ძალიან ცოტა ქართველი იყო უცხოეთში), ჰოდა თხოვა `მამაშას:)~, შემახვედრეო. იმ ქართველმა გოგომ უარი თქვა. რამოდენიმე თვე უარზე იყო `თანამემამულესთან~ შეხვედრაზე. ბოლოს გატყდა, მაგრამ პირველივე, რაც უთხრა, ეს იყო _ ბოზი არ გეგონო, უბრალოდ გამიჭირდაო…

სხვათა შორის გერმანელი, ჰოლანდიელი თუ აფრიკელი კოლეგებისგან განსხვავებით ქართველი `ბოზებიც~ ასექსუალურები არიან. უცხოეთში მამაკაცისთვის სიამოვნების მინიჭება ხელოვნების რანგშია აყვანილი. ამ საქმით დაკავებული ქალები უამრავ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ნიუანსს ფლობენ, რომ კაცმა უფრო დიდი და ღრმა სიამოვნება მიიღოს. გაიხსენეთ თუნდაც ინდოელი `დევადასი~ ან იაპონელი `გეიშა~. თუმცა ამ მხრივ ევროპელებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს. აქ მთავარი ისაა, რომ ყველაფრის კეთება შეიძლება შენი საქმის და ადამიანის სიყვარულით… ეს კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა იცი, რომ შენს საქმეში არაფერია ცუდი, დასაძრახი, ბილწი, მრუში, საზიზღარი, გულისამრევი, განკიცხვის ღირსი, ქოქოლადასაყრელი…

No Sex

მეძავობა რომ ყველაზე სამარცხვინო პროფესიად ითვლება, ეს პირველ რიგში იმის ბრალია, რომ ადამიანებს სექსი, როგორც ასეთი, მიაჩნიათ სიბინძურედ. მაგრამ მოდით ერთი წამით დავუშვათ, რომ ეს ასე არ არის. რაღა რჩება მეძავობის წინააღმდეგ? ალბათ ის, რომ ასეთ ინტიმურ და ფაქიზ საქმეში ფული არ უნდა აიღო. თუმცა ჩვენ არ განვიკითხავთ არც პოეტებს და არც მუსიკოსებს იმისთვის, რომ თავისი ინტიმური გრძნობები გამოხატეს და ამაში ფულიც აიღეს. ნამდვილი ხელოვანი, რა თქმა უნდა, ფულს იღებს, რადგან სხვანაირად ის შიმშილით მოკვდებოდა და ვერაფერს შექმნიდა, მაგრამ თავის შედევრებს ის ფულისთვის კი არ ქმნის, არამედ იმისთვის, რომ არ შეუძლია, არ შექმნას. ერთი სიტყვით წერა მისთვის მოწოდებაა, ფული კი მხოლოდ გვერდითი ეფექტი _ აუცილებელი, მაგრამ მაინც არა _ მთავარი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მეძავზეც, რომელიც თავისი საქმეს სიყვარულით აკეთებს, ანუ რომლისთვისაც ეს საქმე მოწოდებაა. შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი რამ შეუძლებელია, მაგრამ ცდებით _ თუ ფსიქოლოგებსა და სტატისტიკურ კვლევებს დავეყრდნობით, აღმოვაჩენთ, რომ მეძავების უმეტესობას თავისი ნებით აირჩია ეს პროფესია და მოსწონს იგი. ზოგადად ანგარების მომენტი თუ არ მოგვწონთ, ისიც ვიკითხოთ, რომელი ცოლი გაუჩერდებოდა ქმარს, მას რომ ამქვეყნად არაფერი ებადოს…

ამის წამკითხავი თავგამოდებული პურიტანი მძვინვარებით აივსება. ის ასეთ აზრებს ვერც კი დაუშვებს, რადგან ურჩევნია ასე იყოს _ ადამიანებმა თავისი საქმე ზიზღით აკეთონ, თვითონაც უბედურები იყვნენ და სხვებსაც მხოლოდ იმედგახცუება მოუტანონ და ზიზღი მოჰგვარონ, ოღონდ მას თავისი `სიმართლის~ სწამდეს. ამ შემთხვევაში `აზროვნება~ მხოლოდ თავდაცვის საშუალებაა და მეტი არაფერი.

ქართველი ბოზებიც, პურიტანული ზიზღით ავსილები, ჯერჯერობით `აჰა, ჩავიხადე, დროზე მორჩი~-ს პრინციპით მოქმედებენ. ალბათ მიხვდით, რატომაც _ მათ ეზიზღებათ ის, რასაც აკეთებენ, ისიც, ვისთანაც აკეთებენ და თავისი თავიც. ეზიზღებათ, იმიტომ, რომ სექსი მათთვისაც ბილწი, მრუში, საზიზღარი, გულისამრევია… ისინიც ჩვენებურები არიან, ჩვენნაირები, `ჩვენი დები…~ განგებ შეგაპარეთ ეს სიტყვა _ ვინმეს წარმოგიდგენიათ, `ბოზის~ მიმართ იხმაროთ ფრაზა `ჩემო დაიკო~, რომელიც ასე გიყვართ? თქვენ ხომ `ბოზები~ გეზიზღებათ! ამ შემთხვევაში თამამად მოგმართავთ ყველა ქართველს, კაცსაც და ქალსაც, რადგან ვიცი, რომ ამ საკითხში ყველანი თანხმდებით (და ვერაფრით ვერ გამოვიყენებ პირველ პირს…) _ `ბოზები~ ყველას გეზიზღებათ. არ გძულთ, არამედ სწორედ რომ გეზიზღებათ _ არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ ფიზიკურად, ფიზიოლოგიურად _ გეზიზღებათ. ისინი თქვენში ზიზღს იწვევენ. შეიძლება თქვათ, რომ არ ერჩით, ან გეცოდებათ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, რადგან ამით მხოლოდ თქვენს `კეთილშობილებას~ უსვამთ ხაზს და ამტკიცებთ, რომ ისეთი მიმტევებელნი ბრძანდებით, რომ არ ერჩით იმასაც კი, (`ც კი~ აქ მთავარია…), ვინც ასეთი საზიზღარია. თქვენ ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი არ მოგლანდებიათ, რომ რომლემე `ბოზი~ შეიძლება თქვენი `ახლობელი~ (კიდევ ერთი საკრალიზებული ფენომენი) აღმოჩნდეს. ეს თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, იმიტომ, რომ `ბოზი~ თქვენთვის ადამიანი არ არის. ადამიანი კი არა, ღორი რომ ღორია (კვლავ თქვენს წარმოდგენაში), იმის ფასიც კი არ გააჩნია _ `ბოზი~ თქვენთვის რაღაც (და არა ვიღაც…) მდაბალი და ბინძური არებაა, რომელზეც ფიქრიც კი არ ღირს. ის სადღაც თავისთვის არსებობს თავის `სიბინძურეში~ და ამ `სიბინძურის~ გარდა არაფერი არ გააჩნია _ არც წარსული და არც მომავალი, არც ფიქრი, არც გრძნობები, არც ოცნება, არც ტკივილი და სიხარული… მეძავებისადმი ზიზღი ააშკარავებს ქრისტიანული კაცთმოყვარების აბსოლუტურ ფარისევლობას და სიყალბეს, რადგან არცერთ ქრისტიანს არ შეუძლია საკუთარი თავი მეძავზე მაღლა არ დააყენოს _ სულ ოდნავ მაინც მაღლა…

 

და თუ გიფიქრიათ, რატომ ხართ ასეთი აზრის მათზე _ იმიტომ რომ გეშინიათ. გეშინიათ იმ `სიბინძურის~, რომელიც თქვენი აზრით მათშია, და რომელიც (ფიქრიც კი გზარავთ) _ შეიძლება თქვენშიც იყოს… დარომლის სახელიცაა სექსი.
უი, უი, უი! ღმერთმა დაგიფაროთ, ქართველო, `წესიერო~, `პატიოსანო~ ქალებო! თქვენ, `მანდილოსნებო~, არაფერი ადამიანური რომ არ გეკადრებათ! თქვენ _ ცაში რომ აგიყვანეს ამ იდიოტმა ქართველმა კაცებმა და იმდენი ხოტბა რომ გასხეს, რომ თქვენც დაგაჯერეს და თვითონაც დაიჯერეს, რომ `წმინდა~ ხართ _ `დაიკოები~, და `ჩვენი ახლობლის დაიკოები~! თქვენ, ცაში რომ ხართ გამოკიდებულები, ღრუბელზე რომ ზიხართ საშინლად მოწყენილები და უბედურები… და ასე ზეზეულად რომ ხმებით და არც მიწისა ხართ, არც ცისა, რადგან ვინც `მიწისა~ არ ყოფილა, ის ვერც `ცისა~ გახდება. კანონზომიერებაა ასეთი…

 

 

ასე დავამთავრებდი, მაგრამ ძალიან მინდა გითხრათ, რომ ძალიან მეცოდება ყველა, ვინც ასე ცხოვრობს, ვისაც ეშინია. თქვენ _ ვინც არ იცით, რომ ისიც, რისიც თქვენ გეშინიათ, წმინდაა (ბრჭყალების გარეშე), ნამდვილად წმინდაა, რადგან ისიც ღმერთმა შექმნა, შექმნა თქვენთან ერთად და თქვენში. და იმისთვის კი არ შეუქმნია, რომ ებრძოლოთ და დაამარცხოთ (უფრო სწორად მუდამ დამარცხებულნი იყოთ, რადგან ბუნებას ვერ დაამარცხებ), არამედ იმისთვის, რომ მისით იცხოვროთ და მასთან ერთად ბედნიერად იცუროთ, მანამდე, სანამ არ ამოიწურება და ბედნიერ, კეთილ სიბერეში არ შეაბიჯებთ. ასე რომ არ იყოს, ღმერთი არ შექმნიდა მას ასე ძლიერს და დაუმარცხებელს. მაჩვენეთ ადამიანი, რომელმაც სექსი დაამარცხა და თან ჭკუაზე არ შეირყა! შეიძლება მაჩვენოთ სულ სამი-ოთხი კაცი რამოდენიმე მილიარდიდან! მე კი გაჩვენებთ ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს, რომლებიც გაჩვენებენ მისი უარყოფით და ჩახშობით დაავადებულ და შეშლილ მილიონობით (შეიძლება მილიარდობითაც) კაცს და ქალს.
ძალიან მინდა გითხრათ, რომ საშიშია საკუთარ ბუნებასთან თამაში, რადგან თქვენ ბუნების, ანუ ღმერთის ნაწილი ხართ, ღმერთი კი კამათელს არ აგორებს…
მინდა ვინმე სადმე ლაპარაკობდეს ასეთ სერიოზულ საკითხებზე, მაგრამ ღობეგლეჯიაშვილს განცხადება დღესაც გაუკეთებია და აბა ვინ მოიცლის სხვა უმნიშვნელო რამისთვის…

© Jurnali “telegrafi”

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული