• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ქალაქში, მტვერში, წაიქცა კაცი

×
ავტორის გვერდი შოთა იათაშვილი 00 , 0000 2075

ბესიკ ხარანაულს

რა კარგია, რომ მიხვდი,

რომ დღეს ბედნიერი ხარ,

დღეს, გადატყავებული ხელისგულებით,

ჩაჭრილი მაჯით, დასერილი შუბლით, ჩალურჯებული იდაყვით

და მუხლით,

ბედნიერი ხარ,

რადგან

ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტად დაეცი,

დაეცი ერთხელ,

ორჯერ, სამჯერ – დაეცი შენი ქალაქის მტვრიან ქუჩებში,

დაეცი შენი ქვეყნის პირველი პოეტის ბინიდან

ფორიაქით და ბორძიკით გამოსული,

დაეცი და მიხვდი – მიხვდი, რომ ჭეშმარიტად დაეცი

– დაჰყურებ გადატყავებულ ხელისგულებს,

სისხლი, ვით მელანი, თითებისაკენ ჩაედინება,

კალმისტრისაკენ იკვლევს გზას,

და შენც წერ ლექსს, ახალ, უცნაურ ლექსს

და ბედნიერი ხარ, რადგან პირველად ცხოვრებაში

ჭეშმარიტად დაეცი

და იცი უკვე, რას ნიშნავს ეს

– დაეცე

– დაეცე შენს ქალაქში,

შენს ქუჩაში,

შენი ხალხის თვალწინ,

შენი ხალხის ფეხებთან,

დაეცე,

დაეცე,

დაეცე...

რათა წამოგაყენონ,

რათა მიგიყვანონ სახლში,

რათა მოგიარონ,

რათა მოგეფერონ,

და შენც , – ერთხელ ჭეშმარიტად დაცემულმა, –

ადგე და მშვიდად განაგრძო დაცემულთა მარადი გზა...

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული