კაუჩუკი - სიკვდილია
(ზანგური ხალხური ლექსი)
მურმან ლებანიძის თარგმანი
დიდებულია ტყე!
დიდებულია ტყე!
მონა თუ არ ხარ კაცი,
თავისუფალი თუ ხარ...
ვერას დაგაკლებს მზე
ვერას დაგაკლებს მზე -
შეეფარები თელას,
შეეფარები მუხას!
დიდებულია ტყე!
მაგრამ გევეის ხე?!
კაუჩუკი რომ სწვეთავს?! -
სიკვდილია!
ჩვენთვის - ბნელია ტყე!
ჩვენთვის - მტერია ტყე!
ჩვენთვის - მკვლელია ტყე!
ჩვენ - მონები ვართ დღეს...
მოგზაურები არ ვართ,
მონადირენი არ ვართ,
ვეძებთ საკუთარ სიკვდილს -
ვეძებთ გევეის ხეს...
ჩვენ - მონები ვართ დღეს!
ჩვენ - მონები ვართ დღეს!
ბატონად შავი ტყე და
თეთრი პატრონი გვყავს:
- კაუჩუკიო, ჩქარა!
- კაუჩუკიო, ჩქარა! -
თეთრი ბატონი ბრძანებს.
ჩვენ კი ვპასუხობთ მას:
დიდებულია ტყე!
მაგრამ გევეის ხე?!
კაუჩუკი რომ სწვეთავს?! -
სიკვდილია!
მაინც, ღამით თუ დღისით,
მჭრელი დაშნებით დავალთ,
წვეთავს ლიანებს რძე
და ჩვენ იმ წვეთებს ვთვლით;
ის რძე - სისხლია ჩვენი!
ის რძე - სისხლია ჩვენი!
ჩვენი სიცოცხლის დღენი,
ჩვენი სიცოცხლე თვით!
დიდებულია ტყე!
მაგრამ გევეის ხე?!
კაუჩუკი რომ სწვეთავს?! -
სიკვდილია!
წყეული კობრა ნაკლებ,
ნაკლებ საშიში გახლავს -
კობრა უეცრად გლახრავს,
კობრა უეცრად გკლავს,
ხოლო ლიანა - გრძელი -
სიცოცხლეს გწოვს და გახმობს,
ნელი სიკვდილით გაქრობს
და გაწყევლინებს თავს...
დიდებულია ტყე!
მაგრამ გევეის ხე?!
კაუჩუკი რომ სწვეთავს?! -
სიკვდილია!
დედიშობილა დავალთ,
შიშველ-ტიტველი დავალთ,
ასიათასი მწერი
სიცოცხლის დღეებს გვწოვს.
ტყე - სამარეა ჩვენი!
ტყე - სამარეა ჩვენი,
მუდამ ღია აქვს პირი
და ახალ ზვარაკს გვთხოვს...
დიდებულია ტყე!
მაგრამ გევეის ხე?!
კაუჩუკი რომ სწვეთავს?! -
სიკვდილია!