• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რიგში

×
The Wounded Angel
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 21 იანვარი, 2022 1370

თქვენ ხართ რიგში უკანასკნელი. ოპერატორი მალე გიპასუხებთ.

მუსიკა ისმის, ცეკვა მინდება,

რადგან მრავალი უკანასკნელი პირველი აღმოჩნდება

და მრავალი პირველი გადავა უკან.

თქვენ ხართ რიგში უკანასკნელი. ოპერატორი მალე გიპასუხებთ.

ისევ ფიქრი წყალთან, წყალსადენის რეზერვუარის მიმდებარედ

წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დიადი მიზანი.

თქვენ ხართ რიგში უკანასკნელი. ოპერატორი მალე გიპასუხებთ.

უფლისთვის გამზადებულ სიცარიელეს მელანქოლია აავსებს.

თქვენ ხართ რიგში უკანასკნელი. ოპერატორი მალე გიპასუხებთ.

იმედი მაქვს. ეგრე ბევრს ჰქონდა იმედი.

მაგალითად, ბრეხტს ჰქონდა იმედი რომ ლიტერატურა შემოწმდებოდა.

ვისაც უთმობდნენ ფუმფულა სავარძელს, ოღონდ ეწერა,

ჰკითხავენ, იცოდა თუ არა ვინ უკერავდა ტანსაცმელს

და თუ იცოდა, რას დაგვიმალა?

რატომ ეჯდა კალთაში მჩაგვრელს?

იცოდა თუ არა რამე ჩაგვრაზე და თუ იცოდა,

რატომ იყო ასე ღრმად ჩაფული იმ თავის სავარძელში?

იცოდა თუ არა რამე სიცოცხლეზე

და თუ იცოდა რატომ არის ასე ღრმად ჩაფლული მიწაში?

თქვენ ხართ რიგში უკანასკნელი

ოპერატორი მალე გიპასუხებთ

და გეტყვით, რომ

არ მოვა წყალი,

არც შუქი მოვა,

გაზიც ჟონავს,

ავფეთქდებით, დავიწამლებით.

არა, სახანძრო ვეღარ მოვა

და სასწრაფოც ვეღარ გვიშველის,

რადგან ვართ რიგში ძარცვა-გლეჯის

და ვართ თეატრში,

ხოლო თეატრი რომ ბოლო გაჩერებაა

ეს გლდანელებს კარგად მოგვეხსენება.

ვაგონები დასასცლელია.

თქვენ ხართ რიგში პირველი. ოპერატორი მალე გიპასუხებთ.

მუსიკა ისმის,

თითქოს ხავსის სიმებს ჩამოჰკრეს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული