• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

გამარჯვების მანდალა

×
გიორგი ბუნდოვანი
ავტორის გვერდი კულტურის სანიტარი გიორგი ბუნდოვანი 27 სექტემბერი, 2022 1325

დამსმენი

თუ გინდა შეიშალო, იოლად,  გარანტიით,
უყურე ტელეარხებს ანტრაქტის გარეშე!
იკვებე პოლიტიკით, იხარე მასმედიით,
ამ ქონდრისკაცების გხიბლავდეს თარეში!

პიტალო ლოზუნგებს, ბანერებს, მანერებს
ხოტბა და დიდება მხურვალედ შეასხი!
გაგიჟდი! გაგიჟდი! უარყავ საზვერე...
უფინე ვარდები ღორების შეძახილს!

ულხინე ქვეძრომით შენს ხელისუფალთა,
შენ ხარ „სკომოროხი“ უპატივმოყვარო!
მავანთა ამ სოფლის ულოკე უკან, და -
ვერ მიხვდე ვერასდროს, რომ უნდა მოთხარო!!

თუ გინდა გაცოფდე, გაქოცდე, გაოხრდე -
იჩოქე თავმდაბლად მინისტრთა წინაშე!
თანაც გიხაროდეს, რომ უნდა გაკოტრდე,
თან იყავ ამაყი წართმეულ ბინაში!

წართმეულ სამშობლოს, გაყიდულს გროშებზე,
ვერ დაიბრუნებენ ბავშვები მომავლის!
ქუჩებში გვძარცვავენ მრისხანე ბოშები,
ჩაგვესმის ხარხარი სიცრუის ორთქლმავლის!

ეგუე! ეგუე! ყველაფერს უმსგავსოს!
მიიღე პატივად სტატუსი ღატაკის!.. 
დასმენის ბრძანება ასრულე უვადოდ,
ჩამშვების ტიტული ატარე მარადის!

ქეცი მედროვეთა და პოლიტიკანთა
რეტივით გვაბრუებს, გვპირდება სამოთხეს...
ეს შუბლის ძარღვწყვეტა გამყიდველ ციგანთა
- ზეციურ სამართლით ჩაკვდეს და დაოთხდეს!

მოკალი მლიქვნელი, ქლესა და ვანდალი,
რომლებიც შენშია სინდისის გადაღმა!
- შენა ხარ სიმართლის, სამართლის სარდალი,
დატოვე კედლებზე მეომრის ქარაგმა!
28.07.2022.

 

ანტი-მანიфესტანტი

ვერა, ძმებო, მიტინგებზე ვერ ვაქუხებ ლექსებსა,
ამას ვერვინ მაიძულებს, სჯობს, გავფშიკავ ფეხებსა!
ვერც ლოზუნგებს, მოწოდებებს ამოვანთხევ ბაგიდან...
მირჩევნია ჩემთვის ვეგდო, შორს საშიში მახიდან...

ცხრა აპრილმა ჩვენს თაობის გადიარა კისერზე,
ეროვნულმა მოძრაობამ კი მანამდე - კიტელზე...
მერე იმ რევოლუციამ იმედები წაშალა...
დავამთავრე მიტინგობა, ყველაფერმა დამღალა!..

აღარ მჯერა და მამკალით, რამე უკეთესობის!
ღირსებაა გათელილი, ჩვენში,  უმეტესობის!..
ნეტაი და შეიცვალოს ყოფა, გამეხარდება,
მანამდე კი მაპატიეთ, თავიც არ მედარდება!..
25.06.2022.

 

ესტაკადები

ტროტუარებზე ვერ დავწერე მემუარები,
ვეღარ ავკინძე თაბახებად ესტაკადები,
ცვივა ზემოდან სეტყვასავით სიტყვის „გრადები“,
ქვემორე შრება მდინარეთა შენაკადები.

და იწვის, იწვის ცივი ცეცხლით ნიამორები,
ტყეები ბღავის განწირულად, როგორც ვენდეტა,
ქვები დავწურე! აღარ დარჩა ლოდიც - კერკეტი,
მიწა გაშავდა, ნაცრით ვკაწრე მასზე სტროფები.

ხიდები გრძელი, მოსიპული ავტობანებით,
ხიდებზე უხვად დახვრეტილი ამორძალები...
გელიოტინებით დაკონკილი სეგრეგაცია,
კნინი სულების რასობრივი ამპუტაცია.

ტროტუარებზე არ შემითხზავს მემუარები,
ვერ გადავფურცლე მიყოლებით ესტაკადები,
მაღლიდან ისმის უსასრულო კანონადები,
სხეულში დაშრა  ტრომბოზული  შენაკადები...
22.07.2022.


გამარჯვების მანდალა!

ადრე იყო - დარჩი სახლში,
უფრო ადრე - ცოცხები...
ახლა - წინ-შინ, ევროპაში!
გავაძევოთ ქოცები...

მოწოდებებ-ლოზუნგები
ლამაზად ჟღერს, იცოცხლეთ...
ოღონდ მოყვეს ქმედებები -
სიტყვა საქმით გვიბოძეთ!

მუშტის ქნევას, მჯიღის ცემას
მუშაობა ვარჩიოთ!
მშვიდი ომის დიად გეგმას
სიყვარული ვაფრქვიოთ!

პოლიტიკა სიმყრალეა,
როდის მოაქვს სიკეთე?
გეგმა მხოლოდ სიმართლეა!
ბრძოლა - ისევ გვიხელთებს!

ტყუილებს, ცრუ დაპირებებს
ელეწებათ ნეკნები!
ემბლემებს თუ ოხერ ღერბებს
მივახატოთ მერცხლები!

და როდესაც აცეცხლდება
ეს უკუნი, უდღეო,
ლექსად მაშინ ამღერდება
ღაღადისი უმწეო!

იფეთქოს და იკიაფოს
ქვემეხურად ამ ძალამ!
და ზეციდან გაანათოს -
გამარჯვების მანდალამ!
03.07.2022.


ჰიპოტენუზა

სამკუთხა ოთახში სამ კატას დავეძებ,
სამ იატაკზე სამი ჭერია,
სამი კედელი ამათ შორისი -
სამჯერ გათვლილი გეომეტრია!

სამჯერ სამასი ლოცვა წარმოვთქვი,
ღმერთიც გასამდა! - ჩემი ჯერია!
ის რომანტიკა სკოლის სამოსნის
ნოსტალგიურად გაათასმაგდა!

სამი კატიდან ვერ ვაგნებ ვერცერთს,
ვერ ვიჭერ სიზმრებს სიზმრის საჭერით.
გასამმაგებულ გზაგასაყარზე
ვმყოფობ უძიროდ, როგორც კრატერი!

სამიათასი სამოსი მმოსავს,
სამი მანეთი არ მაქვს ჯიბეში...
3D фორმატში აღვიქვამ კოსმოსს,
თან სამაიას ვცეკვავ პიკეტში!

სამწახნაგოვან პროექციაში
სამკუთხედია თითქოს პლანეტაც,
პირამიდების მოისმის ხველა,
ოზონს მიარღვევს სამი რაკეტა.

დედამიწაზე ხოცვამდე ცხელა!
პინკოდი ჩემი სამჯერ გრძელია
და  სამში გრძელი დევს ანგარიშზე...
ვეღარ ვიძინებ, ფსიქოდელია-

ყურებს მიფეთქებს მეძავ ბალიშზე!
სამას მილიონს ვიღაც ჯეკპოტში
იგებს და ითვლის მაყუთს ჟანგიანს,
მე ვზივარ დღემდე  იმ სამკუთხედში.

ლექსებს ვღიღინებ, ისევ დარდიანს...
სამჯერ ავავსე ღვინით фუჟერი,
ინსულტი სამჯერ გადავიტანე...
ვდგავარ პირაღმა, არვის ვუჯერებ,

არც ამება ვარ, აღარც ტიტანი...
მე პოეზიის მატრიცას ვეძებ,
გალაქტიკებში გამყავს გვირაბი...
გაქრა საწმისი და მხოლოდ ვერძის

შემომეფეთა სამი ნიღაბი!
ქაოსის ორთქლმა მჭლე  ჰორიზონტი
ბერმუდის ველში გაასამკეცა...
კაზუსთა წრედმა, როგორც რობოტი,
ჰოლოგრამაში ციფრად ჩამკეცა...
20.07.2022.

 

 

იძულებითი კონტრიბუცია!

მე დაგიპყრობ შენ!
მე დაგამხობ შენ!
მე გიხელთებ შენ!
მე გაკოტრებ შენ!
მე გაწერავ შენ!
მე გაბომჟებ შენ!
მე მოგმართავ შენ!
მე გამოგცვლი შენ!
მე აგირჩევ შენ!
მე გადაგდგამ შენ!
მე გარდაგქმნი შენ!
მე გასწავლი შენ!
მე განგსწავლი შენ!
მე გადაგშლი შენ!
მე არ გბაძავ შენ!
მე არ გგავარ შენ!
მე არ მწამხარ შენ!
მე გადაგწევ შენ!
მე წამოგწევ შენ!
მე გავალებ შენ!
მე გიბრძანებ შენ!
მე დაგმარხავ შენ!
მე წაგაწერ შენ!
მე გადაგწერ შენ!
მე გიმღერებ შენ!
მე გაფურთხებ შენ!
მე გიმტყუნებ შენ!
მე გიყურებ შენ!
მე გიჩოქებ შენ!
მე გიმოწმებ შენ!
მე გიკადრებ შენ!
მე გიმაგრებ შენ!
მე გიმწარებ შენ!
მე გაგინებ შენ!
მე გაშინებ შენ!
მე გაფიქრებ შენ!
მე გაკვირვებ შენ!
მე დაგიღრენ შენ!
მე გაგწირავ შენ!
მე ჩაგძირავ შენ!
მე გიპირებ შენ!
მე გიმძიმებ შენ!
მე მიგაგნებ შენ!
მე მიგაგდებ შენ!
მე არ გიღებ შენ!
მე არ გიკმევ შენ!
მე არ გილხენ შენ!
მე არ გისმენ შენ!
მე წაგიღებ შენ!
მე გაღვიძებ შენ!
მე გაბხიზლებ შენ!
     -სიყალბის ძილქუშიდან!..
         -სიმყაყის ჭაობიდან!..
             -სილაყბის კანონიდან!
                   -სიმაძღრის მზაობიდან!
                         -სიცრუის ანონსიდან!
                             - კლანური ქაოსიდან!
                     და 
----- იუდას ამბორიდან!!..

25.07.2022.

 

კულტურის სანიტარი

მთელი არსენალი ლექსებში შევინახე!
- საიდუმლო ძალით ინიცირებული,
პოეზიით ხელდასხმული...
მისტიურობით დაბეჭდილი!
რომ მერე იქიდან ვნაღმო გარემო -
პარტიზანული ხრიკებით,
შენიღბული ოინებით, 
ყბედობით, 
ლიტონი სიტყვების რახარუხით,
სტერილური ვირთხებით!
დაულაგებლად!
გაურკვევლად!
თითქოს უაზროდ...
და აქა-იქ ცეცხლოვან фეირვერკებად აფეთქებული, 
ორლესილი რითმებით,
მეტაфორული აგონიებით, 
შრიфტებით,
მეტაფიზიკურად მომღიმარი ნიმфებით,
მითოსიდან გამოქცეული ჭინკებით, 
ოჩოპინტრეებით, 
მისნებით...
გახელებული მიზანთროპული ჟესტებით,
თუ ნერვების მფეთქავ თოკებზე გაკიდული
კახპების ჭრელაჭრულა ნიფხვებით...
მე მსურს ულმობლად გავსხლა 
ყველა ჯურის სარეველა!
და დავთესო - ANTICULTURE!..
მე საბრძოლო არსენალი ლექსებში გადავკარგე...
დიახ, ლექსებში!
და არა სეიфებში, სარდაფებში, ანდა სხვენებში...
- არა საკანალიზაციო მილებში,
- არა მოოქროვილ ზარდახშებში,
- არა პარანოიდალურ სინთეზში -
გონის და სულის...
პოეტის პოზიცია ჩემთვის იმ სნაიპერის პოზიციაა,
რომლიდანაც საკონტროლო გასროლის გარეშე,
ერთი თითის ჩამოკვრით
ლითონის მძიმე და ცივ სასხლეტზე -
ვხვრეტ და ვანადგურებ ყველა უსამართლობას,
უკუღმართობას, უნამუსობას!..
მე ყველანაირი უმსგავსობის, 
უგემოვნობის
და უმეცრების მეეზოვე ვარ!..
მე ვგვი მათ მუდმივად, 
ჯოხზე წამოცმული ჩემი ლექსებით!
დიახ, ეს მე ვარ -
კულტურის სანიტარი!..

11.07.2022.

 

 

მე რომ ცოტათი გავადამიანურდე...

მე რომ სულ ცოტათი გავადამიანურდე,
ამისთვის ჩემი ცხოვრების სანსარული ბორბალი
უკან უნდა დავატრიალო,
ასე 20-30 წლით მაინც, ან ცოტა მეტით...
და მასში სრულიად ახალი, აქამდე ჩემთვის უცხო
ენერგიის ელემენტები ჩავამონტაჟო...
- რაც ყველაფერს ცვლის და მოიცავს!
მაგრამ რადგანაც ეს შეუძლებელია,
რადგანაც ეს ზღაპარივითაა თუ კომიქსივით,
ანდა ანეკდოტივით...
რადგანაც აღარც ბუდიზმის მჯერა და 
თითქმის ვეღარც მართლმადიდებლობის,
ამიტომ ვასკვნი ასე:
- მე რომ სულ ცოტათი გავადამიანურდე,
სულ ოდნავ მაინც გავკეთილშობილდე,
განვიწმინდო,
განვნათლდე,
გავცისკროვნდე,
გავხასხასდე
და
გავსხივოსნდე...
ანდა ოდნავი სულიერი 
ან მენტალური რეალიზაცია მივიღო,
საჭიროა მივიღო დაუყოვნებლივ 
ჭუპრის პოზა! 
ამ პოზაში დავრჩე ერთხანს,
სრულიად დინამიკის გარეშე!
- სუნთქვა შევიკრა!
და როგორმე შევეცადო საკუთარ ბიოგრაფიას
შევარქვა ძაღლის სახელი -
რექსი ან მურა...
ჯერი ან ყურშა...
და ძაღლისებურად მოვეპყრა ყველა სხვა
პირად პარამეტრსაც...
სასიცოცხლოდ სასარგებლოს თუ უსარგებლოს...
რადგანაც აქამდე ადამიანურად,
ზედმეტად ადამიანურად ვეპყრობოდი მათ,
რაც საბოლოო ჯამში იწვევდა
დეგრადაციას კარმიული თუ საბედისწერო
მეტამორфოზის...
ამიტომ:
მე რომ სულ ცოტათი გავადამიანურდე,
აღარ ვიგინო,
აღარ ვიფურთხო,
აღარ მშურდეს,
აღარ ვისიძვო,
აღარ ვიწყევლო,
აღარ დავიბოღმო,
აღარ ვიქურდო,
აღარ მოვიღუშო
(და ასე შემდეგ...)უნდა ასი ძაღლის ტყავი მოვირგო!
ასი ათასი სახრე გადავიროზგო ზურგზე
და „შახსეი-ვახსეი“-ს სისხლიანი შემოძახილით
გავემართო აღთქმული ქვეყნისაკენ,
რომელსაც ვერასოდეს მივაღწევ...
- მე რომ სულ ცოტათი მაინც გავადამიანურდე,
უბრალოდ უნდა გავხდე ფინია, 
ქუჩის მიტოვებული „დვარნიაგა“
- მისი თვალებიდან გამოვიხედო
და დავინახო ჩემი გამოცარიელებული,
გამოფიტული მედიდურობა...

11.07.2022.

 

 

მე რომ ვიყო კონфორმისტი...

მე რომ კონфორმისტად დავბადებულიყავი
და რიგითი, უპრეტენზიო მედროვის ტყავი მრგებოდა წილად,
ყველას და ყველაფერს დავლოცავდი ირგვლივ!
-შევაქებდი!
-ხოტბას შევასხამდი!
-განვადიდებდი და მაღალფარდოვან
 დითირამბებს  მივუძღვნიდი 
-მავანთ!..
რადგანაც ეს ძალზედ მარტივი საქმე იქნებოდა,
ხუთშაბათობით, დაძინებამდე
და ერთშაბათობით, სამსახურამდე...
ყველა და ყველაფერი ხომ მშვენიერი, სწორი და მართალი იქნებოდა ჩემს ირგვლივ!..
ესოდენ გაწონასწორებული, ურყევი და საიმედო!
საუცხოო პერსპექტივების მომასწავებელი, ტკბილი, საამური მომავლით!
-მე რომ კონфორმისტად ჩავესახე მამას
და კონфორმისტად ჩამოვეყალიბე დედის საშვილოსნოს...
მერე, 9 თვის თავზე,  კონфორმისტად მოვვლენილიყავი სამყაროს,
-ეს ალბად აღარასოდეს შეიცვლებოდა!
და ბედნიერი ვიქნებოდი საკუთარი მუდმივი კმაყოფილებით...
ვერასოდეს გავიგებდი სიტყვა-პროტესტის,
ან ანარქიის მნიშვნელობას!
- ამას უბრალოდ ვერავინ გამაგებინებდა და ამიხსნიდა,
იმიტომ რომ,  ჩემი ტვინის ხვეულები
გადაკეტილი იქნებოდა სამაგისოდ...
-ვერ წავიკითხავდი  ჰუგო ბალს, ბრეტონს და
გრიგოლ ცეცხლაძეს...
ვერ მოვუსმენდი მიკ ჯაგერს,
ბიბი კინგს, фრენკ ზაპპას და
ლუი არმსტრონგს!..
- მე რო კონфორმისტად აღვზრდილიყავი,
ასეთივე გაქანების ოჯახში,
ეზოში,
ქუჩაში,
უბანში...
დღეს ამაყად ვიტყოდი, 
რომ მგზნებარე პატრიოტი ვარ!!
- რომ არ მჯერა -„American Dream”-ის!
მეყვარებოდა ჩემი სამშობლოს ყველა ჰიმნი!!
- ვიქნებოდი გულანთებული მედროშე  
ჩემი პარტიისა და ქვეყნის!!
თავის დროზე ჯარშიც წავიდოდი!
თუნდაც ავღანეთში!
ყველა ომშიც ვიომებდი!...
არაერთ ჯილდოს მომანიჭებდნენ ალბათ,
მათ ავიბზვინვარებდი გარუჯულ მკერდზე, 
მედიდურად და ხიბლით!
ძალოვან სტრუქტურებში აურაცხელად შემოთავაზებულ თანამდებობებზე
როდი ვიტყოდი უარს...
და რაღათქმაუნდა, არასოდეს ვიქნებოდი ხელმოცარული!!!
ის კი არა და
მინიმუმ 2-3 მოწვევის პარლამენტშიც ამოვყოფდი თავს!
ბრტყელ-ბრტყელ და გაფუყულ ფრაზებს
მეც დავუყრიდი ერს სამადლო საკენკად,
ათასგვარი ცრუ დაპირებების საკაზმით შეზავებულთ!..
მეყოლებოდა ძლიერი და 
ერთმუშტად შეკრული ამომრჩეველი!
ვიქნებოდი დიდი ქველმოქმედი!
მეყოლებოდა არაერთი ავტომობილი, სამსახურეობრივი თუ პირადი!
მეყოლებოდა ჩამშვები მძღოლები და
„ელიტნი პუტანკებიც“, ოხრად!
- წმ. სინოდის უმეტესი წევრი
ჩემი განუყრელი ძმაკაცები იქნებოდნენ
და პატრიარქთან, ნებისმიერ დროს,
უპრობლემოდ შემეძლებოდა შესვლა...
შორენას ვიზის გარეშე!
- მე რომ კონфორმისტად მიმეღწია ამ ასაკისათვის,
გადამებიჯა ნახევარი საუკუნისათვის და
კონфორმისტად გავშურებულიყავი წყნარი, უდარდელი სიბერისაკენ,
აქამდე უეჭველი მექნებოდა 5 აგარაკი სხვადასხვა фეშენებელურ ტურისტულ ზონაში!
მინიმუმ 6 ვილა, ზღვაზე, მთაში და ტბებზე...
თავისთავად, ეს ყველაფერი-უცხოეთშიც!
შვეიცარიის ბანკებში და ობშერში
ანგარიშები...
მეყოლებოდა - ბიგლი, фერარი,იაგუარი და პრადო - რომლებიც სათამაშოები იქნებოდა ჩემი შვილებისათვის!
- მათ ხომ თვითმფრინავები ეყოლებოდათ უკვე საკუთარი!
მე კი თვითსავსე, გაბადრული, ჭარმაგი და ნებიერა,
ვიჯდებოდი ჩემს 7000 ევროიან პენსიაზე
და უზრუნველად გავაბოლებდი 
სამემუარო ყალიონს...
- მე რომ კონфორმისტად ჩავძაღლებულიყავი...
გამომასვენებდნენ სამების ტაძრიდან!
პანაშვიდს გადამიხდიდნენ ჩემი ყოფილი „ბრატები“
წმ. სინოდიდან და
წესს ამიგებდა თავად უწმინდესი!
უეჭველი დამკრძალავდნენ მინიმუმ დიდუბის და
მაქსიმუმ მთაწმინდის პანთეონში,
გალაკტიონის, ან ილიას გვერდით!
თუნდაც წმინდა ექვთიმესთან ახლოს...
და გულზე დამადებდნენ 8 ტონიან, საბერძნეთიდან სპეც-რეისით ჩამოტანილ, თეთრ მარმარილოს ქვას,
წარწერით:
- ის დაიბადა, იცხოვრა, იმუშავა, იღვაწა, იქველმოქმედა და ჩაძაღლდა კონфორმისტად!
- ის იყო დიდი პატრიოტი და მოქალაქე!..
-ის იყო გმირი!..
და როდესაც იქ, ზემოთ, კონфორმიზმის ტყავში გახვეული, ჩემი სული, მიეახლებოდა ღმერთს,
დიდ სამსჯავროზე, 
მას კითხავდნენ ანგელოსები:
- გარდა კონфორმიზმისა, რა გიკეთებია ძმობილო,
მედროვეთა ბელადო, „სკომოროხო“ და პატრიოტო??
მათ ხელში ეჭირებოდათ ცარიელი
 თეთრი დავთრები,
რომლებსაც, იქვე ჩაცუცქული 
ცბიერი ლუციфერი
ჩუმად, პარვით და მალვით აავსებდა ჩემი სანიმუშო და მოქალაქეობრივად ყოვლად აღმატებულ-გამართლებული ცოდვებით...
მერე აუცილებლად  დიდ, მგზნებარე კონфორმისტად დავამახსოვრდებოდი ერსა და ბერს!
და ჩემზე სასკოლო სახელმძღვანელოებშიც, ვიკიპედიაშიც ერთი და იმავე ინფორმაციას ჩაწერდნენ, ბაჯაღლოს ასოებით...
 დედა ისტორიას, დედა სამშობლოს და ჩვენს დიად, მრავალ ომ და გაჭირვება გამოვლილ ერს აუცილებლად ექნებოდა
 ჩემზე შეთხზული, 
1-2 დიდსულოვანი, ამაჩუყებელი ხსოვნის სადღეგრძელოც, მხოლოდ  განსხვავებულით!!
მაგრამ სავალალოდ,
მე არ დავბადებულვარ კონфორმისტად!!
მე გავჩნდი ღატაკ პოეტად!
უხასიათო ადამიანად და სენტიმენტალურ მაწანწალად...
მე გავჩნდი ბომჟად, საკუთარ სამშობლოში!
უქონელ, უმუშევარ ავაზაკად, თაღლითად, კახპად და ქურდად...
ლოთად, ნარკომანად, ყაჩაღად!
მე გავჩნდი წმინდა ჩვილად!
კეთილშობილ ყრმად!..
გავიზარდე პარაზიტად!
ჩამოვყალიბდი შეურიგებელ, ბუნტარ ხელოვანად და დესტრუქციულ ელემენტად!
მე გავჩნდი კვაზიმოდოდ და თეთრ ყვავად!
მე გავჩნდი ლექსად და რითმად,
ამ უსასრულო, დაჭაობებულ, ბუტაфორიულ
ვაკუუმში!..
მე გავჩნდი სტალინის ობსერვატორიაში, პაპაჩემის ტექნიკუმში, პირველ რკინიგზის სკოლაში, არტოს ბაღში, ცარიელ მუზეუმებსა და გასუსულ აუდიტორიებში...
დაკეტილ სასაფლაოებსა და
ქუჩის საპირფარეშოებში...
დედაჩემი იყო ფიზიკოსი და მამაჩემი ინჟინერი...
მე გავჩნდი პლეხანოვის გულში
 და 
უპატრონო ძაღლივით
 სულს ვღაფავ თემქაზე...
მე დავიბადე სხვა დროს და სხვაგან...
იქ, რომელ ადგილსაც და სივრცეს არ გააჩნია ლოკაცია...
და დღეს ჩემზე ყველა ინფორმაცია არის წაშლილი...

12.07.2022.

 

მედია-არმაგედონი

როცა სიყალბეს გვატენიან ყველა არხიდან,
როცა პოპულიზმს გახსნილი აქვს ყველა საზღვარი...
როცა წლებია, ვერ დავძვერით ვერცერთ მახიდან
და ისევ გვმოძღვრავს ეკრანიდან ვიღაც ახვარი!

აღარ თავდება აქ წაკუზვა პატიოსნების,
აღარც კი მახსოვს, როდის იყო, მშვიდად მეძინა...
- ო, ეს ამაო ზეტრიუმфი ვაი-მგოსნების!
- ოჰ, ამ მარაზმმა კეთროვნება გვამის შეგვძინა!..

გადადის ჟამი, სხვა ეპოქა აღებს დარაბებს...
აქ არასოდეს იოტიც კი აღარ იცვლება!
თუნდ სუსტად მჯერა, ზენაარსი ყოველს განაგებს,
ამ მცირე რწმენით, ჩემი სული დღემდე ირწყვება!

ისევ სიცრუით განგვაძღობენ ყველა არხიდან,
მახინჯ პოპულიზმს  ხსნილ აქვს ირგვლივ ყველა საზღვარი...
რადგან წლებია, ვერ დავუსხლტით მხეცებს მახიდან
- უცვლელად გვმოძღვრავს ეკრანიდან ვინმე ახვარი!

04.07.2022.

 

მიკი მაუსი, როგორც სტუმარი

კოკა-კოლა, იმიჯი, ემოჯი, მარლბორო და კენტი;
ქემელი ვისღა ახსოვს, ორკუზიანი... 
როტმანსი თუ დანჰილი...
საიუზ-აპოლონი, ვინსტონი და პალ-მალი...
დონალდოს, პედროს და სუპერბაზუკას საღეჭი რეზინების
გადაკარგული გემო, როგორც სხარტი ნიავი,
რომელსაც უნებურად მოაქვს, ასე  ნაცნობი, 
მაგრამ მივიწყებული ტკბილი სუნი...
ფუნთუშების, „სლოიკის“ და შაქარმოყრილი ენის...
ჩემი ბავშვობის ბოშები - არავის არბევდნენ პლეხანოვზე!
მათ გარეშე, უბრალოდ ვერც სუნთქავდა თბილისი!..
ურბანიზმი თუ ჩურბანიზმი -
ევას პავაროტებით, შლაქსიანი ბიჭებით, 
თავანით, გვერდზე გასვლებით, განაბებით
და მომავლებით...
სკოლების გადაბარებებით...
ფარდისიქიდან ახლადშემოჟონილი მინი-იუბკების მეჯლისით...
ცირკის ბირჟით,
ნეკერმანის სქელი ჟურნალებით და ზენიტის ფოტოაპარატებით...
- სხვა სიკეკლუცე, სხვა რომანტიკა, შოკოლადიც სულ სხვა!
და ტორტი-ზღაპარიც!...
მიკი მაუსი და ბრუსლი იშვიათად, სააღდგომოდ,
დესერტად მხოლოდ!
დათუნიას და კოწახურის  კანфეტებისგან აწყობილი 
საახალწლო გერლიანდები,
ღამის თრთვილის და დილის ნამის თრიაქული კოქტეილი...
- მაგრამ წარსული კლავს მომავალსო!
- მაგრამ ამას მე არ ვეთანხმები!
და სამუზეუმო ძველი ფიტულის პოზით
კვლავ ვაგრძელებ აბდაუბდა ამბების უსარგებლო
მძივებად აკოწიწებას,
ზარის კამათლებით, ბიჩოკებით, აგურით გახეხილი ჯინსებით...
ტროლეიბუსების მარშირებით, ტრამვაის ჯახანით,
ბებიის მოყოლილი, ოქროსფერი ანგელოზების
მაგიური ლოცვით...
სამ უბანზე ერთი ბოზით,
თუ მოხუცი მესემიჩკის დახვეულ გაზეთებზე
(და ნესტიან კედლებზე)
მიწერილი: 
გ + მ = love!-ით!
ფიქრი - ვიტრაჟი, სიზმრის მაკიაჟი,
- ხასხასა წითელი პომადების ჰეგემონია...
სარვამარტოდ თუ დაბადების დღეებზე
დაგვიანებით მოსული  წერილები,
რომლის კონვერტებს კანკალით ვხსნიდით და
ვახევდით მარკებს...
დღეს მიკი მაუსი აღარ მსტუმრობს, 
და ბოშებიც გახდნენ ყაჩაღები...
მაგრამ:
- ამერიკა ვერასოდეს გაუგებს იმ თბილისს
რომელშიც დავიბადე!...

10.07.2022.

 

მკვდარი პოეტის სადღეგრძელო

(ეძღვნება მე-4 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს და მის დახურვას)

სასმელი მოკვდა! მოკვდა სასმელი...
თუ მე მოვუკვდი სასმელს ტროპიკულს?
სადაც არმსმელი კვდება სასჯელით,
შემდეგ ახარებს სულ სხვა ოპიუმს.

გაჩერდა გული, როგორც კასკადი -
გაკრთა ნიმфებით  ლექსის  ბახუსი;
შემთვრალ პოეტთა ბლანტი ნაკადი
დგას, ვით დაღლილი, ხმელი კაქტუსი.

ყანწები ცვალა ელიტ-фუჟერთა,
ბოკალ-საწრუპთა ბროლის ჟღრიალმა.
მწერალთა სახლის ძირძველ სურნელთა
და უცხოელთა სვეცკურ წკრიალმა.

რა ბომონდია, რა სიფსიხეა?!
სად გაქრა ძველი მგოსნის მუნდირი?
დღეს პოეზია - სიტყვის ციხეა,
მე ამ ციხიდან, დღემდე, სულ ვყვირი!

და ვდგავარ მე აქ, განსხვავებულით
ვით ეშაфოტთან მკვდარი პოეტი,
მაკულატურად ქცეულ კრებულით,
ფიქრში ქაოსით, ხელში სონეტით...

აწ  გაგვიმარჯოს, როგორც გუშაგებს,
როგორც სტროფებით შვილმკვდარ პერსონებს!
ჩვენს „ოსვენციმებს“ და ჩვენს „გულაგებს“!..
ლექსებით დავწვავთ ჯალათ მენტორებს!

18.05.2018.

 

 

მკვდარი თვალები

აეკრა თვალებს ცისფერი ლიბრი
და გახდა მზერა ერთფეროვანი,
დილით სავსეა თვალები წირპლით,
საღამოს ისევ ცრემლის ონკანით.

დაკნინდა ხედვა, დანახვა, ცქერა,
გადაიდღაბნა ყველა საგნები,
თვალები მაინც გარემოს ზვერავს,
სხვებისგან ასე დანაქადნები.

ნაოჭებს ირგვლივ აძოვებს წლები,
კანიც დამჭკნარა მკვდარ ფოთოლივით,
მოხუცდა სახე, ჩაყრუვდა ხმები,
ყვრიმლები ჩაწვა ნახეთქ დოლივით.

წარბებმა ცვენა დაიწყო ხშირი
და წამწამებმა აფართხალება.
დაბერდა, როგორც მადანში კირი,
ყოვლისმხედველი გაძვალტყავება.

უწინ ცისფერი გუგებით მშვენი,
მრავალ გულების ამათრთოლები,
გაცივდა, დაშრა სიბერის სენით
ერთ დროს კაშკაშით გამაჟრჟოლები.

სამყაროს ფერნი, გახუნებულნი,
фოკუსგამქრალმა გარსმა დაფარა,
ნელა ბრმავდება ჩინი ველური,
ადრე ალმასებრ ბრჭყვიალ-ანკარა.
29.07.2022.

 

 

მე არ ვარ -Nostradamus-ი!
/ციკლიდან - სატირულ-სარკასტული.../

მე არ ვარ წინასწარმეტყველი,
არც ცაგარელი, არც ლელა კაკულია...
მე არ ვარ ნათელმხილველი, 
არც ნათელაშვილი!
არც სამადაშვილი...
არც მაკინტოში და არც ჟივაგო
არ ვარ!
არც მჩხიბავი, არც ორაკული,
არც შამანი არ ვარ!
მე არ ვარ მკითხავი, 
არც ჯადოს მომხსნელი არ ვარ...
არც ჯადოს ჩამდები!
მე არ ვარ ილუზიონისტი, არც ექსტრასენსი, 
არც ტელეპატი და ჰიპნოზიორი!..
მე არ ვარ რეალიზებული და გასული...
არ ვარ არც შარლატანი, არც მკურნალი, 
არც კუდიანი დედაბერი არ ვარ!
- არც ჭინკა! არც ალი...
მე არ ვარ ექიმბაში, არ ვარ ჰომეოპატი,
მე არ ვარ ქსელური მარკეტინგი!
მე არ ვარ ჰერბალაიфი და фაბერლიკი...
- მე არ ვარ фუტურისტი, არ ვარ სიმბოლისტი,
მე არც ლირიკოსი ვარ და არც სინოპტიკოსი...
მე არ ვარ კლეპტომანი!
არ ვარ ნეфომანი, არც მაკაროვი ვარ,
არც კალაშნიკოვი!..
მე არ ვარ არც ბოზი, არც უშნო, არც პატიოსანი...
მე არ ვარ არც გეი, არც ლესბო, 
მე არ ვარ არც фემინისტი, არც გენდერი,
არც მატრიარქატი, არც პატრიარქატი
არ ვარ!..
მე არ ვარ ენჯეო და ბორჯომი,
არ ვარ პეპსი კოლა და ჭაჭაც არ ვარ!
მე არც პაპი ვარ! არც მღვდელი! არც პრეზიდენტი!
არც სენატორი არ ვარ!..
მე არ ვარ პარლამენტარი...
არ ვარ სანტექნიკი და არც
გუგა ვარ კუზანოვი...
არც პოზიცია ვარ! არც ოპოზიცია! 
არც ჭე-პოზიცია...
არ ვარ ექთანი, არც მედდა, არც მედძმა...
მე არ ვარ ნატურალი, არც პირიქით...
მე არ ვარ თამადა! 
არც მამარდაშვილი, არც ზარატუსტრა
არ ვარ!
მე არ ვარ არტურ რემბო!
არც დოსტოევსკი, არც ავლიპი...
არც ალპაჩინო და არც სტალონე არ ვარ!
მე არ ვარ შვარცნეგერი და იპოლიტე...
მე არ ვარ შავგულიძე და ლუი დე фიუნესიც არ ვარ!
მე არ ვარ სირაქლემა! არც კენგურუ! არც აქლემი...
მე არ ვარ ამინდი, არ ვარ ღამე და დღე!..
მე არ ვარ არც ქარი, არც ნიავი, არც ქუხილი...
არც ელვა ვარ და არც გამოდარება
არ ვარ!..
მე არ ვარ არც სიო და არც ნაკადული...
მე არ ვარ ქარხანა! არ ვარ კოლონია! 
არ ვარ фერმა-ნამდვილი,
არც ვირტუალური...
მე არ ვა ქილერი! არც ჰიტლერი!
არც მაო და არც ბიძო...
არც გოიკო მიტიჩი არ ვარ!
მე არ ვარ რაჯ კაპური და ბუბა კიკაბიძეც არ ვარ!
მე არ ვარ მიშა! 
არც გრიშა! 
არც მეეზოვე
არ ვარ!
მე არ ვარ სინათლე, არც სიბნელე! მე არც მზე ვარ
და არც მთვარე!
არც ასტეროიდი, არც ნასა არ ვარ!..
მე არ ვარ ქმარი, არც ცოლი, არც მამა,
არც ძმა და არც ბიძა არ ვარ...
მე არ ვარ ნათესავი! არც მეგობარი! არც ნაცნობი
არ ვარ...
მე არ ვარ კომიკოსი, არც ტრაგიკოსი...
მე არ ვარ კოსმოსი და არც ოზონი...
მე არ ვარ გაჭრილი ვაშლი და მეტრო!
მე არ ვარ ავტობუსების გაჩერება!
არ ვარ საგზაო ნიშანი! 
მე არ ვარ მარანი და არც გუთანი!
არც ჩონგური და არც გიტარა არ ვარ!
არც ხელფასი
და პენსია არ ვარ!.. არც ნისია!
არც კრედიტი ბანკის, არ ვარ...
მე არ ვარ არც პათოსი, არც მითოსი!
მე არ ვარ კოვბოი, არც კურტიზანი,
არც ტრანსი, არც გეიშა არ ვარ!
არ ვარ ვაკე, ტოკიო და ბროდვეიც არ ვარ...
მე არ ვარ არც წყნეთი! არც ვილლა, არც აგარაკი არ ვარ...
მე არ ვარ მოვზალეუმი და კრემატორიუმიც არ ვარ!
მე არ ვარ არც პროზექტურა! 
არც კინოთეატრი არ ვარ!
არც ჰოლიზეუმი, არც მუზეუმი არ ვარ!
მე არ ვარ ტაფა, ტელეფონი და
არც მზე არ ვარ!
მე არ ვარ ენერგია და ლიბიდო...
მე არ ვარ სუნთქვა და შფოთი...
მე არ ვარ ნერვი და კუზი...
არც ტუზი ვარ, არც ვალეტი!..
არც ჯოკერი და სეკაც არ ვარ!
არც ბლექ-ჯეკი ვარ და არც 
ლოტო და ლახტი!..
არც მაზოლი ვარ და არც ჭრილობა...
მე არ ვარ იმედი, არც უიმედობა არ ვარ!
მე არ ვარ წერილი და სასიხარულო ცნობა...
მე არ ვარ დეპეშა და მეილი...
არც სახარება ვარ, არც ყურანი,
არც ბჰაგავად გიტა არ ვარ!
მე არ ვარ კაბა, ჯინსი და კალოში...
არც ჯაბა იოსელიანი არ ვარ!
არც ზეკი ვარ და არც „ტრეკი“
არ ვარ...
მე არ ვარ სუნი და გემოც არ ვარ...
არც დისკოთეკა ვარ და არც პოდიუმი
არ ვარ!
მე არ ვარ კდემა და ტაქტი!
არ ვარ ზრდილობა და სინდისი...
მე არ ვარ ხე და ვაზი!
მე არ ვარ ხორცი და სისხლი...
მე არ ვარ ისტორია, და მას 
--„არ დარჩება ჩემი ხმა“
მე არ ვარ არარაობა, არ ვარ რამე, ან ვინმე...
არც არაფერი ვარ და არც ფერი ვარ...
მე არც სისავსე ვარ, არც სიცარიელე!
არც მომავალი, არც წარსული...
მე არ ვარ დრო! წამი და წუთი!
არც ჰორიზონტი და რუბიკონი
არ ვარ!..
მე არ ვარ - Nostradamus-ი!..

14.07.2022.

 


მუმიის სუნთქვა

დგას აკლდამების მედიდური, მწყრალი სიჩუმე,
ამალგამების შენადნობებს ისხლეტავს ღამე...
დგას იალქანი აზიდული, სულის სიმრუმედ
და იავნანის ბრილიანტებს წააგავს ნამი.

დგას პირამიდა, სфინქსის უკან, მგვანი ჯალათის,
სემირამიდას ბაღებიდან გამქრალა ნისლი;
სეტყვად იცრება ქვიშის ქარვა, რჩება ხალვათი -
სამუმის ფეთქვა - უდაბნოთა მტვრიანი სისხლი!

ხეოფსის ლანდი ქვის სტელაზე ამაყად სუნთქავს,
გაყინულ ვარდის ფურცლებშია გული მუმიის..
ამენჰოტეპი ქურუმებთან აგზავნის უსტარს,
მენტუჰოტეპი ნეфერტიტის ცივად უღიმის...

გაუდაბურდა პერგამენტიც და პაპირუსიც,
დროში გახუნდა, გაფერმკრთალდა ფოლიანტები...
მათ შეეყარათ ისტორიის მკაცრი ვირუსი -
გამოაყარა  მთელ ეგვიპტეს როსინანტებით...

იქ ღამურებით მძივებს აცვამს კენტი ციკლოპი,
იაგუარებს გაუმართავთ წაწლობა ქარში...
ვადი-აბბადი გადამშრალა, დარჩა მიკრობი,
ოქროს საბადო გავერანდა ჯაშუშთა მარშით.

დგას გრძელ რიგებად, ტარიგებად, შეწირვა ხორცის,
ყვითელ ბინდებად фარაონებს  მაგი აღვიძებს;
შავი ადეპტი სამარხებთან მოიხმობს მორჩილს -
თუჯის საკეტით სარკოфაგებს დაისაკლისებს...

27.07.2022.

 

 

ნუ მეთამაშები!!
(ჰიმნი - სიმართლის და თავისუფლების!)

ნუ მეთამაშები, ხელებს ნუ მაწმენდ,
და ნურც მპირდები კოშკებს ბითუმად,
შენ არ ხარ ჩემი პარლამენტარი,
ფეხსაც ნუ მაჭერ, ნუ მთვლი ბითურად!

ჩემი ხმა შენთვის არ მომიცია!
შენ არ ხარ ჩემი ქვეყნის რჩეული!
გეყო, რაც ჩემზე დღემდე იარე,
აღარ ვარ შენი ყმა და მეგზური!

შემარგე ყლუპი მცირე სიმშვიდის,
მაღირსე მწირი თავისუფლება!
ნუ მიწყვეტ შვილთა ჩემთა მომავალს,
ნუღარ მიგზავნი დამსჯელ უწყებას!!

ნუ დამთხრი თვალებს, ნუ მესვრი აირს,
ნუღარ დამჩეხავ რკინის ნიჩბებით...
ნუ მინგრევ სახლებს, ნუ მართმევ ჰაერს
- აქ არსებობას ვიცავ კბილებით!

გასწიე გვერდზე კლანი და გუნდი,
გააღე ციხის ბევრი კარები...
მოვა დრო სისხლში გექნება ზურგი,
შენთვისაც დარეკს ბოლო ზარები!

იფიქრე ხალხზე! იფიქრე ჩემზე!
იზრუნე ვალზე, რაც დაგაკისრეს...
ადექი ზეზე! ადექი ზეზე!
მაგ სავარძელზე რამ დაგამიწა?!

მეყოფა დაცდა! მეყოფა გლოვა!
ჩემს მხრებზე რამ არ გადაიარა...
მილიარდები დაყაჭე უკან!
- მეტი ხალხს შენგან არა უნდა რა!..

დასაჯე ის, ვინც დამნაშავეა,
გააგდე ის, ვინც ვეღარ ივარგა;
ნუ გამიყალბებ ბოლო არჩევანს!
ნუ მომისყიდი იოტ გირვანქად!

საკმარისია ამდენი სისხლი!
ამდენი გვამიც საკმარისია!..
ამომასუნთქე ერთხელაც შვებით,
- ქვეყანა ჩემი, განა სხვისია!

ფარფატებს ცაში იმედის სხივი!
სპეცრაზმელები  მიწას ტკეპნიან...  
ნუ გამიძვირე შუქი და წყალი
ნუ გამიძვირე პურიც, მესვრიან -

მესვრიან ისევ შენები ჭავლით!
მესვრიან ისევ დათვის ტყვიებით!..
მე ჯერ არ ვკვდები! მე ვსუნთქავ მალვით,
შენგან არ წყდება ყალბი Фინტები!

ხელისუფალმა ბევრმა გვატარა,
აუხდენელი დაპირებებით...
ძლივს გავიზარდეთ, გამოვიღვიძეთ,
და დავიღალეთ თქვენი ფერებით!!

ნუღარ მპირდები! ნუღარ მპირდები!
ნუღარ ირთვები მგელი - საწმისში!
გემი ფსკერზეა! ის ჩაიძირა,
გარბიან მხოლოდ სველი ვირთხები...

მჯერა, დადგება „წამი დიადი“,
წამი მერაბის ნაღაღადები...
გაიფანტება ირგვლივ წყვდიადი
და აიხდება ყველა ფარდები!!

26.07.2022.

 

პენტაგრამა

მეტაфიზიკა, მეტამისტიკა,
სკაროსი მიაპობს მეტაოკეანეს,
ნილოსი ადიდდა, აфრიკა დამიწდა,
მეტასამყარო შეიცვლის სავანეს.

სამთავა კობრაა პოლუსზე მომჯდარი
და ალქიმია წამლავს ტაროსებს,
მეტალურგია ფოლადის ჯალათებს
მცველებად აწესებს - მირაჟის სალოსებს.

ასტრალურ რხევებში ირევა უწყვეტად
ზეპლანეტარული ნიშნების მაგია,
მეტაზოდიაქო სუდარად იხვევა,
გაწელილ კომეტას ცის მტვერი აცვია.

აზელილ фრაქტალებს კოსმოსი მოხატავს,
მეტასივრცეებში ხატებად სიზმარის,
პულსარი ოზონში რიტმულად ფართხალებს
და პენტაგრამაში იღვიძებს ცისმარედ...
22.07.2022.

 

 

ქინქლა
/ციკლიდან - სატირულ-სარკასტული.../

მეზობელს აქვს მაღაზია, ხილ-ბოსტნეულის
და ჭაჭის,
რომელსაც რისგან ხდის, ალაჰმა უწყის...
მას აცვია სულ კრეპტიშინი და ბამბაზია.
-ჯინსებს რახანია აღარ კადრულობს, 
არც ხეხავს და  ყრის...
უბანი სავსეა, მისი უხმარი ჯინსებით
და მისი ცოლის
კრუჟევოიანი ნიფხვებით... 
ისინი მუდამ ასწრებენ ვარჯიშს, 
თან ბიზნესს, თან ერთმანეთის წყევლას
-ათგზის!
მეზობლის მაღაზიაში იშვიათად ვიხედები,
რადგანაც ყოველდღე აძვირებს ჭაჭას,
აძვირებს ყველსაც, ვაშლსაც და ჭარხალს...
მას უყენია 7 სათვალთვალო კამერა
თავიც მეტად დაცული ჰგონია!
კრახის და წარუმატებლობის არ სჯერა!
-ის მშვიდადაა ამ მხრივ!
ღიპიც ადევს - 20 კილო ქონია!
ის წლებია წამლავს უბნელ კაცებს--
-ზოგს ციროზი, ზოგს კიბო და ზოგსაც ათაშანგი
გაუჩინა, 
მათმა სასმელმა...
თავი კი მოაქვთ ალმასურ თვალისჩინად!
-„დალოცოს“ ცოლ-ქმარი, გამჩენმა!
მათ ბიზნესს ვერ ეხება ვერც გაკოტრება, ვერც
-ჟანგი...
ისინი ყველა მყიდველთან აგინებენ ნაცებს
და ადიდებენ ქოცებს...
ატყუებენ ხალხს უცვლელი თარგით!
 ვერც ხვდებიან, რომ კამერები ვერ იცავენ
ჭკვიანი ქინქლებისგან!
რომლებიც დღემუდამ უნადგურებენ
საქონელს, ალპობენ და ნაგვად აქცევენ;
-ობს უკიდებენ მათს არყის ბოცებს!
ადამიანები კი, მათი ჭაჭისგან - არწყევენ!
განებივრებულნი საკუთარი სიზმრებისაგან-
არ იშურებენ ხატებთან პირჯვარს
და კოცნებს...
-ეგ ქინქლები კი არ გვანან არც იმ ნაცებს!
არც ამ ქოცებს!
მე მათი ერთიანობა და შეუპოვრობა
მაოგნებს და სულ მაოცებს!..
--მეზობელს აქვს ფარდული, ხილ-ბოსტნეულის, 
აჯიკის და ჭაჭის...
ის ბედნიერია თავისი ყოფით,
მისი ცოლი სკუტერით დაჰქრის...
მათ ბიზნესს კი ლპობის სუნი
უფრო და უფრო ასდის,
-ცბიერი ქინქლების დამსახურებით!...
და მე არასოდეს დავიღლები
მათი ხელთუქმნელი
--„ბედნიერების“ ყურებით...

19.07.2022.

 

ქრიზანთემა

დილამ თავზე დამათენა,
თან გადამცეს ანათემას,
შემომაწნეს უხვად ჯაჭვი,
ხელში მომცეს ქრიზანთემა.

გამახვიეს სუდარაში,
დამაღამდა მუდარაში,
ყველამ თითო წიხლი მკადრა,
გამაგზავნეს საჰარაში.

იქ სიცხეში სული ვღაფე,
არსად იყო ბარი, კაфე,
არსად წყალი, თუნდაც წვეთი,
ოფლად წამსკდა სისხლის ღვენთი.

მომიძულა თითქმის სრულად
თაგვმა, კატამ, ძაღლმა, ტურამ,
მიმატოვეს კამარაში,
ავერიე მასხარაში.

ხეებს ფატრავს ფაროსანა,
ბალახს პარსავს ოროსანი,
მე კი ლექსის ოდას ვაგებ,
თან ცხოვრების მკლავჭიდს ვაგებ.

არც კოკო ვარ, არც დიორი,
მხოლოდ ვარ კასკადიორი,
ყველა ნაბიჯს ჩემით ვხერხავ,
და იარებს ხელით ვკემსავ.

ჩაირბინა მრავალ წელმა,
ზედ დამასკდა მეხი, დელგმა,
ვისვირინგებ შუბლზე კარებს,
სადაც ფორთხვით გამატარებს

მე განგება, დიდ ჯახირით,
გინდ ულაყით, გინდაც ვირით,
გვირილებით ვაბჩენ კბილებს,
პიონებით ვიბნევ ღილებს.

დგას უთავოდ სირაქლემა,
კუდის ნაცვლად ქრიზანთემით...
22.07.2022.


ქვესკნელი

ბოსელში გვიწევს ცხოვრება,
თავად ნახირად ქცეული...
ვიქეცით ნახევ ძონძებად,
ვართ მოდგმა თახსირ-წყეული!

ცოცხალთა მორგადღა ვარგა
ეს გადამპალი ქვეყანა!
ჰომოსის სახეს სულ ვკარგავთ -
მონის იერით, ყველგანა!

ძარღვი ნამუსის გამწყდარა,
ფეხქვეშ გვეშლება ქვესკნელი...
აპოკალიფსიც დამდგარა -
ეშმამ აღმართა კედელი!

ყარს ყოველივე გარშემო,
და იმედს შთანთქავს წყვდიადი...
ღმერთო! დაგვხედე და შემო
ჩვენს გულში, წამით, დიადით!

02.10.2021.


რეტროსპექტივა

აქ სიცარიელე შთანთქავს ყოველივეს,
აქ სიბნელეშია სული გახვეული;
ღმერთის ძიებაში ვკვალავ მე ბილიკებს,
მაგრამ უფლება მაქვს პოვნის - წართმეული!

აქ არც ხალისია, აღარც მწუხარება,
აღარც მდუმარება, და არც ფორიაქი...
ვდგავარ სამყაროსგან ცალკე - უკარება,
და ციდან დამცქერის ვერძის ზოდიაქო...

რადგან აღარ ფასობს ქვეყნად არაფერი,
რადგან წამხდარია აზრი თუ მიზანი...
კვდება პოეზიაც, ღვთისგან განაჟღერი,
მოსჩანს ჰორიზონტზე არყოფნის ნიშანი!

და ამ ჯოჯოხეთში დაღლამ გადამთელა,
შემრჩა იმ სიძველის მხოლოდ აჩრდილები...
ერთ დროს, ვითომ რწმენამ, ოდნავ გამამრთელა,
ახლა კი გამიწყდა მასთან  კავშირები!

ვიცი, გამოცდაა! ვიცი, იღბალია,
მჯერა, გადავლახავ მრუმე რუბიკონებს...
მაგრამ ძალა ჩემი, ოდენ მისხალია,
სუნთქვის ამოღაფვით ვჯღაბნი ამ სტრიქონებს...

მახსოვს, აშუღებით, ანცი კინტოებით,
მთა-ყარაჩოღლებით დუღდა ეს გარემო...
ეს ჩემს გენებს ახსოვთ, ჩემგან მიტოვებით -
ეს ხსოვნაში ჩამრჩა: გარდასული გემო...

როცა სინატიფე, როცა სიფაქიზე
რთავდა ჩუქურთმებად დღეებს, ქალწულებრივ...
მექცა მოგონება, ალბათ, მიზნად ისევ...
მომდევს ის წარსული სიზმრად სათუთებრივ!

განა მე არ ვიცი, უნდა დავივიწყო!
უნდა გადავყარო, რასაც ვეღარ ვნახავ!..
აწმყო უმძიმესი აღარ განვიკითხო...
- ვიცი, რომ სიგიჟეს, უაზრობას ვჩმახავ!

გარბის საათებად წლები-ფიტულები,
და სიბერის სიო იქცა ქარიშხლებად!
- ჩემთვის არ არსებობს ქვეყნად ტიტულები!
- ჩემთვის მოდგმა იქცა რემა-ნახირებად!

კრძალვით ვეფერები ბავშვობის არქივებს,
კვლავაც ვიბადები იმ ძველ პლეხანოვზე...
სადაც მეფუნთუშე „სლოიკებს“ არიგებს,
სადაც კიკა მოდის, კენტად, ვორონცოვზე...

და მე განა მინდა იმ დროში ჩარჩენა?
მაგრამ აქ ვერ ვპოვე წამიც, მოსაფერი!..
ფიქრების მორევში სძინავს გადარჩენას,
ძილში გული ფეთქავს, განაწირი ძგერით!

ხშირად მეზმანება სიყრმის საცხოვარი,
თანაც რო დავფრინავ, თითქოს, მერცხალივით...
სადაც მე არ მახსოვს ირგვლივ მათხოვარი,
სადაც ბებო მაძღობს ნეტარი სადილით...

იქ, იმ დარაბებში, ფერად ცისარტყელად
მარად ირეკლება, თრთვილად, იავნანა...
რაღა შემრჩენია მაცოცხლებელ შვებად?
გარნა იმ სიშორის, სკოლის ანაბანა...

აქ სიცარიელემ მოსრა ყოველივე,
მრეშ უკუნეთშია სული გახვეული;
ვეძებ უზენაესს და ვკვალავ  ბილიკებს,
მაგრამ ნებართვა მაქვს პოვნის - წართმეული!
03.11.2021.

 

სიფაქიზის Фანტასმაგორია!
(ეძღვნება ჩემი სიყრმის უახლოეს მეგობარს, უნიჭიერეს პოეტსა და უიშვიათესი სულის ადამიანს - მაიკო სარიშვილს!)

ცის სარტყელა, გამოკეტილი საკუთარ პალიტრაში,
ცაში ნამგალა;
მიწაზე ჭუპრი...
ალმაცერად რომ იყურება ნაჭუჭიდან - 
სხივი-ალმასი!
ჟონავს დაისი და მით გითბობს გამომზრალ ხელებს...
და ახველებს, და ახელებს ხველებით ხეებს...
რტოებს და ყლორტებს, გამოპრანჭულთ სიოთა თქეშით,
სინოპტიკური მარტოობა! -
ამშობიარებს იადონებს მწევრული გეშით!
და მის ფიქრებში ძლივს თავსდება სამყაროს სევდა,
იცის მან ფასი მარადისობის...
დედა!
თუ ბნედა!...
რადგან სიყვარულს დაატარებს მისტიურ ელდად!
ლურჯი ყარყატი, დაკონკილი თევზის თვალებით...
ვერ ბორკავს გრძნობას, ნაფერმკრთალი სულის გისოსი;
კენტავრული იდუმალებით...

 26.04.2021.


პლაზმისფერი ეპიტაфია
(ეძღვნება ჩემი სიყრმის მეგობრის, მეზობლის და კოლეგის - ზურაბ რთველიაშვილი/ქაოსურის/ ნათელ ხსოვნას...)

ყველაფერი ტაატია და ტიტინი სულის,
როცა ვერხვებს აბობოქრებს უეცარი ელვა!
გარდი-გარდმო იტოტება ნერვიული ღელვა,
იმ ბავშვური გრაქდაციის, თუ მუდმივი წყლულის...

უკუნეთში ნათენები, არის წლების ბორგვა,
წლები ხეთქავს გარიჟრაჟებს სისხლისფერი ალმით!
და გვაქვს ბრძოლა, ომის მეხით, ალესილი კალმით!
ჰო, ეს ომი არ  თავდება, არ სრულდება შფოთვა...

ჩვენ ამ ომში, პოეტები, ვერ ვმარცხდებით - მასად,
ვერ წავაგებთ შერკინებას ამ შინაგან კლდესთან!
პოეტები კომპრომისზე ვერ მიდიან დღესთან,
მხოლოდ ღამით, ვყმუით ღამით, მგელისებრად ნაზად!..

26.04.2021.

 


ჩემი სიყრმის სიზმარი
(ღიღინი ძველ პლეხანოვზე)

პლეხანოვზე ბარდნის, ბარდნის
მოგონების ფიფქებით...
და წარსულის, ჩუმი დარდის
იქარგება მითები...

პლეხანოვზე დაბადება
იყო ჯილდოც! მისიაც!
ის დრო მეტად არ დადგება,
დღეს უბანი სხვისია!

დღეს დუშმანმა მიითვისა
მთელი ჩვენი ბალღობა...
აღარაა, გაისხვისა -
კაცობა თუ ქალობა...

პლეხანოვზე მოდის კიკა,
გვერდით მოსდევს მარინა...
ეეეჰ... უბანო, ის მისტიკა
არ შეირგო, არვინა...

ვერ ვივიწყებ იმ შენს დუქნებს,
მაღაზიებს, ციგანკებს...
იმ გეურქას უტკბეს ბულკებს,
და ზადიკას ულვაშებს...

ისევ იქ ვარ, არტოს ბაღში,
იქ მაძინებს მშობელი...
და ტრიალებს ბებერ თავში
სევდა დაუცხრომელი...

დათო, ბესო, მე, იგორა,
ირა, ჲურა, თამუნა,
ალიკა და ბიძა ჟორა,
ვიკა, ოთარ, ხათუნა...

გოგი, ჲასონ, რუსუდანი,
სირანა თუ ავჩარკა,
მარუსია, შალვა, ანი,
ვოვა, გურამ, ხოსრიკა...

გზას გაუყვნენ უკვდავების
ის უბნელი ბიჭებიც...
იმ ჯიგრული უნარების
არვის შერჩა ნიჭები...

სულში ისევ ისე ბარდნის,
ვით ბავშვობის ეზოში...
თუთის ხე დგას, როგორც ვარდი
გადაშლილი, ჩეროში!..

მანდ ვთამაშობთ ომობანას,
კიდევ დაჭერობანას...
ბებო მღერის ჩამტკბარ ნანას,
ბორია ჰკურნავს მანქანას...

მახსენდება, მესიზმრება
პლეხანოვის ლანდები...
დღეს რას ვხედავ? მეზიზღება!
მხოლოდ ეკალ-ბარდები!..

ახალ წლების სულ სხვა ხიბლი,
სხვენში ნაძვის ხეები...
გადამეკრა თვალზე ლიბრი,
შემიმოკლდა დღეებიც...

აღარც ჩემი ნასახლარი,
აღარც თუთა დიდრონი...
გადაიხნა, როგორც კვალი,
დარჩა ხსოვნის მირონი...

მაგრამ ამას ვერვინ წაშლის!
ვერვინ მოსპობს ზმანებას...
პლეხანოვი კვლავ ფრთებს გაშლის,
დაიბრუნებს ნათებას!!..
09.01.2022.

 

ტყის იავნანა

ხმელი ტოტების, მშრალი მერქნის, ნოტიო ხავსის,
ნეშომპალის, ტორფის და 
ლოკოკინათა ცარიელი ნიჟარების,
იავარქმნილ მეწყერთა თუ ქარაშოტთა
ხმაურიან სიჩუმეში მიძინებული ავდრების
გარდაცვლილი ტოქსიკურობა...
გადაყვითლებულ, ჰეპატიტურ ამინდთა
სნებოვანი, თან მორცხვი ერთფეროვნება -
ჩემი ბუნკერის ერთადერთი, 
მწირი სარკმლიდან დანახული!
- ტყეების იავნანა...
ღამის მოღლილ, მოქანცულ აჩრდილთა 
ეროტიული ვალსები და
ყოველი გაუთენებელი დღის 
ისტორიად ქცეული სენტიმენტები...
მაშინ, როდესაც ჩემი გონების მარად უცვეთი ბუნკერია
მთელი სამყარო!
ყველანაირი კვებითი, კალორიული თუ 
ენერგეტიკული ღირებულებებით...
ჟანგიანი მილების პრელუდია, 
როგორც სერენადა შეყვარებულთა
და მკვდარი პეპლების ქაოტური ფარფატი შენში!
ამ გაუთავებელ ორომტრიალში 
მუდმივად ემანირებს ჩემი უნამუსო სიცელქე...
ამ დაუსრულებელ ქარბორბალაში ტრიალებს
შენი აწყვეტილი ტრივიალობაც...
- მე ვიცი მოურჩენელ ტკივილთა ციფრული კოდი!
მე მესმის უძრაობის დინამიკა, როგორც შიზოфრენია...
და გეძახი:
-მოდი!...

05.07.2022.

 

 

ვიბრო-ფსიქოზი

წვიმა მოდის მობილური, თოვლი ბარდნის აიфონებს,
ელვა ელავს სკანერულად, მასა ღელავს ბანალურად...
ისტორია თმებს იხოკავს! ცრემლად აფრქვევს სულ ეონებს,
ხალხი იქცა დამტენებად, ერთურთს სქროლავს ვანდალურად!

ფიჭურია კავშირები, ჩახუტება ქსელურია...
ტყვეობაში „სელфურობის“ - სექსიც ერთობ ველურია...
ტელეფონში ვიცვლით საცვლებს, მასშივე გვაქვს ტუალეტიც...
ბოდიში და გაკუებაც, მობილურში, ბრენდულია!

ამ ჯოჯოხეთს აიპი აქვს, მისამართი კონკრეტული,
ყურმოჭრილი მონა გავხდით აპპების და ლაიქების...
თაგვია თუ დათაგული, გახდა ჩვენთვის სათაგური
- ყავას ხარშავს ტელეფონი! იოლად ვერ გაიგების...

ცოლი, შვილი, შვილიშვილი, საყვარლების მთელი ხროვა...
დედა, მამა ბიძაშვილი, მეზობელიც, ლოთი, ვოვა...
ცოცხლად თვალით არ მინახავს რახანია, მე, არცერთი,
„სამსუნგში“ მყავს მომწყვდეული - ანგელოზი, ეშმა, ღმერთი!...

აღარ გვახსოვს კოცნის გემო, ის შეცვალა ბრონზე პაჩიმ,
„სელфს“ ვიღებდი, ვმარჲაჟობდი, მომაცუა უცებ დაჩიმ...
იქეთ სიდედრს ლაივ-ჩართვა, ოღონდ დღესაც არ გავმაზო,
- ივენთს მტენის ენჯეურად, ეიჩარი ნაშა - ნაზი!

სამსახური, სუფრა, ლხინი, გასვენება თუ ოპერა...
ყველაფერი ჯიბით დამაქვს, გარანტიით, ამის მჯერა!
მომინდება ევროპაში? ანდა თუნდაც ჩუკოტკაზე...
მაგთისა თუ ჯეოსელის ქსელის ტატუ მაზის ტრაკზე!

ვეღარაფერს ვეღარ ვფიქრობ, ტვინში მესმის მხოლოდ „ვიბრო“,
„ფლეი მარკეტს“ მივაშურებ და სამყაროს ამით ვიპყრობ!
მეეზოვე, პრეზიდენტი, ბანდიტი თუ ბალერონი...
ჩათში ყველა შევითრიე, იქ ნიქი მაქ - ჟოზე-კლონი!

„ვოცაპით“ თუ „ვაიბერით“ მირეკავენ დღე და ღამე...
ცოლი ჰკივის - შე ოხერო, მოდი ხეთქე მაინც რამე!
შვილებს მხოლოდ ემემესით ვეფერები იშვიათად,
მამაოს კი აღსარებას დღეს ვაბარებ ესემესით!

სააქაო არარაა, თუ ხელთ არ გაქვს ტელეფონი,
საიქიოს სანამ წახვალ, „დაჩექინდი“ მთელი ღონით...
სამშობლოა პირწიგნაკი, იქ ხარ მეფეც და მეძავიც...
ან მოიხვეჭ მილიონებს, ან გაგძვრება ბოლო ტყავიც!...

წვიმა მოსჩქეფს მობილური, თოვლი პენტავს  აიфონებს,
ელვა ცას ჭრის სკანერულად, ერი შფოთავს  ბანალურად...
ისტორია ღაწვებს იგლეჯს! ცრემლად ასხამს ცრუ ეონებს,
უესბეა ჩვენი გენი, ერთურთს ვსქროლავთ სკანდალურად!
09.07.2022.

 

სულიერი „Workshop»-ი
                                                                 
მერყევი ფსიქიკის, მოწყვლადი მენტალის,
არასტაბილური შინაგანი ენერგიის-
პრანის-
და კლიმაქტურ-დეპრესიული სინდრომის
მატარებელ პირებს ჩაგიტარებთ სულიერ
-„ვორქშოპს“!
1 კურსის ღირებულება
უტოლდება დღეში 3 მიჯრითი ორგაზმის ფასს;
ჩვენი სესიების განტოლება, მარტრივ მამრავლებად შლის
ყოველი სტუდენტის ენდორфინებს, 
ვიბრაციულ შარმს
და გენეტიკურ კოდს;
-ქრომოსომებზე ეგოცენტრული წერტილოვანი დარტყმებით!
საშინაო დავალებების სირთულე დამოკიდებულია
საგარეო ბაზრის სავალუტო-სავაჭრო კოეфიციენტზე...
-კალკულაცია, ადაპტაცია, მანიპულაცია, ინфლაცია
თუ აბსტრაქცია - განცდილი და მიღებული
ჩვენს სესიებზე, 
ცხოვრებისეულ კრედოს ყინავს!
თიშავს ინტელექტუალურ სეგრეგაციას-
მოკავშირის ადექვატურად აღქმის დონეზე;
-1 კურსი რათქმაუნდა არასაკმარისია
დასახული მიზან-შედეგობრიობის მისაღწევად!
ამიტომ გაითვალისწინეთ: 
ყოველ დღე 3 ორგაზმით, (უკეთესია 4-ით!)
თქვენ იოლად გადაიხდით და გაისუფთავებთ
ყველა კარმიულ ვალს...
და შედგებით სულიერი ჰარმონიის ვერ-დალაშქვრის
უტოპისტურ-სიზიფესეულ გზაზე, 
სადაც ჩვენი კომპანია
გაგიწევთ მუდმივ მეგზურობას, ანტი-იმპოტენციური
ფსევდო-მარაზმის ასაკობრივ ზონდირებაში!
თქვენ 7 კოსმოსული წელიწადით გამოემშვიდობებით
- თქვენს სიბერეს!
- ნაოჭებს!
- ალცჰეიმერს!
- პარკინსონს!
- უნებლიე შარდვას!
- უნებლიე დეфეკაციას!
და რაღათქმაუნდა მოციმციმე არითმიას!..
გადააგდებთ ყბის პროთეზს
და ყავარჯნებს!!
„Good bye“-ს ეტყვით ღამის ქოთანს, 
სუსპენზორსა და პამპერსებს!
- იცხოვრეთ მშვიდად, დარწმუნებით და ლაღად!!
გაუზიარეთ თქვენი (ჩვენი) გამოცდილება თქვენს
ბოროტ, შურიან მეზობლებს, თანამშრომლებს, 
თანა-რასელებს...
ჩვენი სულიერი „Workshop“-ის ქრონიკული თავსებადობით
საკუთარ თავთან, იგრძენით მძლავრი
ვარდნა-დაცემა,
- როგორც ჰერკულესთან, ან ზევსთან ერთიანობაში!!
მოგვენდეთ ჩვენ!!
და უკანასკნელ ორგაზმამდე დააბანდეთ ჩვენთან...
ჩვენ საიმედოდ გავყინავთ თქვენს 
უმაქნის სპერმას 
და გამომშრალ კვერცხუჯრედებს...
რომლებსაც მოთხოვნისაებრ ჩაგინერგავთ უკან!..
-გამოგვყევით, ჩვენ
საბოლოოდ გამოგადებილებთ!..

2022.

 

 

ქირომანტი

მეზობელი მყავს ცნობილი ქირომანტი,
სულ მეხვეწება: მოდი რა, გიმკითხაო...
ვიცი, სურს გამომდოს ცბიერად, მან, კვანტი,
მერე რომ აღმომხდეს - ვაი, ჩემო თავო!

მეზობელი მყავს ელიტის ქირომანტი,
ყოველდღე ვეფეთები, ვერაფრით ავცდი,
რადგანაც თაღლითია, თან ხელში კარტი
მუდამ უპყრია! - ეშმაკის фანდი...

მეზობელი მყავს კვასკვასა ქირომანტი,
მას ჰქვია ნანული, მის გოგოს - ანჟელა.
აღარ მეშვება! დამმართა მან ინфარქტი -
ცხვირი ვერ გამიყვია, მომელის „სამსჯელოდ“.

მეზობელი მყავს, ელამი ქირომანტი,
მე უკვე სახლს ვყიდი, შორს მინდა გავიქცე.
- არც სპინოზა ვარ, არც სარტრი და განდი...
შემეშვას! არ მინდა ცოდვაში წავიქცე!!

მეზობელი მყავს, წურბელა ქირომანტი,
შავღონდი, მიშველეთ, მირეკავს უწყვეტად...
- უფასოდ გიმკითხავებ, მოდი აქ, დაწყნარდი,
ჯადო გაქვს ბინაში! - მოგიხსნი სულგრძელად.

მეზობელი მყავს, მანიაკი ქირომანტი,
სასწრაფოს ყოველდღე ვურეკავ კანკალით!
არ მოდის პატრულიც! არა აქვს მეტი დარდი,
გავრბივარ უბნიდან, არ მიმაქ საგზალი...

მეზობელი მყავდა, ერთ დროს, ქირომანტი,
ვერაფრით მიმკითხავა! გავუძელ ცდუნებას!!
თუმცა კი იშემია დამმართა მიოკარდის
- მოძღვარმაც, რაღა მიჭირს, შემიქო ბუნება!!

მეზობელი მყავდა ჩათლახი ქირომანტი...
ის იყო აфერისტი, მეძავი ქირომანტი...

17.07.2022.

 

ხიზანი

ამნეზიური, ლეთარგიული, ანემიური ძილი მწადია -
ვერ დავინახო, ვერც გავიგონო, უიმედობა თუ რა მზარდია.

დადის ქუჩებში ლანდად შთენილი, სუსტი აჩრდილი, ეულ-დევნილი -
კედლებს აწყდება, ზედვე ალღვება, ილევ-თავდება თმააწეწილი.

ქარებს ეძლევა, როგორც როსკიპი, ვერაგ განცდათა დივიზიონი,
არც დასაყრდნობი, არც დასათმობი, გოჯი არ შემრჩა, მიწის მირონი.

აწყვდიადდება, ამტვრიანდება მკვლელი ფიქრების ესკადრილია,
ის შეასკდება, ის შეაკვდება თუჯის დარაბებს, რაც გახსნილია.

აკაციების აყვავილება დაათოვს ქალაქს გვამურ სიცივით
და ათასფერი სირინოზების აუტანელი წიოკ-ჟივჟივით.

მოსრავს, მოაშთობს აღუშფოთველად, ღმერთი დიადი, სნეულ პლანეტას,
ის გადმოგვიყრის, ფერხთით დაგვიწყობს, იუდასეულ ვერცხლის მონეტებს.

ცაში იფეთქებს, გადიგრუხუნებს, სისხლით ნაჟღენთი ქვემეხ-ვაზნები,
გამოვიკვლიე, გამოვიცანი, სად გადასახლდნენ დინოზავრები.

წამზომი ითვლის აუჩქარებლად, გადაბერებულ, დუნე საათებს,
მქრალი თვალები, ჩამოცვენილი, ქუჩების ხრიოკს გადაანათებს.

ბედის ამარა ცეცხლად ვარვარებს ალმოდებული ჩემი მიზანი,
და უადგილოდ და უწარსულოდ, ამ მყოობადში ვხდები ხიზანი.
17.07.2022.

 

 

არსით კრემატორიუმნი

სრულ მარაზმში ვცხოვრობთ
სრულ კოშმარში მხოლოდ
სრულ ბოდვებში ვმყოფობთ
სულ ომებში ვომობთ
სულს მორგებში ვწურავთ
სულ ჭაობში ვცურავთ
სრულ სიგიჟეს ვნერგავთ
სრულ სიბნელეს ვაფრქვევთ
სრულ სიცოფეს ვანთხევთ
სულ სიმყრალეს ვაქცევთ
სრულ სიყალბეს ვაკმევთ
სულ სიცრუეს ვუკმევთ
სულ სინაგვეს ვარწყევთ
სრულ სანაგვეს ვგავართ
სრულ ქაოსში ვდგავართ
სრულ სიკვდილში ვკვალავთ
სრულ წარღვნაში ვკარგავთ
სულს კანკალში ვღალავთ
სრულ სიჩმორეს ვფარავთ
სრულ სივირეს ვბზარავთ
არემარეს ვღარავთ...
დედამიწას ვპარავთ
ნამდვილ იერს ვმალავთ
და სამყაროს ვზარავთ!...
02.02.2022.

 

 

დარჩი სახლში!

დარჩი სახლში!
და თუ მაინც გახვალ,
წამოიღე შაქარი და პური...
გაუფრთხილდი ამით ყველას ირგვლივ,
არ ათხოვო მავანთ სმენა-ყური!

დარჩი სახლში!  და მიხედე ოჯახს,
თუ არა გყავს, წაიკითხე წიგნი...
გარეთ რაა სანუკვარი ახლა?
დარჩი თავთან და ჩაღრმავდი შიგნით!

დარჩი სახლში! ვინც არ უნდა იყო -
პროფესორი, არტისტი თუ  მღვდელი...
თუ კი გახვალ წამლებზე და ვაშლზე,
არ შეახო, შენ, არავის, ხელი!

დარჩი სახლში!  დეპუტატო, მძღოლო,
გამყიდველო, ექიმო თუ მუშავ...
მოეფერე შვილებსა და მშობლებს!..
-გადაწმინდე მაგ ფანჯრების შუშა!

გაიხედე სარკმელიდან გარეთ -
ეგ სამყარო აქედანაც ბზინავს...
დამორჩილდი მოწოდებას, რადგან
უხილავ მტერს არასოდეს სძინავს!!

დარჩი სახლში! ივარჯიშე  ხშირად,
არ მოდუნდე და ილოცე შენთვის!
ჯიუტობა ბევრს დაგისვამს ძვირად;
როცა ტვინი ემოციებს ერთვის!


დარჩი ფიქრში,  განცდასა და ღვაწლში,
რომ გადარჩე! რომ სიცოცხლე შეძლო!
დედამიწა გააჩერა ღმერთმა!
დაადუმა ყველაფერი! 
გვეყო!!!

დარჩი ლექსში, სიმღერაში, ფილმში,
ოცნებებში, ზრუნვასა და ღწვაში...
დაეხმარე, მიუტევე ყველას;
დღეს პლანეტა ტორტმანობს და ღელავს!!

დღეს სიბრძნეა სახლში ყოფნა მხოლოდ!
და სახლია დღეს სამშობლო შენი!!
შეეწიე გაჭირვებულს, მაშვრალს,
რომ გიმრავლდეს დარჩენილი დღენი!!

დღეს სულ ყველას სინანული გვმართებს!
შორს არაა პატიება ჩვენი...
ის არაა  ქვის ტაძრებში მხოლოდ,
შენს გულშია! 
-მას გაუღე ბჭენი!!

15.04.2020.

 

 

ძველი ეზოს ტრუბადური

(ეძღვნება ჩემი ახალგაზრდობის დიდი ძმის და მეზობლის, 
პლეხანოვის გამორჩეული კოლორიტის -
ზაზა გიგინეიშვილის ნათელ ხსოვნას!)

ის დადიოდა თბილის-ქალაქში, როგორც კენარი,
იდგა ეზოსთან ხშირად მარტო, როგორც ალვის ხე.
მთელ პლეხანოვის, ოქროსუბნის იყო სცენარი,
დღეს ზაზას დღეა, დღე, რომელიც მისით დავიწყე...

და როცა ქუჩებს მძიმე ზარად დაეცათ ელდა,
მახსოვს თვალები, ჩაცვენილი, ლურჯი თითები...
ვხედავდი, როგორ, სიჩუმეში ფითრდება დედა,
სადარბაზოსთან როგორ სდუმდნენ ჩვენი ბიჭები...

მახსოვს, ვით გუშინ, ჩემს ოთახში რომ იჯდა ტახტზე,
ან ფანჯარაზე ნელ კაკუნით როგორ მეძახდა...
ყოველდღე როგორ ლოცულობდა, სანთლებით, ხატზე,
ცხოვრების შეცვლა მთელი გულით როგორ ეწადა!

არსად მინახავს სევდიანი, არც უმადური,
ხმა - ხავერდოვან პილიგრიმის, თან მედიდური!
ეზოსთვის იყო მოჰიკანი და ტრუბადური,
თუმც გაბრაზებაც მას შეეძლო, ერთობ გიჟური...

წავიდა უცებ, ისე უცებ, გაქრა ქარივით,
დააკლდა ქალაქს, ყველას მოსწყდა, გაწყვიტა ძაფი...
ის ქუხდა ხშირად! ხან კი იყო ნიაღვარივით,
რომლის შემდეგაც ოდენ შთება ცრემლების ქაფი...

მან გაიყოლა გრძელ მანტიით უბნის ფერები,
თან წაიყოლა სიმეჩხერე წვერის და თმების...
შემორჩა ეზოს ხრინწიანი მისი ბგერები,
შემორჩა უბანს ცარიელი, უმისო გზები.
2021.

 

 

იმ ბილიკების ათინათებში
(იოსებ გრიშაშვილის კვალდაკვალ...)

ის წაიშალა, ვით ფოლიანტი,
ვით უხუცესი ეპიტაфია,
ის გაიცრიცა, ერთ დროს გიგანტი,
ჩემთვის საბაძი, როგორც გადია!

და რომ ვიხსენებ მის ნათელ ქუჩებს,
მის მაღაზიებს, ბაღებს, ჩეროებს...
ვიკვნიტავ განცდით გამომშრალ ტუჩებს,
ვიხსენებ სიყრმის ფერად გემოებს...

მეეზოვეებს ვიხსენებ ისევ,
მეფუნთუშეებს ზღაპრულ სურნელით...
და ნოსტალგიით წარსულში ვიხევ,
სადაც ყველასთვის ვიყავ უბნელი...

როგორ ვივიწყო ის კურთხეული,
ნაჩუქურთმები ადათ-წესები?
აღარ გავავსო ისევ რვეული
მე იმ თბილისზე ძველი ლექსებით?..

მეშუშეების, მეზურნეების,
დანის მლესავთა, თუ აშუღების...
კოლმეურნეთა, მეურმეების
შემოძახილი ანადუღები!..

სხვა თამადების სულ სხვა ყანწებით
გადალოცვილი სახლში სუფრები...
რით დავივიწყო იავნანებით,
დედისთვალება, მორცხვი დუმფრები...

იმ ბილიკების ათინათებში
მიმოქარგული ჩემი ბალღობა...
როგორ დავრბოდი ტყავის სანდლებში,
როგორ ბზინავდა ალალ-მართლობა!..

მე იმ თბილისზე ვერაფერს დავსწერ,
გადამალულა სადღაც, ხსოვნაში...
მაგრამ სტროფებით იმ წუთებს აღვწერ,
დავშვრი რომელთა, დღესაც, პოვნაში...

აცრემლებულა ფიფქებად ეზო,
ამწვანებულა მისი კამარა...
მამა ბრუნდება! მას ჰქვია რეზო;
სტუმრად შემოდის „წოწია“ ტამარა...

და მე ვერა ვარ იმ დღის აღმწერი,
ვერ გამოვდგები მემატიანედ...
თავზე მეყრება წლების ნამქერი,
გავცქერი სიონს, იქვე მინარეთს...

фაეტონების და მეტივეთა,
მეთუნუქეთა, მატყლის მჩეჩავთა,
იმ დრომ რაღა არ გამოიმეტა...
ფიქრში რამდენი კადრი მემატა...

ორდროშობანა, ლახტი თუ სეკა,
თუნდ შტაბობანა და სახლობანა...
ისევ წარსულში ამაოდ ვქექავ,
ისევ ტკივილმა სული მომბანა...

მახსოვს აღლუმთა ჭრელი ხავერდი,
გადაღეღილი ქალაქის გული...
ბევრი სიმღერა, ბევრი პამფლეტი...
მოურჩენელი ექო და წყლული...

მახსოვს ბებიის ჩითის ხალათი,
პაპის პიჯაკი კლეჩატ ფერებში...
მათი ზღაპრები თუ მასლაათი,
ტრადიციები, სხმული გენებში...

ვოლგა, პაბედა, ზიმი, მასკვიჩი,
ტროლეიბუსები, მუდამ რქიანი...
ზაპაროჟეცი და მაღარიჩი,
საპოჟნიკები: აღა, ტიგრანი...

იქ სარდაფებში ნარნარ ყვავილებს,
დიდრონ გვირგვინებს რა გამოლევდა...
ეჰ, რა პატივი ქალურ მანდილებს,
ვაჰ, რა ჯიგარი, კაცებს, მოსდევდა!

დღეს ვით ობოლი, მიუსაფარი,
ვდგავარ უჩუმრად სულ სხვა ქალაქში...
აღარც დუქნები, არც ის ბაღნარი,
ჩაქრა ყოველი სევდის სანახში...

გადაიშალა, ვით ფოლიანტი,
ან უხუცესი ეპიტაფфია;
ჩამოიშალა ერთ დროს გიგანტი,
ჩემთვის საბაძი, როგორც გადია!..

10.02.2022.

 

 

კულტურა კასტრატი!

გარეთ ყინვა და მრეში დარია,
კულტურა აორთქლდა! კულტურა მკვდარია!

სისხლია! სისხლია! ოღონდაც შავია!
კულტურა - фიქცია! კულტურის შლამია!

და პანაშვიდია! გლოვის სიმშვიდეა...
კულტურა მითია! კულტურის კიდეა!

გვამების აღლუმში მოჟონავს ქიმია;
კულტურის სამუმი რაოდენ მძიმეა!

გამქრალა აზარტი, ნიჭია ნაფლეთი...
კულტურა - კასტრატი! კულტურა - მაკეტი!

დარდია! სევდაა! ქვეყანა გვამია!
კულტურა ბნედაა! კულტურა შხამია!

კლანია! კალმები ურითმოდ ბღავიან!..
კულტურის ალმები გრიგალში გარბიან!

ილესავს ალმასებრ სინდისი კიდურებს,
კულტურა ამაზრზენ ფუნქციას იბრუნებს!

მახრჩობს და მაჟრჟოლებს ამ აწმყოს ნიშნები...
კულტურა იჩოქებს! კულტურავ, გვიკვდები!

ქარი კვლავ თარეშობს, ნასუსხი დარია...
კულტურა დაკოდეს! კულტურა მკვდარია!
04.12.2021.

 

 

არქი-
ოლიგ-არქი!

/ციკლიდან - სატირულ-სარკასტული.../

არქი-იერარქი!
არქი - ოლიგ-არქი!
არქი-ბანდიტი!
არქი-პანდიტი!
არქი-მანდრიტი!
არქი-მონარქი!
არქი-მინისტრი!
არქი-პრემიერი!
არქი-"ჩენჯ"-ერი!
არქი-ტენდ-ერი!
არქი-ბლენდ-ერი!
არქი-ბელადი!
არქი-სენატი!
არქი-სამოსი!
არქი-სალოსი!
არქი-ვანდალი!
არქი-სკანდალი!
არქი-კრედიტი!
არქი-მანდატი!
არქი-სტანდარტი!
არქი-ლავრენტი!
და პარლამენტი!..
არქი-მიტინგი!
არქი-ვიკინგი!
არქი-მარტივი!
სუსის არქივი!
არქი-მანტია!
არქი-ქაქია!..

04.12.2021.


მოკალით ომი!
/ლექსი დაწერილია რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში/

მოკალით ომი! დახვრიტეთ ომი!
მიუსაჯეთ ომს უვადო ან სამუდამო პატიმრობა! 
ან გელუტინაზე აიყვანეთ! ან სახრჩობელაზე!..
მოწამლეთ, აწამეთ, გაანადგურეთ ის, თქვენში, ძირფესვიანად!
დამარხეთ ომი ცოცხლად! ფეხქვეშ გათელეთ
და ჩაზილეთ მიწაში ტანკების მუხლუხოებით!
მიაფურთხეთ ომს!
მიარწყიეთ!!
გაუგზავნეთ მას წყევლა! ჯადო! დოზანა და ჯანდაბა!
იქნებ დასუსტდეს, დაავადდეს და ჩაძაღლდეს!
მოკალით ომი!!
მოსპეთ, გადათელეთ ყველა, ვინც მისი მომხრე და მეხოტბეა!
გაზის კამერებში გამოამწყვდიეთ ყველა ომი პლანეტაზე!
გაგუდეთ! დაახრჩეთ და ამოხადეთ ომს „სული“!
-პაციФიზმის უკვდავი დამღა ამოუშანთეთ მას მკერდზე!
შუბლზე! თვალებშიც!..
დააქუცმაცეთ უმცირეს ნაწილაკებად, რომ ისე დაიშალოს, ისე დაიპნეს...
ვეღარავინ შეაკოწიწოს თავიდან!
ყველაზე მეტი სიმყრალე მასშია და მასშია ყველაზე მეტი შიშიც!
ძრწოლით და კანკალით დაედევნეთ, დაამუნათეთ თუნდაც, 
რომ გზა-კვალი აერიოს და გადაშენდეს სამუდამოდ!
რომ წაიშალოს ყველა ისტორიიდან!
ჩასჩარეთ მას პირში სიმუნჯის საცობი!
ყველა საცეცები დააჭერით და დაკოდეთ ომი!
სადისტურად აწვალეთ იგი, სანამ არ მოწყდება წელში,
სანამ არ გაერთხმება მის მიერვე სისხლით გაჟღენთილ, გადაბუგულ მიწაზე!
წერეთ ომზე ისე, რომ ყველას შეეზაროს და შესძულდეს!
რომ ყველას ზიზღის გორგალი მოადგეს ყელთან,
მის გაგონებაზე!
ასწავლეთ ადამიანებს მხოლოდ მისდამი შეუწყნარებლობა, მიუღებლობა, იგნორი და უარყოფა!
ასწავლეთ ეს ბაღებსა და სკოლებში!
უმაღლესებში...
უქადაგეთ ეს ადამიანებს ეკლესიებში, ჯვრისწერისას, ნათლობისას, სახლების კურთხევისას... 
წესის აგების დროსაც ისაუბრეთ ამაზე!
ომი ეს ხომ გვამებია, უამრავი, უთვალავი გვამები...
და ყველას თავისი წამების და საშინელების ამბავი ახურია სუდარად!
გვამების და ცხედრების გაყინული აღლუმია ომი!
მათი მოთქმაა დაყრუებულ უსასრულობაში!
მათი ცრემლებია დაღამებულ დილებში და ჯოჯოხეთურ გათენებებში...
დილეგებში და გათხრილ სანგრებში...
მოკალით ომი სამუდამოთ თქვენს ტვინში!!
გულში!!
მენტალში!!
ჩაკალით, ჩააქვესკნელეთ და გააქრეთ იგი კაცობრიობის ჟამთაღწერლობიდან!
შეიტანეთ ამაში თქვენი წვლილი!
ითამაშეთ ამაში თუნდაც სულ მცირე როლი!
მილიონობით გაუპატიურებული და აჩეხილი ბავშვების, ქალების, მოხუცების, წარუშლელი  ხსოვნით თქვენში!
--და ომის გარდა, და მისი კოშმარის გარდა,
ყველა და ყველაფერი გიყვარდეთ!!...
შეარცხვინეთ თქვენში ბოლომდე, ომის არასათანადო გააზრება!...
ყველანი აღსდექით ომის მკვლელი ფერფლიდან ზღაპრული фენიქსებივით და აუხსენით უთვალავჯერ სიყვარული ერთმანეთს!
გადაეხვიეთ ერთმანეთს და შეჰფიცეთ, 
რომ განაგდებთ მას, სამუდამოდ, თქვენგან!!!
-„WAR IS OVER!”…

22.06.2022.

 

 

ქართულად ნახმარი კულტურა!

კულტურა აქ ცვედანია!
დასაჭურისდა პოეზია...
სიყალბე ჩვენი დედანია,
"შნირობა" ჩვენი ამნეზია!

ვაიხელოვანთა ირგვლივ პარპაშია,
მინისტრებს უკმევს და უმღერს მრავალი...
- სინდისი მოკვდა! და სულში განგაშია!
- კონфორმიზმს ვაშა! - გარითმავს მტარვალი.

პრემიებს, კონკურსებს მონურად ელტვიან,
ვის ახსოვს პოეტის ღირსების მანტია?!
ნაღდ სიტყვას არავის არასდროს ეტყვიან,
გათელეს ფეხებქვეშ მწერლობის ქარტია!

პროექტებს, „ენჯეოს“, სოროსს თუ სპონსორებს
მზადაა მიჰყიდოს სინდისის ნარჩენი;
- „დიდება დასავლეთს! იქაურ მენტორებს!..
ფულები დაყაჭეთ, კლანი გვყავს სარჩენი!..“

კულტურა გვამია, კულტურა ცვედანია!
კასტრირებულია, სულს ღაფავს პოეზია...
სიყალბე ჩვენი არსი და დედანია,
„შნირობა“ ჩვენი კრედო და ამნეზია!
16.10.2021.

 

 

წალენჯიხის მინორი

(ლიტერატურულ ფესტივალ „გრანელის“ დროს)

არის წალენჯიხური სამდღიანი სერია,
არის კოლხი პოეტის სული - სხვა მატერია!
მზე აქ ხან ინაზება, ხან კი დაგწვავს ძვლებამდე,
თანაც გადავიღალე, გვერდით მიდგას ლებარდე;

პოეზიის ტატნობზე ელავს „Memento Mori“,
მთვრალ მგოსნებს ემართებათ „გარიაჩკა“ და „ტრემორი“...
ამდენ სასმელს რომ იტევს მათი მელანქოლია -
ლაღ მუზების თრიაქში აყვავდა მაგნოლია.

დაისვენეთ მგოსნებო, გეყოთ ჟღენთვა არყითა,
თორემ ვეღარ მოგნახავთ მუზა, „დაჟე“ სანთლითა!
პოეტესებს აჩუქეთ ეშხიანი ვარდები,
ღვინოში ვერ ჩაკვდება ჩვენი ტკივილ-დარდები...

მე კი გირჩევთ სიფხიზლეს გაუწოდოთ ხელია,
გრანელია მოწამე - გულით გამიმხელია!
ცაზე სისხლით წერია ისევ „კვირის წირვები“,
ოცდაათი წელია, რაც ტერენტის მივყვები!

ვიცი ყველა კუნჭული მისი სევდის კალოსი;
კოსმოსიდან დაგლოცავთ პოეზიის სალოსი!
თრობა ლექსით ვისწავლოთ და ბახუსი რითმითა,
წალენჯიხამ იხაროს, ჩვენი გულზე მირქმითა!

18.06.2022.

 

 

ბზარი

კედელზე შევნიშნე ბზარი,
ჯერ კიდევ 30 წლის წინ
პირველად.
დღემდე სულ მას შევცქერი
და თვალით ვზომავ...
ქურთი მეეზოვის
დაფჩენილ პირს რომ წააგავს;
ის სულ უფრო და უფრო მეტად
აფჩენს პირს! 
სიღრმე-სიგანეში
მატულობს უწყვეტად!..
ის მაგონებს 
მამაჩემის საფლავს,
სარეველებით შეჭმულს,
მიტოვებულს...
კედელზე შევნიშნე ბზარი -
და მან გამახსენა
ბაბუას სიცილი,
ბებიას ბუტბუტი,
წასული უბნელების 
მოყოლილი ანეკდოტები,
მამის მარტოობა,
მძიმე ბავშვობის
სევდა და 
რა თქმა უნდა
- фერნანდელის ღიმილი...
კედელზე შევნიშნე ბზარი,
ისევ მიყურებდა
ჯიუტად!
და უცებ
ჩამჩურჩულა:
- შემდეგი შენ ხარ...
16.07.2022.

 


შეწირული გარდასახვით
/ამ  ლექსს, დიდ ქართველი ქირურგის, ოთარ ბურჯანაძის ნათელ ხსოვნას ვუძღვნი.../

წვიმების და თოვლთა, ქართა და ხორშაკთა, 
დრო-ჟამის სიგძეთა...
წლების წივილით და გრუხუნით მეხთა...
ორმოცდახუთ გაზაფხულთა და ზამთართა, 
გამოდარებათა და ავდართა...
ცრემლთა! 
ცრემლთა! 
და ცრემლთა!...
- წარსული არ არსებობს!
- წარსული არ დღეგრძელობს!
- წარსული ვერ შლის,
ის ვერ კლავს!..
და სიკეთეთა, სიყვარულის ცვარივით მფენთა...
თავგანწირვათა!
თავგანწირვათა!
თვით-შეწირვათა და გაცემათა, 
დაუოკებელთა გრძნობათა, 
სულის აწრიალებათა, კივილთა მწველთა...
გადარჩენათა!
გადარჩენათა!
გადარჩენათა!
აღმადგენელთა,
იმედის მფენთა!...
დღეთა მოკლეთა, ტკივილიანთა, 
უმანკოდ მსხვრევთა...
ადამიანთა სიცოცხლის მთლელთა, 
ხელებით-
ბაჯაღლოს ხელებით მკვეთთა!
(იყო? არა! 
-არს და იყოს!!)
დანატოვართა, უსაზღვროთა, აუწონადთა,
განძივით მბზინავთა და მკვეთრთა!
თავს ვერ დამზოგთა, უკანასკნელ სუნთქვამდე ბრგეთა!
დღეთა!
საათთა!
წამთა და 
ისევ ცრემლთა!...
რამდენ დედათა, შვილთა, მამათა, დათა თუ ძმათა...
სიკვდილის მძლეთა, იმავ ხელებთა, ალმასივით,
ტოპაზივით,
- მქარგავთა, 
მნათთა და მხსნელთა!
(მან ღვთის მისია აღასრულა, 
ის გაილია სხვათათვის, მათთვის...)
და ვერ დაზოგა თვის გულის ფეთქვა!
და გული გასკდა, ზეციურ ელვით...
- თვისი ოჯახის უშრეტი სევდით...
ოთარ!
ოთარ!
ოთარ!
- აღმოხდათ ხეთა, ხალხთა თუ კლდეთა...
ნაცარ-ტუტალი, მუხთალი, ცივი-
არყოფნის ელდა!
ის ღმერთთან მყოფობს
და ნეტარია, 
მის მშობი დედა...

18.03.2021.


აღსარება!


მუზას არ ველი, მე, რახანია,
ვწერ როცა მინდა და რაზეც მინდა...
ჩემი ლექსები შტორმის მგვანია,
სტროფები ჩემი გონებას ბინდავს.

ვერ ვურიგდები ვერაფერს ლიტონს!
ყალბს და მედროულს კანით შევიგრძნობ...
მუდამ ვბობოქრობ! - გავურბი მინორს,
ვგავარ ლითონის უცხო შენადნობს;

ზოგჯერ სინაზით შევფუთავ ლექსებს...
ხან კი ტროტილის ძალით შევკაზმავ...
მე არ ვუმღერი მშობლიურ ვერხვებს!
არც პატრიოტიზმს, ხატად შევრაცხავ!

მასისთვის წერა არის ამაო!
ვქმნი მხოლოდ ჩემთვის, ასე მწადია...
ვერ გავხდი რადგან ნაღდი მამაო-
-არტს ვუბრუნდები! - ავანგარდია:

-ავანგარდია ცხოვრება ჩემი!,
მიწისქვეშეთში ავიდგი ფეხი...
პოეზიაა ის თეთრი გემი,
რომელსაც ვერსად ჩაძირავს მეხი!

არსად ვღალატობ არტისტის სტატუსს,
რომელსაც არ სწამს ლბილი კონФორტის!..
ვარ პერФორმერი, ვაგონებ კაქტუსს-
ავტოგრაფს ვტოვებ რითმის ოფორტით...

გამირბის ბევრი, ირგვლივ, მფორთხავი...
ვერ მგუობს, რადგან სიმართლეს ვქარგავ...
რადგან ვერა ვარ ქვემორ-მცოცავი,
სინდისს, რადგანაც არასდროს ვმარხავ!

ვწერ ყველაფერზე, ფარგლების მიღმა...
და განწყობები სულ არ მაღელვებს;
მე ვარ პოეტი - ტაბუ და სტიგმა!
დღემდე გავურბი ვარცხნილ მანერებს!..
08.09.2022.

 

ALT-კულტურის კატეხიზმო!

დღევანდელ კულტურას მე ვარჩევ ანტი-კულტურას,
რადგანაც კულტურამ დაკარგა დიადი საზრისი!
ლექსებით დავნერგავ შლეგურ სუბ-კულტურას,
-დიუშანის პისუარს, დავუგოთ -- ოქროს საწმისი!

და-და -მ შეჭამა, რაც რამ მის შემდგომ არტმა შვა,
და კონტრ-კულტურამ ვუდსტოკში ლაღად იბარტყა...
ყოველგვარ ნორმების, წესების, გულს მირევს დანახვა!
Фუტურიზმს, სიმბოლიზმს მსურს წიხლი მივარტყა!..

დაბერდა, აყროლდა, კლასიკა, ბაროკო, სვასტიკა
და და-და-რდიანდა ჰენდრიქსის, სიეტლში, საფლავი...
-არა ომს! პაციфიზმს -- სულ სხვა გალაქტიკა!..
ხელოვანს რა დარჩა აქ, საჯიჯგნ-სახრავი?..

ჰიპების პლეადა, თაობა ზეციურ მერცხლების,
ბიტნიკთა ჰიმნები, ხელწერით- Freedom - და სიმღერა...
ბობ მარლის კულულებს-კანაფის კვამლური შეფერვის-
-ვიხსენებ, ვისიზმრებ... დღეს  რითღა, გული, ვიჯერო?

ჯოპლინის ცრემლებით  ბეტელის მიწები ინამა,
ჯიმი არ შეუშვეს! კოკერმა გაგლიჯა იოგი...
მე იმ კულტურიდან მონაქროლ სიოში ბინა მაქ,
ვარ იმ მოვლენების ერთგული მესაყდრე ინოკი...
30.08.2022.

 

ამნეზიური უხსოვრობა


პოეზიის ზღვა აშრიალდა და  პირს მბანს
ნელა
მთვარეულთა და ქიმერების ლოცვა ფრენს
ცაში
მსურს სხვა სიმშვიდე ანაკონდის, ვპოულობ
ძნელად
მიპყრობს ძილქუში, ნებიერი, იქვე
განგაში
თოლიის თვალში ირეკლება ქაფი
ტალღების
თლილი თაღების, ძელ-სვეტების თეთრი
ჩრდილები
იქ ქარბორბალა იზიდება მაღლით,
დამშვები
პარსავს მიდამოს მსახვრალ ცელით,
დანამდვილებით
მელაციცება, სუსტ ქალივით, წვეთების
ჯარი
იფრქვევა  ღვარი შავარდენის ციცაბო
ვარდნით
წამიც და სკდება ბირთვულ ხეთქვით
დილის საარი
და სუნთქავს მძიმედ ოკეანე, გემებზე
დარდით
ამნეზიური უხსოვრობა, ნისლებად
ბარდნის
ნატიფ ლივ-ლივით ცის კიდიდან მაბრმავებს 
ელვა
ტვინთა ომია! მზრალად მყინავს სიცივე
სანგრის
სიბნელე ავდრის! უფერული დღეების
წელვა
იმსხვრევა ყველა გალავანი, ციხე თუ
კოშკი
ერთ ხელის მოსმით კაფავს ღმერთი ხრიოკ
გარემოს
მოსჩანს აქნილი ტრამალები, ცხედრებით,
შორს კი
ტრანსში ნებივრობს იდილია, სიზმრით
ნაგემი...
22.09.2022.

 

ახდა!

დადა ფეხსაცმელია!
დადა ფეხსაცმლის ქუსლია,
დაბრეცილი,
რომელზეც ვდგავარ!
დადა ზუსტია და სველი,
დადა არ არსებობს!
ის არც გამოგონილია!
არც რეალური!
ის ჟანგია და
ისაა ცეცხლიც...
კალიის თვალი და ბაყაყის
ბარკალია დადა!
მოხარშული...
დადა ციყვის კუდია 
მისალოც ბარათზე!
დადა სამძიმარია, მასხარის!
დადა ვიტრაჟი და მაკიაჟია!
ისაა თაგვი!
თაგვის ხაფანგია დადა! 
მას ჭყლეტ
ის კი არ კვდება!
-როგორ მოკვდება დადა,
როცა არც დაბადებულა?
ანუ დადა დაუბადებელია;
არც დაწყებულა!
არც დასრულდება!
დადა ახტა,
მერე კი ახდა!
ის ზის რაკეტაში 
და მიჰქრის არსად!
დადა წარბებია შენი
შეღებილი მაწვნით
და გუაშით;
-ჰო, ის მაკიაჟია
ნავთის...
-დადა ზურაა!
-დადა დადიანია!
-დადა მეც ვარ...
ის ყველაა და არავინ!
დადა გიჟია!
ის ყველაზე ნორმალურია!
ავადმყოფია და სულელი დადა!
რადგანაც გაზეთია და სკაროსი...
ხეა და ლიმონია, დადა!
დადა აქლემის კუზია!
ის ბუზია ასევე,
რომელიც დავკალი გუშინ!...
07.09.2022.

 

ბოზი 

მე გეუბნები, რომ შენ ხარ ბოზი!
და ეროტიკას ჰყიდი ბაზარში...
არ გაგეგება იოტი - პროზის,
არც პოეზიის არ ხარ გარტყმაში.

მზერაში გიზის მხოლოდ ღალატი,
ლოგიკა შენი - ცხელი ვნებაა!
აგვისტოს ხვატში დიდი აზარტით:
-ველურ პლიაჟებზე შიშვლად გდებაა...

ნუდისტიც ხომ ხარ და უკომპლექსოდ
ქალაქშიც ტიტველს გავლა გწადია...
დღესაც ვერ აცდენ, უქმად, უსექსოდ,
фლუიდთა ცვენაც, მუდამ მზარდია!

მამრებს აცთუნებ, უნგრევ ოჯახებს,
თან სულ გკიდია ღმერთის სასჯელი...
პროфი წაკლა ხარ, ითვლი მონაგებს,
ჩანთაში გიდევს რეზინ-სასმელი...

ფასით ძვირია შენი სხეულის
თუნდ სანტიმეტრიც, სხვისთვის სანატრი!
წითელი თმების ხშირი ხვეული
ელიტურ კახპის არის სტანდარტი...

მაგრამ უამრავს, ცრუს და უგულოს
მე მირჩევნიხარ, ბევრჯერ მითქვია!
აძლევ ნისიად რამდენ უფულოს,
-გაჭირვებულთა სია გიპყრია...

მე გეუბნები - გეთაყვა, ბოზი,
-ანუ ლამაზი ხარ და ფაქიზი...
ბევრ პატიოსანს სჯობიხარ პროზით,
და პოეტურად, როგორც ნარგიზი!..

31.07.2022.


 

წყალი ცის ნაცვლად...


დაეშვი ნელა, გთხოვ,  მიწაზე დაეშვი ნელა!
აქ ისე ცხელა, მიმოფანტე ყველა სამოსი;
მე შენში ვიგრძენ შეწირული მგოსნის პათოსი-
მე შენში ვლანდე, წვიმებს შორის ეს ცისსარტყელა...

ქარბუქში ვთესე, პოეზიით, ენკიც და ბენკიც,
ფეხი ავიდგი და გიხილე მიღმა კომეტის...
წლებია გიცდი, გელოდები, ცოტაც მოვბერდი-
საუკუნეა, რაც გამიხმა გრძნობების ნერგი.

დაეშვი ისევ, ხელმეორედ, მეასედ, მრავლად...
იქ ვეღარ გწვდები და მატყდება წელვით, მკლავები;
-გავცქერი ზღვას და მიფრინავენ მწკრივად ვარხვები,
აღარ არჩიო ზემოთ ყოფნა - ქროლვაში მალვად...

ტალღებში, ქაფში ამერია დღეები, წლები...
თოლიის ფრთებმა მომიჩრდილეს მზისგან სიკვდილი;
მირიად ქვებში ჩავიკარგე, როგორც სირცხვილი-
რომ გამეპარა, უბრუნებლად და ამას ვხვდები!..

წყლები ცის ნაცვლად! ფეხებ ქვეშ კი ხარაჩოები,
დაჭაობების შიშმა მშთანთქა ასე ძალუმად!..
ხსოვნის დავთარში მიწერიხარ ეგზომ სათუთად-
ვეღარ ამოგშლის უხერხემლო, ბერწი დროება!


დაბლა მეწვიე, ხრიოკ მიწას ფრჩხილებით ვკაწრავ,
ოფლის სანაცვლოდ შადრევნები სისხლის ვაფრქვიე...
იმედი ჩემი იულუზიის საგნად ვაქციე,
იმედი ჩუმი, აქ რომელსაც უაზროდ ვნაცრავ...
01.09.2022.

 

ძალა სიტყვაში


ვარ მოწოდებით მე პაციфისტი,
თუმც საკუთარ თავს სულ ვეომები...
ეს ბრძოლა ჩემთვის მხოლოდ წმინდაა,
რადგან დავლეწე ყველა დოგმები.

ირგვლივ ომია და კრატერები
სისხლით ივსება მთელ პლანეტაზე...
ღმერთო მომეცი ძალა სიტყვაში!
მალაპარაკე ყველა ენაზე...

-რომ გასაგებად, აზრი თუ ფიქრი
ჩემი, ვაფრინო ლექსის აფრებით;
პოეტის ტონი გრგვინავდეს მეხად
ნაგვირისტები თეთრ იალქნებით!..

ვერ მასვენებდეს სიმართლის წერა
და ბედისწერად მერგოს ხმაური...
დასრულდეს ჯახი! იშვას სიმშვიდე
-შეჩერდეს გულში აურ-ზაური!

ვარ შინაგანად ის  პაციфისტი,
ვინც საკუთარ თავს სულ ეომება...
ეს შეტაკება ისე  წმინდაა,
რომ სულში, ვიცი, ხვალ გამოთბება!
16.09.2022.

 

 

ერთ სტრიქონში...

-„გალაკტიონს ერთ სტრიქონში
გაუცვლიდი მთელს შენს ბიზნესს...“
ვიცი ზუსტად და ამიტომ
მეც არ გკითხავ ამის მიზეზს...
თანაც გალაც პლეხანოვის
იყო ალმას-ბრილიანტი!
მისი სახე ამ უბანზე
ირეკლება როგორც ხატი...
დამთხვევები არ არსებობს
მე ამისი ნაკლებ მჯერა!
- საქმე შენი-დიდი ბანკი,
ტაბიძის სახლს დღემდე ზვერავს!
ხელოვნების ზეიმია-
ჩვენი არსის მისწრაფება...
ლურჯა ცხენებს შემომჯდარი
მეფე დღესაც იბადება!..
მოჰქრის გალა, ქარბორბალა
ვერ აბრკოლებს, მას, ჩვენამდე,
მისი სულის რომანსერო
ამ სტრიქონში ლანდად ჩავდე!
ვიცი, ძმაო, მეგობარო,
პოეზიას როგორც ხედავ...
თბილისური ქრონიკებით
გაწერია გულზე სევდა!
-ჰო, შენ „გალას ერთ სტრიქონში
გაუცვლიდი მთელს შენს ბიზნესს“...
მე კი გრანელს ერთ სუნთქვაში
მთელი ჩემი ყოფნის მიზეზს!..

/ვუძღვნი ჩემს მეგობარს-მამუკა ხაზარაძეს, 
ძირძველ პლეხანოველს და -
ნამდვილი ლიტერატურის დიდ ქომაგს!/
10.08.2022.

 

 

გაკიდე ისტორია


ადექ, გაკიდე, გადაკიდე 
სარჭებით მწყობრად-
ეგ ისტორია, დანაგროვი, 
როგორც სარეცხი...
ნუ იხედები დაფეთებით
და ასე მორცხვად,
შეგეძლოს ოქროდ, გადაქცევა, 
მტვრისგან ნაფერთხის!..
დროის ბაწარზე, საცვლებივით გამოაფინე,
ბერწ მოვლენების, იმედების
პიტალო ნუსხა!
სულ უმნიშვნელო სიმამაცე გამოავლინე-
ასე შებოჭილ-გაყინული
ამაოდ ნუ ხარ!
შენი ვენდეტა უმწიკვლოა, თანაც წმინდაა,
ის იკითხება ქარაგმულად
ნაფლეთ წიგნებში...
-როცა მზერაში ჩაკარგული, მკვდარი ბზინვაა
ძველი, ნაწრთობი მეომარის-
რკინის წინდებში!..
აბჯარში ფეთქავს დაცხრილული
პოეტის გული,
ის არის დღესაც ეშაфოტთა
კენტად მლაშქვრელი...
გაკაფე ყველა სარეველა, ათხარე ხნული,
-იდონკიხოდე! ან და იყავ 
რითმით მაშველი!
-გააშრე ჩქარა, ააორთქლე ნესტი თუ ნამი
იმ ისტორიის, შენ რომელმაც
კერპად გაქცია!..
გადააფურთხე უძილობა კოშმარულ ღამით,
-შენ ხომ შესძელი უნიჭობის ამპუტაცია!..
15.08.2022.

 

 

ღამის ნისლიდან...


ქალაქი დაბურულ ტყემ შთანთქა უეცრად
სუროებს გველისებრ კედლები უქსელავთ
აჩქარდა პლანეტა, ლახტივით ბზრიალებს
შემოკლდა მზეების მხურვალე ნათებაც
ფილტვებში ანთებამ ბრონქებზე იცოცა
გავურბი გახიზვნით ურბანულ გისოსებს
ბეტონის ჩოხაში ნაბადში კოსტუმში
დგას კაცობრიობა და ყოფას იოსებს
მაცვია უკუნი როგორც საოცრება
ღამის ნისლებიდან იწყება ხანძრები
და იწვის სანგრები მინდვრები ტაძრები
ამორძალს წააგავს კვამლები ბუხრების
ვუყურებ ბუნებას ის ძლიერ მაშინებს
ძრწოლისგან ამტყავდა მოღლილი მუხლებიც
მე ამ უაზრობას ვერაფერს ვუხვდები
სამთავა დრაკონი ცეცხლოვან კოქტეილს
მთავაზობს ზემოდან კოშმარულ ხრიალით
ღმერთისგან აღბეჭდილ ვზივარ ნაკვალევში
წივის დედამიწა ფეთქდება ღრიალებს
ვამჩნევ არმაგედოს მისსავე თვალებში
ის ისევ ტრიალებს ულმობლად ტრიალებს
ქალაქი ორთქლდება ქვეყნები ფორმებად
იშლება ირღვევა და რჩება აჩრდილი
ვით გამოსხივება ატომის ბურთვული
დაოთხილ მუხლებზე ვარ ხელაზიდული
დალის მდნარ საათებს ვდებ ჩისბურგერებში
გონება მერევა და ქოხიც ფიცრული
იშლება ფერებად ვანგოგის ტყეებში...
31.08.2022.

 

 

გარეთ გამოდი!

გარეთ გამოდი, მინდა შეგხედო,
ნუ იმალები მიღმა კედლების;
მე მიგიხვდები, რასაც მიპირებ
გამოხედვით და ძალით შეგრძნების.

გარეთ გამოდი, მეჩვენე დროზე!
ვერ გადაგკარგავს სახლის ჯურღმული;
ამოვიცანი შენი გეგმები,
ჩაძირულია ყველა კუნძული!

გამოჩნდი უმალ, ელვისდაგვარად!
და შემდეგ მეხად თავზე დამატყდი...
ფარად მიპყრია ლექსის ქარაგმა -
მოლოდინისგან წელში გადავტყდი!

რკინა-ბეტონი ნუ შეიხორცე,
თავისუფლების მე გიწერ რეცეპტს...
სიტყვები საფანტს მიუსადაგე -
ნუ ემსგავსები მხდალსა და ჩერჩეტს!

გაბედე მოსვლა! გარისკე ერთხელ,
გამოარღვიე დაბრკოლებები...
სიმართლის ყლუპი იგემე, შესძელ,
იომე ჩემთან! - თორემ ვბერდებით.

იშიშვლე ფიქრი, მესროლე მზერა,
მალვით მიღწევა რამის, რთულია...
გამოდი გარეთ! გამოდი ნელა!
ირგვლივ გიჟმაჟი გაზაფხულია!..
07.08.2022.

 

კონტრაცეფცია

ვგულისხმობ იმას, რომ არასდროს გინდოდა შვილი,
ღაწვებს იგლეჯდი, იპუტავდი თმებსაც გიჟივით;
ჩვენ ვერ ვიყავით სანიმუშოდ ნათელი წყვილი
(მკერდზე მეკერა ბავშვის სახე, ისე, ღილივით...)

ვგულისხმობ კიდევ შენს ხასიათს, ეგოში ჩამხრჩვალს,
მაგ თლილ სხეულზე ოცდაათი ტატუ გეხატა;
ხშირად იწყებდი ვნებიანად, შეშლილი კანკალს,
და მსურდა, სახე შენი - ჩემზე გადამეხატა;

მოგქონდა ქუჩა, პროსპექტიც კი, ნაბიჯით ზანტით,
ვგულისხმობ, როცა, კატასავით იკლაკნებოდი...
არ წაგიკითხავს არც ფროიდი, არც თუნდაც კანტი,
თუმცა ნაკითხი, მთელ დუნიას, ეჩვენებოდი!..

ხან ევრიდიკეს მიგიგავდა სახე და ტორსი,
მე კი ორფეოსს ვერ ვადარე ჩემი არსება!..
მიმოექარგე ხსოვნის ფარდებს ურჩი და ნორჩი,
დრონი გაიქცნენ, დღესაც მიჭირს შენი გაგება...

წლების მანძილზე ჩაგიტარე ასი ლექცია,
ფსიქოლოგებთან დაგათრევდი დაუღალველად...
არ გადააგდე, შენ, არაფრით, კონტრაცეფცია,
ვერ დაგითანხმე ვერარა გზით, შვილთასასხმელად...

დღეს უკვე არ ხარ! ხარ აჩრდილი, ოდენ, წარსულის...
შენთან ცხოვრება მახსენდება, როგორც მაфია!
„ვერც მეჯერება, თუ ოდესმე იყავ ქალწული...“ -
ეს წაგაწერე სამარეზე ეპიტაфიად...

05.08.2022.

 

მარტოობის ჰერცოგი


ქუჩების გასწვრივ, მიღმა ტროტუარების,
ბარდიურებს შორის გამყოფ სივრცეში-
დგას ძველი ხის ბოძი, ორ ბეტონს შუა, 
მიგდებულ ძაღლივით მიბმული 
და გადახრილი-
უკიდურესობამდე...
ბოლომდე შეჭმული ხის ჭიით, 
სულ დახვრეტილი, სიკვდილმისჯილი ტუსაღივით,
მთელ სიგრძეზე;
მისი კენწერო კი, ელვისგან, თუ მოკლე ჩართვებისგან,
ერთიანად დანახშირებულია...
--ადრე რკინიგზის შპალების სუნი ასდიოდა,
რომელიც ას მეტრში უკვე მცემდა ხოლმე
და მიზიდავდა, როგორც ნარკომანს...
დღეს კი მხოლოდ მიტოვებული, სკლეროზიანი
მოხუცის სუნი ასდის, რომელსაც ქვეშ
შარდი გასდის-
უნებლიედ...
მას ქუჩის ძაღლები აფსამენ და ძირს ულპობენ
ნელ-ნელა...
მაგრამ ბებერი ხის ბოძის წაქცევა
არაა ასეთი იოლი!
არც მარტივი!
არც ადვილი...
ის 99 წლისაა უკვე და მაინც დგას მყარად,
მიუხედავად ასეთი თავმდაბლური დახრილობისა...
მასზე ფაიფურის, მავთულ-საჭერი, თეთრი 
ჭიქები, ისე სხედან, როგორც ტოტებზე
 გალუმპული ჩიტები...
ზოგიც გატეხილია, ზოგიც საერთოდ 
მომძვრალა და დაკარგულა! 
ბებერ ბოძს, სადღაც შუა ტანზე, ჯერ კიდევ
მიჭედილი აქვს, დაჟანგულ ჟესტზე
გამოსახული  თავის ქალა,
მასში შემავალი წითელი ისრებით
და ოთხი ძვლით...
იქვე  გაფრთხილებით:--„Смертельно!!“; 
ზუსტად ამ შესაზარი აბრით, 
ის დღემდე იგერიებს საკუთარ მტრებს!
-ბოროტ  და ტოქსიკურ
 ადამიანებს, ვისაც მისი,
რახანია შეშად წამსერება უნდათ!
მათ ჰგონიათ, რომ მაღალ ძაბვას
ისევ ატარებს! რადგანაც ჯერ კიდევ
სისხლძარღვებივით, შერჩენია ძველთაძველი
სპილენძის კაბელები, 
იმ თეთრ ფაიფურებზე
შემოოჭვილნი, შხამიანი გველების მსგავსად!...
ის ყველას ხელს უშლის,
ყველას აღიზიანებს
და ყველას წყრომას იწვევს, ჩემს გარდა!
-განსაკუთრებით კი მძღოლთა და მეეზოვეთა...
მე კი ალალად მიხარია, რომ ჯერ კიდევ არ ჰყრის
ფარ-ხმალს!!
ჩემი უბნის მთელი ისტორია, შავ-თეთრ კადრებად, 
ზედ აწერია...
ბებერი ხის ბოძი! იგია ბოლო მოჰიკანი
ჩემი საუკუნოვანი, გამქრალი ქუჩისა...
და ის ორი ბეტონის დიდრონი სვეტი,
რომელთა შორის, ძაღლივითაა მიბმული,
სქელი ნახევრადდაშლილი  „კატანკებით“-
-არის მისი, ბოძის, ფეხები, ჩაქვავებულნი
17 ფენა ასფალტში, სადაც პირველ ფენასაც კი  აღწევენ
და იქ აქვთ მოკიდებული, მაგრად,
ფუძე თუ ფესვი!..
-ბებერი ხის ბოძი, 
მოხუცი და მიტოვებული გუშაგი,
ჩემი ასწლოვანი უბნის, გაცრეცილი 
ქუჩის ამაყი დარაჯი-
ისაა მთელი ჩემი ბავშვობის მემატიანე,
მამის, პაპის ბავშვობის ასევე...
მე მას შევარქვი - მარტოობის ჰერცოგი!...
-აღარც ქუჩა იქნება მალე, აღარც ქალაქი...
მაგრამ ის იქვე იდგება მაინც და თავს, 
სადაცაა შეახებს ასფალტის
მე-17 ფენას, ნაზად, ამბორის,
თუ მადლიერების ნიშნად...
და მეც იქ და მაშინ დავსრულდები,
სადაც და როდესაც მას მოჭრიან...
06.08.2022.

 

 

მე ვზივარ დენთზე!

 

დაბადებიდან მე ვზივარ დენთზე,
ოდნავ განძრევაც სახიფათოა!
ფიქრების რემა გონების სხვენზე
მომაკვდინებლად არასანდოა.

ერთ მწკრივში დგება ყველა პლანეტა,
არტერიები გადახსნილია.
ქრონიკულ სენით სავსე ანკეტა...
დღეების ასხმაც გადათვლილია!

დამაკარგვინა ფსიქიკამ აღქმა
რეალურობის, როგორც მაკეტის;
არა მჩვევია ქვემორედ გართხმა,
არც ვარ საზავო უსტრის ჩამკეტი...

სისხლი პულსირებს არევ-დარევით,
სტენოკარდია ძალზედ ახლოა!..
მოდის ქირურგი დანის ჩარევით,
ცხედარი ჩემი მის წინ მარტოა.

გამიწყდა, ჩაწყდა სიზმრების ნუსხა,
მიმოიფანტნენ მათში სკიфები...
შიშისგან თვალში მოწოლილ კურცხალს
ვიშორებ მორცხვად და ვიგინები.

დასაბამიდან მე ვდგავარ დენთზე,
სუსტი შერხევაც სახიფათოა...
აზრების ფარა გონების სხვენზე
უტოპისტურად არასანდოა!

03.08.2022.

 

 

მინისტრის (ან მერის) ფიცი!


აღარ მიხსენო სუფრა-ქეიფი,
არც სადღეგრძელო მამა-პაპური!
თამადა არ ვარ! მე ვარ შერიфი! -
თონეს არა ვცნობ! მიყვარს კარфური!

არც ჩოხას ვიცვამ, აღარც ახალუხს...
ტრადიციებიც მივფანტ-მოვფანტე!..
ვივიწყებ რიყეს, ვერას თუ ხარფუხს,
რუსთველს არ ვიცნობ და აღარც დანტეს!

ენაც ქართული დავაბინძურე-
ბარბარიზმებით, ათას ნაგავით...
-მოდი მაგინე, რაღას მიყურებ?
ან მადღეგრძელე ე მაგ მანავით!

ყველა წმინდანთა თუ წინაპართა
ხსოვნა გავყიდე დეზერტირკაზე...
ნუ მეტყვი-ღმერთი შენთვის განკაცდა!,
ეშმაკის ტატუ მაზის იდაყვზე!

ცათამბჯენების ვაშენებ ჯუნგლებს,
გასუნთქებ ბეტონს, ცემენტის თრიაქს...
შენ კაპიკებზე იტყავებ მუხლებს,
მე კი ქონება ობშერში მიმაქვს!

გიძვირებ ისევ, დენსა და აირს,
წყალს და ნაგავსაც ზედ მიგიყოლებ!
ერს არც გიწოდებ, არამედ ნახირს,
კვლავ ტვინს გირეცხავ, ან და გიბოლებ!..

სამშობლო არ მაქვს, ვყიდი მიწა-წყალს,
მაინც არაა ჩემი, არცერთი...
ვწირავ გარშემო ყველა ბინადარს,
უნდა ავაგო ყველგან მარკეტი!

დაე შიმშილმა ხოცოს ეს მოდგმა,
მე არ მშიოდეს, და სულ მკიდია!..
წარბს ვერ შემიხრის ღარიბთა მოთქმა-
გეგმები ჩემი უფრო დიდია!!

ყველა ბუნკერში იქექოს კაცმა,
ყოველ კუთხეში იჯდეს გლახაკი...
სინდისს არ ვიცნობ! არ ვიცი ჯვარცმა...
წყალს წაუღია თბილის-ქალაქი...!

დაგინგრევ სახლ-კარს, წაგართმევ ბინას,
გამოგასახლებ თუნდაც სოროდან!
ბანკის ვალებით მიგავლენ მიწას,
იქაც ამოგთხრი, კუთვნილ ორმოდან!

ნამუსი ვტკეპნე, არ ვარ ჰარიფი,
მომწყდი! ამოგდო გინდა, პანღური?!
უეროვნებო,  მე ვარ შერიфი! -
ფაცხას ვერ ვიტან! მიყვარს კარфური!
20.08.2022.

 

 

ოცნების ათროპია


დაიფერა ოქროსფერად ჰორიზონტი, ნოოსფერო,
დაიფარა ტყე ფითრით და ალიასკაზე ირიჟრაჟა.
ვერ მოვნახე სხვა სიტყვები იმ ბუნების შესაფერი,
სადაც სულის იალქნებმა აიწყვიტა, იგიჟმაჟა!

მყინვარების ჭაღარაზე, ამაზონის განაყარზე,
მიესვენა ორაგულთა უთვალავი სხეულები;
კანიონთა ბზინვარების უდაბნოურ გასაყარზე
აიზიდა მირაჟებად ცეცხლოვანი ხვეულები...

და მე ვნახე ეს სურათი,  სიზმარივით სხვა-სულმნათი,
ჰაერთა და ჩანჩქერების ნიაგარულ მჩქეფარებით...
ათროპია მეპარება! ციდან მომდის ამანათი-
ვეპარები გასახსნელად უმიზეზო მღელვარებით.

ათროპია ოცნებების - ყალბი ხიბლი სხვა ქვეყნების,
ლეგენდების გაცოცხლება დაუწერელ ნოველებად.
ფიქრით ზანტად, მივანებით, მიფერება ამ შეხების-
ამ მისტიურ წარმოსახვის გადმოფენა სონეტებად...

აისხლიტა ღამის ელვამ ბაობაბთა გადაბელვა,
იქ, საჰარის გამყოფ ხაზზე კადილაკი გაირინდა;
ქვიშის ზღვების მელოდება გალევა და გადათელვა,
სადაც ღმერთის ანი, ჰოე დასაბამში დაიწინდა...
03.09.2022.

 

 

ოФელია


ვიყავ ცუდად, გავედ გარეთ,
ვერ მოვნახე აფთიაქი...
ჩამეცინა ჩემთვის, მწარედ,
დამეუფლა ფორიაქი.
არითმიამ შემაწუხა
გული ჭექდა რეპს და რეგეს...
ვალერიანკა ათჯერ ვხუხე
თან ვსუსნავდი ყველის კრეკერს;
ამ უბანში ყველა მიცნობს
ვარ - კუნტრუშა ოФელია;
ეჰ, გუმანი კოშმარს მიგრძნობს,
დეპრესიაც მომერია!..
ან სიცხისგან რეტი მასხავს,
ან ვერ მძინავს სრულყოფილად...
მეზობელი სიდედრს მარხავს
თავი მოაქვს იმბეცილად!
მე კი წამალს ვერ ვშოულობ,
აფთიაქიც გაქცეულა...
ხატებთანაც ვერ ვლოცულობ
ჩემი რწმენაც დაქცეულა...
სიმპტომები მაქვს ინФარქტის,
ან მინიმუმ იშემიის...
ისტერია სულში დახტის
ფერი მადევს ანემიის;
ვერ ვიძახებ სახლის ექიმს,
-ოჯახებში აღარ დადის,
მარტოობა მეტად მიმძიმს-
ვერ დავიწყებ ტყუილ ქადილს!
ვცრუობ უშნოდ - კარგად ვარ თქო-
თუმცა პულსი როკავს, ურევს,
თან არ მინდა თავი გავთქვა
-იმედებიც ვეღარ სუფევს...
აქ ხომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს,
ირგვლივ არვის ჩემთვის ცხელა...
გაერეთ ვეძებ, მზერით, ნაცნობს-
მაგრამ უცხოდ მიღებს ყველა!..
ბოლო შანსი სასწრაფოა,
ასФალტზე ვარ გაშხლართული...
ყოფა ჩემი სადაოა-
წნევაც ალბად გახდა ნული!
ვერც ვყვირივარ - დამეხმარეთ,
ვერც ტელეფონს ვიღებ ჯიბით,
ვერვინ მამჩნევს არე-მარედ,
გადამთელეს პრადოს ჯიპით!
--„ასეთია ეს ცხოვრება,
ტანჯვის წუთი-სოფელია...
წადი, წადი, გაიქეცი, 
მოუსავლეთს, ოФელია!..“
18.08.2022.

 

პელაგია


იკეკლუცე, გაინაზე, ზედ მოირგე სხვისი ტორსი,
გაიქეცი, გაკუნტრუშდი, გადალახე ვნების კროსი!

ქარში ყარე დალალები, ათამაშე თეძო-ფეხი...
ანავარდე ეგ სექსიზმი, ეს არაა სულაც „გრეხი“!

გრძელ ქუჩებზე  გაატარე უკანალის ენერგია-
გააქან-გამოაქნიე მაგ კურტუმი, პელაგია!

იმუშავე პროфესიით, რაც რომ არის ძველთა-ძველი,
გაამართლე ვაკანსია პიროვნულად შესაფერი!

ყველა დიაცს შენი შურდეს, იყო მათთვის მაგალითი!,
შენზე, ვით კლეოპატრაზე ღაღადებდეს მეგალითი!

გაიპრანჭე, გაირუჯე, თან  მოირგე ჩემი  ტორსი,
გაქანდი და გაჯეჯილდი, დაიპყარი ვნების კროსი!
23.08.2022.

 

 

სანიტრის მანიфესტი!


ჩემს ირგვლივ
და გარშემო,
აღმა თუ დაღმა:
-ჰაერი დანაღმულია!
-მიწა დანაღმულია!
-ცა დანაღმულია!
-წყალი დანაღმულია!
-ჰორიზონტი დანაღმულია!
--„ადამიანებით“!
ადამიანები ბომბებია,
მინებია კომუфლიაჟებში!
ანუ ისინია თავად ეს ნაღმები,
წკიპზე შემართულნი
ყველაფრის ასაოხრებლად
-აქ!
ცოცხლებიც და მკვდრებიც!
სუსტებიც და ჯანმრთელნიც!
ჩალოგინებულნიც და კულტურისტებიც...
მათ ხომ ტროტილის საფშვინველი უდგათ!
ზოგი ნაკლებ დამანგრეველია, 
ზოგი საშუალოდ, 
ზოგი კატასტროფულად!
მაგრამ ეს სულერთია...
რადგანაც ყველა ტოქსიკურია
და მომაკვდინებელი!..
ყოველი მათგანი იფეთქებს
ადრე თუ გვიან!
მათ შორის კი მე ვდგავარ-
საუკუნეებია უკვე...
მარტოდ და კენტად-
დათოვლილი კილმანჯაროსავით!..
მე - სიმართლის და სამართლის
სასაცილო აჩრდილი...
მოჩვენება და ილუზია...
თანაც ყოველგვარი დამცავი 
აღჭურვილობის გარეშე!
-მე ვინ?
- ან სულაც რა?
-კულტურის სანიტარი!
-საველე სანიტარი!
-სამიზნე სანიტარი!
-საზარბაზნეხორცე სანიტარი!
და მთელმა პლანეტამ რომ იფეთქოს
ერთიანად
ჩემს საფშვინველს ვერ გააქრობს;
ვერ ჩააქრობს;
ვერ ჩააჩუმებს;
რადგანაც ტროტილის ნაცვლად
მასში პოეტის ფაქიზი
სული კრთის
და ბორგავს!
პოეტის სული სამურაივითაა...
თავად თუ გაიკეთებს ჰარაკირს, მხოლოდ!
ის ტყვედ არასოდეს ჩაბარდება!...
ის არასოდეს იქცევა მონად!
ის ვერავის დაექვემდებარება!
ის არაორგანულია და უფორმო!
ის თავს იცავს ამით!
ეს მისი დაზღვევაა 
განადგურებისაგან!
ხოლო პოეზია კი უკვდავებაა!
ისაა ღმერთიც და ფერდიც
ადამის...
ის  მუმიფიცირებულია, სამარადჟამოდ,
ჩემში!..
ის შიდაორგანოთაგანია!
ის ჩემი სისხლია!
ქრომოსომებია ჩემი...
ის თავად მე ვარ!..
და ეს ჩემი ბოლო მანიфესტია!
10.09.2022.

 

სილა - ციროზი

აპირამიდდა! ქვიშიან ბაღებს ამოეთესათ ასი აქლემი,
უკვე დაბინდდა, უდაბნოს თაღებს ესალბუნება შავი მონსტერა.
ბედუინებით დაჭორფლილ ამინდს მოერიდება ყელის მოღერა,
ვით მოჩვენება, შორით ლივლივებს ამოქარგული, ცისკრის ბეთლემი...

მოაქვთ ქარავნებს ოქრო და ვერცხლი, ქარიშხლის ფერფლით,
ალმაზ-ტოპაზით სავსე ვარცლები, ხურჯინ-კასრები...
ყოჩად წინ უსწრებს ყოვლის გამძლები - გზათმკვლევი ერთი, 
ნაკურთხი ელვით და შემკობილი ამარანტებით!

ააბრდღვიალებს მზე ყვითელ ტრამლებს, დალეწავს შანდლებს...
დახეთქავს მიწას და ქვაბულებს გაანადგურებს!
აახევს, აჭრის ტაძრის ფარდებს ცეცხლის ალმურებს
გადაატარებს ნაცარტუტად ეგვიპტის საზღვრებს!

განძით სავსეა დარბაზების სიგრძე თუ განი,
და ოქროს ქანი გადაეკრა კედლების ქონგურს...
ავატარებით გადავსებულ სიჩუმეს, ორსულს -
თვლა აერია საუკუნის დროის თუ ხანის...

ქვემოდან ქვიშის აისბერგთა, ხორშაკთა შორის,
ლავა ქარვებად ამოხეთქავს, ამოიწევა...
მთელი უდაბნო დანადუღი, ბორგავს, ირწევა -
ვარსკვლავთმრიცხველთა და მოგვების გარებით, სწორით!..

სილამ შეფერვით გადაავლო ჯაგებს ციროზი
საჰარის ხვატმა ააორთქლა, ლამის, ტიგროსი...

02.08.2022.

 

სიმულაკრა

პოეტის არსი რა შორსაა რეალობიდან,
მისი სამყარო ვიტრაჟებად  გაბნეულია;
ის თვითკმარია საკუთარი თავით ტკბობისგან,
არის  ნარცისი, უპირობოდ, თანაც  რთულია!

პოეტისათვის არც უცხოა ზოგჯერ ტყუილი,
რადგანაც მისთვის ილუზია არის კომфორტი!
თუმცა ხშირია მის ბაგიდან ჭექა-ქუხილი,
სევდის ბეჭდებად გულზე აზის ლექსის ოფორტი!

მაგრამ პოეტი ყველა როდი არის გულწრფელი!
ყველას როდი აქვს სისხლთან ერთად თანდაყოლილი...
სიმართლით სუნთქვას ის არ დათმობს, ეგზომ სულგრძელი,
ის ვერასოდეს ვერ იქნება ვარცხნილ-მოვლილი!..

პოეტი ქუჩას დაადგება ტყავის სანდლებით,
ქუჩას, რომელზეც დიდ პოეტებს უწინ უვლიათ...
მისთვის ცხოვრება აღსავსეა სიმულაკრებით
და ბევრ მისნაირს იარაღიც თავში უხლია!

ლურჯად მელნისგან დასვრილია მისი პერანგიც,
პოეტი დგება რუბიკონთან ისევ ფერმკრთალი!
ზოგჯერ მთვრალია, საცოდავი, ზოგჯერ ვერაგი...
ათას ქაოსით გადავსებულ ჭკუა-მენტალით!..

ის ვერ იქნება გაიძვერა ან და თაღლითი,
პოეტი ლექსებს აბანავებს ცრემლის აუზში...
ყოფა-ცხოვრებაც ვერ ექნება გეგმილ-გათვლითი,
თავზე ასკდება უთავბოლოდ შფოთვა-კაზუსი...

„დადის პოეტი ბასრ საჭრისზე შიშველ ფეხებით -
ულმობლად სერავს სულს საკუთარს, შიშველს აგრეთვე“ *
ჭაობის ლოტოსს ედარება უტყვი შეგრძნებით,
როგორც ქარებით დაცხრილული თეთრი თიბათვე...

----------
* ციტატა ვლადიმერ ვისოცკის სიმღერიდან. თარგმანი ავტორის.
2022.

 


თარეში

მუდმივი  ბრძოლა მაქ წესების გარეშე,
სტანდარტებს უარვყოფ, ეს წესი ჩემია!..
არავინ გაბედოს ფარული თარეში-
დარტყმების მიმღები კეფა და თხემია!

ნიღბების დავფერთხე ასობით რიგები,
გავსხელ და მოვცელე ფრაზები ამაო!..
ვამსხვრიე ყანწები, დავლეწე ჭიქები-
მსურს Фამილიარობა სულიდან გავგავო!

სტატუსი დავკარგე, ვიპოვნე მიზანი,
მიზანი, რომელიც ცდილობენ ამართვან!..
ვერავინ გამექცა! ეს  მტრები ვიცანი!,
უაზროდ ცდილობენ მბორკონ და დამაბან!


მაჯახე პირდაპირ, მკერდი მაქ გახსნილი,
ვერ შემცვლის ვერაფრით, მე, ეგ განაჩენი!..
ვამოკლე, ღმერთამდე, სიგრძე თუ მანძილი,
მაინც ვერ გავლიე ომი და სარბენი!
21.08.2022.

 

 

უცხო


ნიშნების, ზემოდან, წაკითხვას ვცდილობდი,
ვფიქრობდი საზრისის კროსვორდი ამეხსნა...
ნირვანის ცენტრისკენ  ამაოდ ვილტვოდი-
რღვევისგან სხეული როგორმე დამეხსნა...

ბუნების ლაბირინთს არ უჩანს სასრული,
ჩარხივით ბზრიალებს სანსარის ბორბალი...
უეცრად მომართვეს ფინიშის საგზური
-მზადყოფნით ვერ დავხვდი, ყელს მადგა გორგალი.

კოსმიურ გზებიდან აღმგავეს, გამხიზნეს,
ეს ჩემი ჯახირიც - ტრივიალურია!..
-მე მაინც მივაღწევ სანუკვარ სამიზნეს,
განღმრთობა რადგანაც მშია და მწყურია!
10.08.2022.

 

 

ვერშემდგარი გენერაცია


იმ გაურკვეველ სახეობას განვეკუთვნები, რომლის კლასიფФიკაცია
და აბსორბცია, სამყაროს მხრიდან, ჯერ უცნობია;
ჯერ არ მომხდარა ჩემნაირთა სელექციური თვლა და შერჩევა,
-გალაქტიკურ განზომილებაში!;
თუმცა ფორმას და სახელს „ჰომო საპიენსის“ მაინც ვატარებ...
მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ბუკვალურად!
ან და, იმ  ქვე-სახეობას განვეკუთვნები, -
რომლის თანა-მსგავსთა, თანა-არსთა გენერაცია ჯერ არ შემდგარა...
რომელთა ფუნქცია ჯერ არ გამოკვლეულა...
მაგრამ ვის უნდა გამოეკვლია?
თუმცა ვიცი!..
და ამ გაურკვეველ ვითარებაში, ამ სრულიად არაპოეტურ
და ვირტუალურ ქაოსში,
მიწევს ჩემი არეალის დაცვა-შენარჩუნება, კონკრეტულ მოხაზულობასა
და სივრცეში!
დადგენილ გეომეტრიულ კონსტრუქციაში,
სადაც ვმყოფობ მატერიალურ წერტილის მსგავსად...
სადაც ვავსებ ან ვწნეხავ და ვდევნი ატმოსფეროს
ჩემი ხვედრითი წონით, ჩემდაუნებურად და უსურველად...
მე არ მესმის და ვერ აღვიქვამ - იმ საწყისის და იმ Фინიშის,
რომელიც იყო და რომელიც მოვა!
მე ვერ ვხედავ ისტორიის ზიგზაგებს ამ ვიწრო
ალგორითმში, რაც მომაკუთვნეს!
არამკითხედ და დანაშაულებრივად, ალბათ...
ყველა ათვლის წერტილი გამოანგარიშებულია,
ალგებრული ჭეშმარიტების უპრეცენდენტო რღვევით!
ყველა ხილული თუ უხილავი ტრაექტორია
გადაზნექილი და ჩამსხვრეულია-ჩემში და ჩემგან...
სივრცე იკლაკნება, რომელშიც ვჩანვარ 
არაФოკუსირებად, ნახევრად მიმქრალ ჰოლოგრამად!
და ვიცი, რომ კოსმოსი მითვალთვალებს, ვით საცდელ ობიექტს,
გადაშვებულს პირაღმა, ამ პლასტელინის დედამიწიდან
პლაცენტური ცილის უსასრულობაში,
       რომლიდანაც ხელმეორედ უნდა ვიშვა...

15.08.2022.

 

ვირთხა

ხაფანგში მოყვა ვირთხა,
თათი მიატყდა ორი;
ახედა ღმერთს და ჰკითხა:
-„ნუთუ ესაა სწორი?“

ღმერთმა დახედა ხაფანგს,
-აუშვა დედა ვირთხა...
ცრემლი სდიოდა ნატანჯს,
-„კიდევ რა გინდა, მითხარ!..“

-„შვილები მიზის შვიდი,
სარჩოს თათებით ვზიდავ;
ღმერთო, ვიქნები მშვიდი
და მადლიერი დიდად,

-თუ გამიმთელებ თათებს,
აღმიდგენ ძვლებს და ხრტილებს...
არ მოვიპარავ ნამცეცს!
აწი მოვუჭერ კბილებს!..“

მაგრამ ამაზე ღმერთმა-
ბრაზით და წყრომით უთხრა:
-„უნდა იპარო, დედავ!!
შვილებს შიმშილით ზღუდავ?!

-ვერ გაზრდი ასე ვერცერთს
დაგეხოცება ყველა!
გესმის, თუ არა, ჩერჩეტს??
-შვილებზე აღარ ღელავ?!“-

ვირთხა გაჩუმდა მორცხვად,
ჩოქვით პოზაში წარსდგა...
იფიქრა - „შვილთა ხოცვას
სჯობს საგლახაკოდ დავდგე...

-ორი თათითაც შევძლებ
მე მათხოვრობას აწი“...
ღმერთს ეამბორა ხელზე,
-მანაც მიუგო: --„გასწი...

-ქურდობა შენი არი,
თაგვის ბუნება ეგრე!
ამით წრუწუნებს გაზრდი,
ეს სიკეთეა, მენდე!..“
ასე ამბავი ვირთხის
ჭკუის სასწავლოდ ვარგა:
ზოგჯერ ქურდობად ითქმის,
ის, რაც სიკეთეს ქარგავს!

27.07.2022.

 


„ДА – ДА…“

(ალო და-და-ს...)
კრიტიკული უძრაობა დავთესე.    
ვიმკი სველ წინდებს, კიდევ მუხლებში ლურსმნებს -
დაღუნულს.
ლიანდაგებზე ვაშრობ ბრინჯს და ვაწყობ კამათლებს,
„პოეზდი“ მოჰქრის, რომელშიც არ მუშაობს 
ერთი ტუალეტიც!
და ღიპგამძღარი სნობები აფსამენ ფანჯრებიდან 
პეპსი-კოლას...
პეპლის გალიაში ყოლას კი ჯობია 
მისგან ჰერბარიუმი!
როცა კახპობა სალოსობაა და მღვდლობა კი ბოზობა! -
გავჰკარი ასეთ რეალობას...
არ-ვერ შემდგარი კარიკატურული პერსონების
უმისამართო გინების 
ჰორიზონტალური ცათამბჯენები...
სართულების სიმსივნური ზედნაშენებით...
რომლებიდანაც მე ვაფრენ დაჭრილ მერცხლებს...
- ფრთების გარეშე!
მიწაზე კი სკდებიან სისხლით სავსე ღამის ქოთნები,
ბოთლები დეპუტატების фეკალიებით და 
ფურთხით დატენილი ბომბები...
აქ რახანია „სექს-შოპები“ მილეწ-მოლეწეს!
და ახლა მათში მაწონი იყიდება,
კიდევ მარაოები ნაირ-ნაირი...
და საღეჭი რეზინი „PEDRO“.
-დავარდა დედა! დედამ დამბადა მაშინ,
როცა ლაბადაც არ ჰქონდა ბავშვის...
დაბერდა და დაიჩუტა დედა,
მას სხვები ეძახდნენ დეიდას და
მე კი დუდას, ენის ამოდგმამდე...
ბაყაყი დამიკლა ბოლოს, 
ჭლექიანი ვერცხლის ბაყაყი!
-ხორცს აღარ ვჭამ დედა, და ვარ ამაყი!...
დრაკონმა დამაბიჯა გემოვნების კაფსულაზე
და უცებ - პუუჰ, გასკდა!
გადმოიღვარა ჩემგან, იმპულსურად, კაკაфონია...
ნორმატიული სტანდარტების „მასტერ კლასს“ 
- დავადე!
წესები ჩემზე არ ჭრის, თანაც მძინავს ტროტუარებზე.
ქუჩის ძაღლი მაწოვებს ძუძუს და დედის მკერდი
მივახატე სახლის კარებზე,
როგორც ავატარი!
ვოკალში სუსტი ვარ, ბოკალში ვყრი კრეკერებს,
გადავდე ცხოვრება, მადარდებს ძველი კარადა -
ეს არის დადა-სტურება, ჩემგან, 
- იმ უძრაობის!
და და-მიანე, მეზობლის ბავშვი, ისაქმებს იმ კარადაში...
მე კი მიწევს ამის ყურება!
დედა დუდას კი აღარ შეუძლია სისუფთავის დაცვა!
ბაყაყმა იყივლა ლამბაქზე და გადახტა -
ციფრულ სივრცეში...
ღმერთი იცინის ულვაშებში
და-და-რდიანდა, თანაც, აშკარად...
დედამ მომართვა გამხმარი ქადა,
გუშინწინდელი.
მერე ზარია, ყურმილს იღებს 
და მესმის
რუსულ-სვეცკურად:
„ДАа-ДАа“...

07.08.2022.

 

 

წარსულის ქურდი

ბათქაშის კედლებს მიღმა,
მიღმა ფანერის და შიფერის,
მიღმა სიძველის თუ სიშტერის...
დაბზარულ შუშებს მიღმა,
არტახებს, საბელებს მიღმა-
იჭყიტება მორცხვად
ჩემი ქათქათა ბავშვობა,
ის მითვალთვალებს ფარული ღიმილით...
მიამიტური სიფრთხილით...
თითქოს მამხელს იმაში
-რომ ვცდილობ წარსულის მოპარვას...
მე კი მერიდება დავენახო,
ასე დაშლილი და დაოთხილი
ტკივილებისგან!
გარდაუვალი სიბერისგან!
შინაგანი სიმძიმისაგან...
ამიტომაც მივიპარები,
კვალს არ ვტოვებ, ისე!
-დაუდგენელი ქურდივით...
და სულელივით მავიწყდება,
რომ საკუთარ თავს ვერსად დავემალები...

18.08.2022.

 

 

გამატარე!..

ნუ მეღობები, გაიწი გვერდზე,
ჩემს სვლას ფერხულით ვერ დაეწევი!
მოვდივარ, მომაქვს - არსით შემტევი,
შეუგუები პროტესტი მხრებზე.

წინ არ დამიდგე, მაინც  გაგთელავ, 
ვერ შემაჩერებს ტალღაც ცუნამის!
- ოკეანეში ტოტი, მცურავი...
ვიფერთხავ დღეებს, მე მათ არ ვწელავ!

თან მითვალთვალე, მაგრამ შორიდან
- პოეტს, რომელსაც წირავს სამყარო!
- პოეტს, რომელსაც განცდის მაღარო
ვერ გადააცდენს გზიდან, სწორიდან!

და თუ მე მაინც სადმე წაქცევას
მცირე ბორძიკით ვერ გავექეცი,
რადგან საწუთროს ფერფლად ვექეცი,
ვეღარც მოვახდენ ტვინთა აღრევას...

„დაკანონებით სიწყნარის“ ადრე -
მოვედ და ვკეპე სარეველები...
„ანტიყოფიდან - მანიфესტები“
ცისკენ ავტყორცნე, ღრუბლებიც ვღადრე...

ნუ მეფარები, მიღმა გადადექ,
ნელი  ფრატუნით რას დამეწევი?!
მოვალ, მოვქრივარ - სულით შემტევით,
რუხ პროსპექტებზე მიზანს დავადექ!..
02.08.2022.

 

რკინის პური


დათესე ხორბალი ჟანგიან მიწაში,
მოსავალს ნუ ელი, ამოვა ბეტონი!
ისროლე სიზუსტით! მოარტყი მიზანში!
ლექსებში დანერგე მებრძოლის ეგ ტონი!..

ისუნთქე ოზონი, ჰაერის სანაცვლოდ
ჟანგბადის მაგიერ სვი რადიაცია!...
სტროფებით ვიწვიმოთ, რითმები დავმარცვლოთ-
და იყოს ლექსები ხიბლიც და სანქციაც!

იშიშვლე ქარაგმით სხვა მეტაფორები,
აღმართე ქროლვაში, ალამი სინდისის!
სავსეა სამყარო მეძავი ღორებით,
-უარჰყავ! მიმართე სულიერ მისტიციზმს!

ტროპიკულ, გაუვალ ტკივილთა ჯუნგლებში
ჩაბეჭდე კვალისებრ სიტყვა და საზრისი!..
დადექი კედელთან, გვესვრიან მუხლებში
-პოეტებს, ვინც დავრჩით, ამბოხის მაქნისი...
05.09.2022.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული