- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ალბათ ხშირად გაგიგიათ ფრაზა რომ - ყოველი მწერალი თავის სამყაროს ქმნის. და ეს ფრაზა მეტნაკლებად "მართალია", ყოველი ადამიანი ვინც აფიქსირებს თავის იდეებს, თუ მთლიან სამყაროს არა, მეტნაკლები წარმატებით ქმნის მემებს, მედია-ვირუსებს, უცნაურ არამატერიალურ "არსებებს" რომლებიც სახლდებიან სფეროში რომელსაც პლატონი ეძახდა "იდეალურს", ხოლო ჩვენ ვეძახით -" ციფრულს", ხოლო თქვენი ტვინები ამ არსებების(ინფორმაციის) ფიზიკური მატარებელია, ზუსტად ისე როგორც თქვენი ფიზიკურად ხელშესახები პროცესორი (მყარი დისკი) ინახავს ხელშეუხებელ გიგაბაიტებს თქვენთან ახლოს, როცა ამ წამს სხედხართ ეკრანთან და კითხულობთ ამ ტექსტს.
ეხლა წარმოიდგინეთ რომ თქვენმა ბარიგამ (მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ გყავთ ბარიგა) საგაზაფხულო, სა8მარტო საჩუქარი გაგიკეთათ, რაც უნდა ნიშნავდეს იმას რომ - არ ხართ ამ ქვეყნად. მოხერხებულად წამოჯექი და წარმოიდგინე რომ არ ხართ ამ ქვეყნად და ტექსტი რომელსაც კითხულობთ კარგავს სისწორეს, იგრიხება, და თითოეული სიტყვა გადაიქცევა ცალკეულ არსებად, რომელიც იმ წამსვე იწყებს ნადირობას სხვა არსებებზე.
ეხლა სცადე, რომ დაწერო რამე და იხილე შენი ტექსტები, რომლებიც მოწყენილი ფრინველებივით ტოვებენ ბუდეს. ეხლა დაბრუნდი და სანამ ტექსტს ბოლომდე არ წაიკითხავ ნუ დარეკავ სადმე.
2006 წელს ავსტრიელმა არტისტებმა Laurent MIGNONNEAU და Christa SOMMERER-მა შექმნეს პროექტი - სიცოცხლის მწერალი.
ერთი შეხედვით პროექტი შედგება სამი მარტივი "ელემენტისგან": ადამიანი, საბეჭდი მანქანა და პროექტორი, რომელიც ანათებს საბეჭდი მანქანიდან ამოცურებულ ფურცელს. ყველაზე საინტერესო იწყება ბეჭდვის დროს. ადამიანი რომელიც ბეჭდავს, მოდი დავარქვათ მას მწერალი - ბეჭდვის აქტით პირდაპირ ქმნის ციფრულ არსებებს ფურცელზე.
ავსტრიელმა არტისტებმა გენეტიკური პროგრამირების საფუძველზე მოიფიქრეს საკმაოდ საინტერესო კონცეფცია. პროექტორი - სინათლე, რომელიც გამოყენებულია როგორც ვირტუალური საარსებო სივრცე - ანათებს ფურცელს სადაც იბეჭდება ტექსტი, ამავდროულად პროექტორი გრძნობს ფიზიკურ ცვლილებებს ფიზიკურ ფურცელზე, "გრძნობს" ამ ტექსტს, რომელიც იმავდროულად იქცევა გენეტიკურ კოდად ხელოვნური, ციფრული არსებებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ბეჭდვის აქტით მწერალი ქმნის სიცოცხლის ფორმას, რომელიც ტექსტს იყენებს ისე როგორც ჩვენ ვიყენებთ გენეტიკურ კოდს. ამასთან, ეს "არსება" "ცოცხალია", ანუ მას შეუძლია მოძრაობა, აქვს შიმშილის გრძნობა, შეუძლია ზრდა და რეპროდუქცია, შესაბამისად ყოველ ახალ სიტყვას შემოაქვს ახალი ცვლილებები ვირტუალურ სამყაროში, რომელიც ამავდროულად ეტევა ჩვეულებრივ ფურცელზე, არსებები სხვადასხვანაირად რეაგირებენ სხვადასხვა სიტყვებზე და ტექსტის ცვლილებებთან ერთად იცვლება მათი თაობები, გენეტიკური კოდები და ა.შ. მწერალს შეუძლია მათი განადგურება, მათი მართვა საკუთარ ტექსტში ცვლილებების შეტანით.
ფაქტიურად მწერალი წერს სიცოცხლეს. რათქმაუნდა სიცოცხლის ეს ფორმა "ხელოვნურია", მაგრამ მემგონი არ არის შორს დრო როცა ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ კონცეპტებს რომლებსაც ვდებთ ესეთ ცნებებში. ნებისმიერი "ბუნებრივი" ბიო-ორგანიზმი არის დაპროგრამებული სტრუქტურა, გენები - არის პროგრამა, კოდების უსასრულო ნაკრები, რომელიც ახალი ციფრული პროგრამირებისგან განსხვავდება იმით რომ მილიონობით წლები იხვეწებოდა, და ჩვენ ჯერ არ ვიცით რა შეიძლება მივიღოთ იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერული პროგრამირება შეუჩერებლივ განვითარდება კიდევ 100 წელი?
აქვე მინდა ძალიან მოკლედ განვმარტო გენეტიკური პროგრამირება, რომელიც A-LIFE არტის "ფუნჯი და ფანქარია" :) გენეტიკური პროგრამირება ევოლუციური პროგრამირების ნაწილია, ასეთი სახის პროგრამირება გულისხმობს ბიოლოგიური ევოლუციის მოდელირებას კომპიუტერში, სელექციის, მუტაციისა და გამრავლებითი პროცესები ამ შემთხვევაში მოცემულია როგორც ალგორითმები, რომელთა საფუძვლებზეც ვითარდება მოცემული "არსება", რომელიც თავის ციფრულ გარემოში განიცდის ბიო-ევოლუციისთვის დამახასიათებელ რეკომბინაციის, ადაპტაციის, მუტაციისა და გადარჩენისთვის ბრძოლის პროცესებს, მისი გამრავლება ასევე "ბიოლოგიური" პროცესია, ანუ, მშობლები შვილებს გადასცემენ საკუთარ დნმ-ს.
სიცოცხლის მწერლამდე ავსტრიელმა წყვილმა გააკეთა დაახლოებით ანალოგიური აქცია ტოკიოში, ოღონდ ამ შემთხვევაში სიცოცხლის მწერალი მოცილებული იყო საბეჭდი მაქნანის კლასიკურ ინტიმს და სიცოცხლის ფორმების შექმნას უფრო ინტერაქტიული ხასიათი ქონდა. საარსებო სივრცე ფურცლის მაგივრად იყო ვებ-გვერდი, რომელთან დაკავშირება შეეძლო ნებისმიერ ინტერნეტ-მომხმარებელს, ამ გვერდზე ტექსტის აკრეფის შედეგად ის ქმნიდა თავის არსებას და შეეძლო მისი მართვა და მისთვის დახმარება. არსების საშუალო სიცოცხლის დრო იყო 24 საათი. ამ დროის გასვლის შემდეგ (თუ არსება ნაადრევად არ დაიღუპებოდა ველურ ციფრულ სამყაროში) მომხმარებელს მეილზე ეგზავნებოდა შეტყობინება მისი ტექსტის მიერ შექმნილი არსების გარდაცვალების შესახებ, ასევე მისი ცხოვრების ზუსტი დრო, და ინფორმაცია დარჩენილ შთამომავლობაზე.