• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჰანსების ქვეყანა. ჩემი შავი ყუთი

×
ავტორის გვერდი ეკა ქევანიშვილი 00 , 0000 2095

აწია დიდი, დაღლილი ცხვირი  ფოლადის ჩიტმა.

შეერია ღრუბლებს,

როგორც ჰაეროვან კრემს მიქსერის ფრთები.

რაც უფრო შორს  - დედამიწისგან,

მით მეტად მკვეთრი ხდება საზღვარი

შეუძლებელს და რაც უკვე მოხდას შორის გავლილი.

თუ შემთხვევით,  დღეს დასრულდება ყველაფერი,

ცას - ნეიტრალურ ტერიტორიას უმადლოდე.

მე იქ ვიყვირე შენი სიყვარული და შავი ყუთი,

ერთადერთი ნივთმტკიცება ამის, დავტოვე.

როცა გვერდზე მჯდომ დანიელს მუხლზე დაექცა ყავა,

ჩამჭიდა ხელი და არაფერი გვქონდა საერთო შიშის გარდა.

მე იქ ვთქვი ჩემი სიყვარული.

თქვენ კი აქ მიწაზე გახსენით და დაადგინეთ.

 

////

 

სანამ მე მძინავს, მეგობრის სახლში.

რომელიც თბილია და უფასო.

შორს, ჰანსების ქვეყანაში.

ყველაფერი წესიერია და დროული.

დასასრულიც  ჯერ აკაკუნებს, მერე შემოდის.

ვიტრინაშია გამოდებული სადაფის  კუბო,

ფერი - მომწვანო, თუ მოლურჯო, გააჩნია,

საკუთარ სიკვდილს რომელი მხრიდან უახლოვდები.

ლამაზია. სიცოცხლეშივე მოგინდება ჩაწვე, მოირგო.

აქ ზედმეტი დრამატიზმი რა საჭიროა.

მოკვდი, ჩაწექი, გაგიტანეს, დაგწვეს, დაგმარხეს.

კუბო როგორც საჭირო ნივთი ისე აღიქვით,

კუბო, როგორც  აქანდაზი.

როგორც სანაგვე.

 

///

 

სანაგვე კი - სამი ფერის.

სავსე ყველაფრით, რითიც იცხოვრე დღევანდელი დღე.

ძვლებით,  ქაღალდით, ცელოფნებით,

ბოსტნეულის ნარჩენებით,

ახლა ჯობია, დაახარისხო შენი ცხოვრება,

რომ სიბერეში გაგიადვილდეს.

როგორც ამ წყვილს - რაინის პირას.

წრუპავენ ლუდს და  მათი ძაღლი არის ჩემზე მდიდარი.

ჩემზე ღარიბი არის ეს  წყვილი სხვა ქვეყანაში

მათი ხელები დაუსრულებლად ჩიჩქნის ხახვის კვლებს.

მათ სხეულზე შვილიშვილები  დახტუნავენ.

მათ ქვეყანაში როცა ბერდები - უნდა იყო წელში მოხრილი,

სიბერის სუნი აგდიოდეს,

სიცოცხლე კი - ნაფტალინში ჩადებული თავშალივით ეგდოს თაროზე.

მათ ქვეყანაში გახდე ორმოცის - ნიშანია ჩამოფასების.

 

///

 

ჩამოფასების ნიშანია, თუკი არ გახსოვს

რამდენი სახლის კარი შეაღე. თვლა აგერია

ამ ფანჯრიდან ვინ და როდის ან რა მიზეზით გადაიპარა.

ზოგი  - გიყვარდა. ზოგს შემთხვევით გადაეყარე.

ღირსების - როცა სხვა ქალთან წევხარ,

სხვა კაცს ეხები. ოღონდ - სიზმარში,

მთავარია, ცხადში უცვლელად იხდი ერთის ვალს და მას სჯერა.

იგი გენდობა.

შენ კი, ასეთი წესიერი სხვის აივნებს და ფარდებს ეყრდნობი.

ვინ დაადგინა უწესობა.

ვინ დააწესა როგორ მიყვარდეს.

 

ან ვინ აკრძალა.

შავი ყუთი ერთეულებმა უნდა გაშიფრონ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული