• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ქვეყნის ენა

×
ავტორის გვერდი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი 00 , 0000 2607

მთარგმნელი: დათო ბარბაქაძე

Ostendebat namque varium iracundum iniustum
inconstantem, eundem exorabilem clementem
misericordem, gloriosum excelsum humilem,
ferocem fugacemque et omnia pariter.
Plinius, Hist. nat. CCCV, CCCVI.*

რა დამიკარგავს აქ,
ქვეყანაში, სადაც უწყინრად
მომავლინეს ჩემმა მშობლებმა?
ვარ მკვიდრი, თუმცა უნუგეშო,
მიმოკარგული,
ადგილობრივი ამ საამო უბედობაში,
თვითკმაყოფილ, ლამაზ ხაროში.

რა გამაჩნია მე აქ? ანდა, რა დამკარგვია
ამ სასაკლაო ველზე, ზღაპრულ ამ საღორეში,
სადაც ყველა და ყველაფერი აღმავალი, მაგრამ არა წინმავალია,
სად მოყირჭებას საიმედოდ დაუდევს ბინა,
დელიკატესით მოვაჭრეთა მაღაზიებში ცარცივით თეთრი სიღარიბე
ხრინწიანად სადაც ხრიალებს და შედღვებილი ნაღებიდან ამოიბღავლებს:
ყველაფერი აღმავალია!
სადაც ღარიბი მდიდრებისგან რაღაც ერთი მოგების იქით სხვები – მდიდარი ღარიბები –
თავ-თავიანთ კინოსკამებს აღტაცებით აცამტვერებენ,
აქ დაცემიდან დაცემამდე ყველაფერი აღმავალია,
გადასახადთა ბალანსი სადაც იგალობებს ოსანას და ნეტარ არიან-ს
და ბღავის: არა, საკმარისი სულაც არ არის
თავისუფალი დროის ქროლვა და გაქანება თვალშეუვლები,
ეს უმცირესი ზარალია, ნახევარია,
არაფერს ნიშნავს, საკმარისი სულაც არ არის,
ყველგან და ყველგან რომ დაძრწიან სატარიფე პარტნიორები
და იღერებენ დაბერილ მუშტებს და მოილხენენ
და მღერიან და ასე ამბობენ:
აქ ყველაფერი აღმავალია,
ჩინებულია მართლაც აქ ყოფნა,
აქ ხომ უკუსვლაც აღმავალია,
ერთი მმართველი აქ მეორე მმართველ ბატონს ლოცვანით ბომბავს,
მსუბუქად დაშავებულები აწარმოებენ ომს მძიმედ დაზარალებულებთან,
რასაც აქ ჰქვია უმოწყალო სათნოება ერთურთის მიმართ,

და ეს მცირედი ბოროტებაა,
ეს არ მაკვირვებს,
მუშტრები ამას ეგუებიან,
სწორედ აქ, სადაც ერთი ხელი მეორეს იძენს,
გულზე დავიდოთ ხელი, ჩვენ აქ თავი ქუდში გვაქვს,

აქ დავემკვიდროთ,
ამ არიულ ჯართის გროვაზე,
ამ მოღრჭიალე მანქანსადგომზე,
სადაც ნანგრევებს ნანგრევები ამოეზრდებათ,
ახალთახლები, ნანგრევები მარაგად და განვადებითაც,
გამოწერითაც, ჩამოწერითაც:

დიდებულია მართლაც აქყოფნა,
მოხმარებულ მომხმარებელს,
რაც მცირედი ბოროტებაა,
სადაც თმა სცვივა,
გოფრირებული მუყაოთი და ცელოფნით სადაც
დაუფარავს წარმატებული თავისი თავი,
სადაც იგი, არარსებული, ორმოდან ყვირის:
აქ დავემკვიდროთ,

მკვლელთა ორმოში,
აქ, სადაც კედლის კალენდარი, სიჩქარისგან და უმწეობისგან, თვითვე იფურცვლის
და სადაც ნაგვის ბუნკერებში ნამყო ფუვდება,
ხოლო მერმისი აკრაჭუნებს პროთეზის კბილებს,
ამის მიზეზი ის არის, რომ ყველაფერი აღმავალია,
ჩვენ ყველაფრისთვის მათეთრებელს ვიყენებთ ჭარბად,
და ეს ისეთი ჩვეულებრივი საქმეა, რომ სულ არ მაკვირვებს,

ჩვენ ოქროს კვეთის სიზუსტით ვწევართ
აქ, პოზიტივი სადაც აღწევს უმაღლეს ნიშნულს,
და ის სავაჭრო პალატების არის სუდარა,
მინა-ჯავშნის ქვეშ მოთავსებულს დასაკრძალად მიასვენებენ,

სადაც, ბრმებს შორის, თავს კარგად ვგრძნობთ,
სადაც სავაჭრო ცენტრები და მორგები და იარაღის საწყობები ჩვენი სახლია,
და ეს როდია ყველაფერი, ეს ხომ მხოლოდ ნახევარია,
ეს განზრახ დაკონსერვებული უდაბური ადგილებია,
წარმატებული სიშლეგეა, ეს არის ცეკვა
გაცრეცილი წაულას ქურქით, დამტვრეული მუხლებით ცეკვა,
ამნეზიის მარადიული გაზაფხულის ჟამს,

ეს სხვა ქვეყნებზე ბევრად უფრო სხვა ქვეყანაა,
მე ამას ვნანობ, და რომ ვნანობ,
უმცირესი ბოროტებაა, რადგან სიმართლე ის არის მხოლოდ,
რასაც ამ ქვეყნის მსხვერპლად ქცეული, ჩვეულებრივი მკვდარი ხალხი
ქვესკნელიდან ამოიყვირებს, რაღაც უხმოს და წარუმატებელს,
რაც ხმაგაუმტარ საფარს აწვება ქვემოდან და
დაფარავს და სწრაფად მუქდება,
დალაქავდება, დასველდება და გუბურად გადაიქცევა,
და ეს სავსებით ჩვეულებრივი გუბურაა ის, რაც მას ტბორავს,

სახლის სულებსაც დატბორავს და
ძმები გრიმების ლომჩიტასაც, ნაირბეწვასაც
და მათ მშვენიერ რაპუნცელსაც, აქ ისინი აღარ არიან,
არც ქალაქები არსებობს უკვე, აღარც თევზები,
ამ გუბეში ამოიხრჩო ეს ყველაფერი,

სამსახურსა და საცხოვრისს შორის ხანგრძლივ სავალს შეტოვებული, მუყაითი და დაუცველი
ჩემი ძმებივით,
რარიგ განვიცდი მათ ბედს, ღვთისმოსავ ამ მართლმსაჯულთა ბედსაც განვიცდი,
გაზისკაცების გამოც ვწუხვარ, მერე როგორ დააბოტებენ ბევრნი და ბევრნი,
დასაპლომბი ხელსაწყოებით, მძიმე-მძიმე ნაბიჯებით,
არარსებული ჩექმებით და უფსკრულის გავლით,
კეფაში მტკიცედ ჩაჭედილი დამღით, თანახმად განაწესისა:

რომ ყოფილიყო ეს ხალხი მსგავსი სხვა ხალხებისა,
სულ სხვა, სავსებით ჩვეულებრივი იქნებოდა ეს ქვეყანაც
და არა – ღამის და ნისლის მხარე,
არარსებულით გადავსებული,

მათ არ იციან, ვინ არიან, არც სურთ იცოდნენ,
ამ ქვეყნად მოხვდნენ
ამ ქვეყნიდან გაქცეულები
და გაქცეულნი უნდა იყონ კუბოს კარამდე:

რომ ყოფილიყო სხვაგვარად, მაშინ მათი შველაც იქნებოდა შესაძლებელი,
იქნებოდა რჩევებიც და შინაგანი კმაყოფილებაც,
არ იქნებოდა ეს ყამირი, მტრული ქვეყანა!

რა დამიკარგავს აქ, რას ვეძიებ
და ვიჩიჩქნები ამ დაუმდგარ და ბნელ გორგალში
ერთმანეთში გახლართული ორთაბრძოლის იარაღების, ტკბობის ნიშნების,
ქუდში გასარჭობ ფრთებისა და სეზონური ფასდაკლებების, განა რას ვპოვებ,
თუ არა ისევ ქრონიკულად, ქრონოლოგურად მოწესრიგებულ სპორტულ დარბაზებს,
თუ არა საქმის მწარმოებლებს კაცობრივისთვის
ყაზარმებში ყაზარმების ყაზარმებისთვის:

რა მესაქმება აქ? რა უნდა ვთქვა?
რომელ ენაზე? ვის გასაგონად?
აქ არჩევანი დანასავით მესობა გულში,
ვნანობ, და ვიცი, ეს მცირედი ბოროტებაა,
და ის ყვირის და აღარ წყვეტს ყვირილს,
ცისკენ მიიწევს მცირე-მცირე შეყვირებებად,
უნდა, რომ უფრო დიდი ჩანდეს, ვიდრე არის სინამდვილეში,
მაგრამ ეს მთელი სულაც არ არის;
მხოლოდ დ და მხოლოდ შემზარავი ნახევარია,
ეს საკმარისი არ არის ჯერაც:

რადგან შიმშილით ცოფშეყრილი ეს ქვეყანა
თავად ითხრის გამრჯედ სამარეს,
ეს ქვეყანა თავის თავს თვითვე გამოყოფია,
გული, შიგნიდან განწვალული და დარღვეული,
მიწყივ უაზროდ მოწიკწიკე, ბომბი ხორცისა,
ჭრილობა სველი, არარსებული:

გერმანეთი, ჩემი ქვეყანა, უწმინდური გული ამ ხალხთა,
საკმაოდ სახელშელახული, ჟამით ჟამამდე,
ჩვეულებრივი ყველა ხალხის წარმოდგენაში:

მე და ჩემი ორი ქვეყანა, ჩვენ ვართ ერთურთს გაყრილი ხალხი,
და მაინც აქ ვარ, შეუპოვრად, ამ ყველაფრის მიუხედავად
და, მგლოვიარე, ვეკითხები ჩემს თავს:
მე აქ რა დამიკარგავს?

ის დამიკარგავს სწორედ,
რაც მე ენაზე მადგას,
რაღაც სხვა, მთელი,
მთელ მსოფლიოს გაბედულად რაც ეხუმრება
და არ იხრჩობა ამ გუბურაში,

უცხო, განწვალულ ამ ხრიალს რაც დაუტანია,
გაზეთ ახალი გერმანიის დაპრესილ ხრიალს,
“ფრანკფურტერ ალგემაინეს” ხრიალს
(რაც მცირედი ბოროტებაა),
პირდამუწული ხრჩობა, რომელმაც სულ არ უწყის საკუთარი თავის შესახებ,

რომლის შესახებ არაფერი მინდა ვიცოდე, სანიმუშო ქვეყანა და
მკვლელების ხარო, სადაც სულით და გულით ჩააგდეს
ჩემი ნახევრად ცოცხალი ხორცი,
აქ ვრჩები ახლაც,
ვმეტოქეობ, უკან არ ვიხევ,
აქ დავრჩები ერთი ხანობა,
ვიდრე აქედან სხვა ხალხისკენ გავეშურები,
და დავისვენებ მე სავსებით ჩვეულებრივ ქვეყანაში,
ოღონდ აქ არა,
ოღონდ არა აქ.


*პლინიუსი წერს ერთი ათენელის დაკარგული ნაშრომის შესახებ, რომელშიც საუბარია მისი ხალხის ხასიათზე: “მას (ანუ პარაზიუსს) სურდა ისინი (ანუ მისი ქვეყნის ხალხი) ისე წარმოედგინა, როგორც ის მათ წარმოუდგებოდა: კერძოდ ჭრელი, ფხუკიანი, უსამართლო, ოპორტუნიზმისკენ მიდრეკილი; ამასთანავე, გავლენებს იოლად დაქვემდებარებადი, გულჩვილი, გულითადი; მაღლამხედი, განათლებული, უხამსი, მძვინვარე, მხდალი – და ეს ყველაფერი ერთბაშად და ერთდროულად.” (ავტორის შენიშვნა)

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული