თარგმნა ბესიკ ადეიშვილმა
1.
რაც აქამომდე იყო ხე, იყო შტო, იყო სხტე, იყო ხერგული
თოვლის-მიერ გაცრცნილ ჰაერში
ნამლევი ესე ნაკვალევი, ტუშით მოსმული,
ვით სიტყვა ერთი ფურცელზედან დაჩნეული,
ვეებერთელა ემაგ სითეთრეს დაენთქმება.
აეხატება სრულიადმცირე მშვენება იგი განტოტვილი
თეთრსა ცასა; მალალთითება, იგი,
თითქმისდა უხსოვნელი, თითქმისდა სუსხი უიოლესი,
დროჟამს თითქმისდა განრინებული;
თითქმისდა ასე: არც ზეითური, არც ქვეითური, თვალთმიუკვლევი
წირი მქრქალი, ცას და გორმახებს გაკიდული,
სულ ოდნავ თეთრი, ისევე თეთრში ჩატეული,
თითქმის არარა
2.
მყოფობს მაინც,
ვიდრე ფურცელი ესე, ალაგი ესე, წამი ესე
სულმთლად თეთრად მოიქცეოდეს.
ფეთება იგი ფერთა მცირეთა,
ძნელგანსაჭვრეტი, ჩინობს მაინც ისევ და ისევ:
მწირზემწირთა ესრეთ წინწკალთა სპა ურაცხავი,
თუთიისფრად, ტყვიისფრად; ცარცისებრ,
ანდა თაბაშირისებრ, რძისებრ თეთრი; გადაპენტილი, ობისფერი,
თვითეული განცალკევებით,
აგრერიგად მრავალხმიერად, ნათლად აგრერიგ დაწინწკლული
სასიკვდილო დღესასწაული ნაკვალევთა:
კონა და კონა კნინი სითეთრე იღაღადებს
მძლეთამძლეობას ზანტი მთქნარებით დავანებული მარადისობის.
3.
თითქმისდა ასე: არარასა და არარას შუა
ძალიანდება და, თეთრად ჰყვავის ხეი ალუბლის.